Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-691(კ-24) 22 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ძ.შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ძ.შ-ემ 2023 წლის 28 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების (ძ.შ-ის ოჯახისთვის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი ფართის გადაცემის) დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სააგენტოს დაევალა მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახისთვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ფართში განსახლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ საცხოვრებელი ფართის ნაცვლად მხარეს 25 000 ლარი შესთავაზა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მითითებული თანხით საცხოვრებელი ფართის შეძენა ვერ შეძლო, რის გამოც ითხოვს მისი ოჯახის არა თანხით, არამედ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სააგენტოს მიერ არ აღსრულებულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ქმედების განხორციელება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, ძ.შ-ის ოჯახისთვის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი ფართის გადაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ძ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ძ.შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მისი ოჯახი არის მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, მოპასუხეს წარმოეშვა ეკომიგრანტი ოჯახის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელ ფართში განსახლების ვალდებულება. მითითებული გადაწყვეტილებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მმართველობითი ღონისძიების განხორციელების გზითა და კანონისმიერი პროცედურების გათვალისწინებით, დაერეგულირებინა ძ.შ-ის ოჯახის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელ ფართში განსახლების საკითხი. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება არ მოიცავს ფორმალურად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. განხორციელებულ ქმედებას შედეგად არ მოჰყოლია შარიქაძისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგენილი/დადასტურებული უფლების რეალური რეალიზება.

კასატორის მოსაზრებით, „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, საქმე Noბს-476-464 (კ-13)).

დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ აღსრულებულა და სასარჩელო წესით ითხოვს მისთვის სწორედ ამ გადაწყვეტილების აღსრულების დავალებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ძ.შ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ძ.შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ძ.შ-ის ეკომიგრანტი ოჯახისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კანონიერება, ვინაიდან მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლეებზე ვრცელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებული სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება. „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, დენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების სადავო პერიოდში (2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით) მოქმედ რედაქციაზე, რომლის მიხედვით, ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლის შერჩევისა და კომისიაზე წარდგენისათვის მიეცემა 1 თვის ვადა. თუ ეკომიგრანტი ოჯახი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ სახლს, ამ შემთხვევაში კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, რიგით შემდეგ ეკომიგრანტ ოჯახს შესთავაზებს, საცხოვრებელი სახლის შერჩევას. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ სახლზე არაუმეტეს 25 000, (ოცდახუთი ათასი) ლარისა და, შესაბამისად, შესასყიდი სახლების მაქსიმალურ რაოდენობას. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეულ საცხოვრებელ სახლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა საცხოვრებელი სახლის მდგრადობის/ უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობისა და საბაზრო ღირებულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა, კომისიის გადაწყვეტილებით ცხადყოფს, რომ საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და საცხოვრებლად უვარგისია. აღნიშნული საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის შესახებ. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის ღონისძიებებს სააგენტო განახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ძ.შ-ის ოჯახის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელ ფართში განსახლების თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ძ.შ-ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან სახელმწიფო ბაზაში და მინიჭებული აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. მოსარჩელის ოჯახი არის ორსულიანი, მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე - მ.თ-ე, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. 2007 წელს მეწყერმა დაუნგრია სახლი. ამჟამად ცხოვრობს თუნუქით შეკრულ 10 კვ.მ ფართში, რომელიც არ არის საცხოვრებლად უსაფრთხო. ასევე დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 აგვისტოს №04-1489/ო ბრძანებით დაკმაყოფილდა ძ.შ-ის მოთხოვნა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელ ფართში განსახლების თაობაზე.

ასევე, დადგენილია, რომ ზემოთ მითითებული №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-4 მუხლში გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, მოსარჩელისთვის შეთავაზებულ იქნა სახლის შესაძენად ფულადი თანხა, თავდაპირველად 25 000, ხოლო შემდეგ 30 000 ლარი, ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გადასვლა მისი ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე გაუჭირდებოდა, რის გამოც სურს, საცხოვრებელი ფართი გადასცენ თბილისში, ...ში. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, 25 000 ლარის ფარგლებში ვერ შეძლო შესაბამისი საცხოვრებელი სახლის მოძიება, თანადაფინანსებით სარგებლობის შესაძლებლობა კი არ აქვს. ამდენად, ითხოვს საცხოვრებელი ფართის ღირებულება სრულად დაიფაროს სახელმწიფოს მიერ. ძ.შ-ეს წერილობით განემარტა, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის სხვაგვარ პროცედურებს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, რის გამოც, სასამართლო გადაწყვეტილების სხვაგვარად აღსრულება სააგენტოს მხრიდან ვერ განხორციელდებოდა.

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, კვლავ მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ცალსახად ადგენს სააგენტოს მიერ შესყიდული საცხოვრებელი ფართის ღირებულებას, რომელიც უნდა იყოს არა უმეტეს 30000 ლარისა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოუყოს აღნიშნული წესით დადგენილი მაქსიმალურ თანხაზე მეტი ოდენობა, ხოლო მოსარჩელის მიერ არ ყოფილა შეთავაზება 30000 ლარის ფარგლებში კონკრეტული ბინის შესყიდვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გამოთქვამს მზაობას აღნიშნული ღირებულების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას მდებარე საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა კანონით დადგენილი მოთხოვნების სრულყოფილად გამოყენებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ძ.შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე