№ბს-687(კ-23) 3 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, მესამე პირი - ი/მ მ.ლ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 13 სექტემბრის №78/13 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი/მ მ.ლ-ი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ 2019 წლის 31 მაისს ი/მ მ.ლ-ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №..., წყლის უმრიცხველო მოხმარების გამო (ასკ 149-ე მუხლი). ი/მ მ.ლ-ის დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასური, რომელიც განისაზღვრა 3593.80 ლარის ოდენობით. მოპასუხის 2019 წლის 13 სექტემბრის №78/13 გადაწყვეტილებით კომპანიის მიერ უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასურის დარიცხვა - 3144.57 ლარის ნაწილში მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და კომპანიას დაევალა აღნიშნულ ნაწილში დარიცხვის გაუქმება.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ მე-4 თავში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები. აღნიშნული დებულების 49-ე მუხლის თანახმად, სემეკი ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც სრულყოფილად არ არის გამოკვლეული სემეკის მიერ. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევის, მტკიცებულებებისა და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე განისაზღვრა მესამე პირის მიერ წყლის უკანონოდ მოხმარების დრო 1 საათით. აღნიშნული წინააღმდეგობაშია ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნასთან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე თბილისი, ...ის ქუჩა №25ა (ს/კ...), 2019 წლის 8 თებერვლიდან წარმოადგენს მ.ლ-ის საკუთრებას (ს.ფ 45-46). შპს „...ის“ თანამშრომლების მიერ 2019 წლის 31 მაისს განხორციელდა თბილისში, ...ის ქუჩა №25ა-ში მდებარე ობიექტის შემოწმება. შემოწმებით დადგინდა, რომ ი/მ მ.ლ-ი არ იყო რეგისტრირებული შპს „...ის“ აბონენტად (შემოწმების შემდგომ განხორციელდა მისი რეგისტრაცია, აბონენტის №...). ამასთან, იგი წყალს მოიხმარდა მრიცხველის გარეშე, 40 მმ დიამეტრის მქონე მილით. აღნიშნულ ფაქტზე, კომპანიის თანამშრომლების მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას№..., ი/მ მ.ლ-ის მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე. ასევე, შედგენილ იქნა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №015831, რომლის თანახმად, ი/მ მ.ლ-ის დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასური 3 593.80 ლარის ოდენობით (ს.ფ. 14-15, 33). 2019 წლის 31 მაისის ას№... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, შპს „...ის“ 2019 წლის 12 ივნისის №3776 დადგენილებით, ი/მ მ.ლ-ის დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება (ს.ფ. 17); ბ) ი/მ მ.ლ-მა 2019 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და 2019 წლის 31 მაისის აღურიცხავი წყლის მოხმარების №015831 აქტით დარიცხული თანხის - 3 593.80 ლარის კორექტირება მოითხოვა (ს.ფ 38-39). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 13 სექტემბრის №78/13 გადაწყვეტილებით, ი/მ მ.ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და შპს „...ის“ 2019 წლის 31 მაისის №015831 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით ი/მ მ.ლ-ისთვის უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 3 593.80 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. ამასთან, შპს „...ას“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება, კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაცვით დარიცხვისა და აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში შესაბამისი ცვლილების განხორციელება (ს.ფ. 19-23); გ) საქმის მასალებში წარმოდგენილია აბონენტის №... - ი/მ მ.ლ-ის ბრუნვის ისტორია, რომლის თანახმად, აბონენტის მიერ მრიცხველის საფუძველზე დარიცხული, მოხმარებული წყლის ღირებულებამ 2019 წლის 12 აგვისტოდან 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, შეადგინა 39.93 ლარი (ს.ფ 33).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 13 სექტემბრის №78/13 გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
სადავო პერიოდში მოქმედი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 20.12.2019, №5646) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებს, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომლის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წყალმომარაგების ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. აღნიშნული წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას.
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ი/მ მ.ლ-ის უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასური დაანგარიშებულ იქნა 40 მმ მილის გამტარუნარიანობით 30 დღეზე, 8-საათიანი დღიური მოხმარებით. მოპასუხემ ი/მ მ.ლ-ის მიმართვის საფუძველზე მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტისას მიიჩნია, რომ მომხმარებლის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდი უნდა განსაზღვრულიყო 1 საათით, შესაბამისად, დარიცხული თანხა უნდა დაკორექტირებულიყო და განხორციელებულიყო 449.226 ლარის ოდენობით. ამდენად, გასაჩივრებული აქტით მოსარჩელის მიერ ი/მ მ.ლ-ისთვის 3593.80 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მოსარჩელეს ამავე მუხლის პირველ ნაწილში ასახული ვალდებულებისაგან - დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოსარჩელე მხარემ, გარდა ახსნა-განმარტებისა, ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ი/მ მ.ლ-ი სასმელ წყალს უწყვეტად, 8-საათიანი დატვირთვით მოიხმარდა. საქმეზე დადგენილია, რომ ი/მ მ.ლ-ის მიერ მრიცხველის საფუძველზე დარიცხული, მოხმარებული წყლის ღირებულებამ 2019 წლის 12 აგვისტოდან 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, შეადგინა 39.93 ლარი. ასეთ პირობებში მოსარჩელის მიერ ი/მ მ.ლ-ისათვის უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასურად 30 დღეზე 3593.80 ლარის განსაზღვრა მნიშვნელოვნად აღემატება აბონენტის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების საშუალო თვიურ ოდენობას და ეწინააღმდეგება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ პრინციპს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს „...ას“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს 11.05.2023წ. №... საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე