№ბს-845(კ-24) 23 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა.ჯ.ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.ჯ.ბ-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 13 სექტემბრის №01-315 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2022 წლის 30 აგვისტოს №03/00006970/2022-04 გადაწყვეტილება; გ) დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება და მისთვის „დ’“ კატეგორიის ვიზის გაცემა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ჯ.ბ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა.ჯ.ბ-ს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განჩინებით ა.ჯ.ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ჯ.ბ-მ.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად განიმარტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება დაფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს. ა.ჯ.ბ-ე არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, გადახდილი აქვს სწავლის საფასური. მიღებული უარი სასწავლო ვიზაზე მისთვის შეუძლებელს ხდის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოთხოვნას. თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, მას იძულებით მოწევს სწავლის შეწყვეტა და ქვეყნიდან გამგზავრება, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მის კერძო ინტერესებს, სტუდენტს სასწავლო სემესტრში მოუწევს სწავლის შეწყვეტა, ხოლო სწავლის შემდგომი გაგრძელება საქართველოში შეუძლებლი იქნება მისთვის ვიზის არქონის პირობებში. კასატორს არ უფიქსრდება რაიმე სახის კანონდარღვევა არც საქართველოში და არც მისი წარმოშობის ქვეყანაში. შესაბამისად, მისი საქართველოში კანონიერად ყოფნა სწავლის ხანგრძლივობით საფრთხეს არ შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
საკასაციო საჩივრის თანახმად, უცხოელის მიმართ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობას ადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ეგზავნება საკონსულო დეპარტამენტს როგორც რეკომენდაცია და რომლის გათვალისწინების ვალდებულებაც კანონმდებლობით მას არ გააჩნია. უფლებამოსილი ორგანო საქართველოში არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომლისგანაც საკონსულო დეპარტამენტი ნებისმიერ უცხოელზე ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოითხოვს პირის შესახებ ინფორმაციას. პრაქტიკა აჩვენებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნით პირი წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოს უშიშროებისთვის, საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები ავტომატურად მიიჩნევენ, რომ სახეზეა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებები, რომელიც თავისი არსით მოიცავს უმძიმეს, საერთაშორისო დანაშაულებს, ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობას, ნარკოტრეფიკინგს და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ კონტრდაზვერვის დასკვნის დასაბუთების გაცნობის საშუალება საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლებს არ გააჩნიათ, რაც მათ უზღუდავს შესაძლებლობას სრული შეფასების შედეგად მიიღონ გადაწყვეტილება, ამიტომ თითოეული ასეთი დასკვნა რეალურად მათთვის იმპერატიული ინსტრუქციის ხასიათს ატარებს. უცხოელისათვის საქართველოში ვიზის გაცემის საკითხის გადაწყვეტა საკონსულო დეპარტამენტისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა უპირობოდ არ გულისხმობს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორიციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პრიორიტეტულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა არ არის და არ შეიძლება იყოს სავალდებულოდ შესასრულებელი ხასიათის საკონსულო დეპარტამენტისთვის და ის შესაძლოა იყოს როგორც უსაფუძვლო, ასევე უკანონო.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა.ჯ.ბ-ს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ჯ.ბ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე - ა.ჯ.ბ-ე არის ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე (ს.ფ 63-66); ბ) 2022 წლის 10 აგვისტოს, ა.ჯ.ბ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს და საქართველოს ვიზის გაცემა მოითხოვა (ს.ფ 54-58); გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 29 აგვისტოს SSG 3 22 00156596 მიმართვით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით ა.ჯ.ბ-სათვის საქართველოს ვიზის გაცემა მიზანშეუწონელია (ს.ფ 53); დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2022 წლის 30 აგვისტოს №03/00006970/2022-04 გადაწყვეტილებით, ა.ჯ.ბ-ს უარი ეთქვა საქართველოს ვიზის გაცემაზე შემდეგი საფუძვლით - საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას (ს.ფ 77-79); ე) 2022 წლის 5 სექტემბერს ა.ჯ.ბ-მ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2022 წლის 30 აგვისტოს №03/00006970/2022-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 13 სექტემბრის №01-315 ბრძანებით, ა.ჯ.ბ-ს 2022 წლის 5 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 50-52, 73-76); ვ) შპს „...ის“ 2022 წლის 3 აგვისტოს №04-14263 ცნობის თანახმად, ა.ჯ.ბ-ე არის ... (...)-ის მიმდინარე სტუდენტი და ...ში ჩარიცხულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების და ...ის რექტორის №327/22 ბრძანების საფუძველზე. ... (...)-ის ხანგრძლივობაა 4 წელი. პროგრამის დასრულებისათვის აუცილებელი 240 კრედიტიდან სტუდენტს მინიჭებული აქვს 0 კრედიტი. დასრულების სავარაუდო თარიღი არის 2026 წლის 20 ივლისი (ს.ფ 70).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივ წესრიგის, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. უცხოელის საქართველოში კანონიერად შემოსვლის/ყოფნის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ვიზის მიღებაა, რომელსაც დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. ამასთან, კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, ვიზა არის დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია. ვინაიდან ვიზის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ამავე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის“ 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სამინისტრო ან/და ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. ამავე წესის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ვიზის გაცემაზე უარი უნდა ეთქვას, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. წესის 26-ე მუხლის 31 პუნქტის მიხედვით, ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია გამოითხოვება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევები, წესი და პირობები განისაზღვრება სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ვიზის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელისათვის საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ 2024 წლის 4 სექტემბრის მიმართვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არის დასაბუთებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები ქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ მოსარჩელე საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, რის გამოც გასაჩივრებული აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის სახელზე ვიზის გაცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ჯ.ბ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განჩინება;
3. ა.ჯ.ბ-ს (პას....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.07.2024წ. №... საგადასახადო დავალებით ზ.ც-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე