საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-1062(კ-24) 30 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
შპს „...ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 25 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი - გადახდის წყაროსთან დაკავებული (მოგების) გადასახადისა (152 599 00 ლარი) და შესაბამისის სანქციის (76 218 00 ლარი) ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 12 ივლისის №22525 ბრძანება გადახდის წყაროსთან დაკავებული (მოგების) გადასახადისა (152 599 00 ლარი) და შესაბამისი სანქციის (76 218 00 ლარი) ნაწილში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 12 ივლისის №006-497 საგადასახადო მოთხოვნა გადახდის წყაროსთან დაკავებული (მოგების) გადასახადისა (152 599 00 ლარი) და შესაბამისის სანქციის (76 218 00 ლარი) ნაწილში; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 ნოემბრის №36929 ბრძანება; ე) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 5 მაისის №15299/2/2021 გადაწყვეტილება დაუკმაყოფილებელ ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ას“ მიერ.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ას“ დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არაუმეტეს 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150). ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინების ასლი გაეგზავნა შპს „...ას“ წარმომადგენელს ა.ს-ის (იხ. რწმუნებულება ს.ფ. 218) და მასზე გადასაცემად კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა თანამშრომელს მ.ქ-ს 2024 წლის 8 ოქტომბერს. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 9 ოქტომბერს და ამოიწურა 2024 წლის 18 ოქტომბერს. მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამასთან, ამავე ვადაში მას არც ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებიდან გამომდინარე, შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე