საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-671(კ-24) 22 ოქტომბერი, 2024 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ფ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ.ფ-ამ 2022 წლის 15 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2021 წლის 25 ივნისის N03-2392/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, მ.ფ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ.ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 25 ივნისის N03-2392/ო ბრძანება და დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე მ.ფ-ას საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება გაამახვილეს საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, სადაც ქულათა პრიორიტეტულობაზეა საუბარი, თუმცა სასამართლოებმა აღნიშნული ნორმა არასწორად განმარტეს და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, როდესაც მხოლოდ ქულათა სისტემით დადებითი გადაწყვეტილების მიღება დაავალდებულეს ადმინისტრაციულ ორგანოს. თავის მხრივ, სააგენტო არა ერთ საქმეში განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ქულათა ოდენობა არ არის გადამწყვეტი და ყურადღება ექცევა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ პრიორიტეტულობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა ემოქმედა და მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც წლებია ცხოვრობს ახლობლის ბინაში, უპირობოდ უნდა დაკმაყოფილებულიყო. კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში გამოიკვეთა და დადასტურედა უტყუარად რომ მოწინააღმდეგე მხარე არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, რადგან ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა ახლობლის ბინაში, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. სასამართლოს განმარტებით ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ პრიორიტეტულობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა ემოქმედა და რადგან მ.ფ-ას ოჯახს საკუთრება არ უფიქსირდება და წლებია ცხოვრობს ახლობლის ბინაში უპირობოდ, უნდა დაკმაყოფილებულიყო. არნიშნულ ფაქტს არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანო და მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ.ფ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების მოცემულ ეტაპზე საჭიროების არარსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3, მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე მ.ფ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (სარეგისტრაციო ნომრით N...). მ.ფ-ასთან ერთად, ასევე იმავე სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებულია ნ.ნ-ა (მეუღლე), ამავე ანკეტის თანახმად, იძულებით გადაადგილებამდე მ.ფ-ასა და ნ.ნ-ას საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა საქართველო, აფხაზეთი, სოხუმი. დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია სამეგრელო-ზემო სვანეთი, ..., კორპ. N..., N....
სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ 2013 წელს გაცემული N... ვეტერანის მოწმობის თანახმად, მ.ფ-ა არის ომის ვეტერანი. 2019 წლის 05 სექტემბერს მ.ფ-ამ, როგორც ვეტერანის დევნილი ოჯახის უფლებამოსილმა პირმა, ნ.ნ-ასთან (მეუღლე) ერთად, განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. განცხადებაში მოსარჩელე მხარის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა N76. მოსარჩელე მ.ფ-ას მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ კითხვარი. მოსარჩელე მხარის განაცხადი შეფასდა 2020 წლის 18 მარტს და წინასწარი შეფასებით ოჯახს მიენიჭა 5.5 ქულა, მათ შორის კრიტერიუმში C.1.1 – საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა, ომში მონაწილეობა (ვეტერანი) - მ.ფ-ა - 1.5 ქულა და სოციალურ კრიტერიუმში - 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულა - 2.50 ქულა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე მ.ფ-ა და ნ.ნ-ა რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში.
2021 წლის 21 აპრილის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ვიზიტი განხორციელდა მ.ფ-ას ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზე (ქ.თბილისი, ...ის N76, სად-.., მე-... სართ, ოთახი ...), სადაც განმცხადებელი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს 2012 წლიდან. აღნიშნული ბინა ეკუთვნის მ.ფ-ას მეუღლის ბიძაშვილს ბ.ნ-ას, რომელიც ცხოვრობს საბერძნეთში. 2000-2012 წლებში მოსარჩელე ცხოვრობდა ქ. თბილისი, ..., ...ის ქუჩა N1-ში; 1993-2000 წლებში ცხოვრობდა ... სოფ. ...ში, ნათესავის საკუთრებაში ქირის გარეშე. მითითებულ მონიტორინგის ფორმაში აღინიშნა, რომ მ.ფ-ა და მისი მეუღლე ნ.ნ-ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 1984 წლის 2 თებერვლიდან, ნ.ნ-ას ჰყავს ძმა - გ.ნ-ა, რომელიც არის დევნილი და ცხოვრობს ...ში, ...ში (სახელმწიფო მიერ საკუთრებაში გადაცემულ ფართში) და ჰყავს 2 შვილი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 თებერვლის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე - ქ.თბილისი, ...ის ქუჩა N... (ამჟამად N...) სად. ..., სართ 3, ბინა N... (ს/კ...), წარმოადგენს ბ.ნ-ას, დ.ნ-ას, ე.ნ-ას, ზ.ნ-ას, ზვ.ნ-ას და ნ.ქ-ას საკუთრებას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 1 ივნისის N34 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მ.ფ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ხსენებულ ეტაპზე იგი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, ნათესავის საკუთრებაში, ქირის გარეშე ცხოვრების გამო. აღნიშნული გარემოების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2021 წლის 25 ივნისს გამოსცა N03-2392/ო ბრძანება, მ.ფ-ას (განცხადებით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ცხოვრობს ნათესავის ბინაში, უსაფუძვლოა და არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 2020 წლის 18 მარტის განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 9.5 ქულიდან 1.5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით, რომელიც ნათესავთან ცხოვრების ფაქტს ადგენს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად, ხოლო „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით, მიღებულ ქულათა რაოდენობა. ამდენად, დევნილი ოჯახის სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრება არათუ გამორიცხავს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებს მათი განსახლების საჭიროებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე დიდი მოთხოვნის გამო ყველა განაცხადის დაკმაყოფილება ვერ მოხდებოდა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტით დადგენილი პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 5.5 ქულა, ხოლო საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილთა ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახს არ აქვს საკუთრებაში უძრავი ქონება და საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას, უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.
ამდენად, საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა წარმოშობდა მ.ფ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე