Facebook Twitter

საქმე №ბს-749(კ-24) 24 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 21 თებერვალს ნ.გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლიდან მუშაობს ცესკოში ... განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე. 2021 წლის 25 მაისამდე უფლებამოსილებებს ახორციელებდა ...სა და ...ის განყოფილების ...ის მთავარი ...ის თანამდებობაზე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში (რაც გულისხმობს კოვიდ-19-ის რეგულაციებს). 2021 წლის 25 მაისს, რეორგანიზაციის შედეგად, გენდერული ნიშნით შერჩევის შედეგად და მოსარჩელის სურვილის საწინააღმდეგოდ, ის გადაიყვანეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ...ის აპარატის (დეპარტამენტის) ...ის განყოფილების ...ის ...ის თანამდებობაზე. მან ცესკოს ...სთან, გ.ჯ-სთან დააფიქსირა ახალ პოზიციაზე გადაყვანასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება, რასაც ესწრებოდა ცესკოს ...ის აპარატის მაშინდელი ..., ვ.მ-ეც. მოსარჩელე მიუთითებს, რომ დაეკისრა მისთვის და მისი ოჯახის წევრისთვის ყველაზე საფრთხის შემცველი მოვალეობის შესრულება, კერძოდ, ცესკოს შენობაში ... მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ მის პროტესტს ცესკოს ...ის აპარატის მაშინდელი ..., ვ.მ-ე, პასუხობდა მუქარით, რომ გაათავისუფლებდა სამსახურიდან. მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 29 ოქტომბერს მან გაიკეთა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა. საღამოს კი ჰქონდა სიცხე 38 გრადუსამდე. ამის შესახებ დაწერა სოციალურ ქსელშიც. ცესკოს ...ის დეპარტამენტის უფროსმა ლ.კ-ემ ურჩია, რომ გაეკეთებინა „პისიარ“ კვლევა, ...ის კლინიკაში. მოსარჩელე უთითებს, რომ 2021 წლის 13-21 ოქტომბერს, მაღალი ტემპერატურის გამო, უკვე იმყოფებოდა ბიულეტენზე, ზემოაღნიშნულ პერიოდში არ დაუდასტურდა კოვიდი და ახლაც იმედოვნებდა, რომ სიცხე გამოწვეული იყო მეორედ აცრის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 30 ოქტომბერს (არჩევნების დღეს), მოსარჩელეს არ უნდოდა ვ.მ-ის გაღიზიანება, რის გამოც გამოცხადდა სამსახურში, სრულად იცავდა რეგულაციებს, არ კონტაქტობდა თანამშრომლებთან და სხვა ადამიანებთან, შემდეგ კი წავიდა ტესტის გასაკეთებლად. კლინიკაში ტესტი ვერ გაიკეთა, რადგან დაურეკა ვ.მ-ემ და უბრძანა, ახსნა-განმარტების დასაწერად სასწრაფოდ დაბრუნებულიყო სამსახურში. სატელეფონო საუბარში ვ.მ-ე იყო აგრესიული, ყვიროდა და აყენებდა შეურაცხყოფას. მოსარჩელე დაბრუნდა სამსახურში, წერდა ახსნა-განმარტებას, როდესაც კვლავ დაურეკა ვ.მ-ემ და აგრესიული ტონით მოსთხოვა ახსნა-განმარტება სამსახურის კანცელარიისთვის კი არა მისთვის ჩაებარებინა. მოსარჩელემ ცესკოს შენობაში გაიკეთა „სწრაფი ტესტი“ და დაუდასტურდა კოვიდი. მოსარჩელემ ფიქრობდა რა მის დაზე და საფრთხეზე, ჰქონდა სიცხე, გახდა ცუდად. აღნიშნული დღის შემდეგ აღარავის მოუკითხავს მისი მდგომარეობა. მის დას კი კოვიდი დაემართა და გარდაიცვალა 2021 წლის 16 ნოემბერს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2021 წლის 14 დეკემბერს ვ.მ-ემ მოხსენებითი ბარათით მიმართა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ნ.გ-ის მიმართ 2021 წლის 20 დეკემბერს დაიწყო დისციპლინური წარმოება. 2022 წლის 12 იანვარს დანიშნულ დისციპლინური წარმოების საქმეზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, რადგან დღემდე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, აქვს დეპრესია. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 20 იანვრის №02-18 ბრძანებით მოსარჩელე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა: 1.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 20 იანვრის №02-18 ბრძანების ბათილად ცნობა; 2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის ნ.გ-ის იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დავალება; 3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ნ.გ-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება (სამსახურიდან დათხოვნის დღიდან აღდგენამდე).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის საოქმო განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოწმედ ვ.მ-ის დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ნ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ნ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 53.7, 85-ე, 72.1, 96-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ მე-5, მე-11 მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 21 მაისის №01-55 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიების სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გასათვალისწინებელი წესების“ მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 30 ოქტომბერს ნ.გ-ი სამსახურში გამოცხადდა მაღალი ტემპერატურით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში მას გაუკეთდა სწრაფი ტესტი, რომლის პასუხიც იყო დადებითი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესება განპირობებული იყო ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების მასშტაბების შემცირების მიზნით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოლოდინი, რომ სიცხე იყო აცრის უკუჩვენება, ასევე ვირუსი მისგან არავის გადასდებია, არ იყო მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ასევე სამუშაო ადგილზე საჯარო მოსამსახურის სამუშაო დღეების განმავლობაში გამოუცხადებლობა, რასაც ნ.გ-ი ამართლებდა იმ გარემოებით, რომ ერთი მხრივ, დის გარდაცვალების გამო იმყოფებოდა მძიმე დეპრესიაში და მეორე მხრივ, დეპარტამენტის უფროსი - ვ.მ-ე მას ცუდად ექცეოდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა ნ.გ-ის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ერთი კვირა საპატიოდ იქნა მიჩნეული, ხოლო შემდგომი პერიოდის საპატიოდ მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა, ვინაიდან სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი ნ.გ-ის არც უშუალო ხელმძღვანელისთვის უცნობებია და არც საავადმყოფო ფურცელი წარმოუდგენია. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ თუ ნ.გ-ის ეშინოდა ვ.მ-ის ან არ სურდა მასთან კომუნიკაცია, სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე შეეძლო ადამიანური რესურსების მართვის, შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის ან სხვა უფლებამოსილი პირისთვის ეცნობებინა ვ.მ-ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ქმედებების თაობაზე, რაც ნ.გ-ის არ განუხორციელებია. შესაბამისად, ნ.გ-ის ქმედების მძიმე დისციპლინურ გადაცდომად შეფასება მართებულია. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 10 მარტის №01-35 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტებზე. პალატამ არ მიიჩნია საფუძვლიანად აპელანტის დასაბუთება მოხელის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის მიზეზთან დაკავშირებით, კერძოდ სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის, ასევე, მწვავე და ადაპტაციის დარღვევების პერიოდში კონკრეტული ვალდებულებების შესრულების გამორიცხვის თაობაზე. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნ.გ-ის სამსახურში გამოცხადებლობა ჩაეთვალა საპატიოდ ოჯახის წევრის გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი კვირა, ხოლო შემდგომ ნ.გ-მა დაარღვია სამსახურში გამოცხადებისა და შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ.გ-მა ასევე დაარღვია ეთიკის ნორმები, ქცევის ზოგადი წესები. აპელანტმა არ უარყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამების საჯაროდ დაფიქსირების ფაქტი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს საჯარო განცხადებას, ვინაიდან ეს მისი პირადი სივრცეა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო მოსამსახურე თავს უნდა იკავებდეს საჯარო კომენტარის გაკეთებისგან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილი პირადი ინტერესის მქონე საკითხებზე, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აპელანტის სოციალურ ქსელში განხორციელებული ქმედება წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მძიმე დისციპლინურ გადაცდომას და კვალიფიცირდება, როგორც ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2023 წლის 14 მარტს გაცემულ ფორმა N100-ზე, რომლითაც ცალსახად არ დასტურდებოდა ნ.გ-ის მიერ ჩადენილი ქმედებების გაუაზრებლობის ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის საოქმო განჩინება. კასატორმა ახალი განჩინებით განსახილველ საქმეზე ვ.მ-ის მოწმედ დაკითხვა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ცესკოში მუშაობის პერიოდში, კერძოდ 2003 წლიდან 2021 წლამდე, მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა. კასატორისთვის იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ და - ე.გ-ი გახლდათ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე - ქრონიკული დაავადების და შესაბამისად რისკ ჯგუფში მყოფი პირი, გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო კოვიდ-რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა. კასატორი ცესკოში სხვა პოზიციაზე გადაყვანის წინააღმდეგი იყო, თუმცა დაარწმუნეს, რომ რეალურად სხვა სახის სამუშაოებით დატვირთავდნენ და მისი დის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნებოდა. კასატორი აღნიშნავს, რომ კოვიდ ვირუსის დადასტურებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიკეთა ვაქცინა. სიცხე კი ვაქცინაციის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული გვერდითი მოვლენაა. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ნ.გ-ი ტესტირების მიზნით, რათა საფრთხე არ შეექმნა სხვა პირებისთვის წავიდა კლინიკაში, თუმცა მისი პირადი უფროსის - ვ.მ-ის მოთხოვნის გამო იძულებული გახდა სამსახურში მაინც მისულიყო. სამსახურში ყოფნის პერიოდში ნ.გ-ი ერიდებოდა თანამშრომლებთან კონტაქტს, ლიფტის ნაცვლად ისარგებლა კიბეებით. დასაქმებულმა 2023 წლის 22 მარტს წარადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N100, რომლითაც დასტურდება, რომ ნ.გ-მა დის გარდაცვალების შემდეგ მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა, რომელიც შეფასებულია, როგორც რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევა. ცალსახაა, რომ კასატორის სამსახურში გამოუცხადებლობა და სოციალური ქსელის პირად გვერდზე ემოციების გამოხატვა დაკავშირებულია განცდილ ტრამვასთან. კასატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ასევე აშკარაა, რომ სახლში მყოფი დასაქმებული ვერ ნახავდა და მითუფრო პასუხს ვერ დაუბრუნებდა სამსახურებრივ მისამართზე მისთვის გაგზავნილ შეტყობინებას კონკრეტული ინფორმაციის წარდგენის თაობაზე. მოსარჩელის მიერ გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულ ქმედებებს შედეგად არ მოჰყოლია საჯარო დაწესებულებისთვის ან კონკრეტული პირისთვის კონკრეტული ზიანი. კასატორის სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით მის მიერ ჩადენილი ქმედებები არ უნდა შეფასებულიყო იმგვარ გადაცდომებად, რომელიც აუცილებელს გახდიდა დასაქმებულის მიმართ ყველაზე მძიმე და უკიდურესი ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებას და პასუხისმგებლობის შედარებით სხვა, უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავდა. საჯარო სამსახურში 2021 წლის 15 ნოემბრის შემდეგ გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ 1 კვირა ჩაეთვალა საპატიოდ, ხოლო დარჩენილი 1 კვირა არასაპატიოდ. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაამახვილეს ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ნ.გ-ის ცესკოში მუშაობის 19 წლის მანძილზე სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი არ ყოფილა გამოვლენილი. კასატორის მძიმე ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, მასთან კომუნიკაციის გარეშე პირდაპირ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა არასამართლიანია. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაცდომად მიიჩნია ასევე ნ.გ-ის მიერ მოხელის შეფასებაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, ნ.გ-ის არ გააჩნდა წვდომა სამსახურეობრივ მეილზე და მისთვის შეუძლებელი იყო ოჯახის წევრის გარდაცვალების პერიოდში, ან შემდგომ 1 კვირის ფარგლებში შეეტყო კონკრეტული დოკუმენტის ელექტრონულ მეილზე მისვლის თაობაზე. სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ ნ.გ-მა სოციალური ქსელის მეშვეობით შეურაცხყო საარჩევნო ადმინისტრაცია. სასამართლოებმა ასევე ყურადღების მიღმა დატოვეს ის გარემოება, რომ კასატორმა დის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლისთანავე აიღო მის პირად გვერდზე განთავსებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მიმართ დადებული პოსტები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დავის საგანია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 20 იანვრის N02-18 ბრძანების კანონიერება, მოსარჩელის იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისთვის ნ.გ-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (სამსახურიდან დათხოვნის დღიდან აღდგენამდე) დავალება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის №01-08/1109 წერილითა და შრომის წიგნაკით დადგენილია, რომ ნ.გ-ი 2003 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის 10 სექტემბრამდე და 2017 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 20 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე. ცესკოს თავმჯდომარის №01-60 ბრძანების საფუძველზე დაწყებული რეორგანიზაციის შემდეგ, ნ.გ-ი, მისივე თანხმობის საფუძველზე, გადაყვანილ იქნა ცესკოს ...ის აპარატის (დეპარტამენტის) ...ის განყოფილების ...ის ... ...ის პოზიციაზე.

2021 წლის 14 დეკემბერის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ...ის აპარატის (დეპარტამენტის) ...ის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესადმი მიმართული ბარათის თანახმად, ამავე აპარატის ...ის განყოფილების ...ის ... ...ის ნ.გ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტებს, კერძოდ: 1. არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა სამსახურში. 2. 2021 წლის 30 ოქტომბერს სამსახურში გამოცხადდა მაღალი ტემპერატურით. 3. სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა შეტყობინება, რათა წარედგინა მოხელის შეფასების ფორმის მის მიერ შესავსები ინფორმაცია, ხოლო ნ.გ-მა არ წარადგინა აღნიშნული ინფორმაცია. ასევე, 4. ნ.გ-ი, როგორც სოციალური ქსელის საშუალებით, ასევე სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ახდენდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოხელეების დისკრედიტაციას, იყენებდა სიძულვილის ენას, საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებდა მის ხელმძღვანელობასა და საარჩევნო ადმინისტრაციას.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2021 წლის 29 დეკემბრის №01-239 ბრძანებით, შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენის მიზნით, ნ.გ-ის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის 2022 წლის 14 იანვრის დასკვნის თანახმად, ნ.გ-ის მიერ ჩადენილია შემდეგი დისციპლინური გადაცდომები: ა) სამუშაო ადგილზე მოსამსახურის მიერ სამუშაო დღეების განმავლობაში გამოუცხადებლობა; ბ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გასათვალისწინებელი წესების უგულებელყოფა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა და დარღვევა; დ) შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა; ე) დგინდება დისციპლინური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი საფუძვლები - მძიმე დისციპლინური გადაცდომა; ვ) დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული წინამდებარე დასკვნა გამორიცხავს თვითნებურ და მიკერძოებულ გადაწყვეტილებას. ზ) წინამდებარე დასკვნაში არგუმენტირებულადაა მითითებული ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ უნდა იქნეს მხოლოდ მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, ვინაიდან თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვის თვალსაზრისით, აღნიშნული დისციპლინური სახდელი - ადექვატური იქნება ნ.გ-ის მიერ ჩადენილი განზრახი დისციპლინური გადაცდომებისა. ამავე დასკვნის თანახმად, ნ.გ-ის მიმართ გამოყენებულ იქნეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „სამსახურიდან გათავისუფლება“.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 20 იანვრის №02-18 ბრძანების თანახმად, ნ.გ-ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომები გამოიხატა შემდეგში: ა) სამუშაო ადგილზე მოსამსახურის მიერ სამუშაო დღეების განმავლობაში გამოუცხადებლობა; ბ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გასათვალისწინებელი წესების უგულებელყოფა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა და დარღვევა; დ) შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა; ე) დგინდება დისციპლინური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი საფუძვლები - მძიმე დისციპლინური გადაცდომა. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ...ის აპარატის (დეპარტამენტის) ...ის განყოფილების ...ის უფროს ...ის ნ.გ-ის საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა „სამსახურიდან გათავისუფლება“ და იგი 2022 წლის 20 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონსტიტუციით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება, ბ) საყვედური, გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით, დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

ზემოაღნიშნული კანონის 93-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ. ხსენებული 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ)დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაა სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე. ამავე კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, დისციპლინური გადაცდომისათვის, საჯარო მოხელესთან მიმართებაში შესაბამისი ზემოქმედების ზომის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით და წესით. ამასთანავე, დისციპლინური გადაცდომის გამოვლენასთან დაკავშირებული პროცედურის სრულყოფილად ჩატარების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო წესრიგის, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირის უფლების დაცვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარეობს ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. სავარაუდო გადაცდომა, თავისი შინაარსით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნებს. საჯარო მოხელისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადასტურდეს შესაბამისი დარღვევის შემცველი ფაქტების არსებობა. ამასთანავე, „..სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას..“ (სუს 2020 წლის 28 მაისის №ბს-623(კ-19) განჩინება).

საკასაციო სასამართლო განიხილავს სადავო ბრძანების საფუძვლად არსებულ თითოეულ გადაცდომას. ადმინისტრაციული ორგანო ნ.გ-ის ედავება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გასათვალისწინებელი წესების უგულებელყოფას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 21 მაისის №01-55 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიების სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გასათვალისწინებელი წესების“ მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ჰიგიენის ნორმების რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს ვირუსის გავრცელებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას. შესაბამისად, დასაქმებულის მხრიდან აუცილებელია სამუშაო ადგილზე განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: სამუშაოს ადგილზე გამოცხადებამდე გააკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით და სიცხის ან/და სხვა ქვემოთ მითითებული სიმპტომების/გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გონივრულ დროში შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს: ა) ტემპერატურული რეაქცია; ბ) შემდგარი კონტაქტი COVID ინფიცირებულთან და ინფექციაზე საეჭვო პირთან; გ) რესპირატორული სიმპტომების არსებობა, ასევე, გემოს და სუნის აღქმის დაკარგვა. 3. მისალმებისას არ ჩამოართვას ხელი და მოერიდოს როგორც თანამშრომლებთან, ასევე გარეშე პირებთან ფიზიკურ კონტაქტს (შეხებას და სხვა). იმავე ბრძანების მე-2 პუნქტით, ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და დამრღვევ პირს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა.

საქმეში დაცულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასაქმებული პირების - მ.ჩ-სა და ნ.მ-ის ახსნა-განმარტებები, რომლიდანაც ცალსახად დგინდება, რომ ნ.გ-ი 2021 წლის 30 ოქტომბერს სიცხიანი გამოცხადდა სამსახურში, სადაც გაიკეთა სწრაფი ტესტი და კოვიდი დაუდასტურდა. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ნ.გ-ი უარს აცხადებდა შენობის დატოვებაზე და იზოლაციაში გადასვლაზე, იგი არ ერიდებოდა თანამშრომლებთან კონტაქტს. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ კონკრეტულ დღესთან დაკავშირებით ცესკოს თანამშრომლების ახსნა-განმარტებების სადავოა, რადგან ზემოაღნიშნული პირები იმ დღეს სამსახურში არ იმყოფებოდნენ. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას წერილობითი მტკიცებულებების არასათანდოობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული დოკუმენტები არაა ფორმულირებული იმგვარად, რომ წარმოშვას დასაბუთებული ვარაუდები ცესკოს ზემოაღნიშნული თანამშრომლების 2021 წლის 30 ოქტომბერს სამსახურში ფიზიკურად არყოფნასა და კონკრეტული ფაქტის შესწრების გამორიცხვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კასატორმა ვერ უზრუნველყო მისი ახსნა-განმარტების გარდა სხვა გამაბათილებელი მტკიცებულების წარდგენა. კოვიდრეგულაციის წესების უგულებელყოფის კუთხით ასევე ნიშანდობლივია, რომ ნ.გ-მა 2021 წლის 29 ოქტომბერს ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მიუთითებდა, რომ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. ნ.გ-ი სამსახურში გამოცხადების გასამართლებლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ წინა დღეს გაკეთებული ვაქცინაციის გამო, ფიქრობდა რომ სიცხე იყო აცრის უკურეაქცია. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მის ქმედებას სხვა პირების მიმართ არ გამოუწვევია ზიანი, რადგან კოვიდი მისგან არავის გადასდებია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის თვითიმედოვნებამ შექმნა სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემო, რაც მიუხედავად დამდგარი შედეგისა მართებულად შეფასდა, როგორც საჯარო მოხელის მიერ, კოვიდის რეგულაციის წესების დარღვევა და დისციპლინური გადაცდომა.

კასატორის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ასევე გახდა სამსახურში გამოუცხადებლობა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ცესკო მუშაობს კვირაში ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, სამუშაო დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე). საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 31 აგვისტოს №01-97 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შინაგანაწესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია, სამსახურში დაგვიანების ან გამოუცხადებლობის შესახებ კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს. ასეთ შემთხვევაში მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი, გარკვეული პერიოდულობით, აცნობებს ...ის დეპარტამენტს. ამავე მუხლის პირველი პუნქტით, სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობად ითვლება მოსამსახურის სამუშაო დღის/დღეების განმავლობაში გამოუცხადებლობა. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობის დროს (რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე), შრომისუუნარობის პერიოდის დაწყებისთანავე ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს/ცესკოს თავმჯდომარეს მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელის მიერ. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლით დადგენილი წესის დაუცველობა შეიძლება გახდეს დისციპლინური წარმოების დაწყებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების საფუძველი.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება მოხელის დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ.გ-ი 2021 წლის 15 ნოემბრის შემდეგ სამსახურში არ გამოცხადებულა. მითითებული დროიდან ერთი კვირა საპატიოდ იქნა მიჩნეული, ვინაიდან მოსარჩელეს გარდაეცვალა და - ე.გ-ი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ მოხელეთა გამოცხადების აღმრიცხველ ელექტრონულ ტაბელზე (ტ.1, ს.ფ 95-95), რომლითაც აშკარაა, რომ ნ.გ-ი 2021 წლის 31 ოქტომბრიდან 2021 წლის 24 დეკემბრამდე სამსახურში არ გამოცხადებულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დასაქმებულმა მოხელისთვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერებით არ იზრუნა სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზთან დაკავშირებით ინფორმაცია თუნდაც ზეპირსიტყვიერად მიეწოდებინა დამსაქმებლისათვის ან წარმოედგინა საავადმყოფო ფურცელი, ნ.გ-ის მხრიდან კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა (სამსახურში გამოცხადება) საპატიოდ ვერ მიიჩნევა. კასატორი სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზთან დაკავშირებით მიუთითებს 14.03.2023წ. სამედიცინო დოკუმენტაციაზე, რომლის თანახმად ნ.გ-ის ჰქონდა ადაპტაციის დარღვევა, რომელიც განპირობებულია დის უეცარი გარდაცვალებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას მასზედ, რომ ნ.გ-ის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობაში ერთმნიშვნელოვნად არ არის მითითებული, რომ პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შესწევდა ძალა გაეცნობიერებინა საკუთარი ქმედებების შინაარსი თუ მოსალოდნელი შედეგები. საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, რომ მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა (გამოუცხადებლობის მიზეზის შეუტყობინებლობას) გამოწვეულია მისი უშუალო უფროსის მხრიდან განხორციელებული შიშით და მუქარით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ნ.გ-ის შეეძლო სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზების ან უშუალო უფროსის მხრიდან განხორციელებული არაჯანსაღი ქმედებების შესახებ ეცნობებინა ...ის დეპარტამენტისთვის ან სხვა უფლებამოსილი პირისთვის, რაც მას უდავოა, რომ არ განუხორციელებია. ამდენად, ნ.გ-ის ქმედება მართებულად შეფასდა მძიმე დისციპლინური გადაცდომად და დაკვალიფიცირდა, როგორც სამსახურეობრივი მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობა.

ნ.გ-ის დისციპლინურ გადაცდომად ასევე მითითებულია მოხელის შეფასებაზე უარის თქმა. მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია იყო თუ არა სახეზე ნ.გ-ის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 10 მარტის №01-35 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელის წლიური შეფასების პერიოდი განისაზღვრება პირველი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით. ამავე წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოხელე ვალდებულია ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განახორციელოს დაკისრებული მოვალეობები და შეფასების შეუფერხებლად წარმართვისათვის წარადგინოს მასალები დროულად; ხელმძღვანელის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც დაკავშირებულია შეფასების პროცესთან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა განიხილება, როგორც მძიმე დისციპლინური გადაცდომა. მსგავსი შინაარსის დათქმაა ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-7 პუნქტშიც, რომლის თანახმად შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 19 ნოემბერს ნ.გ-ის სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა შეხსენება, რათა წარედგინა მოხელის შეფასების ფორმით განსაზღვრული ინფორმაცია. ნ.გ-ის მითითებული ინფორმაცია არ წარუდგენია. კასატორი მიუთითებს, რომ სამსახურებრივ მეილზე წვდომა არ ჰქონდა, ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული მწვავე რეაქციის და ადაპტაციის დარღვევის გამო მისთვის შეუძლებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის შესრულება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნათია გულიაშვილს ევალებოდა საკუთარი უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება, კერძოდ დამსაქმებლისთვის მის შესაფასებლად საჭირო დოკუმენტაციის დათქმულ ვადაში წარდგენა. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ნ.გ-ის სამსახურში გამოუცხადებლობა მისი დის გარდაცვალებიდან - 2021 წლის 15 ნოემბრიდან ერთი კვირის ვადით საპატიოდ ჩაუთვალა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ კასატორის სამსახურში გამოუცხადებლობა გაგრძელდა 2 თვემდე და არა 2 კვირა, როგორც ამას კასატორი მიუთითებს საკასაციო საჩივარში. ამდენად, სახეზეა დასაქმებულის არაკეთილსინდისიერი ქცევა, რაც გამოიხატა საკუთარი გამოუცხადებლობის მიზეზების უფლებამოსილი პირებისთვის შეუტყობინებლობაში. საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ ნ.გ-ის სამსახურებრივ მეილის შემოწმებასა და სამსახურში გამოცხადებაში ხელი შეეშალა მისი ნებისგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზებით. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამსახურში დროულად გამოცხადებით მოსარჩელეს შეეძლო უზრუნველეყო მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულება, კერძოდ მისთვის მოთხოვნილი მოხელის შესაფასებლად საჭირო დოკუმენტაციის დამსაქმებლისთვის წარდგენა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ნ.გ-ის მეოთხე დისციპლინურ გადაცდომად შეფასდა მის მიერ ეთიკის წესების დარღვევა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული საჯარო სამსახურის პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონის შესაძლო დარღვევები საჯარო სამსახურში. ზემოაღნიშნული წესების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება. ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისეთი ქმედებებისგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისგან, რომელმაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება; საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯარო კომენტარის გაკეთებისგან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილი პირადი ინტერესის მქონე საკითხებზე, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს საჯარო დაწესებულების რეპუტაციას.

საქმეში წარმოდგენილი სოციალური ქსელიდან ამონარიდებით დგინდება, რომ ნ.გ-ი სოციალური ქსელის მეშვეობით იყენებდა სიძულვილის ენას, საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებდა მის ხელმძღვანელობასა და საარჩევნო ადმინისტრაციას. ვ.მ-ს და გ.ჯ-ის უწოდებდა მკვლელებს და აყენებდა სხვა სახის შეურაცხყოფას. ასევე, შეურაცხმყოფელ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა ხელმძღვანელს. მისი განცხადებები უარყოფითად მოქმედებს საჯარო მოხელისა და საჯარო დაწესებულების რეპუტაციაზე, აისახება მათ მიმართ ნდობაზე და მიმართულია დისკრედიტაციისაკენ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.გ-ის მიერ დარღვეულია ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებით დადგენილი კეთილსინდისიერება და საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლება, თავაზიანობა და კოლეგიალობა, რაც მიმართული იყო საჯარო მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, შესაბამისად, სახეზეა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომა. ამასთან, მოცემული ნორმით გათვალისწინებული გადაცდომის არსებობისათვის, საკმარისია ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ერთი რომელიმე ნორმის დარღვევაც, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამდენად პირი, რომელიც არ იმყოფება თავის სამუშაო ადგილზე, კანონის თანახმად, ვალდებულია სრულყოფილად შეასრულოს ეთიკის ნორმები და დაიცვას ქცევის ზოგადი წესები, რათა არ მოხდეს მოხელის და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაცია. მოხელე ვალდებულია ყველგან გაუფრთხილდეს როგორც თავის, ასევე კოლეგებისა და დაწესებულების რეპუტაციას. მოხელის ან საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციად მიიჩნევა ნებისმიერი ისეთი ფორმით მათი ავტორიტეტის შელახვა, რაც უარყოფითად იმოქმედებს საჯარო მოხელის და საჯარო დაწესებულების რეპუტაციაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ნ.გ-ის ფეისბუქგვერდი არ წარმოადგენს მხოლოდ მის პირად სივრცეს. საჯარო მოსამსახურე თავს უნდა იკავებდეს საჯარო კომენტარის გაკეთებისგან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილი პირადი ინტერესის მქონე საკითხებზე, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს საჯარო დაწესებულების რეპუტაციას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ.გ-მა ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომები, რითაც მიადგა საჯარო ინტერესს, საჯარო დაწესებულების რეპუტაციას, დასკვნაში დარღვევათა ჩამონათვალი არის საკმაოდ ვრცელი და კასატორის კეთილსინდისიერი ქცევის შემთხვევაში ეს დარღვევები სახეზე არ იქნებოდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად კასატორის მიერ ჩადენილი ქმედებები მძიმე დისციპლინურ გადაცდომად უნდა იქნეს მიჩნეული. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო ანგარიშს ვერ უწევდა საკუთარ მოქმედებებს. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ცალსახად არ მიუთითებს, რომ კასატორს არ შეეძლო კონტროლი გაეწია საკუთარი ქცევისთვის, შესაბამისად იგი ნ.გ-ის ქმედებების გამამართლებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება გადაცდომაზე ადეკვატურ, საჭირო, გადაუდებელ და პროპორციულ ღონისძიებად მიჩნევისათვის, აუცილებელია არსებობდეს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული (იხ. სუსგ 17.01.2019წ. Nბს-809-805(3კ-17)).

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაშია მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების სიმძიმესთან, პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონით დადგენილ ფარგლებში და გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევის პროპორციული ღონისძიება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობის ნაკლებად მძიმე ზომის გამოყენება იქნებოდა არაეფექტური და საჯარო დაწესებულების გრძელვადიან მიზნებთან შეუსაბამო. ამდენად, ნ.გ-ის პასუხისმგებლობის ზომის სახით მართებულად განესაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლება, რის გამოც არ არსებობს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველოში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებლი პრეტენზია (შედავება).

კასატორი ასევე სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც უცვლელი დარჩა მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის საოქმო განჩინება.

საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას მოცემულ საქმეზე მოწმის - ვ.მ-ის დაკითხვის თაობაზე უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე სავსებით მართებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზედ, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ვ.მ-ის ახსნა-განმარტება ნ.გ-ის მიმართ ნაწარმოები დისციპლინური წარმოების ფარგლებში და იგი შეფასებული იქნა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმის სასამართლო წესით განხილვისას არ არსებობდა შუამდგომლობაში მითითებული პირის სასამართლოს სხდომაზე მოწვევისა და მოწმის სახით დაკითხვის საჭიროება. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლოებმა უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა სადავო საკითხის (კოვიდ რეგულაციის დაცვის კუთხით საჯარო სამსახურში უფროსის მოთხოვნის და არა საკუთარი ინიციატივით გამოცხადება) დადგენის მიზნით საქმეზე მოწმის დაკითხვის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არარელევანტურია კასატორის შუამდგომლობა მოწმის საკასაციო ინსტანციის სასამართლოში დაკითხვის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა