საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1309(2კ-22) 14 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ფ.ტ-ე (მოსარჩელე) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოპასუხე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ.ტ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა: „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 ბრძანების ბათილად ცნობა; „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელის ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ...ის დეპარტამენტისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2016 წლის 18 იანვრიდან მის აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.
სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ფ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სსდ ...ის დეპარტამენტის 2016 წლის 18 იანვრის №16 00000094 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული საკითხი განიხილა ...ის დეპარტამენტმა და 2018 წლის 2 ოქტომბრის №18 00001668 ბრძანებით მოსარჩელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი გამოცემისას არ გაითვალისწინა სასამართლოს მითითება საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ფ.ტ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ სსდ ...ის დეპარტამენტის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანებები; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - ...ის დეპარტამენტს დაევალა „მოსარჩელის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ“ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2016 წლის 18 იანვრიდან მოსარჩელის სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის 2014 წლის 19 მაისის №07-16/458 ბრძანებით, 2014 წლის 19 მაისიდან ფ.ტ-ე დაინიშნა ამავე დეპარტამენტის ...ის სამსახურის ...ის განყოფილების უფროსის (II კატეგორია) თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად; 2014 წლის 19 აგვისტოდან იგი დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის ...ის სამსახურის ...ის განყოფილების მთავარი ინსპექტორის ( II კატეგორია) თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად; 2014 წლის 11 სექტემბრიდან ფ.ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის 2014 წლის 11 სექტემბრის №07-16/719 ბრძანებით, ფ.ტ-ე დაინიშნა საქართველოს იმავე დეპარტამენტის ...ის სამსახურის ...ის განყოფილების უფროსის ( II კატეგორია) თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით 2014 წლის 11 სექტემბრიდან 2014 წლის 11 დეკემბრამდე. აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შედეგად, ფ.ტ-ე იმავე თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა 2014 წლის 11 სექტემბრიდან 2015 წლის 11 მარტამდე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ...ის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 11 მარტის №DES 1 15 00000294 ბრძნებით ფ.ტ-ე დაინიშნა ამავე დეპარტამენტის ...ის სამსახურის ...ის განყოფილების უფროსის (II კატეგორია) თანამდებობაზე 2015 წლის 11 მარტიდან; ...ის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 2 ივლისის №DES 1 15 00001103 ბრძანებით ფ.ტ-ე გადაყვანილ იქნა ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის (II კატეგორია) თანამდებობაზე. ფ.ტ-ემ 2015 წლის 15 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ამავე დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანა. 2015 წლის 15 ოქტომბრის №DES 0 15 00001896 ბრძანებით განცხადება დაკმაყოფილდა და ფ.ტ-ე გადაყვანილ იქნა მოთხოვნილ თანამდებობაზე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ...ის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 20 ნოემბრის №DES 15 00002255 ბრძანების თანახმად, ფ.ტ-ე დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით 2015 წლის 20 ნოემბრიდან 2016 წლის 20 იანვრამდე.
...ის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 18 იანვრის №DES 0 16 00000094 ბრძანებით, ამავე დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი - ფ.ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 18 იანვრიდან. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 15 იანვრის №DES 4 16 00002834 მოხსენებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნა, რომ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ფ.ტ-ე ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რაც არაერთხელ იქნა გამოხატული სიტყვიერი შენიშვნის სახით მოხსენებითი ბარათის ავტორის მიერ. მის ხელმძღვანელობას დაქვემდებარებული განყოფილების მიერ ვერ ხდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა. იგი რაციონალურად ვერ ანაწილებდა მითითებულ დავალებებს თანამშრომლებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტის უფროსმა მიიჩნია, რომ ფ.ტ-ემ გამოსაცდელი ვადა პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის გათვალისწინებით გაიარა არადამაკმაყოფილებლად.
ფ.ტ-ემ 2016 წლის 15 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსდ ...ის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ამავე დეპარტამენტის 2016 წლის 18 იანვრის №DES 016 00000094 ბრძანების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება და განაცდურის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ფ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ...ის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 ბრძანებით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი ფ.ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 18 იანვრიდან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ასევე მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი. აღნიშნული აქტები სასარჩელო წესით კვლავ გაასაჩივრა ფ.ტ-ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, საერთაშორისო აქტებსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში კი, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, ამ კანონით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ბრძანება გამოიცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოვლენილი სხვა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა. სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ ცალმხრივად გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი და მხედველობაში არ მიიღო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების მითითება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არადამაკმაყოფილებელ მუშაობად მიჩნეული გარემოებები არ ქმნიდა მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა ისეთი გარემოებები, რომლებიც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე შემოიფარგლა იმავე სახის მტკიცებულებებით და მოსარჩელესთან ზოგადი ხასიათის შეკითხვებით, შესაბამისად, იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სადავო გადაწყვეტილება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობისას, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც დასაბუთებული იყო და სადავო აქტების ბათილად ცნობის პირობებში, მოპასუხეს დაავალა მოსარჩელე ფ.ტ-ის სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან 2016 წლის 18 იანვრიდან მის აღდგენამდე, შესაბამის თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 2019 წლის 3 დეკემბერს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა მხოლოდ „ფ.ტ-ის გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ...ის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 და „ფ.ტ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანებების ბათილად ცნობის, ასევე მოსარჩელის - ფ.ტ-ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, „ფ.ტ-ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 12 დეკემბრის N DES 3 19 00002614 ბრძანებით ფ.ტ-ე 2019 წლის 12 დეკემბრიდან აღდგენილ იქნა ტოლფას - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტის ფ.ტ-ის რეგიონული სამმართველოს ...ის ... განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. ამასთან, დამატებით მიუთითა, რომ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების მიზნით, ფ.ტ-ე ...ის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 12 დეკემბრის №DES 3 19 00002614 ბრძანებით აღდგენილ იქნა ტოლფას თანამდებობაზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტის ფ.ტ-ის რეგიონული სამმართველოს ...ის ... განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ...ის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 13 იანვრის №DES 2 20 00000064 ბრძანებით ფ.ტ-ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა საყვედური იმ მიზეზით, რომ იგი არ ცხადდებოდა სამსახურში. ამავე მიზეზით, ...ის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის №134 დასკვნის საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 5 თებერვლის №DES 0 20 00000260 ბრძანების შესაბამისად, ფ.ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოპასუხეთა მტკიცებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ქმნის იმის მტკიცების საფუძველს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია, თუმცა აღნიშნული პოზიცია სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ მოსარჩელის არაერთ განცხადებაზე, რომლებითაც იგი უარს აცხადებდა ფ.ტ-ის რეგიონული სამმართველოს ...ის ... განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებაზე. ამასთან, პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელისთვის, ტერიტორიულობის პრინციპიდან გამომდინარე, მიუღებელი იყო აღნიშნული თანამდებობის დაკავება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - ...ის დეპარტამენტმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტა საჭიროებდა არსებითი გარემოებების დადგენას. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის განმხილველი სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის მიერ მითითებული ფაქტებით და მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, დავის სწორად გადაწყვეტისთვის სასამართლოს ეკისრება საკუთარი ინიციატივით საქმის სრულყოფილად გამოკვლევისათვის საჭირო რელევანტური ფაქტების და მტკიცებულებების მოძიების და შეფასების ვალდებულება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენისა და სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე იმგვარად, რომ არ გაითვალისწინა ფ.ტ-ის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მისი შემოწმების არადამაკმაყოფილებელი შედეგები. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ, ხოლო გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში სადავო აქტის გამოცემა, ისე რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გათვალისწინებით მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას გამოკვლეული არ იქნა ფაქტობრივი გარემოებები მოხელის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და შრომის დისციპლინისადმი დამოკიდებულების შესახებ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეს მტკიცებულების სახით თან ერთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საკითხის გამოკვლევასა და გამოსაცდელი ვადის პერიოდში პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შემოწმებისას მოხელის მიერ არადამაკმაყოფილებლად გავლას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ერთობლიობაში უნდა შეაფასოს მოხელის ხელმეორედ გათავისუფლების შესახებ ჩატარებული სხდომის ოქმი და გამოიკვლიოს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დაედო საფუძვლად გათავისუფლებას, გარდა მოხსენებითი ბარათისა, ასევე, ...ის სამმართველოში ჩატარებული 2015 წლის 28 ნოემბრის №5 და 29 დეკემბრის №6 თათბირების სხდომის ოქმები, რომლებითაც, კასატორის მითითებით, მოსარჩელის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი განყოფილების მიმართ არაერთგზის გამოთქმულია შენიშვნები და საყვედურები დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო და განყოფილების საქმიანობა, როგორც წლის, ასევე თვის განმავლობაში შეფასებულია სუსტად. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვისას აღნიშნულ გარემოებებს დეტალური შეფასება უნდა მიეცეს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია საქმეზე უდავოდ დადასტურებული გარემოებები, რომ ფ.ტ-ე კანონიერ ძალაში შესული განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების ფარგლებში 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანებით აღდგენილ იქნა ტოლფას თანამდებობაზე, ...ის დეპარტამენტის ფ.ტ-ის რეგიონული სამმართველოს ...ის ... განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2020 წლის 13 იანვრის ბრძანებით ფ.ტ-ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა საყვედური იმ მიზეზით, რომ იგი არ ცხადდებოდა სამსახურში. ამავე მიზეზით, 2020 წლის 5 თებერვლის ბრძანების შესაბამისად, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. დანიშვნის შესახებ ბრძანება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, თუმცა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობის გამოუყენებლობის გამო, სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ფ.ტ-ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტები კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო სასამართლომ საქმეზე ამ უდავოდ დადასტურებულ გარემოებებზე მითითებით ასევე აღნიშნა, რომ საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, მოსარჩელე აღდგენილი იყო ტოლფას თანამდებობაზე და დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე გათავისუფლდა კიდეც დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, აღნიშნული აქტები ძალაშია და მათი უკანონობა საქმის მასალებით არ დასტურდება. მიუხედავად ამისა, დასახელებული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა. ამასთან, მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით გათვალისწინებულ სამსახურში აღდგენის პროცედურაზე, თუმცა საქმის რეალური, იმჟამად არსებული გარემოებების გამოკვლევისა და გათვალისწინების გარეშე, ...ის დეპარტამენტს განმეორებით დაავალა ფ.ტ-ის სამუშაოზე აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს, ფ.ტ-ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალაში ყოფნის პირობებში, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის რეალურ შესაძლებლობასა და განაცდურის სრული ანაზღაურების კანონიერებაზე, იმ პირობებში, როცა ტოლფას თანამდებობაზე ერთხელ უკვე აღდგენილი მოხელე გათავისუფლებულია თანამდებობიდან და გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობა არ დადასტურებულა. ამ შემთხვევაში დასადგენია, არსებობს თუ არა მოხელის სამუშაოზე განმეორებითი აღდგენის ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ფ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „ფ.ტ-ის გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ...ის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის NDES 0 18 00001668 ბრძანება და „ფ.ტ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანება; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტს დაევალა ფ.ტ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2016 წლის 18 იანვრიდან - 2019 წლის 12 დეკემბრამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით; დანარჩენ ნაწილში ფ.ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს 2015 წლის 28 ნოემბრის №5 თათბირის ოქმი შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითებას (...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის მითითებები) ...ის განყოფილების მიერ მიმდინარე საქმეების ვადის კონტროლზე და მეტ აქტიურობაზე (ვინაიდან სუსტია თვის განმავლობაში მათ მიერ გაწეული მუშაობა). რაც შეეხება 2015 წლის 29 დეკემბრის №6 თათბირის ოქმს, პალატის მოსაზრებით, მასში აღნიშნულია ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის მითითება/შეფასება ...ის განყოფილების მიერ მეტი აქტიურობის და გამოვლინებების საჭიროებაზე (რადგან სუსტია თვის, ასევე წლის განმავლობაში მათ მიერ გაწეული მუშაობა, კერძოდ, ...ის კუთხით). ამასთან, მითითებულია, რომ გამოვლინებები არ ფიქსირდება ...ის მხრიდან, რაც არადამაკმაყოფილებლად აისახება ...ის განყოფილების საქმიანობაზე. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 8 იანვრის №7 თათბირის ოქმი, რომელიც შეიცავს მხოლოდ მითითებას ...ის უფროსის მიერ ყოველდღიურად განსახორციელებელ საქმიანობაზე. ამასთან, 2018 წლის 24 სექტემბრის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ მოისმინა ფ.ტ-ის პოზიცია საქმესთან დაკავშირებით და დაუსვა ზოგადი ხასიათის დამაზუსტებელი შეკითხვები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითება ...ის განყოფილების სუსტ მუშაობაზე, კერძოდ, მეტ აქტიურობასა და გამოვლინებების საჭიროებაზე, ვერ იქნებოდა მიჩნეული ფ.ტ-ის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის იმგვარი შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელ გარემოებად, რაც დაკავებული თანამდებობისათვის მის შეუსაბამობას განაპირობებდა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა ფ.ტ-ის მხრიდან კონკრეტული გადაცდომის ჩადენის ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს 2015 წლის 28 ნოემბრის №5, 2015 წლის 29 დეკემბრის №6 და 2016 წლის 8 იანვრის №7 თათბირის ოქმებში და 2018 წლის 24 სექტემბრის სხდომის ოქმში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა ფ.ტ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებდა რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე ან ფაქტობრივ შედეგზე, რაც დაადასტურებდა ფ.ტ-ის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ფ.ტ-ის მიმართ რეფორმების პერიოდში კეთილსინდისიერი მუშაობისთვის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ გაიცა მადლობის სიგელი, ხელმძღვანელი პირების მიერ ფ.ტ-ე ხასიათდებოდა, როგორც სანიმუშო მუშაობით გამორჩეული თანამშრომელი და 2015 წლის განმავლობაში მასზე ყოველთვიურად, დანამატის სახით, გაიცემოდა ფულადი ანაზღაურება და ფ.ტ-ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი დაფიქსირებული არ ყოფილა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასტურდებოდა სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლები.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის და მისი ამავე თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე აქტები კანონიერ ძალაშია შესული, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში არ არსებობდა ფ.ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ფ.ტ-ის გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ...ის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის NDES 0 18 00001668 ბრძანების კანონშეუსაბამოდ მიჩნევის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ...ის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 12 დეკემბრის NDES 3 19 00002614 ბრძანებით ფ.ტ-ის 2019 წლის 12 დეკემბრიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის პირობებში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ...ის დეპარტამენტს ფ.ტ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება უნდა დაეკისროს მისი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2016 წლის 18 იანვრიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტისა და ფ.ტ-ის მიერ.
კასატორი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას კასატორის 2018 წლის 02 ოქტომბრის NDES 0 18 00001668 ბრძანების ბათილად ცნობისა და დეპარტამენტისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნების ნაწილში.
კასატორის მოსაზრებით, სადავო ბრძანებას გააჩნია ყველა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლებში მითითებული რეკვიზიტი, ასევე დაცულია სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 93-ე მუხლსა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრული მითითებები. დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულია ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 15 იანვრის NDES 4 16 00002834 მოხსენებითი ბარათი, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა დაკავებული პოზიციის შესაბამისი უნარ-ჩვევები და ის ჯეროვნად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, ვერ აკმაყოფილებდა თანამდებობისთვის შესაბამის მოთხოვნებს. დეპარტამენტი იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 29 დეკემბერს Nბს-483(კ-21) საქმეზე გაკეთებულ განმარტებას, რომ მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურისა და მისგან მიღებული სიკეთის გარანტორია საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელე, რომელიც თავად არის გარანტორი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის, ხოლო ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და თანამდებობასთან შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალების მიერ გაწეული მსახურების გზით. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, დეპარტამენტის, როგორც საქმიანობის კანონიერების, დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი პატივისცემის, თანასწორობის, საჯაროობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით მოქმედი დაწესებულების მიერ გამოცემული აქტი, სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და ემსახურება საჯარო ინტერესების დაცვას.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია მასალები (დეპარტამენტის ...ის რეგიონული სამმართველოს უფროსის მიერ ჩატარებული თათბირის ოქმები და მოხსენებით ბარათები), რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის მიერ გამოსაცდელი ვადის პერიოდში პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების არადამაკმაყოფილებლად გავლას, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლების წესს არეგულირებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო მის მიერ გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში. ამასთან, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას თათბირის ოქმებსა და მოხსენებით ბარათებში გაკეთებული მითითებების ზოგად ხასიათთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის No204 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების- ...ის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულების“ შესაბამისად, ფ.ტ-ეს, როგორც ...ის განყოფილების უფროსს, ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ნორმატიულად დადგენილი უფლება-მოვალეობების შესრულებაზე და სწორედ აღნიშნული დავალებების, ფუნქცია-მოვალეობების არაჯეროვანი, ძირითადად კი, სრულიად შეუსრულებლობა გახდა გამოსაცდელი ვადით დანიშნული ფ.ტ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
კასატორი - ფ.ტ-ე ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ფ.ტ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა ტერმინი „ტოლფასის“ მნიშვნელობა, მოსარჩელის სამსახურში აღდგენა ფ.ტ-ის რეგიონში იყო უკანონო, რადგან აღსადგენი და აღდგენილი პოზიციები, აგრეთვე, შრომითი პირობები არ წარმოადგენდა ტოლფასს, სწორედ ამიტომ განაცხადა ფ.ტ-ემ ფ.ტ-ის რეგიონში დანიშვნაზე. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მიერ შეფასების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ ფ.ტ-ის რეგიონში დანიშვნის შესახებ ბრძანების მიმართ წარდგენილ სარჩელზე, ადმინისტრაციული საჩივრით ერთჯერადად გასაჩივრების არარსებობის გამო, შეწყდა საქმის წარმოება (კანონიერ ძალაშია შესული); ამასთან, სასამართლოს მიერ არ შეფასებულა მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისა და ფ.ტ-ის რეგიონში მისთვის გამოყოფილი თანამდებობის ტოლფასობის საკითხი. კასატორი მიუთითებს საკასაციო პალატის პრაქტიკაზე, რომლითაც განმარტებულია ტოლფასი თანამდებობის მნიშვნელობა, ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობის გამოუყენებლობის საკითხი. ამასთან, კასატორი მოიხმობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის N204 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 და მე-7 მუხლებს, რომლებითაც ერთმანეთისაგან განასხვავებს ...ის ...ის განყოფილების ფუნქცია-მოვალეობებს. კასატორი თვლის, რომ რამდენადაც ზემოაღნიშნული ორი განყოფილება ერთმანეთისაგან განსხვავდება და შესაბამისად, თანამდებობები არ წარმოადგენს ტოლფასს, ფ.ტ-ის რეგიონში ფ.ტ-ის დანიშვნის შესახებ ბრძანება არის უკანონო. ამასთან, კასატორი საქმის ზეპირი მოსმენის თაობაზე შუამდგომლობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრისა და 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფ.ტ-ისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით ფ.ტ-ისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ფ.ტ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის 2015 წლის 20 ნოემბრის № DES 15 00002255 ბრძანებით ფ.ტ-ე დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით 2015 წლის 20 ნოემბრიდან - 2016 წლის 20 იანვრამდე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის 2016 წლის 18 იანვრის № DES 0 16 00000094 ბრძანებით ფ.ტ-ე გათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 18 იანვრიდან, რაც ფ.ტ-ემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და სადავო აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის გამოცემით სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ფ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ...ის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 18 იანვრის № DES 0 16 00000094 ბრძანება ფ.ტ-ის გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
...ის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 ბრძანებით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი - ფ.ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 18 იანვრიდან, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ფ.ტ-ემ.
„ფ.ტ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება „ფ.ტ-ის გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ...ის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 და „ფ.ტ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანებების ბათილად ცნობის, ასევე, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფ.ტ-ე გათავისუფლებამდე წარმოადგენდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის მოსამსახურეს - ...ის განყოფილების უფროსს, რომელზეც ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები (სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი). დადგენილია აგრეთვე, რომ ფ.ტ-ე ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებული იყო გამოსაცდელი ვადით. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული იყო მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა გამოსაცდელი ვადით, რომლის განმავლობაში მოწმდებოდა მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოსაცდელი ვადა წარმოადგენს დამსაქმებლისა და დასაქმებულისათვის განკუთვნილ მექანიზმს, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს, შეაფასოს კანდიდატის შესაფერისობა თანამდებობისათვის, ხოლო დასაქმებულისათვის კი ქმნის შესაძლებლობას შესაბამისი შრომითი ურთიერთობიდან და კონკრეტული სამუშაოდან გამომდინარე უპირატესობათა და ნაკლოვანებათა დასანახავად. ამდენად, გამოსაცდელი პერიოდი ეფექტიანი მექანიზმია ორივე მხრიდან არადამაკმაყოფილებელი შრომითი ურთიერთობის თავიდან ასაცილებლად (იხ. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, თავი II - შრომითი ურთიერთობის წარმოშობა, მუხლი 9, ანდრეა ბორონი (რედ.)).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში შესაძლებელი იყო მოხელე გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით. ამასთან, ამავე კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგები, დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა. ამდენად, გამოსაცდელი ვადით პირის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობდა მის უპირობოდ დასაქმებას უწყებაში. მისი დანიშვნის საკითხი წყდებოდა გამოსაცდელი ვადის დასრულებისას. გამოსაცდელი ვადით პირის თანამდებობაზე დანიშვნის მიზანს სწორედ შესასრულებელ სამუშაოსთან მისი შესაბამისობის დადგენა წარმოადგენდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, გამოსაცდელ ვადაში მოხელის შემოწმებისას არადამაკმაყოფილებელი შედეგების პირობებში, ხელმძღვანელ პირებს ანიჭებდა თანამშრომელთა კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების, პირადი თვისებებისა და სხვა გარემოებების შეფასებისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების დისკრეციას, რაც უზრუნველყოფდა როგორც კონკრეტული მოხელის, ასევე, საჯარო ინტერესის დაცვას.
საკასაციო პალატა იზიარებს მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას ფ.ტ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გამოცემასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ გამოსაცდელი ვადა ის განსაკუთრებული პერიოდია, რომლის განმავლობაშიც დამსაქმებელს კანონით აქვს მინიჭებული თავისუფლება, დასაქმებულის შესაბამის თანამდებობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, არ გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა მასთან. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გამოსაცდელი ვადით დასაქმებული პირის გათავისუფლებისას არ შეიძლება გავრცელდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული აქტის დასაბუთების ის სტანდარტი, რომელიც გათვალისწინებულია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სხვა საფუძვლებთან მიმართებით.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება ფ.ტ-ის სამსახურიდან გათავისუფლება გამოსაცდელი ვადით დაკავებული თანამდებობიდან, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, ადმინისტრაციული ორგანოს იმ შეფასების მართლზომიერების დადგენა, რომლის შესაბამისად, ფ.ტ-ის მიერ გამოსაცდელი ვადის გავლა არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის ფართო დისკრეციის არსებობის პირობებში, მართალია, სასამართლო არ არის ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის გადამოწმებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს დეპარტამენტის საქმიანობაზე სასამართლო ზედამხედველობის გამორიცხვას.
მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ 2016 წლის 18 იანვრის № DES 0 16 00000094 ბრძანებით ფ.ტ-ე გათავისუფლდა გამოსაცდელი ვადით დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების № DES 0 16 00000094 ბრძანებას საფუძვლად დაედო ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 15 იანვრის №DES 4 16 00002834 მოხსენებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნა, რომ ფ.ტ-ე გამოსაცდელი ვადის პერიოდში ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რაც არაერთხელ იქნა გამოხატული სიტყვიერი შენიშვნის სახით მოხსენებითი ბარათის ავტორის მიერ. მის ხელმძღვანელობას დაქვემდებარებული განყოფილების მიერ ვერ ხდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა. იგი რაციონალურად ვერ ანაწილებდა მითითებებს/დავალებებს თანამშრომლებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსმა მიიჩნია, რომ ფ.ტ-ემ, პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის გათვალისწინებით, გამოსაცდელი ვადა გაიარა არადამაკმაყოფილებლად.
დადგენილია აგრეთვე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ფ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ...ის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 18 იანვრის № DES 0 16 00000094 ბრძანება ფ.ტ-ის გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
ამასთან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ...ის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 ბრძანებით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი - ფ.ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 18 იანვრიდან (სადავო აქტი).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 ბრძანების საფუძვლად, მათ შორის, მითითებულია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ...ის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 სექტემბრის №DES 5 18 00000277 ბრძანება, რომელშიც დეპარტამენტის უფროსი მიუთითებს, რომ „2016 წლის 18 იანვრის № DES 0 16 00000094 ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-53-ე მუხლებით გათვალისწინებულ ყველა რეკვიზიტს, აგრეთვე, შესაბამისობაშია სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, ამავე კანონის 93-ე მუხლთან და 98-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტთან, ამასთან, ზემოაღნიშნული ბრძანება გამოცემულია დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 15 იანვრის №DES 4 16 00002834 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, დადგინდა ფ.ტ-ის მიერ დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვანი შესრულების არარსებობა, არ გამოვლინდა დაკავებული თანამდებობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები“. დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 სექტემბრის №DES 5 18 00000277 ბრძანებაში აღინიშნა, რომ „...ის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების არარსებობის პირობებში, პირი ვერ დაიკავებს შესაბამის თანამდებობას. სწორედ გამოსაცდელი ვადა წარმოადგენს იმ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც ფასდება მოხელის მიერ შესაბამისი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება, მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულების ხარისხი, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ.ტ-ის აღნიშნული შესაძლებლობები შეფასდა არადამაკმაყოფილებლად“. ამდენად, დეპარტამენტის უფროსმა მიუთითა 2016 წლის 18 იანვრის № DES 0 16 00000094 ბრძანების კანონშესაბამისობაზე და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მანვე გამოსცა ბრძანება ფ.ტ-ის მიმართ იმავე შინაარსის - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ახალი ბრძანების გამოცემის ადმინისტრაციისათვის დავალების შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში გამოცემული სადავო დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 ბრძანება შეიცავს სათანადო დასაბუთებას.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის დროს, განსხვავებით მოხელის სამსახურიდან სხვა რაიმე საფუძვლით გათავისუფლებისაგან, ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით და შესაბამისად, ამ თვალსაზრისით აქვს მიხედულების ფართო ფარგლები. ამ პირობებშიც კი, საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოებები არ არის საკმარისი ფ.ტ-ის მიერ გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებლად გავლის დასადასტურებლად, რადგან საქმეში დაცულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საკითხის გამოკვლევასა და პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შემოწმების შედეგად მოხელის მიერ გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებლად გავლას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში დაცულ ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს 2015 წლის 28 ნოემბრის №5, 2015 წლის 29 დეკემბრის №6 და 2016 წლის 08 იანვრის №7 თათბირის ოქმებზე, რომელთა შესაბამისად, სამმართველოს უფროსის მიერ ...ის განყოფილების უფროსის - ფ.ტ-ის მიმართ გაცემულია მითითებები: შესულ წერილებზე (კორესპონდენციებზე); მიმდინარე საქმეებზე ვადის კონტროლი; მეტი აქტიურობა; არ ფიქსირდება გამოვლინებები; სუსტია თვის და წლის განმავლობაში მათ მიერ გაწეული მუშაობა ...ის კუთხით; მორიგე ჯგუფების ყოველდღიური შემოწმება; კონტროლი ღამის განმავლობაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N204 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-...ის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულების“ მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ...ის განყოფილების ძირითადი კომპეტენციაა: ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების, ნებართვებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე. რეგულირების ობიექტების ...ის პროცესში დადგენილი წესით ...ის აქტის შედგენა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; გ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების შესაბამის ორგანოში (ან თანამდებობის პირთან) გადაგზავნის უზრუნველყოფა; დ) სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი; ე) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლების შეთანხმება და დადგენილი წესით სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგულირების ობიექტებისაგან ახსნა-განმარტებების, ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების, ნებართვებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საკითხის დაყენების უზრუნველყოფა; თ) რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, დადგენილი წესით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება); ი) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში შესაბამის სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე, ლიცენზიის, ნებართვისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გამცემისათვის მიმართვასთან დაკავშირებით წინადადების მომზადების უზრუნველყოფა; მ) დადგენილი წესით ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავებისა და რეგულირების ობიექტებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის განხორციელებაზე კონტროლის განხორციელება; ნ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის ან/და სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ამდენად, ...ის სამმართველოში ჩატარებული 2015 წლის 28 ნოემბრის №5 და 29 დეკემბრის №6 თათბირების სხდომის ოქმებით ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი განყოფილების მიმართ არაერთგზის გამოთქმულია შენიშვნები და საყვედურები დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო და განყოფილების საქმიანობა, როგორც წლის, ასევე თვის განმავლობაში შეფასებულია სუსტად, აღნიშნული დასტურდება აგრეთვე ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 15 იანვრის №DES 4 16 00002834 მოხსენებითი ბარათითა და დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 სექტემბრის №DES 5 18 00000277 ბრძანებით. ამ პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასტურდება მოსარჩელის მიერ გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს თავისი მოთხოვნის დასაბუთებისაგან, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოძიებული დოკუმენტაციის საწინააღმდეგოდ, საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არც ადმინისტრაციული წარმოების და არც საქმის სასამართლოში განხილვის პერიოდში არ წარმოუდგენია. ამდენად, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად გამოცემული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაბუთებულია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისათვის გათვალისწინებული საფუძველი.
ფ.ტ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ...ის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 ბრძანების კანონიერების პირობებში კი, ასევე არ არსებობს აღნიშნულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანების ბათილად ცნობისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტისთვის ფ.ტ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალების საფუძვლები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფ.ტ-ის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული კასაციის საფუძვლები (მიზეზები) მიემართება დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის და დეპარტამენტის ფ.ტ-ის რეგიონული სამმართველოს ...ის ... განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობათა ტოლფასობის საკითხის შეფასებისაკენ და აღნიშნულის საფუძველზე კასატორი აღნიშნავს, რომ ფ.ტ-ის რეგიონული სამმართველოს ...ის ... განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ფ.ტ-ის დანიშვნის შესახებ ბრძანება არის უკანონო. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს „ფ.ტ-ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 12 დეკემბრის N DES 3 19 00002614 ბრძანება, რომლითაც ფ.ტ-ე 2019 წლის 12 დეკემბრიდან აღდგენილ იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ის დეპარტამენტის ფ.ტ-ის რეგიონული სამმართველოს ...ის ... განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ამდენად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს ზემოაღნიშნული თანამდებობისა და დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობის ტოლფასობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ფ.ტ-ე კანონიერ ძალაში შესული განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების ფარგლებში 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანებით აღდგენილ იქნა ტოლფას თანამდებობაზე, ...ის დეპარტამენტის ფ.ტ-ის რეგიონული სამმართველოს ...ის ... განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2020 წლის 13 იანვრის ბრძანებით ფ.ტ-ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა საყვედური იმ მიზეზით, რომ იგი არ ცხადდებოდა სამსახურში. ამავე მიზეზით, 2020 წლის 5 თებერვლის ბრძანების შესაბამისად, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. დანიშვნის შესახებ ბრძანება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, თუმცა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობის გამოუყენებლობის გამო, სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა. შესაბამისად, ფ.ტ-ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტები კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, მოსარჩელე აღდგენილი იყო ტოლფას თანამდებობაზე და დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე გათავისუფლდა კიდეც დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, აღნიშნული აქტები ძალაშია და მათი უკანონობა საქმის მასალებით არ დასტურდება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით რეგლამენტირებული ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ფ.ტ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ფ.ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება სრულად.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა მოწმდება არა ფაქტობრივი, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მხარეთა პოზიციები სამართლებრივ საკითხებზე, რის გამოც, სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას. ამდენად, არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
რაც შეეხება მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. ამასთანავე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „უ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ფიზიკური პირები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ხელფასის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე, ხოლო დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყველა საქმეზე თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, განსახილველი დავის ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ფ.ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ...ის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ფ.ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. ფ.ტ-ის შუამდგომლობა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე