საქმე №ბს-525(კ-24) 27 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ა.ა-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 01 იანვარს სარჩელით მიმართა ხონის მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხე - ა.ა-ის მიმართ, რომლითაც სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დადებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობების დარღვევის მოტივით, მოპასუხისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 3000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1.4 პრიმა პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის 1.5 პრიმა პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, ხოლო ამავე თავის პირველი პრიმა პუნქტით თითოეული სახეობის კონტრაქტის დარღვევისთვის განსაზღვრულია ჯარიმის შესაბამისი ოდენობები. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა.ა-ეს შორის 2020 წლის 17 აგვისტოს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი, რომლის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით სამინისტროს აუნაზღაუროს 3 000 (სამი ათასი) ლარი.
ა.ა-ემ პირადი პატაკის საფუძველზე ვადაზე ადრე შეწყვიტა კონტრაქტი და თავდაცვის მინისტრის 29.06.2022წ. №2713 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით - კონტრაქტის პირობების დარღვევით. შესაბამისად, მოპასუხეს კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავის პირველი პრიმა პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და კონტრაქტის 7.3 პუნქტის საფუძველზე, წარმოეშვა ჯარიმის 3 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, თუმცა აღნიშნული მოპასუხეს სარჩელით მიმართვის დღემდე არ აქვს გადახდილი, რაც დასტურდება ფინანსების მართვის დეპარტამენტის 28.11.2022წ. №1379292 წერილით.
ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ა.ა-ისათვის 3 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 07 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თანახმად, ა.ა-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 17.08.2020წ. დაიდო კონტრაქტი. ა.ა-ემ 27.06.2022წ. №MOD 2 22 00722940 პატაკით ითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნა, რასაც მოჰყვა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 29.06.2022წ. №MOD 1 22 00002713 ბრძანება, რომლითაც ა.ა-ე კონტაქტის პირობების დარღვევის მოტივით, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან და შეტყობინების სახით ეცნობა, რომ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის - 3 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისთვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით და აღნიშნა, რომ 04.11.2008წ. №683 ბრძანების საფუძველზე, 2020 წლის 17 აგვისტოს დადებული მხარეების მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი №3035/20, არ შეიცავდა 7.3. პუნქტს და 7.3. პუნქტში მითითებული შინაარსის დათქმას, რომლის მიხედვითაც მოპასუხის მიმართ განხორციელდებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის - 3 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისათვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პალატის მოსაზრებით, მოპასუხისთვის კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისთვის კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ შეტყობინების სახით ცნობება, ვერ გახდებოდა მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან იგი თავისი ბუნებით წარმოადგენდა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, რაზედაც კანონით გათვალისწინებული წესით (სამოქალაქო კოდექსის 418.2 მუხლი) მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების არსებობის თაობაზე მხარემ მტკიცებულების წარდგენა ვერ შეძლო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლო, თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს ასაბუთებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 317-ე და 316-ე მუხლებზე მითითებით. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
ადმინისტრაციული ორგანო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მოთხოვნაზე და განმარტავს, რომ მოპასუხესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული იყო „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი, რომლის გაფორმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. ამავე პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნას საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. ამავე მუხლის პირველი ოთხი პრიმა პუნქტის თანახმად კი - კონტრაქტის ფორმას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, სწორედ ამ საკანონმდებლო ვალდებულების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008წ. №683 ბრძანებით არის დამტკიცებული კონტრაქტის ფორმა ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გალის შესახებ“, რომელიც უფორმდებათ პროფესიულ საკონტრაქტო სამსახურში გაწვეულ პირებს. სწორედ აღნიშნული კონტრაქტი გაუფორმდა მოპასუხეს, რომლის მე-7 მუხლის 7.3 პუნქტი განსაზღვრავს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ პირობებს და სამხედრო მოსამსახურის მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის სახით 3 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულებას. ა.ა-ემ პირადი პატაკით მიმართა სამინისტროს და განაცხადა, რომ არ სურდა თავდაცვის ძალებში სამსახური და ითხოვდა თავდაცვის რიგებიდან გათავისუფლებას და განაცხადა, რომ სრულიად ითვალისწინებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც შეიძლება მოჰყოლოდა მისი თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნას, რის საფუძველზეც გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც განემარტა, რომ სამინისტროსთან დადებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის ღონისძიება.
ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხესთან გაფორმებული კონტრაქტის სახე არ ითვალისწინებდა ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულებას. მოპასუხესთან გაფორმებულ კონტრაქტს მექანიკურად აკლდა ის გვერდი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008წ. №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ფორმა და შინაარსი ერთნაირია, ის უფორმდება ყველა სამხედრო მოსამსახურეს. ამდენად, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა.ა-ეს შორის 2020 წლის 17 აგვისტოს გაფორმდა კონტრაქტი, რომლითაც ა.ა-ემ აიღო ვალდებულება, შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახური გაეგრძელებინა ოთხი წლის ვადით. კონტრაქტი ჯამში შეიცავდა 12 მუხლს, რომელიც არეგულირებდა მხარეთა შორის ურთიერთობას. ხსენებული კონტრაქტის მე-7 მუხლი ეხებოდა პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ პირობებს, თუმცა კონტრაქტში ასახული მე-7 მუხლი არასრულია - მითითებულია 7.1 პუნქტი, ხოლო 7.2 პუნქტის წინადადება არ არის დასრულებული, ხოლო შემდგომი გვერდიდან იწყება მე-8 მუხლი.
დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 29 ივნისის №MOD 1 22 00002713 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების დასავლეთის სარდლობის მე- ...ის ... ოცეულის ..., I კლასის რიგითი ა.ა-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, პირადი პატაკის საფუძველზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას (1 ნაწ.), ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (2 ნაწ.).
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ა.ა-ეზე 3 000 ლარის დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების პირობების დარღვევის მოტივით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი ჯარიმის დაკისრება, მისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირგასამტეხლოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ჯარიმას, როგორც ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას (იხ. სუსგ 11.07.2012წ. საქმე №ბს-175-173(კ-12) და სხვ.).
საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
როგორც უკვე აღინიშნა, 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა.ა-ეს შორის გაფორმებული კონტრაქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს (დამტკიცებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით), შესაბამისად, კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს განხილული. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში მხარეები ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არ შეთანხმებულან პირგასამტეხლოს სახით - ჯარიმის გადახდაზე, ა.ა-ე არ იყო ინფორმირებული კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს არათუ ოდენობაზე, არამედ ზოგადად, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, საფუძველსაა მოკლებული მისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 3 000 ლარის დაკისრება.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ ა.ა-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 17.08.2020წ. გაფორმებული კონტრაქტი დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008წ. №683 ბრძანებით, შესაბამისად მისი ფორმა და შინაარსი ყველასთვის ერთნაირია, რომელიც ფორმდება თითოეულ სამხედრო მოსამსახურესთან. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამხედრო მოსამსახურესთან კონტრაქტის გაფორმებით ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008წ №683 ბრძანებით დამტკიცებული აბსტრაქტული კონტრაქტის ფორმის ინდივიდუალიზაცია, ხოლო იმისათვის, რომ ზოგადი, აბსტრაქტული წესები გავრცელდეს კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეზე, საჭიროა ეს უკანასკნელი იყოს სათანადო წესით ინფორმირებული ამ წესების შესახებ, სწორედ აღნიშნულს ემსახურება კონტრაქტის თითოეულ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმება.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ იყო შეთანხმებული ხელშემკვრელ მხარეთა შორის, რაც იწვევდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა