Facebook Twitter

№592აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი

გ-ე გ, 592აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 2 თვე, 1 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 2 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა შინაპატიმრობაში ყოფნის დრო – 2003 წლის 13 დეკემბრიდან 2004 წლის 12 ოქტომბრამდე, სულ – 9 თვე და 29 დღე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული გ. გ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 3 წლით, მე-19,108-ე მუხლით – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. გ-ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 11 თვისა და 21 დღის ვადით (შინაპატიმრობაში ყოფნის დროის – 9 თვისა და 29 დღის – გამოკლებით), რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 ნოემბრიდან.

აღნიშნულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით შევიდა ცვლილება და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 5 თვე, 1 დღე - დაემატა სსკ-ის 19,108-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელს - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ მას სასჯელის სახით განესაზღვრა 8 წლით, 2 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განაჩენით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებაში შევიდა ცვლილებები იმ მიმართებით, რომ:

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გ. გ-ს საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით დანიშნულ და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით, 5 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 8 თვე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 ნოემბრიდან. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, გ. გ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. გ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი