Facebook Twitter

ბს-332 (კ-23) 21 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ.ა-მა 23.09.2020წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის შესახებ 09.08.2020წ. N... გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.09.2020წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ვ.ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2021წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.2021წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ე.ს-ა და ვ.ს-ი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2021წ. გადაწყვეტილებით ვ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.08.2020წ. N... და 18.09.2020წ. N... გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ქ. რუსთავში, ... N6ა-ში მდებარე N... ბინაზე დარეგისტრირდება ვ.ა-ის საკუთრების უფლება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.2022წ. განჩინებით გასწორდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2021წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობა, კერძოდ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.08.2020წ. N... და 18.09.2020წ. N... გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ქ. რუსთავში, ... N6ა-ში მდებარე N... ბინაზე დარეგისტრირდება ვ.ა-ის საკუთრების უფლება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2022წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, კერძოდ, 17.07.1993წ. საცხოვრებელ ფართზე გაცვლის N...ორდერის საფუძველზე ვლ.ა-ს მიეცა უფლება ბინა გაეცვალა ე.ვ.ს-ასათვის. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბინების გაცვლა რეალურად განხორციელდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვლ.ა-ის გაცვლის უფლების რეალიზება არ მოუხდენია, რეალურად ბინები არ გაცვლილა და მოსარჩელის მეუღლემ მის სახელზე პრივატიზებული ბინა გაასხვისა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მეუღლესა და ე.ს-ას შორის გაცვლა განხორციელდა 17.07.1993წ., ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 16.08.1993წ., მას შემდეგ რაც გაცემული იქნა საცხოვრებელ ფართზე გაცვლის N...ორდერი. სააპელაციო პალატის მითითებით ვ.ა-ი 1993 წლიდან ცხოვრობს, სარგებლობს, ჩაწერილი იყო და დღესაც რეგისტრირებულია მისამართზე - ქალაქი რუსთავი, ... N6ა, ბინა N..., რაც სადავო არ გაუხდია არც მოპასუხე მხარეს და არც მესამე პირებს. მოსარჩელის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა აღნიშნულ მისამართზე, გაცვლა ფაქტობრივად განხორციელდა, ხოლო ორდერის გამოცემის შემდეგ თუ რამდენად მართლზომიერად და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით განხორციელდა ბინების რეგისტრაცია და განკარგვა, ეს გარემოება სადავო არ გამხდარა არც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და არც დაინტერესებული პირების მხრიდან ათეული წლების მანძილზე. რაც შეეხება მოსარჩელის მეუღლის სახელზე თავდაპირველად პრივატიზირებულ ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას და გასხვისებას თ.თ-ზე, მოსარჩელე ამას ხსნის იმ გარემოებით, რომ ბინა რეალურად გასხვისებული იქნა მესამე პირის მიერ და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პერიოდში რთული პროცედურების გავლა უწევდათ ბინის გადასაფორმებლად, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა მოსარჩელის მეუღლის სახელზე, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან სარგებელი მიიღო ე.ს-ამ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ... N6ა, ბინა N...-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის საფუძვლად იმ გარემოების მითითება, რომ გაცვლა არ მომხდარა უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება. რაც შეეხება ორდერებში მისამართების უზუსტობას, აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკურ უზუსტობას, რამდენადაც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ...ის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 01.08.2018წ. N9406-02-08 წერილით დადგენილია, რომ ქ. რუსთავში, ...ის ქუჩა N6ა-ში კორპუსი არ არსებობს, ხოლო ქ. რუსთავში ...ის ქუჩა N6-ში მდებარე კორპუსში ბინა N... არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ორივე ორდერით განსაზღვრულია ერთი და იგივე საცხოვრებელი ფართი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ვ.ა-მა 10.07.2020წ. სარეგისტრაციო განცხადებით მოითხოვა ქ. რუსთავში, ... N6ა-ში მდებარე N... ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესახლების ორდერების, პრივატიზაციის ხელშეკრულებების და 17.07.19 93წ. N...გაცვლის ორდერის საფუძველზე. N...გაცვლის ორდერის თანახმად, ვლ.ა-ს (მცხოვრები: ქ. რუსთავი, ... მიკრო-რაიონი, სახლი N20, ბინა N...) უფლება მიეცა ე.ვ.ს-ასათვის (მცხოვრები: ქ. რუსთავი, ...ის ქუჩა N6ა, ბინა N...) გაეცვალა ბინა. კასატორის მითითებით საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივში არ არის დაცული N... გაცვლის ორდერი. ამასთან, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში არ განხორციელებულა ხსენებული ორდერის შესაბამისი ცვლილებები. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია ქ. რუსთავში, ... N6-ში მდებარე უძრავი ნივთების სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, ბინა N...-ზე ირიცხება 14.08.1992წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ასლი, რომლის თანახმად აღნიშნული ბინა საკუთრებაში გადაეცა ე.ს-ას. კასატორმა მიუთითა, რომ ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით ვლ.ა-ის საკუთრების უფლება 26.08.1992წ. დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია ქ. რუსთავში, ... მიკრო-რაიონში, კორპუს N20-ში მდებარე ბინა N...-ზე. აღნიშნული უძრავი ნივთი 16.08.1993წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვლ.ა-მა გაასხვისა თ.თ-ზე. თავის მხრივ, თ.თ-მა აღნიშნული უძრავი ნივთი გაუცვალა ე.ს-ის, ხოლო ე.ს-მა 28.03.2003წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბინა გაასხვისა ლ.მ-ზე. ამდენად, უძრავი ნივთი (მდებარე: ქ. რუსთავი, ... მიკრო-რაიონი, კორპუსი N20, ბინა N...), რომელიც მოსარჩელის მამკვიდრებელს უნდა გაეცვალა ე.ვ.ს-ასათვის, ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხულია ვლ.ა-ის სახელზე და სწორედ მის მიერაა გასხვისებული სხვა პირზე. თავის მხრივ, ქ. რუსთავში, ... N6ა-ში მდებარე ბინა N... ტექ. ინვენტარიზაციის ბუროში აღრიცხულია ე.ს-ას სახელზე. აღნიშნული ჩანაწერის საწინააღმდეგო მონაცემები/დოკუმენტაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული არ არის. ამდენად, კასატორის მოსაზრებით ტექნიკური აღრიცხვის მონაცემები არ ადასტურებს ბინების გაცვლის ფაქტს. გაცვლის ორდერით ვლ.ა-ს უფლება მიეცა კუთვნილი ბინა გაეცვალა კონკრეტული პირისათვის, თუმცა საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება (გაცვლის ხელშეკრულება ან სხვ.), რომლითაც გაცვლის განხორციელება სამართლებრივად დადასტურდებოდა. კასატორის მოსაზრებით მოსარჩელე მხარის მამკვიდრებელს არ გამოუყენებია N... ორდერის საფუძველზე მიღებული გაცვლის უფლება და მესამე პირზე განკარგა (გაყიდა) ის ბინა, რომელიც უნდა გაეცვალა ე.ვ.ს-ასათვის. ამდენად, სამართლებრივად მან სიცოცხლეშივე დაკარგა უძრავი ნივთების გაცვლის უფლება. შესაბამისად, ვ.ა-ი, როგორც ვლ.ა-ის მემკვიდრე ვერ მიიღებს იმ უფლებას, რომელიც მის მამკვიდრებელს უკვე სიცოცხლეშივე აღარ გააჩნდა. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ ხანგრძლივ ფაქტობრივ ფლობაზე, რაც არსებითად მცდარია. კასატორის მითითებით სახეზე არ არის სკ-ის 165-ე და 167-ე მუხლებით გათვალისწინებული საკუთრების ხანდაზმულობით შეძენის წინაპირობები.

კასატორმა აღნიშნა, რომ სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისაა და სისრულის პრეზუმფცია. იგივე პრინციპი უნდა გავრცელდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში განხორციელებული აღრიცხვების მიმართაც. კასატორის მითითებით ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის სამსახურების ლიკვიდაციის შემდეგ, ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკი გადაეცა საჯარო რეესტრს არქივის სახით. ტექნიკური აღრიცხვის მონაცემები წარმოადგენს საჯარო რეესტრში დაცულ ინფორმაციას, რაც "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 3.6 მუხლის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ავალდებულებს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეადაროს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებთან. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მნიშვნელობა არ მიანიჭა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებს/დოკუმენტაციას, რაც უმართებულოა და არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. კასატორმა აღნიშნა, რომ სააგენტომ ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გაითვალისწინა მასთან დაცული მონაცემები, კერძოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაცია, გამოითხოვა საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული რუსთავის საბინაო მეურნეობის სამმართველოს მასალებით დასტურდება, რომ 14.03.19 88წ. ე.ს-ას სახელზე გაიცა ოროთახიან საცხოვრებელ ბინაში (მდებარე: ქ. რუსთავი, ...ის ჩიხი N6ა-...) შესახლების ორდერი. ამასთან, 14.08.1992წ. ხელშეკრულებით ზემოაღნიშნული ბინა ე.ს-ას გადაეცა პირად საკუთრებაში. რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული რუსთავის საბინაო მეურნეობის სამმართველოს მასალებით ასევე დასტურდება, რომ 02.03.1989წ. მოქალაქე ვ.ლ.ა-ის (დოკუმენტში გვარი ასეა მითითებული) სახელზე გაიცა ოროთახიან საცხოვრებელ ბინაში (მდებარე: ქ. რუსთავი, მე-... მ/რ, N...) შესახლების ორდერი. 26.08.1992წ. ხელშეკრულებით ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა ვ.ა-ის გადაეცა პირად საკუთრებაში და განხორციელდა მისი პრივატიზაცია. 17.07.1993წ. N... საცხოვრებელ ფართზე გაცვლის ორდერის თანახმად ვ.ა-ის (მცხ. ქ. რუსთავი, ... მკ/რ, სახლი N20, ბინა N...) მიეცა უფლება ბინა გაეცვალა ე.ვ.ს-ასათვის (მცხ. ქ. რუსთავი, ...ის ქ. N6ა, ბინა N...).

საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა შესაბამისი (საქალაქო, რაიონული, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევდა ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სახლში შესახლების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა. ორდერი შეიძლებოდა გაცემულიყო მხოლოდ თავისუფალ, იზოლირებულ საცხოვრებელ ფართობზე. ამავე კოდექსის 77-ე მუხლის თანახმად საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელს უფლება ჰქონდა მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრთა, მათ შორის დროებით სხვაგან მყოფ წევრთა, წერილობითი თანხმობით გაეცვალა დაკავებული საცხოვრებელი სადგომი სხვა დამქირავებლისთვის ან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრისთვის, მათ შორის სხვა დასახლებულ პუნქტში მცხოვრებთათვისაც. კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით შეთანხმება საცხოვრებელი სადგომების გაცვლის შესახებ ძალაში შედიოდა სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის (ამ კოდექსის 57-ე მუხლი) მიერ გაცემული ორდერების მიღების მომენტიდან. საქმის მასალებით, კერძოდ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 01.08.2018წ. წერილით დასტრურდება, რომ ქ. რუსთავში, ... N6ა-ში, N... ბინაში 1993 წლიდან ცხოვრობს ვ.ა-ი. აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი. აღნიშნული ბარათის მიხედვით დგინდება, რომ ვ.ა-ი რუსთავის მე-... მ/რ-ში მდებარე სახლი 20, ბინა N...-ის რეგისტრაციიდან მოხსნილია 1993 წლიდან, ამავე პერიოდიდან რეგისტრირებულია და დღემდე ცხოვრობს ... N6ა-ში მდებარე ბინა N...-ში. ამასთან, საქმეში დაცულია პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ვ.ლ.ა-მა ადგილობრივი მმართველობისგან მიიღო საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. რუსთავი, ...ის 6ა, ბინა N... ხელშეკრულების საფუძვლად მითითებულია N... გაცვლის ორდერი. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობით დასტურდება, რომ გაცვლა ფაქტობრივად განხორციელდა და აღდგომლიშვილების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა გაცვლილ ბინაში. აღნიშნული დოკუმენტები ძალაშია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვ.ა-ს არ გამოუყენებია N... ორდერის საფუძველზე მიღებული გაცვლის უფლება, ვინაიდან მან მესამე პირზე განკარგა (გაყიდა) ის ბინა, რომელიც უნდა გაეცვალა ე.ს-ასათვის. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გაცვლის ორდერის გამოცემის შემდეგ გასაცვლელი უძრავი ქონების განკარგვის მართლზომიერება სცდება განსახილველი დავის საგანს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების ერთობლიობა იძლევა მოსარჩელის დაინტერესებაში მყოფი უძრავი ქონების კანონიერად სარგებლობის ფაქტში დარწმუნების და მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს. კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ 17.07.1993წ. N... გაცვლის ორდერი მის არქივში არ ინახება და აღნიშნული ორდერის საფუძველზე არ განხორციელებულა ცვლილები, ვერ გახდება სადავო საცხოვრებელი ბინის რეგისტრაციის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფიოლებაზე უარის თქმის და შესაბამისად, პირის როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული უფლების - საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2022წ. განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.05.2023წ. N... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი