Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-980(გ-24) 22 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ე.ყ-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

ე.ყ-მა 2024 წლის 01 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა(ა)იპ ...ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ა(ა)იპ ...ას დაეკისროს ე.ყ-ის სასარგებლოდ ყოველთვიური კომპენსაციის გადახდა 400 ლარის ოდენობით 2023 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, კერძოდ, ქ.თბილისი, ...ის N2-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე ე.ყ-ისათავის რეაბილიტირებულ მდგომარეობაში ჩაბარებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 აპრილის განჩინებით ე.ყ-ის სარჩელი მოპასუხე ა(ა)იპ ...ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით ე.ყ-ის სარჩელი მოპასუხე - ა(ა)იპ ...ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლზე მითითებით გამიჯნა ადმინისტრაციული და სამოქალაქო კერძოსამართლებრივი ხელშეკრულები და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას განეკუთვნება, შესაბამისად, მის შესრულებასთან, შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლების საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ე.ყ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ პირი არაგანსჯად სასამართლოში წარადგენს სარჩელს, სასამართლომ სარჩელი განსჯად სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და აცნობოს ამის შესახებ მოსარჩელეს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა განხორციელდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, დავის თავისებურებების გათვალისწინებით. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულია განსჯადობის ზოგადი წესები და ამავე კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 20 ოქტომბერს ერთი მხრივ, არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიულ პირს ა(ა)იპ ...ის (შემდგომში ..., წარმოდგენილი მისი დირექტორის მოადგილე გ.ე-ის სახით) და მეორე მხრივ, ...ის ქ. N2-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ფართ(ებ)ის მესაკუთრე ე.გ-ის შორის(შემდგომში წოდებული ,,ბენეფიციარად’’) დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, ....ის ქ. N2-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დეტალური კვლევა, პროექტის კორექტირება და სარეაბილიტაციო/სამშენებლო საქმიანობის განხორციელება ...ის ორგანიზებით და ფულადი სახსრებით ამ ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ა(ა)იპ ...ის ვალდებულება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან წმინდა სამოქალაქო- სამართლებრივი უფლება-მოვალეობის მატარებლებად. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით. საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება- მოვალეობით. ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით ცალსახაა, რომ მხარეების მიზანს არ წარმოადგენდა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა, საჯარო-სამართლებრივი ინტერესი, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმება არ გულისხმობს მათ შორის ვერტიკალური, ქვემდებარეობითი ურთიერთობის არსებობას, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო არ გვევლინება როგორც საჯარო უფლებამოსილების იმპერატიული ნების გამომხატველი სუბიექტი. ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან გამიჯვნისათვის, ხელშეკრულების მიზნის და საგნის ანალიზის გარდა, მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების დადებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ხელშეკრულების დადების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების(რეალაქტის) განხორციელების მოვალეობის წარმოქმნას, ხელშეკრულების დადების შედეგად მხარის საჯარო- სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით აღჭურვას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ვერ განიხილება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად, იგი კერძო სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და დავა, რომელიც მისგან წარმოშობილ ქმედებას ეხება კერძო-სამართლებრივ ხასიათს ატარებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლი განსაზღვრავს სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იდენტურ სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მიერ არის მიღებული განჩინება (საქმე Nას-332-2023).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე.ყ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ე.ყ-ის სარჩელი მოპასუხის - ა(ა)იპ ...ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე