Facebook Twitter

ბს-315 (კ-23) 16 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ქ-მა 12.06.2020წ. სარჩელით, ხოლო 01.04.2021წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 18.03.2021წ. N5/14576 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გ. ქ-ისათვის, როგორც გარდაცვლილი ნ. ქ-ის პირველი რიგის მემკვიდრისათვის, დანაშთი ქონების (მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის ქ. N4ე, კორპუსი N1, სადარბაზო N2, სართული N16, ბინა N238), უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.02.2022წ. გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 18.03.2021წ. N5/14576 გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა გ. ქ-ისათვის, როგორც გარდაცვლილი ნ. ქ-ის პირველი რიგის მემკვიდრისათვის, დანაშთი ქონების (მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის ქ. N4ე, კორპუსი N1, სადარბაზო N2, სართული N16, ბინა N238) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2022წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით მოსარჩელის მამკვიდრებელს ნ. ქ-ს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ერთოთხიანი ბინა უსასყიდლოდ გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 30.01.2019წ. N2 ოქმის, 09.02.2019წ. საცხოვრებელი ფართის მიღება-ჩაბარების აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.2019წ. N04-371/ო ბრძანების საფუძველზე, რომელთა მიმართ მოსარჩელის მამკვიდრებელს გააჩნდა კანონიერი ნდობა, აღნიშნული აქტები ძალაშია და სადავოდ არ გამხდარა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. ქ-ს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული ჰქონდა ბინის ფართი, თუმცა აღნიშნული ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები არ დასრულებულა გონივრულ ვადაში. ნ. ქ-ი გარდაიცვალა ბინის გამოყოფის შესახებ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 30.01.2019წ. N2 საოქმო გადაწყვეტილების მიღებიდან 7 თვის შემდეგ 01.09.2019წ., ხოლო ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არ განხორციელებულა მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ღონისძიებები, რამაც ნ. ქ-ის და მისი მემკვიდრის საკუთრების უფლების შელახვა გამოიწვია.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. უძრავი ქონება, მოსარჩელის მამკვიდრებელს გადაეცა არა რაიმე პირობის დადგომამდე, არამედ მან აღნიშნული ქონება მიიღო უსასყიდლოდ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით. შესაბამისად, იგი შევიდა მამკვიდრებლის, ნ. ქ-ის სამკვიდრო მასაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.2019წ. N04-371/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 30.01.2019წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის ქ. N4-ე-ში მდებარე N238 ბინა ნ. ქ-ს გადაეცა მხოლოდ სარგებლობის უფლებით, საცხოვრებლად გამოყენების მიზნით. ნ. ქ-ი ვალდებულებას იღებდა გადაცემული ფართი არანაირი ფორმით არ გადაეცა სხვა პირებისთვის სარგებლობის უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადმოცემის პროცედურის დასრულებამდე. კასატორის მოსაზრებით სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცედურა არ იყო დასრულებული და ნ. ქ-ი არ იყო უძრავი ნივთის მესაკუთრე. კასატორმა "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის 63 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სააგენტო მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილების არსებობის პირობებში არის უფლებამოსილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან - დევნილებთან დადოს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევაში მთავრობის მიერ არ ყოფილა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. ამდენად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ნ. ქ-თან, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთან, დაედო უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან სადავო უძრავი ნივთი ნ. ქ-ს საკუთრების უფლებით არ ეკუთვნოდა სიკვდილის მომენტისათვის, იგი ვერ ჩაითვლებოდა ამავე პიროვნების სამკვიდრო მასის ნაწილად. კასატორმა "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის მე-15 და მე-18 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონმდებელმა დევნილის სტატუსის მქონე პირის მემკვიდრის უფლება მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შემთხვევაში გაითვალისწინა, კანონი არ ითვალისწინებს დევნილის სტატუსის მქონე პირის მემკვიდრის უფლებას ისეთ ქონებასთან მიმართებით, რომელზეც დევნილის სტატუსის მქონე პირს საკუთრების უფლება ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოპოვებული. ამდენად, კასატორის მოსაზრებით ნ. ქ-ის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირის, უფლებები მემკვიდრეობით ვერ გადაეცემოდა გ. ქ-ს.

ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ გ. ქ-ი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით საქართველოს პრეზიდენტის 20.09.2012წ. N20/09/01 ბრძანების საფუძველზე 02.10.2012წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, კერძოდ, მას სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტში, წეროვანში მდებარე N1441 სახლი. "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის N127 განკარგულების 2.1.10 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახები, რომლებსაც კერძო ინვესტორის მიერ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება. ამდენად, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში შეუძლებელია განხილულ იქნეს გ. ქ-ის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირის უძრავი ნივთით ხელახალი დაკმაყოფილების საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელის მამკვიდრებელს - ნ. ქ-ს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ერთოთხიანი ბინა (მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის ქ. N4ე, კორპუსი N1, სადარბაზო N2, სართული N16, ბინა N238) უსასყიდლოდ გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 30.01.2019წ. N2 ოქმის, 09.02.2019წ. საცხოვრებელი ფართის მიღება-ჩაბარების აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.2019წ. N04-371/ო ბრძანების საფუძველზე. ნ. ქ-ი 01.09.2019წ. გარდაიცვალა, ხოლო გ. ქ-მა, როგორც ნ. ქ-ის პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ, მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 16.09.2019წ. შუამდგომლობით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ქ. ბათუმში, ...ის ქ. N4ე-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის ნ. ქ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, თუმცა სააგენტომ გარდაცვალების ფაქტის გამო ნ. ქ-ი დასაკანონებელ პირთა სიიდან ამოიღო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" 3.15 მუხლის თანახმად, განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე გამოცემული სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების, კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ გასანაწილებელ საცხოვრებელ ფართ(ებ)ში განსახლების საფუძველს. საქმის მასალების თანახმად დასტურდება, რომ ნ. ქ-ს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული ჰქონდა ბინის ფართი. საქმეში დაცულია აგრეთვე მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად ნ. ქ-მა ჩაიბარა ქ. ბათუმში, ...ის ქ. N4ე-ში მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა. საგულისხმოა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ნ. ქ-ი ფაქტობრივად დაეუფლა სადავო უძრავ ნივთს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილისათვის შესაბამისი უძრავი ქონების გამოყოფის შემდეგ იგი ექვემდებარება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას. განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ნ. ქ-ი გარდაიცვალა ბინის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან (30.01.2019წ. N2 საოქმო გადაწყვეტილება) 7 თვის შემდეგ. ამდენად, პროცესის დროში ხანგრძილვად მიმდინარეობის გამო, ნ. ქ-ისგან დამოუკიდებელი მიზეზით, სახელმწიფოს მხრიდან არ დასრულებულა ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ღონისძიებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის არა მხოლოდ კონკრეტული საგნები, არამედ მამკვიდრებლის უფლება ამ საგნებზე. ამასთან, უფლება ნივთზე (საკუთრების, სარგებლობის) იმავე სახით გადადის მემკვიდრეებზე, რა სახითაც ის მამკვიდრებელთან არსებობდა. მიუხედავად ნივთზე უფლების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის განუხორციელებლობისა, ეს უფლება სამკვიდრო მასაში შედის (სუსგ №ას-851-800-2010, 16.02.2011წ.). ამასთან, საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება არსებული საკუთრებით, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, (Öneryildiz v. Turkey) №48939/99, §124, 30.11.2004წ.). დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან დევნილის სტატუსის მქონე პირს საკუთრების უფლება არ ჰქონდა მოპოვებული, სადავო უძრავი ქონება გ. ქ-ს მემკვიდრეობით ვერ გადაეცემოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონება ნ. ქ-მა მიიღო უსასყიდლოდ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, ძალაშია ქონების გამოყოფის თაობაზე შესაბამისი აქტები, ამდენად სამკვიდრო მასაში შევიდა ნ. ქ-ის ქონებრივი უფლება სადავო უძრავი ნივთის მიმართ. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ქ-ი, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით და ხელმეორედ აღარ განიხილება მისი დაკმაყოფილების საკითხი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს შეადგენს გ. ქ-ის, არა როგორც დევნილი პირის ხელმეორედ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი, არამედ გ. ქ-ის, როგორც ნ. ქ-ის პირველი რიგის მემკვიდრის უფლება დანაშთი ქონების მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი