Facebook Twitter

საქმე Nბს-581(კ-24) 24 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს გენერალური პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.ქ-ა

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესამე პირი (ასკ 16.1) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 18 ოქტომბერს გ.ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხების - საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 27 მაისს დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის მე-... განყოფილების თანამშრომლებმა. მისი დაკავების საფუძველი გახდა იმავე წლის 26 მაისს გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის საქმეზე მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ზემოაღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოსარჩელე თავის ნებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, ის არსად არ მიმალულა. შესაბამისად, გ.ქ-ას მიმალვის საფრთხე არც მომავალში არსებობდა. საქმეში არ მოიპოვება არანაირი ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელიც გაამართლებდა ამ საფრთხეებს. დაკავების შემდეგ გ.ქ-ა მოათავსეს დროებითი დაკავების იზოლატორში. 2019 წლის 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ქ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო 3000 ლარი. ამასთან, მოსარჩელის დაკავება მიჩნეულ იქნა უკანონოდ და იგი გათავისუფლდა. უკანონო დაკავებას შედეგად მოჰყვა გ.ქ-ას დათხოვნა სამხედრო სამსახურში დაკავებული თანამდებობიდან. სამსახურისა და სახელფასო ანაზღაურების დაკარგვამ მოსარჩელეს მორალური ზიანი მიაყენა.

სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხეებისთვის გ.ქ-ას სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის, სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ.ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 8500 (რვა ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება; გ.ქ-ას მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გ.ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შსს ...ის სამმართველოს მე-... განყოფილების უფროსი გამომძიებლის მიერ შედგა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, 2019 წლის 27 მაისს, 15:42 წუთზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გ.ქ-ა (დაბ: ... წლის ... ...ს, პ/ნ...) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ფაქტზე. საპროცესო იძულების ღონისძიება - დაკავების კანონიერების თაობაზე თბილისის ...ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა 2019 წლის 27 მაისის შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. 2019 წლის 29 მაისს, გ.ქ-ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით. 2019 წლის 29 მაისს, თბილისის ...ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ გ.ქ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წელის 29 მაისის განჩინებით თბილისის ...ის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულ გ.ქ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ბრალდებულ გ.ქ-ას მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება - დაკავება გაუქმდა და ბრალდებული გათავისუფლდა დაკავებიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ბრალდებულ გ.ქ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო; გირაოს თანხად განისაზღვრა 3000 ლარი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით გ.ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,"ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. მსჯავრდებულ გ.ქ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან და მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 27 მაისიდან 2019 წლის 29 მაისის ჩათვლით; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი; გ.ქ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,"ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი თბილისის ...ის რაიონული პროკურორის საკასაციო საჩივარი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 11 მარტის ცნობის თანახმად, გ.ქ-ა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა 2021 წლის 22 ივნისიდან 2022 წლის 11 მარტამდე. გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 9 აგვისტოს №MOD 3 21 00003643 ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ...ის დეპარტამენტის მე-... სამმართველოს მე-... განყოფილების სპეციალისტი, კაპრალ სპეციალისტი გ.ქ-ა, 2019 წლის 30 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 7 ოქტომბრის №MOD 8 21 01035895 წერილის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროში გ.ქ-ას დარიცხული შრომითი ანაზღაურება მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერებამდე შეადგენდა 1 376,40 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელის რეაბილიტიაციასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, სასამართლოს ეს აქტი, მისი არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას, ანუ მის რეაბილიტაციას. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქართველოს გენრალური პროკურატურის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს მისთვის მორალური ზიანის დაკისრების საფუძველი და განმარტა, რომ მართალია, პროკურატურა, როგორც საგამოძიებო ორგანო, წინასწარ ვერ განსაზღვრავს სისხლისსამართლერივი საქმის შედეგს და მის მიერ ბრალის წარდგენა, არ ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ვინაიდან, მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, მაგრამ ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის, მიუხედავად სახელმწიფო მოხელეთა ბრალეულობისა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა გ.ქ-ასთვის წაყენებული ბრალდების გათვალისწინებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა და მოპასუხისათვის 8 500 (რვაათას ხუთასი) ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია, ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ზე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 1005-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონისმიერი წინაპირობების ერთობლიობა ზიანის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის სახით. შესაბამისად, კასატორის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, კასატორი მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მითითებით მორალური ზიანის ოდენობას მეტისმეტად გადაჭარბებულად მიიჩნევს. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, გ.ქ-ას სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 8500 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ქ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ.ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 8500 (რვა ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება; გ.ქ-ას მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გ.ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. გ.ქ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში 8500 ლარის დაკისრების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2019 წლის 27 მაისს შსს ...ის სამმართველოს მე-... განყოფილების მიერ შედგა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, 2019 წლის 27 მაისს, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გ.ქ-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ფაქტზე. საპროცესო იძულების ღონისძიება - დაკავების კანონიერების თაობაზე თბილისის ...ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა 2019 წლის 27 მაისის შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. 2019 წლის 29 მაისს, გ.ქ-ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით.

დადგენილია, რომ თბილისის ...ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა 2019 წლის 29 მაისს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ გ.ქ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წელის 29 მაისის განჩინებით თბილისის ...ის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულ გ.ქ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ბრალდებულ გ.ქ-ას მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება - დაკავება გაუქმდა და ბრალდებული გათავისუფლდა დაკავებიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ბრალდებულ გ.ქ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო; გირაოს თანხად განისაზღვრა 3000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით გ.ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,"ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. მსჯავრდებულ გ.ქ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან და მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 27 მაისიდან 2019 წლის 29 მაისის ჩათვლით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი; გ.ქ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის, "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი თბილისის ...ის რაიონული პროკურორის საკასაციო საჩივარი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 11 მარტის ცნობის თანახმად, გ.ქ-ა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა 2021 წლის 22 ივნისიდან 2022 წლის 11 მარტამდე. გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გ.ქ-ას მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამართლებელი განაჩენიდან გამომდინარე სახეზეა მოსარჩელის მარეაბილიტირებელი გარემოება, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი, რომელიც გამოწვეულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით საფუძველზე წარდგენილი უკანონო ბრალდებით. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა თანამდებობის პირის ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციით. პირის რეაბილიტაციის უმთავრეს იურიდიულ საფუძველს გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს, რომელიც მის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს - გ.ქ-ას დაზუსტებული სარჩელით მატერიალური ზიანი არ მოუთხოვია, იგი მხოლოდ მორალურ ზიანს ითხოვდა.

მიყენებული მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ Nბს-972-936(3კ-08), 2009 წლის 8 აპრილი).

მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება თავისთავად დაკავშირებულია ნეგატიურ ემოციებთან, მძიმე ფსიქიკურ განცდებთან, სულიერ ტანჯვასთან და ა.შ. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა გაგრძელდა 9 თვემდე (2019 წლის 27 მაისიდან - 29 მაისამდე და 2021 წლის 22 ივნისიდან-2022 წლის 11 მარტამდე). მხედველობაშია მისაღები იმ პერიოდის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელემ დამნაშავის სტატუსით იცხოვრა, ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენიდან რეაბილიტაციამდე გასულია რამდენიმე თვე. საკასაციო სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 8500 ლარის ანაზღაურების დაკისრება არაპროპორციულია და არ ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით არ იკვეთება მოსარჩელის უფლებებში ჩარევის იმგვარი ინტენსივობა, რაც გაამართლებდა მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ოდენობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის სახით 8500 ლარის დაკისრება ერთმნიშვნელოვნად არაა თანხვედრაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რის გამოც იგი შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა და ექვემდებარება შემცირებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამავე კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; გ.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ.ქ-ას სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით - 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მოპასუხეს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე გ.ქ-ას სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით - 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა