¹3კ-584-02 28 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: საერთო საკუთრების საცხოვრებელი სახელზე საზიარო უფლების შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. შ-ძის სარჩელი მოპასუხე გ. შ-ძის მიმართ. მოსარჩელეს გამოეყო ქ. ქუთაისში, ..... მდებარე საცხოვრებელ სახლში იზოლირებულად საცხოვრებელი ოთახები (21.60კვ.მ. და 18.01კვ.მ.) 6.02კვ.მ-ის და 6.72კვ.მ დამხმარე ფართობი. გ. შ-ძეს კი იზოლირებულად გამოუყო საცხოვრებელი ოთახები 20.64კვ.მ და 28.06კვ.მ ფართობით, დამხმარე ფართობი 16.1კვ.მ. მოპასუხეს დაეკისრა შესასვლელის მოწყობა 16.16კვ.მ. ფართობის ოთახიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს გ. და ე. შ-ძეებმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე. და გ. შ-ძეების სააპელაციო საჩივრები. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. გ. შ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე. საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე ე. შ-ძემაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001წ. 24 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა გ. შ-ძის საკასაციო საჩივარი. ე. შ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას. მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისას გ. შ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საერთო საკუთრების საცხოვრებელ სახლში მის მიერ ჩატარებული საამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნახევრის დაკისრება ე. შ-ძისათვის.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 თებერვლის განჩინებით გ. შ-ძის შეგებებული სარჩელი არ იქნა მიღებული. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ შეგებებული სარჩელის ავტორს ჰქონდა შესაძლებლობა ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვამდე გამოესწორებინა შეგებებული სარჩელისათვის მიცემული ხარვეზი, მაგრამ მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. გ. შ-ძემ ხელმეორედ აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მის მიერ გაწეული ხარჯების _ 9256 ლარის ნახევრის, ანუ 4628 ლარის დაკისრება ე. შ-ძისათვის. გ. შ-ძემ თავის შეგებებულ სარჩელში მიუთითა, რომ 1967-1977 წლებში მის მიერ ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები არასწორად იყო შეფასებული ექსპერტ წურწუმიას მიერ, ამიტომ საექსპერტო დასკვნაც არასრულია, რის გამოც მოითხოვა ახალი ექსპერტიზის დანიშვნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ე. შ-ძის წარმომადგენელმა კატეგორიული უარი განაცხადა ახალი, თანხობრივად გაზრდილი შეგებებული სარჩელის მიღებაზე იმ მოტივით, რომ გ. შ-ძეს პირველი ინსტანციის სასამართლოში შეგებებული სარჩელის შეტანისა და დაზუსტების, მათ შორის განმეორებითი ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის საპროცესო შესაძლებლობა ჰქონდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გ. შ-ძე სასამართლო პროცესს შეგნებულად აჭიანურებს. რადგან მოცემულ სამოქალაქო საქმეს განმეორებით იხილავს სააპელაციო პალატა, სასამართლო მიზანშეწონილად არ ცნობს შეგებებული სარჩელის ამ ეტაპზე წარმოდგენას და მის მიღებას, ვინაიდან ეს გამოიწვევს საქმის გაჭიანურებას და ხელს არ შეუწყობს საქმის სწორ და სწრაფ განხილვას.
მოცემულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. შ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 თებერვლის განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის მოტივებს წარმოადგენს ის, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი შეგებებული სარჩელის მიღებაზე. მან ჯერ კიდევ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომელიც ასევე უსაფუძვლოდ არ განიხილეს.
სააპელაციო პალატის 2002წ. 25 მარტის განჩინებით გ. შ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 თებერვლის განჩინება, რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ზემდგომ სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. შ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. შ-ძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი მოპასუხე ე. შ-ძის მიმართ და მოითხოვა ზარალის ანაზღაურება და ნივთების უკან დაბრუნება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 5 იანვრის განჩინებით უმოძრაოდ იქნა დატოვებული გ. შ-ძის შეგებებული სარჩელი ბაჟის გადაუხდელობის და მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო და არ განიხილა მისი შეგებებული სარჩელი. გ. შ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მას არც სააპელაციო სასამართლოში დაუყენებია შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა. საკასაციო პალატის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის მხოლოდ მოცემული საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შემდეგ წარადგინა მან შეგებებული სარჩელი. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლი, რომლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. იგივე წესი გამოიყენება შეგებებული სარჩელის აღძვრისა და ხარჯების განსაზღვრისას. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 თებერვლის სხდომის ოქმში მითითებულია, რომ ე. შ-ძის წარმომადგენელმა ა. დ-ძემ უარი განაცხადა გ. შ-ძის მიერ შეგებებული სარჩელის წარდგენაზე. სააპელაციო სასამართლომაც არ მიიჩნია მიზანშეწონილად გ. შ-ძის მიერ შეგებებული სარჩელის წარდგენა, რადგან ჩათვალა, რომ იგი ხელს შეუწყობს მოცემული დავის განხილვის და გადაწყვეტის გაჭიანურებას, რადგან გ. შ-ძემ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარადგინა შეგებებული სარჩელი კანონის მოთხოვნათა დაცვით.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატას გ. შ-ძის კერძო საჩივრის განხილვისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. შ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 თებერვლისა და 25 მარტის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.