საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-598(კ-23) 3 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.გ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 28 აპრილს თ.გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 6 აპრილის №MES 2 21 0000331089 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის შპს ,,...ის“ მიერ თ.გ-ას სახელზე 2010 წელს გაცემული ბაკალავრის დიპლომის ... (სარეგისტრაციო ნომერი №...) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2020 წლის დეკემბერში განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა თ.გ-ას მიერ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება, რაზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ეთქვა უარი. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მოიპოვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ თ.გ-ამ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღო შესაბამისი ქულები, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა ... უნივერსიტეტში ჩასარიცხად. ამდენად, იმის გამო, რომ თ.გ-ას არ გაცდენოდა ერთი წელი, ისარგებლა შპს ,,...ის“ შეთავაზებით და ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაგროვებული ქულებით, 2006 წლის 30 ოქტომბრის N237 ბრძანებით ჩაირიცხა შპს ,,...ში“ ...ის სპეციალობაზე, გაიარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციებით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა და 2010 წელს მიიღო სახელმწიფო სტანდარტით დამტკიცებული დიპლომი. მოსარჩელის განმარტებით, ამჟამად თ.გ-ა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს საქართველოს შსს ...ის დეპარტამენტის ...ის განყოფილებაში (...), ...ის პოზიციაზე. შესაბამისად, მას გააჩნია კანონიერი უფლება და ინტერესი ჰქონდეს დიპლომი და განახორციელოს პროფესიული საქმიანობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თ.გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-3, 25-ე მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ პირველ, მე-2 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე საკითხზე განცხადების განმეორებით წარდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ 2021 წლის 1 აპრილს, ბაკალავრის ... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნით, თ.გ-ას მიერ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განმეორებით წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების არსებობის ან ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოების განმცხადებლის სასარგებლოდ შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც განაპირობებდა თ.გ-ასთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 აგვისტოს №MES 1 17 0000973955 გადაწყვეტილებას, რომლითაც თ.გ-ას უარი ეთქვა ბაკალავრის ... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, არსებითად საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ განმცხადებელმა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გარეშე (ლიცენზირებულ, არაღიარებულ რეჟიმში). ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თ.გ-ას 2021 წლის 1 აპრილის განცხადების კვლავ არსებითად განხილვის შემთხვევაშიც კი, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებლის სასარგებლოდ ვერ იქნებოდა მიღებული უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული წარმოების შედეგი მის მიმართ არ შეიცვლებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ.გ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, თ.გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 06 აპრილის №MES 2 21 0000331089 გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თ.გ-ას 2021 წლის 01 აპრილის №311895 განცხადების არსებითი განხილვა; დანარჩენ ნაწილში თ.გ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ 2021 წლის 01 აპრილს თ.გ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარუდგინა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2021 წლის 02 მარტს გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მან 2006 წელს გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღო შემდეგი შეფასება: ქართული ენა და ლიტერატურა - 49 ქულა (სკალირებული ქულა - 140.5), ზოგადი უნარები - 40 ქულა (სკალირებული ქულა - 141.3), რუსული ენა - 48 ქულა (სკალირებული ქულა - 147.5). სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 06 აპრილის №MES 2 21 0000331089 გადაწყვეტილებით, თ.გ-ას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უარი ეთქვა 2021 წლის 01 აპრილის განცხადების განხილვაზე.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის 2021 წლის 01 აპრილის განცხადების შინაარსსა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2021 წლის 02 მარტს გაცემულ ცნობაზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან თავდაპირველად მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განპირობებული იყო მხოლოდ იმ გარემოებით, რომ თ.გ-ამ სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გარეშე (ლიცენზირებულ, არაღიარებულ რეჟიმში), განმეორებითი განცხადების განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოდგენილი ცნობის პირობებში ამ მიმართულებით უნდა შეეფასებინა ახლად აღმოჩენილი ან/და ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაცია რამდენად ხდიდა შესაძლებელს განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად არ იმსჯელა განცხადებაზე და აღნიშნა, რომ იგი არ შეიცავდა მითითებას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებაზე, რის გამოც მოსარჩელეს უარი უთხრა წარდგენილი განცხადების განხილვაზე. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო აქტი, რომ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია მოსარჩელის განცხადების წარმოებაში მიღების კონკრეტულ წინაპირობებზე, კერძოდ, არსებობდა თუ არა საკითხის არსებითად შეფასებისთვის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება შეიცავდა მითითებას სხვა (ახალ) გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც შეუძლიათ განმცხადებლის სასარგებლოდ ახალი გარემოებების დადასტურება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღნიშნული ცნობის წარდგენით ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა რეალური შესაძლებლობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში არსებითად ემსჯელა დაინტერესებული პირის განცხადებაზე და მის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის შედეგად, მიეღო ახალი გადაწყვეტილება განმცხადებლის მოთხოვნის ფარგლებში, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პოზიცია და მტკიცებულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის განცხადების განხილვის და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს, მითითებული განაპირობებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების განხილვის დავალების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 2 მარტის ცნობა წარმოადგენდა ახალ გარემოებას, რომელიც პირის სასარგებლოდ ცვლიდა მოცემულობას. კასატორის განმარტებით, ერთმანეთისაგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება და სტუდენტის სტატუსის მოპოვება. სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება ის, მოიპოვა თუ არა პირმა სტუდენტის სტატუსი კანონით დადგენილი წესით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ თ.გ-ამ მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში არ არის საკმარისი, გადამწყვეტია სტუდენტის სტატუსის ამ გზით მოპოვება. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თავდაპირველ გადაწყვეტილებაშიც, რომლითაც თ.გ-ას უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, აღნიშნულია, რომ თ.გ-ამ სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გარეშე (ლიცენზირებულ, არაღიარებულ რეჟიმში). აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ ცენტრმა გადაამოწმა თ.გ-ას მოპოვებული ჰქონდა თუ არა სტუდენტის სტატუსი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე, ცენტრის მხრიდან არცერთი წარმოების ეტაპზე არ მომხდარა იმის უგულებელყოფა, რომ თ.გ-ა გასული იყო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ გამოცდებში მონაწილეობა არაა საკმარისი სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად. ამასთან, კასატორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მხოლოდ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის უფლებამოსილი დაადგინოს არის თუ არა პირის მიერ მოპოვებული ქულები საკმარისი სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კი აღნიშნულ ინფორმაციას სწორედ მოცემული ადმინისტრაციული ორგანოსგან იღებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით, დადგინდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ზეპირ მოსმენაზე მოისმინა მხარეთა პოზიციები სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საკითხის განხილვის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მისი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 26 ივლისს თ.გ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს ,,...ის“ მიერ მის სახელზე 2010 წელს გაცემული ბაკალავრის დიპლომის ... (სარეგისტრაციო ნომერი №...) ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შპს ,,...ის“ 2017 წლის 3 აგვისტოს წერილით გადაეგზავნა შპს ,,...ის“ რექტორის 2006 წლის 30 ოქტომბრის N237 ბრძანება. მითითებული ბრძანების თანახმად, თ.გ-ა უნივერსიტეტის პირველ კურსზე ...ის სპეციალობაზე ჩაირიცხა 2006-2007 სასწავლო წელს, გასაუბრების წესით, პირადი განცხადების საფუძველზე. ამასთან, ამავე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 19 აგვისტოს წერილით ეცნობა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში თ.გ-ას შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით კი, თ.გ-ა 2006 წელს ჩაირიცხა შპს ,,...ში“ (N37; 30.10.2006).
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 აგვისტოს №MES 1 17 0000973955 გადაწყვეტილებით, თ.გ-ას უარი ეთქვა შპს ,,...ის“ მიერ მის სახელზე 2010 წელს გაცემული ბაკალავრის დიპლომის ... (სარეგისტრაციო ნომერი №...) ნამდვილობის დადასტურებაზე. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ცენტრში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, თ.გ-ა შპს ,,...ში“ ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვების კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით, რექტორის 2006 წლის 30 ოქტომბრის N37 ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, თ.გ-ამ სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გარეშე (ლიცენზირებულ, არაღიარებულ რეჟიმში).
დადგენილია, რომ 2021 წლის 1 აპრილს თ.გ-ამ კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს ,,...ის“ მიერ მის სახელზე 2010 წელს გაცემული ბაკალავრის დიპლომის ... (სარეგისტრაციო ნომერი №...) ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 2 მარტის ცნობა და ამონაწერი აბიტურიენტის - თ.გ-ას ელექტრონული პორტალიდან. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 2 მარტის ცნობის თანახმად, თ.გ-ამ 2006 წელს გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღო შემდეგი შეფასება: ქართული ენა და ლიტერატურა - 49 ქულა (სკალირებული ქულა - 140.5), ზოგადი უნარები - 40 ქულა (სკალირებული ქულა - 141.3), რუსული ენა - 48 ქულა (სკალირებული ქულა - 147.5). ამასთან, აბიტურიენტის ელექტრონული პორტალის ამონაწერში მითითებულია თ.გ-ას მიერ 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ საგნებში მიღებული შეფასებები და დამატებით აღნიშნულია ,,ვერ ჩაირიცხა“.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 6 აპრილის №MES 2 21 0000331089 გადაწყვეტილებით, თ.გ-ას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უარი ეთქვა 2021 წლის 1 აპრილის განცხადების განხილვაზე.
საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 7 ივლისის წერილი, რომლის თანახმად, თ.გ-ამ მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში 2005 და 2006 წლებში, მაგრამ ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 6 აპრილის №MES 2 21 0000331089 გადაწყვეტილება, რომლითაც თ.გ-ას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უარი ეთქვა 2021 წლის 1 აპრილის განცხადების განხილვაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მითითებული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 აგვისტოს №MES 1 17 0000973955 გადაწყვეტილებით, თ.გ-ას უარი ეთქვა შპს ,,...ის“ მიერ მის სახელზე 2010 წელს გაცემული ბაკალავრის დიპლომის ... (სარეგისტრაციო ნომერი №...) ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გარეშე (ლიცენზირებულ, არაღიარებულ რეჟიმში).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2005 წლიდან ამოქმედდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც დადგინდა საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პირობები, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპები და წესი, ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, აგრეთვე ლიცენზირებისა და აკრედიტაციის წესი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით, განათლების სისტემაში განხორციელდა ძირეული ცვლილებები, მათ შორის დაწესდა სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდა არის პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად. ამასთან, პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში ჩატარდა 2005 წლის ზაფხულში.
საკასაციო პალატა მიუთითებს თ.გ-ას შპს ,,...ში“ ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისში ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს სურვილი, უფლება ან/და ვალდებულება ჩაერთოს ერთიან საგამოცდო სისტემაში, აცხადებს საკუთარი ფაკულტეტების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს. გამოცდებგავლილ აბიტურიენტთა ფაკულტეტებზე მიღება წარმოებს ფაკულტეტების მიერ სასწავლო წლის დასაწყისში საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით. აღნიშნული მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული გამოცდების ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტებმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს. სიები ეგზავნება შესაბამის ფაკულტეტებს. ამასთან, მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს თ.გ-ას შპს ,,...ში“ ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N... ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე ფაკულტეტზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება. მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კი, თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა მის მიერ მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლება და თუ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩა თავისუფალი ადგილები, მას უფლება აქვს ამ ადგილებზე კიდევ ერთხელ გააკეთოს განაცხადი, სადაც მისი საკითხის განხილვა მოხდება ამავე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ.გ-ა შპს ,,...ში“ ჩაირიცხა რექტორის 2006 წლის 30 ოქტომბრის N237 ბრძანებით, გასაუბრების წესით, პირადი განცხადების საფუძველზე. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში თ.გ-ას შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით კი, თ.გ-ა 2006 წელს ჩაირიცხა შპს ,,...ში“. მეტიც, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ.გ-ამ მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში 2005 და 2006 წლებში, მაგრამ ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ თ.გ-ამ მას შემდეგ, რაც პირველადი ჩარიცხვების შედეგების საფუძველზე ვერ მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, კიდევ ერთხელ გააკეთა განაცხადი უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე და ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით, ამ გზით მოიპოვა სტუდენტის სტატუსი. ამგვარ გარემოებაზე არც მოსარჩელე მიუთითებდა. თ.გ-ა წარმოდგენილ სარჩელში თავად უთითებს, რომ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღო შესაბამისი ქულები, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა ... უნივერსიტეტში ჩასარიცხად და იმის გამო, რომ არ გაცდენოდა ერთი წელი, ისარგებლა შპს ,,...ის“ შეთავაზებით და 2006 წლის 30 ოქტომბრის N237 ბრძანებით ჩაირიცხა შპს ,,...ში“ ...ის სპეციალობაზე.
საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ.გ-ას განმარტებით, იგი უნივერსიტეტში ჩაირიცხა ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაგროვებული ქულებით, თუმცა საქმეში წარმოდგენილ შპს ,,...ის“ რექტორის 2006 წლის 30 ოქტომბრის N237 ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ იგი უნივერსიტეტში ჩაირიცხა გასაუბრების წესით, პირადი განცხადების საფუძველზე. ამასთან, თ.გ-ას უნივერსიტეტში ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციების მოქმედების პირობებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას როგორც პირველადი, ისე მეორადი ჩარიცხვების დროს აბიტურიენტის მიღება შეეძლო მხოლოდ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადაგზავნილი სიების გათვალისწინებით, სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე და არა დამოუკიდებლად, აბიტურიენტის პირადი განცხადებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის განმარტება შპს ,,...ში“ ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაგროვებული ქულების საფუძველზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ.
ამდენად, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, უტყუარად დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში თ.გ-ას არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების (პირველადი და მეორადი ჩარიცხვები) გავლით, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით. მართალია, მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო 2005 და 2006 წლების ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა მან აღნიშნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა და ჩასაბარებელ საგნებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრების გადალახვა აბიტურიენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სტატუსს ავტომატურად არ ანიჭებს, აუცილებელია დადგინდეს აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულები საკმარისია თუ არა მისთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასურველ ფაკულტეტზე მოსახვედრად. მოცემულ შემთხვევაში კი დადასტურებულია, რომ თ.გ-ას მიერ 2005 და 2006 წლებში ჩაბარებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სასურველ ფაკულტეტზე მოსახვედრად. ამასთან, მას არც უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ახალი განაცხადის წარდგენის გზით მოუპოვებია სტუდენტის სტატუსი. შესაბამისად, თ.გ-ამ სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას. შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ №ბს-812(კ-18), 04.10.2018). თუმცა, ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, თ.გ-ას ვერ ექნება კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ, ვინაიდან მან 2005 და 2006 წლებში სცადა სტუდენტის სტატუსის მოპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც თ.გ-ამ სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით. აღნიშნული გარემოებები კი გამორიცხავს მის მიმართ კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თ.გ-ას მიერ 2021 წლის 1 აპრილს შპს ,,...ის“ მიერ მის სახელზე 2010 წელს გაცემული ბაკალავრის დიპლომის ... (სარეგისტრაციო ნომერი №...) ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ხელახლა წარდგენილ განცხადებაზე თანდართული სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 2 მარტის ცნობა და ამონაწერი აბიტურიენტის ელექტრონული პორტალიდან, არ ცვლიდა ფაქტობრივ და სამართლებრივ მდგომარეობას მოსარჩელის სასარგებლოდ და არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას (მტკიცებულება), რომელიც მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას განაპირობებდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 6 აპრილის №MES 2 21 0000331089 გადაწყვეტილება, რომლითაც თ.გ-ას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უარი ეთქვა 2021 წლის 1 აპრილის განცხადების განხილვაზე, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მისი თანმდევი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ.გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. თ.გ-ას მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. თ.გ-ას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე