საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-718(კ-23) 3 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რკ „...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 17 აგვისტოს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე რკ „...ას“ მიმართ და მოითხოვა რკ „...ასთვის“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 20 000 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; რკ „...ას“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქმეზე უდავოდ დადგენილ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. ამასთან, პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს მხარის მიერ დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში მხარეს შეუძლია ზიანი მოითხოვოს დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი წესით. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცილდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. პირგასამტეხლოს დანიშნულება არის ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია და სწორედ ამიტომ აქვს სასამართლოს უფლება, შეამციროს იმ ოდენობამდე, რომ იგი ამ დანიშნულებას არ გასცდეს. დაკისრებული თანხა გამანადგურებლად არ უნდა მოქმედებდეს ვალდებული პირის ფინანსურ მდგომარეობაზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის უფლებამოსილების ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ ნორმის გამოყენებისას, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე, გადასახდელი თანხის და მისი გადახდის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობაზე. ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ...ის წარმოებასთან მიმართებაში შესრულდა ვადაში გადაჭარბებით, ხოლო ...ის წარმოებასთან მიმართებაში 1/3 ნაწილში შესრულდა.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დამატებით მიუთითა, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი თანხა და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს სწორად უთხრა უარი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი სრულად იზიარებს სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, თუმცა, მიიჩნევს, რომ სასამართლომ შესაბამისი საფუძვლის გარეშე შეამცირა მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე და 416-ე და 417-ე მუხლებზე და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებაზე, რომლის თანახმად, მყიდველის მიერ პირდაპირი მიყიდვის და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ფორმა, ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და რკ „...ას“ შორის 2016 წლის 25 თებერვლის №321 განკარგულების საფუძველზე, 2016 წლის 30 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განისაზღვრა 3.1.3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც, №1-1/1537 ბრძანების საფუძველზე, განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ პირგასამტეხლო 20 000 ლარის ოდენობით ვერ მიიჩნევა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და რკ „...ას“ შორის 2016 წლის 30 მარტს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველს საკუთრებაში გადაეცა ...ში, სოფელ ...ში მდებარე 7026 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით - ...
ხელშეკრულების 3.1.3 მუხლის თანახმად, მხარე ვალდებული იყო ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უზრუნველყო წარმოების პროფილის შენარჩუნება და განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის (არანაკლებ 60 000 კგ. ...ის და არანაკლებ 15 000 კგ. ...ის) წარმოება შემდეგი პირობებით: ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25 პროცენტის წარმოება; ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 50 პროცენტის წარმოება. ამავე ხელშეკრულების 6.5 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების 3.1.3 მუხლით განსაზღვრული თითოეული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 6.8 მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების 3.1.6 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
შპს „...ას“ 2018 წლის 10 ოქტომბრის დასკვნით დგინდება, რომ 2017 წლის 24 აგვისტოდან 2018 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში, ...ის წარმოების ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, ხოლო ...ის წარმოების ნაწილში 3750 კგ.-ის ნაცვლად, დასტურდებოდა 2363 კგ. ...ის წარმოების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ არაერთი წერილით მიმართა რკ „...ის“ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არსებული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტი, შესაფასებელია მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევის მართლზომიერების საკითხი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას, სასამართლო აფასებს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხის თანაზომიერებასა და გონივრულობას. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნაა მოპასუხისათვის კონკრეტული ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ არა მარტო ზოგადად პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობას, არამედ პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობით დაკისრების მართლზომიერების შეფასების შესაძლებლობასაც (სუსგ 2022 წლის 14 აპრილის საქმე Nბს-910(კ-21).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებითი საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. პირგასამტეხლოს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა ზემოქმედებს (მათ შორის ფსიქოლოგიურად) ვალდებულ პირზე და აიძულებს მას ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ზემოქმედების ეფექტი იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. ამასთანავე, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, კრედიტორისათვის კონკრეტული მატერიალური ზიანის მიყენების მიუხედავად, თუმცა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელი ზიანი, ვალდებულების შესრულებისადმი კრედიტორის ინტერესი, კონკრეტული ხელშეკრულების დადების მიზანი რელევანტურია დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის კუთხით (სუსგ 2022 წლის 14 აპრილის საქმე Nბს-910(კ-21).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალების მიხედვით, შპს „...ას“ „ინვესტიციის დადასტურების სამუშაოთა ანგარიშისა და დასკვნის“ შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და რკ „...ას“ შორის 2016 წლის 30 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულება რკ „...ამ“ შეასრულა სრულად 2018 წლის 03 ოქტომბერს (ნაცვლად 2018 წლის 24 აგვისტოსი - 40 დღის დაგვიანებით). აგრეთვე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაამახვილეს ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ შპს „...ას“ 2018 წლის 10 ოქტომბრის დასკვნის შესაბამისად, 2017 წლის 24 აგვისტოდან 2018 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში, ...ის წარმოების ვალდებულება შესრულდა ვადაში, ჯეროვნად, გადაჭარბებით - 15 000 კგ. ...ის ნაცვლად, ნაწარმოები და გადატვირთული იყო - 95 463.7 კგ. სხვადასხვა სახეობის ... აგრეთვე, ამავე დასკვნაში ...ის წარმოებასთან მიმართებით აღნიშნულია, რომ „...ის წარმოების აღრიცხვის ჟურნალის“ შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ნაწარმოები იყო 3 843.9 კგ. ..., თუმცა აღნიშნულიდან მხოლოდ 2 363 კგ. ...ის წარმოებისა და გადატვირთვის ფაქტის დადასტურება მოხერხდა, რადგან დანარჩენ 1 480.9 კგ. ...ის წარმოებისა და გადატვირთვის დამდასტურებელი შესაბამისი ზედნადები არ მოიპოვებოდა საგადახდო პორტალზე. ზემოღნიშნული გარემოებები არ გამორიცხავს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებას, თუმცა ქმნის მისი შემცირების წინაპირობას.
ამდენად, პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო და არა ნორმატიული ხასიათის, მისი სამართლებრივი შინაარსის, ფუნქციისა და დანიშნულების, ასევე კრედიტორისთვის მოსალოდნელი სავარაუდო ზიანის, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო საჭიროებდა შემცირებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე