საქმე #ბს-447(კ-24) 24 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ.დ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 31 მაისს ზ.დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 2 ივლისს და ამავე წლის 4 აგვისტოს მან სახელმწიფო პენსიის დანიშვნით შესახებ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის ...ის სოციალური მომსახურების სააგენტოს. განცხადების წარდგენიდან დაახლოებით 1 თვეში სააგენტოს თანამშრომელმა მოსარჩელეს გადასცა წერილობითი ინფორმაცია, რომლითაც მას განემარტა, რომ პენსიის მისაღებად მას უნდა მიემართა 2021 წლის 15 სექტემბრის შემდეგ ...ის ნებისმიერ ფილიალში (პირადობით), ხოლო 10 ოქტომბრის შემდეგ სამგზავროზე - ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #29-ში.
მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე დღეში სააგენტოს თანამშრომელი მას ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ ვინაიდან მოსარჩელე, ასევე, გერმანიის მოქალაქეც იყო, მას უნდა წარედგინა გერმანიიდან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნებოდა, იღებდა თუ არა იგი გერმანიაში პენსიას. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე, მოსარჩელემ მიმართა გერმანიის საელჩოს საქართველოში, ასევე, წერილი გაუგზავნა გერმანიის სახელმწიფოს სათანადო ორგანოს, თუმცა მათგან პასუხის მიღება, მსოფლიოში განვითარებული კოვიდ პანდემიის გამო, დაგვიანდა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, მან 2021 წლის 4 ნოემბერს გერმანიიდან ფოსტის მეშვეობით მიიღო 2021 წლის 13 ოქტომბრით დათარიღებული წერილი. აღნიშნული წერილით, რომლის კონვერტზეც მითითებული იყო გერმანიის საპენსიო დაზღვევის ტიტრები და სიმბოლიკა, დასტურდებოდა, რომ გერმანიის საპენსიო დაზღვევიდან მოსარჩელე არ იღებდა პენსიას. აღნიშნული დოკუმენტი მან სათანადო თარგმანით დაუყოვნებლივ წარუდგინა ქალაქ თბილისის ...ის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს. სააგენტოს თანამშრომელმა წარდგენილი ცნობა არ დაიტოვა და მოსარჩელეს განუცხადა, რომ ეს ცნობა დამოწმებული უნდა ყოფილიყო აპოსტილით, რაც მოსარჩელისათვის ახალ ინფორმაციას წარმოადგენდა. მოსარჩელემ ამის თაობაზე გამოთქვა პრეტენზია, რამდენადაც, მისი მოსაზრებით, სააგენტოს თანამშრომლები ვალდებულნი იყვნენ ამის შესახებ, როგორც ზეპირად, ასევე, წერილობით, თავიდანვე ეცნობებინათ მისთვის.
მოსარჩელის განმარტებით, იგი იძულებული გახდა აპოსტილით დამოწმებული ცნობის მისაღებად განმეორებით მიემართა გერმანიის სახელმწიფო სათანადო ორგანოებისათვის. ასეთი ცნობა მოსარჩელემ 2022 წლის თებერვალში მიიღო, თუმცა მის მიღებამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 14.02.2022წ. #2022/1 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2022 წლის 28 აპრილის #04/4311 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ნაწილობრივ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
ამდენად, მოსარჩელემ (1) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილებისა და (2) ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე ზ.დ-ისათვის უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის #04/4311 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, (3) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2021 წლის 1 სექტემბრიდან ზ.დ-ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში 2022 წლის 14 მარტს წარდგენილი #29164 ადმინისტრაციული საჩივრის მომდევნო თვემდე მოსარჩელეზე საპენსიო დავალიანების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის #04/4311 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ზ.დ-ეს უარი ეთქვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელეზე საპენსიო დავალიანების ანაზღაურება 2021 წლის 1 სექტემბრიდან ზ.დ-ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში 2022 წლის 14 მარტს წარდგენილი #29164 ადმინისტრაციული საჩივრის მომდევნო თვემდე კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ.დ-ე დაიბადა ... წლის ... ...ს. 2021 წლის 4 აგვისტოს მან განცხადებით (განცხადების რეგ. #...) მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქალაქ თბილისის ...ის მომსახურების ცენტრს ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით.
2021 წლის 5 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის #04-00/8553 წერილით ზ.დ-ეს ეცნობა, რომ როგორც საქართველო-გერმანიის ორმაგ მოქალაქეს, მას ცენტრისთვის დამატებით უნდა წარედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ იგი არ იღებდა პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლებოდა. შესაბამისად, განმცხადებელს 2022 წლის 4 თებერვლამდე განესაზღვრა ვადა აღნიშნული ცნობის წარსადგენად. განმცხადებელს ამავე წერილით განემარტა, რომ ცნობა უნდა ყოფილიყო აპოსტილით დამოწმებული, ნათარგმნი ქართულად და ნოტარიულად დამოწმებული.
საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აღნიშნული წერილი ორჯერ გაეგზავნა ზ.დ-ეს მის მიერ განცხადებაში მითითებულ მისამართზე, თუმცა მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა.
2021 წლის 5 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის #04-00/8553 წერილი 2021 წლის 18 ნოემბერს ზ.დ-ეს ჩაბარდა პირადად სააგენტოს შენობაში.
საქალაქო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილებით ზ.დ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ მის მიერ გონივრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი ცნობა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილება ზ.დ-ის მიერ 2022 წლის 14 მარტს #29164 ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ სოციალური დაცვის სააგენტოში. ადმინისტრაციულ საჩივართან ერთად წარდგენილ იქნა აპოსტილით დამოწმებული გერმანიის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებდა, რომ ზ.დ-ე გერმანიის კანონიერი საპენსიო დაზღვევიდან არ ღებულობს პენსიას.
ადმინისტრაციული საჩივრით ზ.დ-ემ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, რომ სააგენტოსათვის აღნიშნული ცნობა მას აპოსტილით დამოწმებული სახით უნდა წარედგინა. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააგენტოს თანამშრომელთან ზეპირი კომუნიკაციის დროს, მას აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიეწოდა. შესაბამისად, მისთვის აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის წარდგენის საჭიროების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მან 2021 წლის 5 აგვისტოს მატერიალურად ჩაიბარა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის #04-00/8553 წერილი, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის მხრიდან სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის #04/4311 გადაწყვეტილებით ზ.დ-ის 2022 წლის 14 მარტის #29164 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ.დ-ეს უარი ეთქვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე; სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა, უზრუნველეყო ზ.დ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში 2022 წლის 14 მარტს წარდგენილი (#29164) ადმინისტრაციული საჩივრის მომდევნო თვიდან.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვალის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის მომართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ზ.დ-ის მიერ გონივრულ ვადაში ვერ იქნა უზრუნველყოფილი შესაბამისი ცნობის წარდგენა სააგენტოში, რომელიც დაადასტურებდა, რომ მისი ორმაგი მოქალაქეობიდან გამომდინარე, არ იღებდა პენსიას მეორე ქვეყნიდან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის არგუმენტზე, რომ იგი არ იყო ინფორმირებული შესაბამისი ცნობის აპოსტილით დამოწმებული სახით წარდგენასთან დაკავშირებით, მან აღნიშნულის შესახებ შეიტყო მხოლოდ მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების შემდგომ, 2021 წლის 5 აგვისტოს, პირადად ხელზე ჩაიბარა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის #04-00/8553 წერილი, რომლითაც ზ.დ-ეს ეცნობა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტი უნდა ყოფილიყო აპოსტილით დამოწმებული, ნათარგმნი ქართულად და ნოტარიულად დამოწმებული, რისთვისაც განსაზღვრული ჰქონდა ვადა 2022 წლის 4 თებერვლამდე. საქალაქო სასამართლოს აღნიშვნით, მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან მისი ინფორმირება არ მომხდარა დროულად, მის მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტის წარუდგენლობა დადგენილ ვადაში არ იყო გამოწვეული მისი ბრალეულობით, შესაბამისად, ზ.დ-ის მიერ 2022 წლის 14 მარტს #29164 ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ სოციალური დაცვის სააგენტოში. ადმინისტრაციულ საჩივართან ერთად წარდგენილ იქნა აპოსტილით დამოწმებული გერმანიის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებდა, რომ ზ.დ-ე გერმანიის კანონიერი საპენსიო დაზღვევიდან არ ღებულობს პენსიას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლზე და აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმის საფუძველზე, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ მტკიცებულებაზე, კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის #04-00/8553 წერილზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ აღნიშნული წერილი 2021 წლის 18 ნოემბერს ჩაიბარა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ასევე, დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილ იქნა დაგვიანებით, კერძოდ, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ეტაპზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და ვერ სასამართლო განხილვისას გაკეთებული ახსნა-განმარტებებით და შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული ქმედების გამორიცხვის თვალსაზრისით, კონკრეტული ცნობის აპოსტილით დამოწმებული სახით წარმოდგენის აუცილებლობასთან მიმართებით მოსარჩელის ინფორმირების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ მისი ინფორმირება არ განხორციელებულა სრულყოფილად და სადავო დოკუმენტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალეულობით.
ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვალის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ზემოხსენებული ნორმატიული აქტის კონკრეტული ჩანაწერი იმპერატიულად არ ადგენდა დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას აპოსტილით დამოწმებული სახით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმა ბუნდოვანი იყო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის #04/4311 გადაწყვეტილების (იმ ნაწილში, რომლითაც ზ.დ-ეს უარი ეთქვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე) ბათილად ცნობის ნაწილში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 4 აგვისტოს ზ.დ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქალაქ თბილისის ...ის მომსახურების ცენტრს ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილებით ზ.დ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.
ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნულ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანი იყო, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დავალებოდა მოსარჩელისათვის საპენსიო დავალიანების ანაზღაურება 2021 წლის 1 სექტემბრიდან ზ.დ-ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში 2022 წლის 14 მარტს წარდგენილი #29164 ადმინისტრაციული საჩივრის მომდევნო თვემდე კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლოს მიერ სათანადოდ არ არის შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საქმეზე სასამართლოს დასკვნები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არსებითად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონს, ამასთან, იგი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას და შესაბამისად, მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ.დ-ე სადავოდ ხდის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილების კანონიერებას, რომლითაც მას, იმ საფუძვლით, რომ გონივრულ ვადაში ვერ უზრუნველყო ცენტრში პენსიის მიუღებლობის შესახებ ცნობის წარდგენა, უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. მოსარჩელე, ასევე, სადავოდ ხდის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის #04/4311 გადაწყვეტილებას მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის ნაწილში და მოითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2021 წლის პირველი სექტემბრიდან - 1820 ლარის ოდენობით საპენსიო დავალიანების ანაზღაურების დავალებას, რასაც პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე სააგენტოში მისი 2021 წლის 6 აგვისტოს განცხადების წარდგენას უკავშირებს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის #04/4311 სადავო გადაწყვეტილებით კი, სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა, უზრუნველეყო ზ.დ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში 2022 წლის 14 მარტს წარდგენილი #29164 ადმინისტრაციული საჩივრის მომდევნო თვიდან. ამდენად, სადავო საკითხს და საკასაციო სასამართლოს შეფასების მთავარ საგანს წარმოადგენს იმ გარემოების გამორკვევა, თუ რა პერიოდიდან მოიპოვა ზ.დ-ემ სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება და რა დროიდან უნდა დანიშვნოდა მას სახელმწიფო პენსია.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის #2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28). აღნიშნული კონსტიუციური პრინციპის კონკრეტულ ურთიერთობებში დანერგვის უზრუნველმყოფი ერთ-ერთი საშუალებაა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი, რომელიც მიღებულია საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციისა და სახელმწიფო პენსიის დაწესების მიზნით.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით უფლებით რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოებრივ სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება მეტი ხნით, რაც მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიხატება, სათანადო სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი ოქმის თანახმად, ყოველ პირს აქვს მისი საკუთრების პატივისცემის უფლება. სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში გააჩნია შეფასების ფართო ფარგლები, რომელიც ზღუდავს საკუთრების უფლებას. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ჯეიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ განაცხადა: „...მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ შეუძლია, ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებული შეფასება ჩაანაცვლოს თავისი შეფასებით, იგი ვალდებულია, გასაჩივრებული ზომა გადასინჯოს პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად და, ამგვარად, მოახდინოს იმ ფაქტების გამოკვლევა, რომელზედაც ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა თავიანთი მოქმედებების განხორციელებისას მიუთითეს“ ((James and Others. The United Kingdom), no. 8793/79, § 46).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ პენსიის მოთხოვნა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პრავედნაია რუსეთის წინააღმდეგ“ (Pravednaya v. Russia), no. 69529/01, § 38). როგორც წესი, უფლება პენსიაზე ექცევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლების ფარგლებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „პრინციპები, რომელიც ვრცელდება ზოგადად კონვენციის 1-ლი მუხლის 1-ლ დამატებით ოქმთან დაკავშირებულ საქმეებში, იდენტურად რელევანტურია, როდესაც საქმე პენსიებს ეხება“ (ლაკიჩევიჩი და სხვები სერბეთისა და მონტენეგროს წინააღმდეგ (Lakicevic and others v. Montenegro and Serbia, nos. 27458/06, 37205/06, 37207/06 and 33604/07) § 59)). პენსია სოციალური უზრუნველყოფის განსხვავებული ტიპის ბენეფიტია, ის წარმოიშობა უფლების საფუძველზე, მიუხედავად პირის ქონებრივი მდგომარეობისა. საქმეზე „სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ ((Stec and Others v. the United Kingdom), [დიდი პალატა], nos. 65731/01 and 65900/01), პრეცედენტულ სამართალში შენატანების საფუძველზე უზრუნველყოფილი დახმარებების საქმეები გაიმიჯნა იმ საქმეებისაგან, რომლებიც შენატანებთან არ იყო დაკავშირებული. ახალი მიდგომის თანახმად, თუ მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს სოციალური კეთილდღეობის დახმარებას - შენატანების წინასწარი გადახდის ან გადაუხდელობის პირობით, ასეთი კანონმდებლობა განხილული უნდა იქნეს, როგორც მესაკუთრის ინტერესის წარმომშობი, რაც პირველი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში ექცევა მათთვის, ვინც ამ კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მრავალი ადამიანი, სრულიად ან ნაწილობრივ, სოციალურ დახმარებებზეა დამოკიდებული. მრავალი შიდასახელმწიფოებრივი სისტემა აღიარებს, რომ ასეთ პირებს სჭირდებათ საიმედოობის და უსაფრთხოების გარკვეული ხარისხი. აქედან გამომდინარე, სოციალური დახმარება განიხილება, როგორც უფლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც აღინიშნა, სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებულ საკუთრებად მიიჩნევა. საქმეში „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ (SPORRONG AND LÖNNROTH v. SWEDEN, no. 7151/75) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ „პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მოიცავს სამ წესს. პირველი წესი, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, აცხადებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს; ის გათვალისწინებულია პირველი ნაწილის პირველი წინადადებით. მეორე წესი მოიცავს ქონების ჩამორთმევას და ამ უკანასკნელს გარკვეულ პირობებს უქვემდებარებს; ის მოიპოვება იმავე ნაწილის მეორე წინადადებაში. მესამე წესი აღიარებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, სხვა ზომების გარდა, გააკონტროლოს ქონების გამოყენება ზოგადი ინტერესის შესაბამისად, ისეთი კანონების მიღებით, რომელთაც ის აუცილებლად ჩათვლის ამ მიზნით; ეს წესი გათვალისწინებულია პირველი მუხლის მეორე ნაწილით“.
ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, პენსიის შემცირება ან შეწყვეტა შესაძლოა წარმოადგენდეს საკუთრების უფლებაში ჩარევას. თუმცა, როგორც წესი, სასამართლო ამგვარ ჩარევებს აფასებს არა საკუთრების ან მის გამოყენებაზე კონტროლის წართმევის კუთხით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის პირველი წინადადების ჭრილში. შედეგად, ის ამ სახის ქმედებებს პირის მიერ მისი საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში ჩარევად მოიაზრებს.
ერთ-ერთი გადაწყვეტილებით, საქმეზე ვიეცზორეკი პოლონეთის წინააღმდეგ (Wieczorek v. Poland, § 57), ევროსასამართლომ დაადგინა, რომ „როცა სარგებლის მოცულობა მცირდება ან მისი გაცემა წყდება, ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ჩარევას საკუთრებაში, რაც გამართლებას საჭიროებს“.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სოციალური სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაოობა, მუდმივობა, თაობათა შორის სოლიდარობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. დასახელებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომისას (განსაზღვრული ასაკის მიღწევა), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების მოლოდინი. ამასთან, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების წარდგენისას სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა დამატებითი დოკუმენტის - ცნობის წარდგენის ვალდებულებას იმის დასადასტურებლად, რომ პირი არ იღებდა პენსიას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პენსია არ დაინიშნებოდა. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს. მითითებული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება.
ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და პირი აკმაყოფილებს პენსიის დანიშვნის პირობებს სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება პენსიის არდანიშვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, პენსია ინიშნება: ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს; ბ) პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.
მოხმობილი ნორმების შეფასების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, თუ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ უფიქსირდება კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის ფაქტი, მხოლოდ სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების წარმოშობა - საპენსიო ასაკის მიღწევა, არ წარმოშობს საპენსიო ასაკის მიღწევიდან პენსიის ავტომატურად მიღების შესაძლებლობას, ისევე, როგორც პენსიის დანიშვნამდე პერიოდის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას. კანონმდებელი ხსენებული უფლების რეალიზებას უკავშირებს განმცხადებლის სუბიექტურ ნებას, თუ როდის მიმართავს შესაბამისი განაცხადით კომპეტენტურ ორგანოს და არ განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საკუთარი ინიციატივით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2021 წლის 6 ივლისს ზ.დ-ემ #29290 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და ასაკით სახელმწიფო პენსიის დანიშვნა მოითხოვა. ვინაიდან განცხადებით მიმართვისას ზ.დ-ეს არ ჰქონდა საპენსიო ასაკი (65 წელი) შესრულებული, ცენტრმა უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. თუმცა აღნიშნულს არც მოსარჩელე მხარე ხდის სადავოდ. არამედ, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ 2021 წლის 4 აგვისტოს #30471 განცხადებით ზ.დ-ემ განმეორებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 5 აგვისტოს წერილით, 2021 წლის 4 აგვისტოს #30471 განცხადების პასუხად, ზ.დ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ არ იღებდა პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლებოდა. შესაბამისად, ზ.დ-ეს დაევალა 2022 წლის 4 თებერვლამდე უზრუნველეყო ცნობის წარდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა, იღებდა თუ არა იგი პენსიას გერმანიიდან (ცნობა უნდა ყოფილიყო აპოსტილით დამოწმებული, ნათარგმნი ქართულად და ნოტარიულად დამოწმებული). თუმცა დადგენილია და მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 5 აგვისტოს წერილის მხარისათვის ფოსტის მეშვეობით ჩაბარება სააგენტომ ვერ უზრუნველყო და აღნიშნული წერილის შემცველი გზავნილი სააგენტოს უკან დაუბრუნდა 2021 წლის 16 აგვისტოს (შენიშვნით: დავტოვე შეტყობინება, მისამართზე არავინ იყო); ხოლო დაბრუნებული წერილი ზ.დ-ემ პირადად ჩაიბარა ცენტრში - 2021 წლის 18 ნოემბერს.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზ.დ-ემ გერმანიის საპენსიო დაზღვევიდან ცნობა (კონვერტით) იმის შესახებ, რომ მოსარჩელე გერმანიის საპენსიო დაზღვევიდან არ იღებდა პენსიას, სააგენტოში 2021 წლის ნოემბრის თვეში წარადგინა, თუმცა იმ მიზეზით, რომ იგი აპოსტილით არ იყო დამოწმებული, სააგენტოს თანამშრომელმა უარი განაცხადა მის ჩაბარებაზე. იმავე შინაარსის გერმანიის საპენსიო დაზღვევის აპოსტილით დამოწმებული წერილი სააგენტოში წარდგენილია ზ.დ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილებით კი ზ.დ-ეს, იმ მიზეზით, რომ მან გონივრულ ვადაში ვერ უზრუნველყო ცენტრში პენსიის მიუღებლობის შესახებ ცნობის წარდგენა, უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.
განსახილველ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც სააგენტომ ვერ უზრუნველყო ზ.დ-ის სათანადო წესით ინფორმირება წარსადგენი დოკუმენტაციის თაობაზე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს აღნიშნული მიზეზით სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმას. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო ბარათით დგინდება, რომ 2021 წლის 19 ივლისს ...ის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ ზ.დ-ისთვის გაგზავნილი შეტყობინება, მისამართზე - თბილისი, ...ის ქ. 1 ჩიხი #1, ვერ იქნა ჩაბარებული იმ მიზეზით, რომ მისამართი არასრული იყო და ვერ მოხდა მისი მოძიება, რაც სააგენტოს უკან 2021 წლის 4 აგვისტოს დაუბრუნდა. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 5 აგვისტოს წერილი ზ.დ-ეს 2021 წლის 6 აგვისტოს იმავე მისამართზე გაეგზავნა. გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო ბარათის მიხედვით კი, 2021 წლის 6 აგვისტოს ...ის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ ზ.დ-ისთვის გაგზავნილი შეტყობინება, მისამართზე - თბილისი, ...ის ქ. პირველი ჩიხი #1, ვერც ამჯერად იქნა ჩაბარებული იმ მიზეზით, რომ მისამართზე არავინ იყო, ხოლო კურიერმა დატოვა შეტყობინება (16.08.2021).
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაძიებელსა/პენსიონერსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, სააგენტოს არ უცდია ზ.დ-ისთვის ელექტრონული ფორმით (რომელიც მითითებული იყო ზ.დ-ის განცხადებაში) 2021 წლის 5 აგვისტოს წერილის გაცნობა, ისევე, როგორც არ უცდია მისთვის ტელეფონის მეშვეობით დაკავშირება, რაც ასევე მითითებული იყო ზ.დ-ის განცხადებებში. აქვე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე მოსარჩელესთან ადმინისტრაციულ ორგანოს კომუნიკაცია ჰქონდა სწორედ ტელეფონის მეშვეობით, თუმცა გაურკვეველია, ამჯერად რატომ არ მოხდა მხარის ინფორმირება სატელეფონო კომუნიკაციის გზით. შესაბამისად, ზ.დ-ის დროულად ინფორმირების კუთხით სააგენტოს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული რესურსი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გერმანიიდან ცნობის წარსადგენად მას კონკრეტული დრო ჰქონდა განსაზღვრული, ხოლო 2021 წლის 5 აგვისტოს წერილის დროულ ჩაბარებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ცნობის წარსადგენად სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვისათვის.
2021 წლის 5 აგვისტოს წერილის ჩაბარებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ კუთხითაც, რომ მოთხოვნილი ცნობის აპოსტილით დამოწმებული ფორმით წარდგენაზე არ მიუთითებდა უშუალოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისათვის დამატებით ითვალისწინებდა ცნობის წარდგენის ვალდებულებას იმის შესახებ, რომ იგი არ იღებდა პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლებოდა. უპირველესად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის საფუძველზე (რომელიც საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2007 წლის 14 მაისიდან), სააგენტო უფლებამოსილი იყო მოეთხოვა აპოსტილით დამოწმებული ცნობის წარდგენა. შესაბამისად, პალატა ამ კუთხით ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა აპოსტილით დამოწმებული სახით ცნობის წარდგენის მოთხოვნის უფლება. თუმცა ამავდროულად საგულისხმოა, რომ მოსარჩელე სწორედ იმ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ სააგენტომ მას არასათანადოდ განუმარტა წარსადგენი დოკუმენტის ფორმა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რამდენადაც ზემოხსენებული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის მე-5 მუხლი პირდაპირ არ მიუთითებდა ცნობის აპოსტილით დამოწმებული ფორმით წარდგენის ვალდებულებაზე, სააგენტოს აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში ცნობის მოთხოვნისას უნდა უზრუნველეყო წარსადგენი დოკუმენტის ფორმის შესახებ განმცხადებლის დროული და სათანადო ინფორმირება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან ადმინისტრაციული საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს სათანადოდ არ განუხორციელებია. გარდა აღნიშულისა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ შეიცავს შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებას, რაზე დაყრდნობითაც მიიღო სააგენტომ გადაწყვეტილება, რაც ასევე ქმნის აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
რაც შეეხება გასაჩივრებულ ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის #04/4311 გადაწყვეტილებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული და საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტომ სათანადოდ არ შეაფასა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილების კანონიერება. გარდა აღნიშნულისა, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ზ.დ-ის მიერ სააგენტოში წარდგენილ იქნა მოთხოვნილი ფორმით - აპოსტილით დამოწმებული ცნობა, სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა ზ.დ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის უზრუნველყოფა არა განცხადების წარდგენის, არამედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში 2022 წლის 14 მარტს წარდგენილი #29164 ადმინისტრაციული საჩივრის მომდევნო თვიდან, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ისევე როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, პენსიის დანიშვნის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას თან უნდა ახლდეს ყველა საჭირო დოკუმენტი, თუმცა სათანადო დოკუმენტების წარდგენა პენსიის დანიშვნის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას უკავშირდება და არა პენსიის დანიშვნის დროს. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი მე-2 პუნქტი და აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსიის დანიშვნაზე. შესაბამისად, სათანადო დოკუმენტების წარდგენა პენსიის დანიშვნის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს და არა პენსიის დანიშვნის ათვლის წერტილს. მოქმედმა კანონმდებლობამ ასაკის საფუძვლით კანონით მოპოვებული პენსიის მიღების უფლების რეალიზება ნების გამოხატვას დაუკავშირა, რის გამოც პირს, რომელსაც კანონის საფუძველზე მოპოვებული აქვს პენსიის მიღების უფლება და სააგენტოში წარადგენს სათანადო დოკუმენტებს, პენსია დაენიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამდენად, კანონმდებელი ხსენებული უფლების რეალიზებას უკავშირებს განმცხადებლის სუბიექტური ნების გამოვლენას, თუ როდის მიმართავს იგი შესაბამისი განაცხადით კომპეტენტურ ორგანოს. განმცხადებელს აქვს მოლოდინი, რომ იგი კანონით მოპოვებულ სახელმწიფო პენსიას მიიღებს აღნიშნულის თაობაზე ნების გამოხატვიდან - უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენიდან, რაზეც გავლენას არ უნდა ახდენდეს განცხადების განხილვის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ხანგრძლივობა.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი საკითხი უკავშირდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხს - ასაკის საფუძველზე პენსიის მიღების უფლებას, რაც საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ამდენად, პენსიის დანიშვნის დროის განმსაზღვრელი მოწესრიგება სწორედ ამ უფლების შინაარსის მხედველობაში მიღებით უნდა განიმარტოს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ზ.დ-ის მიერ წარდგენილ იქნა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი პენსიის დანიშვნის კანონისმიერ საფუძველს („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა), ზ.დ-ეს პენსია უნდა დანიშვნოდა 2021 წლის 6 აგვისტოს წარდგენილი გაცხადების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2021 წლის პირველი სექტემბრიდან, რამეთუ კანონმდებელი პენსიის მიღების უფლების რეალიზებას პირის ნების გამოვლენას - კომპეტენტურ ორგანოში განცხადების წარდგენას უკავშირებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც პენსიის დასანიშნად მოითხოვდა ორმაგი მოქალაქის მიერ ცნობის წარდგენის ვალდებულებას, დღეის მდგომარეობით გაუქმებულია. შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პენსიის მაძიებლებს უფლების რეალიზების მიზნით აღარ ევალებათ ადმინისტრაციულ ორგანოში ამგვარი ცნობის წარდგენა (ამოღებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-40/ნ ბრძანებით, 2022 წლის 13 მაისს).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 14 თებერვლის #2022/1 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის #04/4311 გადაწყვეტილება ზ.დ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის ნაწილში მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, არსებობდა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ზ.დ-ისთვის 2021 წლის პირველი სექტემბრიდან - 1820 ლარის ოდენობით საპენსიო დავალიანების ანაზღაურების დავალების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა