Facebook Twitter

საქმე #ბს-731(კ-24) 24 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ჩ...“

მესამე პირი (ასკ 16.1) – სს „ს...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 24 მარტს სს „ჩ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #1-ში ... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ნივთი წარმოადგენს სს „ჩ...ს“ საკუთრებას. ობიექტის ტერიტორიაზე შედის რკინიგზის ლიანდაგი, რომელიც მოსარჩელის ძირითად საშუალებათა ღირებულების შეფასების აქტში მოხსენებულია, როგორც შიდა საქარხნო რკინიგზის ჩიხი და მისი ექსპლუატაციაში შესვლის თარიღია 1946 წლის 1 ივლისი, ხოლო მისი საწყისი საბალანსო ღირებულება - 114 750 ლარი.

მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 24 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურიდან კომპანიამ მიიღო წერილი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ლიანდაგის მესაკუთრის შესახებ, რათა მოეხდინათ ლიანდაგის დემონტაჟი. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო არ ითხოვდა მესაკუთრის თანხმობას ან რაიმე სახის მოლაპარაკების წარმოებას ლიანდაგის დემონტაჟზე. წერილში აღნიშნული იყო, რომ ლიანდაგი იყო უმოქმედო, რაც მოსარჩელის მითითებით, არ შეესაბამება სიმართლეს.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2020 წლის 28 დეკემბრის წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ რკინიგზის ლიანდაგი ირიცხებოდა სს „ჩ...ს“ ბალანსზე და ემსახურებოდა ქარხნის ტერიტორიაზე მოქმედ ათობით ფირმას, რომელთა ფუნქციონირება დამოკიდებული იყო პროდუქციის შემოტანაზე და რკინიგზის ჩიხი მათთვის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. ამასთან, რკინიგზის ლიანდაგის სიგრძე შეადგენდა 700 მეტრს და კერძო ფირმებთან იჯარის ხელშეკრულებების გაფორმებისას ყოველთვის შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ინფორმაციის უგულებელყოფით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მესაკუთრის თანხმობის გარეშე მაინც განახორციელა ...ის ქუჩის მხრიდან შემოსასვლელი ლიანდაგის დემონტაჟი, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უხეშად დაარღვია მისი საკუთრების უფლება და მიაყენა მატერიალური ზიანი.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისათვის სს „ჩ...ს“ ტერიტორიაზე ...ის ქუჩის მხრიდან შემოსასვლელი ლიანდაგის დემონტირებული მონაკვეთის აღდგენის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით სს „ჩ...ს“ სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის #ბს-371(გ-21) განჩინებით სს „ჩ...ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „ს...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სს „ჩ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს სს „ჩ...ს“ ტერიტორიაზე ...ის ქუჩის მხრიდან შემოსასვლელი ლიანდაგის დემონტირებული მონაკვეთის აღდგენა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 97-ე მუხლზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

სააპელაციო პალატამ, ასევე, მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის #10-15 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტსა და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლიანდაგის ამორტიზირებულ მდგომარეობაში ყოფნას, არ ყოფილა წარმოდგენილი. მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გარდა ზოგადი მითითებისა, ვერ ასაბუთებდა მის მიერ განხორცილებული ქმედების მართებულობას. აღნიშნულს ადასტურებდა საქმეში დაცული საქალაქო სამსახურის 2020 წლის 24 დეკემბრის წერილი, რომლის შინაარსის საფუძველზე დგინდებოდა, რომ სამსახურს არ უწარმოებია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება სარკინიგზო ლიანდაგის ამორტიზირებულ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის დადგენის მიზნით.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მითითებაზე, რომ დემონტაჟის აუცილებლობა გამოწვეული იყო საავტომობილო მოძრაობის შეფერხებით და, შესაბამისად, მოქალაქეების მაღალი ინტერესით. პალატამ ხსენებული განმარტება ვერ მიიჩნია ისეთ მტკიცებულებად, რომელიც დასაბუთებულს გახდიდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიანდაგის დემონტაჟს. შესაძლოა, ცხელ ხაზზე შედიოდა შეტყობინებები საგზაო ინფრასტრუქტურასთან მიმართებით არსებულ პრობლემებზე, თუმცა აღნიშნული, სათანადო გარემოებების დადგენისა და შეფასების გარეშე, საფუძვლად ვერ დაედებოდა ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც გავლენას იქონიებდა სხვა პირთა კანონით დაცულ ინტერესებზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსაჩელე მხარის მტკიცების დასტურად, რომ დემონტირებული სარკინიგზო ლიანდაგი მოქმედი იყო და მისი საშუალებით სს „ჩ...ს“ ტერიტორიაზე ხდებოდა ტვირთების პერიოდული გადაზიდვა, საქმეში წარმოდგენილი იყო შესრულებული სამუშაოს ნუსხა და დაგეგმილი გადაზიდვის დავალებების ცხრილები. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის პოზიციის სისწორეზე, ასევე, მეტყველებდა საქმეში დაცული 2018 წლის 26 მარტის სს „ს...ის“ (სადგური თბილისი სატვირთო) ქმანი, რომლის მიხედვით, 2018 წლის 22 თებერვლის განკარგულებით კომისიურად შემოწმდა სს „ჩ...ს“ კუთვნილ მისასვლელ ლიანდაგში დამონტაჟებული ჩამგდები ისარი. კომისიამ დაადგინა, რომ ჩამგდები ისარი აკმაყოფილებდა რკინიგზის ტრანსპორტზე არსებული ინსტრუქციის მოთხოვნებს.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი ქმედების მართებულობას, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია მოპასუხისათვის სს „ჩ...ს“ ტერიტორიაზე ...ის ქუჩის მხრიდან შემოსასვლელი ლიანდაგის დემონტირებული მონაკვეთის აღდგენის დავალება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, ასევე, 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებზე, ასევე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და არამართებულად მიიჩნევს სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ლიანდაგი იყო მოქმედ მდგომარეობაში. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სწორედ ამ ლიანდაგით განხორციელდა რაიმე ტვირთის გადაზიდვა ბოლო წლების განმავლობაში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ფოტოსურათები, რომელიც გადაღებულია ლიანდაგის დემონტაჟის განხორციელებამდე. ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ ლიანდაგი დაფარულია ასფალტის საფარით, ისე, რომ შეუძლებელია მისით სარგებლობა.

კასატორისათვის, ასევე, გაუგებარია, როგორ დაადგინა 2020 წლის 24 დეკემბრის წერილის საფუძველზე სასამართლომ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ლიანდაგის ამორტიზებულ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის დადგენის მიზნით არ უწარმოებია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. გარდა იმისა, რომ ლიანდაგი ნამდვილად იყო უფუნქციო და ამორტიზირებულ მდგომარეობაში და მისი დემონტაჟი ვერავის მიაყენებდა ზიანს, აღსანიშნავია, რომ იგი განთავსებული იყო არა სს „ჩ...ს“ საკუთრებაში არსებულ, არამედ საზოგადოებრივ სივრცეში. ამდენად, სასამართლოს მითითება საკუთრების შეზღუდვასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლო იყო.

კასატორის მითითებით, ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად იქმნებოდა საცობები, რაც იწვევდა საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილებას. სასამართლო საზოგადოების ინტერესთან დაკავშირებით შემოიფარგლა მხოლოდ ფორმალური განმარტებით, რომ აღნიშნულმა არ უნდა განაპირობოს სათანადო გარემოებების შეფასებისა და დადგენის გარეშე სხვა პირთა ინტერესებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილების მიღება.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის #10-15 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განეკუთვნება შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზაგამტარების ... და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, სამსახური წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც საჯარო ინტერესებიდან და კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის და დემონტაჟის თაობაზე. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ საჯარო ინტერესის გათვალისწინებამ და, ასევე, არსებული ლიანდაგის უფუნქციო პირობებში არსებობამ განაპირობა მისი დემონტაჟი. თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა არც საჯარო ინტერესი და არც მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდნენ ლიანდაგის ამორტიზირებულ მდგომარეობაში არსებობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისათვის სს „ჩ...ს“ ტერიტორიაზე ...ის ქუჩის მხრიდან შემოსასვლელი ლიანდაგის დემონტირებული მონაკვეთის აღდგენის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #1-ში 26 293 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (საერთო ფართით 959.1 კვ.მ) მესაკუთრეა სს „ჩ...“.

მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის - სს „ჩ...ს“ პასპორტის მიხედვით, დასტურდება, რომ სს „ჩ...ს“ საკუთრებაში არსებული ლიანდაგი მდებარეობს ქალაქ თბილისში. მისასვლელი ლიანდაგის საერთო სიგრძეა 2052 მეტრი, საისრო გადამყვანების სიგრძეა - 217 გრ.მ. ჩათვლით, მათ შორის: ა) მთავარი ლიანდაგი 722 გრ.მ. ბ) შიდა საქარხნო ლიანდაგი - 1330 გრ.მეტრი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 24 დეკემბრის #14-01203591465 წერილით სს „ჩ...ს“ ეცნობა, რომ ...ის ქუჩას კვეთდა ლიანდაგი (ს.კ....), რომელიც შედიოდა სს „ჩ...ს“ საკუთრებაში არსებული ობიექტის ეზოში. როგორც მათთვის ცნობილი იყო, ლიანდაგი იყო უმოქმედო, ხელს უშლიდა სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილებაში და ქმნიდა საცობს. სს „ჩ...ს“ ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება ზემოაღნიშნული ლიანდაგის მესაკუთრის შესახებ, რათა მომხდარიყო ლიანდაგის დემონტაჟი და მოწყობილიყო ა/ბ საფარი, ხოლო ლიანდაგი გადასცემოდა კანონიერ მფლობელს.

ზემოაღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობა, რომ ...ის ქუჩის #1-ში შესასვლელი რკინიგზის ლიანდაგი (ჩიხი) ირიცხება სს „ჩ...ს“ ბალანსზე და იგი უფასოდ ემსახურება ქარხნის ტერიტორიაზე მოქმედ შემდეგ კერძო ფირმებს: შპს „კ...ს“, შპს „ო...ს“, შპს „ლ...ს“, შპს „ხ...ს“, შპს „დ...-ს“, შპს „ჯ...ს“, შპს „ნ....ს“, შპს „ი...ს“, შპს „რ....ს“, შპს „ს...ს“. რკინიგზის ჩიხის გასწვრივ მოსახლეობა არ იმყოფება.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული მითითებისა, სს „ჩ...ს“ პოზიცია არ იქნა გათვალისწინებული მოპასუხის მიერ და მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე სარკინიგზო ლიანდაგის დემონტაჟის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლებიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, ასევე, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის #10-15 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავებას და მათი განხორციელების უზრუნველყოფას, აგრეთვე ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას. ამავე დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება: შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, სანიაღვრე ქსელების, კოლექტორების, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ სარკინიგზო ლიანდაგი იმყოფებოდა ამორტიზირებულ მდგომარეობაში, რის გამოც შეუძლებელი იყო მისი ექსპლუატაცია. აღსანიშნავია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას, კერძოდ, ახსნა-განმარტების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ იგივე პოზიცია იქნა დაფიქსირებული, თუმცა საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მისი პოზიციის სისწორეს, განსახილველ საქმეში მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვერ ასაბუთებს მის მიერ განხორციელებული ქმედების მართებულობას. აღნიშნული დასტურდება საქმეში დაცული მტკიცებულებებით, რომლითაც დგინდება, რომ სამსახურს არ უწარმოებია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება სარკინიგზო ლიანდაგის ამორტიზირებულ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის დადგენის მიზნით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის ზემოხსენებულ არგუმენტს ლიანდაგის ამორტიზებულ მდგომარეობაში ყოფნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე სარკინიგზო ლიანდაგის მოქმედ მდგომარეობაში ყოფნას და მისი საშუალებით სს „ჩ...ს“ ტერიტორიაზე ტვირთების პერიოდულ გადაზიდვას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ნუსხითა და დაგეგმილი გადაზიდვის დავალებების ცხრილებით. მოსარჩელის პოზიციის სისწორეზე, ასევე, მიუთითებს საქმეში დაცული 2018 წლის 26 მარტის სს „ს...ის“ (სადგური თბილისი სატვირთო) ქმანი, რომლის მიხედვით, 2018 წლის 22 თებერვლის #0000074 განკარგულებით კომისიურად შემოწმდა სს „ჩ...ს“ კუთვნილ მისასვლელ ლიანდაგში დამონტაჟებული ჩამგდები ისარი. კომისიამ დაადგინა, რომ ჩამგდები ისარი აკმაყოფილებდა რკინიგზის ტრანსპორტზე არსებული ინსტრუქციის მოთხოვნებს.

რაც შეეხება სარკინიგზო ლიანდაგის დემონტაჟთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მეორე არგუმენტს, ორგანოს განმარტებით, დემონტაჟის აუცილებლობა გამოწვეული იყო საავტომობილო მოძრაობის შეფერხებით და, შესაბამისად, მოქალაქეების მაღალი ინტერესით. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოპასუხის მიერ გაჟღერებულ იქნა, რომ მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე შესული იყო მოქალაქეთა ზარები, რომელიც უკავშირდებოდა ლიანდაგის გამო შექმნილ პრობლემას - საავტომობილო მოძრაობის შეფერხებას. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხოლოდ ზემოხსენებული განმარტება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიანდაგის დემონტაჟის თვითკმარ ფაქტობრივ საფუძველს. დაუშვებელია, საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემებთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებები, სათანადო გარემოებების დადგენისა და შეფასების გარეშე, საფუძვლად დაედოს იმგვარი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც გავლენას ახდენს სხვა პირის კანონიერ ინტერესებზე და იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი ქმედების მართებულობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა ან საეჭვოს გახდიდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა