საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-463(3კ-24) 16 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
კასატორი (მესამე პირი) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „მ...“
მოწინააღმდეგე მხარეები (მესამე პირები ასკ-ის 16.2 მუხლით) - ლ.ბ-ე, ი.ნ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „მ...მ“ 2018 წლის 10 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ „რეგისტრაციების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 ივნისის №..., 2011 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილებების, „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, ასევე „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს „მ...მ“ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ და სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფ განაცხადების მონაცემებს შორის (ს/კ ... მესაკუთრე ი.ნ-ი, ს/კ ... მესაკუთრე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული) დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ თუ ის არ ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთების კონფიგურაციასა და მდებარეობას, რომელთანაც დაფიქსირდა ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, 30 კალენდარული დღის ვადაში, სარეგისტრაციო სამსახურში უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. საბოლოოდ, სარეგისტრაციო განცხადებაზე შეწყდა წარმოება იმ მიზეზით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულ გადაწყვეტილებებზე შპს „მ...ს“ მიერ წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოთ დასახელებული აქტები არის დაუსაბუთებელი, მათი მიღებით კი შეილახა მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი.ნ-ი და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ.ბ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 მარტის №... და 2010 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებები შპს „მ...ს“ მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 2018 წლის 15 მარტის განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მონაცემებთან ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილება შპს „მ...ს“ მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 2018 წლის 15 მარტის განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მონაცემებთან ზედდების ნაწილში; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ივნისის №... და 2018 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილებები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ლ.ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ლ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „მ...ს“ სარჩელი, მის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 2018 წლის 15 მარტის განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მონაცემებთან ზედდების ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და შპს „მ...მ“.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში, 2011 წლის 28 თებერვალს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ...ში მდებარე 11698 კვ.მ მიწის ნაკვეთის თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირება მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კასატორის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უცნობი იყო სადავო მიწის ნაკვეთის სხვა მესაკუთრის/მოსარგებლის არსებობის შესახებ, ცხადია, მას ჰქონდა უფლება მიემართა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. კასატორის მოსაზრებით, სწორედ მარეგისტრირებელ ორგანოს გააჩნდა ვალდებულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება მარეგისტრირებელ ორგანოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მისთვის არის ცნობილი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 28 თებერვლის მიმართვა, რომლის საფუძველზედაც განხორციელდა რეგისტრაცია, არ არსებობდა სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა საფუძვლიანად არ შეისწავლეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული აქტების მიმართ. სასამართლომ აქტები არა ნაწილობრივ, არამედ სრულად ცნო ბათილად, რაც არ ყოფილა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა და ინტერესი. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარემ სასარჩელო სამართალწარმოებით 2018 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან ერთად არ მოითხოვა შესაბამისი აქტების გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი რეალური ინტერესი და შპს „მ...ს“ დაურეგისტრირდებოდა საკუთრების უფლება, შესაბამისად, ამ ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის გამნმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რომლითაც სააგენტომ ვერ დაინახა იმის საფუძველი, რომ ზედდების ნაწილში გაეუქმებინა მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება საკუთარი გადაწყვეტილების ბათილად ცნობით. შესაბამისად, მოსარჩელემ დაკარგა ამ კუთხით (საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების) დავის უფლებაც, რომელიც ასევე გაითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების გაუქმებასაც. ამიტომ, მხარის სასარჩელო მოთხოვნა არ არის იდენტური საჩივრის ფარგლებში დაყენებულ მოთხოვნასთან. სასამართლოები გასცდნენ დავის ფარგლებს და უკანონოდ ცნეს სრულად და არა ნაწილობრივ 2018 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილება ბათილად და ამის საფუძველზე გააუქმეს შემდგომ მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებაც.
კასატორი ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილ იქნა მიმდებარედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლის ნომერიც იდენტურია შპს „მ...ს“ დაუზუსტებელი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენი დოკუმენტისა, რაც საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების დაზუსტების მოთხოვნას და აღნიშნული არც კი გამოუკვლევია სააპელაციო სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №ბს-1308(კ-22) გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს აქვთ ვალდებულება სამართალწარმოების ეტაპზე განაცხადონ ყველა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ და შესაბამისად, სასამართლოც ვალდებულია გამოიკვლიოს და იმდაგვარად მიიღოს გადაწყვეტილება.
კასატორმა, ზემოთ მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, იშუამდგომლა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში (მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის) საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, აგრეთვე, სავალდებულო მოწვევის მესამე პირად საქმეში მ.უ-ის ჩართვის შესახებ, ვინაიდან ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ლ.ბ-ე, რომელიც ჩართული იყო ქვედა ინსტანციების სასამართლოში და წარდგენილი ჰქონდა სააპელაციო საჩივარიც. 2024 წლის 21 თებერვლის ამონაწერის თანახმად კი, ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მ.უ-ე.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში. ამავდროულად დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რეგისტრაციის შესახებ №... (12.11.2018) გადაწყვეტილება, რომლითაც საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე (ს/კ...) დარეგისტრირდა ბოლო მესაკუთრის - მესამე პირის - ლ.ბ-ის საკუთრების უფლება. შესაბამისად, არ აღმოფხვრილა ზედდების პრობლემა, ვინაიდან ძალაში დარჩა დაზუსტებულად რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემები (ს/კ...). აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია საჯარო რეესტრის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (25.06.2018) და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... (10.08.2018 წ.) გადაწყვეტილებების გაბათილება. ამგვარი გადაწყვეტილება ერთგვარად წარმოადგენს აღუსრულებელ გადაწყვეტილებას, ვინაიდან დღის წესრიგში კვლავ დგას ზედდების პრობლემა და ამ პირობებში საჯარო რეესტრი ვერ მიიღებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ან ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებისგან განსხვავებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
კასატორი მიუთითებს ახლად გამოვლენილ გარემოებაზე, კერძოდ, სადავო უძრავი ქონების ჩრდილოეთით დღეს არსებულ რეგისტრირებულ მონაცემებზე, რაც, მისი აზრით, ცალსახად გამორიცხავს შპს „მ...ს“ მიერ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის შესაბამისობას პირველად უფლების დამდგენ დოკუმენტთან (...ას საკრებულოს №605 (31/08/2004 6.). რეგისტრაციის შესახებ 2023 წლის 28 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ საკუთრებაში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით ( ... საკადასტრო კოდით (წინა დაუზუსტებელი საკადასტრო კოდი: ...)) დარეგისტრირდა მისივე №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით მდებარე 5897 კვ.მ მიწის ნაკვეთი (იხ. თანდართული სიტუაციური ნახაზი, რომელზეც ერთმანეთის მომიჯნავედ დატანილია დატანილია №... და №... განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთები). აღნიშნული მიწის ნაკვეთი (განცხადება №...) შპს „მ...ს“ საკუთრებაში რეგისტრირებული იყო დაუზუსტებლად (საკადასტრო კოდი: ...), №1-1665 (24/05/2007 წ.) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გამყიდველი - თ.ქ-ი, ხოლო გამყიდველის პირველად სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენდა ...ის სოფლის საკრებულოს გამგეობის მიერ გაცემული ცნობა №323 (გაფორმების თარიღი: 22/12/2006). აღნიშნულ ცნობაზე დართული ექსპლიკაციის მიხედვით, თ.ქ-ის სახელზე რიცხული იყო 0.59 ჰა №573/1 (პრიმა) მიწის ნაკვეთი, რომელსაც სამხრეთით ესაზღვრებოდა ნაკვეთი №... №... სარეგისტრაციო წარმოება წინამდებარე დავის განხილვის დროს იყო მიმდინარე, შესაბამისად, მისი საბოლოო შედეგი (... საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია) სასამართლოსთვის ვერ გახდებოდა ცნობილი საქალაქო სასამართლოში საქმის ან/და სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე. ამდენად, დგინდება, რომ შპს „მ...ს“ საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამხრეთით არ შეიძლება მდებარეობდეს №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი, ვინაიდან პირველად დოკუმენტში, კერძოდ, ...ას საკრებულოს 31/08/2004 წლის №605 ცნობაში მის ნომრად მითითებულია №… და არა №…. თავისივე საკუთრებაში რეგისტრირებულ მონაცემებს (ს/კ ...) კი, შპს „მ...“ სადავოდ ვერ გახდის.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „მ...“ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სააპელაციო პალატა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და ახდენს მათ ციტირებას. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით კი ადმინისტრაციულმა პალატამ დაადგინა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილების მიღებისას (რომლითაც ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ლ.ბ-ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით რეესტრის ჩანაწერები ითვლებოდა სწორად. მოცემულ შემთხვევაში ლ.ბ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერი, კერძოდ, საკადასტრო მონაცემები გასაჩივრებულია 2018 წლის სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოთხოვნილი იყო ამ საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის შესახებ რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ლ.ბ-ეს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დაურეგისტრირდა 2018 წლის 12 ნოემბერს, რა დროსაც საჯარო რეესტრისთვის უკვე ცნობილი იყო ამ უძრავი ნივთის ჩანაწერის საწინააღმდეგოდ სასამართლოში სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არის უკანონო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილისა და 20 მაისის განჩინებებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ასევე, შპს „მ...ს“ შეგებებული საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ასევე, შპს „მ...ს“ შეგებებული საკასაციო საჩივარი, არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთზე ფიზიკური პირის - ი.ნ-ისა (ს/კ...) და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის (ს/კ...) საკუთრების უფლებების რეგისტრაციის კანონიერების შეფასება, მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Va№ de Hurk v. №etherla№ds, par.61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] par.26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- ი.ნ-მა 2010 წლის 24 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მის კუთვნილ, სოფელ ...ში, ...ას ტერიტორიაზე მდებარე 3600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იპოთეკის შეწყვეტისა და დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მონაცემების რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებით ი.ნ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სოფელ ...ში მდებარე 3600 კვ.მ მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, დაზუსტებული მონაცემებით, ... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა;
- სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2011 წლის 28 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ...ში მდებარე 11698 კვ.მ მიწის ნაკვეთის თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირება მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და მითითებულ მიწის ნაკვეთზე ... საკადასტრო კოდით თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა;
- 2018 წლის 12 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ი.ნ-მა გადასცა ლ.ბ-ეს. აღნიშნული ხელშეკრულებისა და ლ.ბ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში 2018 წლის 12 ნოემბერს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, დარეგისტრირდა ლ.ბ-ის საკუთრების უფლება;
- საქმის მასალების მიხედვით ასევე დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 0.75 ჰა მიწის ნაკვეთზე შპს „მ...მ“ საკუთრების უფლება შეიძინა ს.ბ-სთან 2007 წლის 28 მაისს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2018 წლის 15 მარტს შპს „მ...ს“ წარმომადგენელმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით (რეგისტრირებული ნომრით ...) მიმართა, რომლითაც წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 მარტის №... გადაწყვეტილებით დადგინდა ზედდება შპს „მ...ს“ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთსა და ... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთების (მესაკუთრეები: ი.ნ-ი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი) მონაცემებს, ასევე, სარეგისტრაციო წარმოებაში არსებულ №... განაცხადის მონაცემებს შორის. ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ თუ სარეგისტრაციო წარმოების ვადაში არ იქნებოდა წარდგენილი სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის კორექტირებული აზომვითი ნახაზი ან მხარეთა შორის არსებული დავის დადასტურების შესახებ განცხადება, სააგენტო სადავო საკითხის გადასაწყვეტად მიმართავდა სანოტარო მედიაციას;
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ №... განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა დაინტერესებული პირის მიერ წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო;
- შპს „მ...მ“ 2018 წლის 27 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საჩივრით მიმართა ამავე სააგენტოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ 2018 წლის 27 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო, სადავო აქტების შეფასებისთვის, პირველ ყოვლისა, მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლებისა და მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა ხორციელდება რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელებისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის, ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. მითითებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ თუ საჯარო რეესტრში უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში მიწის ფართი მითითებულია როგორც დაზუსტებული და ტერიტორიულ სამსახურში დაცულია რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი ნახაზი, ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციის შესაბამისი საკადასტრო ინფორმაცია, საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში შეასწოროს რეგისტრირებული მონაცემები, გასცეს შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ამასთან, შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდეს, შეწყდეს, ან პირს უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, დეტალურადაა მოწესრიგებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. მოცემულ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ზემოთ მითითებული სამართლებრივი დანაწესების უგულებელყოფას.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2010 წლის 29 ივნისის ( ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ი.ნ-ის სახელზე აღრიცხვა) და 2011 წლის 2 მარტის ( ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა) გადაწყვეტილებების მიღებისას საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევა იყო წინაპირობა, დადგენილიყო, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მონაცემები ეწინააღმდეგებოდა შპს „მ...ს“ რეგისტრირებულ საკუთრების უფლებას. კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ამგვარი განმარტებები შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკას. ამდენად, ცხადია, რომ შპს „მ...ს“ კუთვნილი, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მონაცემები გამორიცხავდა ი.ნ-ისა და ქონების მართვის სააგენტოს განცხადებების საფუძველზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესაძლებლობას და ასეთი რეგისტრაცია მხოლოდ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მონაცემების უპირატესობის დადგენითა და უკვე რეგისტრირებული მონაცემების გაუქმების გზით იყო შესაძლებელი, რაც მარეგისტრირებელმა ორგანომ უგულებელყო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრმა მოსარჩელეს უარი უთხრა ცვლილების რეგისტრაციაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და ... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთების, ასევე, სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფ №... განაცხადის მონაცემებს შორის ზედდების საფუძვლით და არა ადგილმდებარეობის დაუდასტურებლობის გამო, რის გამოც ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ მითითებულ გარემოებებს სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან მიმართებით.
რაც შეეხება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას შპს „მ...ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ავტომატურად არ ქმნის მოცემულ უძრავ ქონებაზე შემდგომში განხორციელებული უფლების რეგისტრაციების გაუქმების საფუძველს. ყოველი რეგისტრაცია დამოუკიდებლად ეფუძნება შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებს - სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, რომლის კანონიერების შემოწმების გარეშეც, მათი ძალაში ყოფნის პირობებში, დაუშვებელია განხორციელებული რეგისტრაციების გაუქმება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმადაც, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად კი, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. შესაბამისად, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საჯარო რეესტრში არასწორად იყო რეგისტრირებული წინა მესაკუთრეზე უძრავი ქონება, კეთილსინდისიერი შემძენი მაინც ხდება ქონების მესაკუთრე, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550; საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). უდავოდ დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლ.ბ-ემ ი.ნ-ისაგან იყიდა უძრავი ქონება, აღნიშნული ხელშეკრულებისა და ლ.ბ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ლ.ბ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ.ბ-ის მიერ სარეგისტრაციო წარმოების დაწყებამდე მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იყო მოსარჩელის პრეტენზია კუთვნილ ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც ლ.ბ-ის პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის, არამართებულია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ.ბ-ე არ ყოფილა შპს ,,მ...ს“ 2018 წლის 15 მარტის №... განცხადების შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე. ამდენად, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ლ.ბ-ეს, შესაძლოა, სცოდნოდა შესაძენ მიწის ნაკვეთზე შპს ,,მ...ს“ პრეტენზიის არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკასაციო საჩივარში აღძრულ შუამდგომლობას, რომლითაც ითხოვს (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში (ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია)) საქმის წარმოების შეწყვეტას, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, საქმეზე დადასტურებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, ცალსახად იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ. სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობის პირობებში მოსარჩელეს ეძლევა საკუთრების უფლების შემდგომი რეალიზების საშუალება. ამდენად, შუამდგომლობა საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმეში მესამე პირად მ.უ-ის ჩართვის თაობაზე, ვინაიდან იგი წარმოადგენს ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ამჟამინდელ მესაკუთრეს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341.2 მუხლზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები შეიძლება ჩაებნენ მათივე თანხმობით, თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს. ამავე კოდექსის 16.2 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ზემოქმედებას არ ახდენს სადავო ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის სამართლებრივ ინტერესზე, რამდენადაც დღეის მდგომარეობით, იგი წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომლის თაობაზეც წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული. ამდენად, აღძრული შუამდგომლობაც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს მათი დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს „მ...ს“ შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს;
5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2024 წლის 10 აპრილს №... საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. გ.ქ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 13 მაისს №... საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე