Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-590(კ-24) 22 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა.ვ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ა.ვ-მა 2023 წლის 26 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 28 დეკემბრის №ბ37.01223622 ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 16 მარტის №302 ბრძანება ა.ვ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი მოსარჩელე - ა.ვ-ის მიმართ 500 ლარის გადაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა.ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ვ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ვ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად არ მიიჩნიეს დადგენილად, ის გარემოება რომ მოსარჩელეს უმძიმესი ეკონომიკურ-სოციალური პირობები აქვს და წლის განმავლობაში მხოლოდ 1500 ლარი ვერ უზრუნველყოფს ამ პრობლემების აღმოფხვრას. კასატორის აღნიშვნით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული ახსნა-განმარტებით და კითხვებზე გაცემული პასუხებით აშკარად იკვეთება, რომ მოსარჩელის ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც იმყოფება უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. კასატორის შვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არის შშმ პირი, ასევე ინსულინდამოკიდებული და საჭიროებს ზუსტ კვებას, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. გარდა ამისა, ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები არის გაუსაძლისი, რადგან მათი საცხოვრებელი არის უკიდურესად ავარიული, რაც სტიქიამ უარესად დააზიანა. თუ არ შეკეთდა აღნიშნული დაზიანებები, სახლი დაინგრევა და ოჯახი დარჩება ღია ცის ქვეშ, რაც გამოიწვევს ისედაც გაჭირვებული ოჯახის უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაყენებას.

კასატორის განმარტებით, გამგეობა წარმოადგენს თავის ტერიტორიულ ერთეულში პირთა სოციალური დახმარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ზედმიწევნით დაადგინოს და შეაფასოს დაინტერესებული პირის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 29 დეკემბრის N20.1641.1986 განკარგულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გამგებელი თავისი გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო წლის განმავლობაში, უფლებამოსილია ერთი და იმავე განმცხადებლის მიმართ გასცეს ფულადი დახმარება, რომლის ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 500 ლარს, ხოლო 1 500 ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამგებელი გასცემს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სწორედ სახეზეა აღნიშნული ნორმების დარღვევა. მოპასუხეების მხრიდან არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და გარემოებები და მიღებულ იქნა კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება, რამაც ზიანი მიაყენა კასატორის კანონით მინიჭებულ უფლებებს, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებდა, რომ ბიუჯეტში არ იყო თანხა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში მათი მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სადავო გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით ა.ვ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავისათვის მნიშვნელობის მქონეა ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის მიერ მოსარჩელისთვის მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2022 წლის 16 დეკემბერს ა.ვ-მა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას და ერთჯერადი დახმარების სახით 500 (ხუთასი) ლარის გამოყოფა მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 19 დეკემბრის №37- 01223531808 წერილით, ა.ვ-ის 2022 წლის 16 დეკემბრის წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №21.1881.2088 განკარგულების შესაბამისად, 2022 წლის 02 დეკემბრის ბ37.01223363 ბრძანებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის გამო.

ამავე წერილით, განმცხადებელს ეცნობა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგებლის ბრძანებების საფუძველზე, 2022 წელს ა.ვ-სა და მის ოჯახს უკვე გაეწიათ დახმარება თითოეულ წევრზე (ა.ვ-ი, ე.ა-ი, რ.ვ-ი) - მაქსიმალური 1500 ლარის ოდენობით. წერილში მიეთითა, რომ საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბენეფიციარზე გაცემული, წესით განსაზღვრული ყველა კატეგორიის დახმარება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს - 1500 ლარს.

2022 წლის 22 დეკემბერს ა.ვ-მა მიზნობრივი ფინანსური დახმარების გამოყოფის მოთხოვნით კვლავ მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას, განცხადებით მოითხოვა საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანა და ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარის გამოყოფა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის-სოციალური პროექტების განყოფილების საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს (საბჭო) 2022 წლის 28 დეკემბრის №180 სხდომის ოქმის თანახმად, საბჭომ განიხილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, საბჭომ იმსჯელა 203 მოქალაქის განცხადებაზე, რომელიც შეეხებოდა მიზნობრივი ფინანსური დახმარების, სამედიცინო დავალიანების და კომუნალური დავალიანების დაფარვას და ყველა მათგანზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ამოწურვის გამო. ...ის რაიონის გამგებლის მოადგილის 2022 წლის 28 დეკემბრის №37-01223622496 მოხსენებითი ბარათით, ...ის რაიონის გამგებელს ეცნობა, ...ის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სოციალური პროექტების განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით გამგებლის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს (საბჭოს) უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და ამავე მოხსენებითი ბარათით ...ის რაიონის გამგებელს ეთხოვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოეცა ბრძანება სოციალურად დაუცველი ან/და შეჭირვებული 203 მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ...ის რაიონის გამგებლის 2022 წლის 28 დეკემბრის №გ37.01223622 ბრძანების (დანართი №2-ის) მიხედვით არ დაკმაყოფილდა გამგეობის სახელზე შესული 203 მოქალაქის განცხადებები, მათ შორის, უარი ეთქვა ა.ვ-ის 2022 წლის 22 დეკემბრის №19/01223562986-37 განცხადებით მოთხოვნილი საკითხის დაკმაყოფილებაზე.

023 წლის 16 იანვარს ა.ვ-მა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №19/01230162111-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგებლის 2022 წლის 28 დეკემბრის №გ37.01223622 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 16 მარტის №302 ბრძანებით, ა.ვ-ის 2023 წლის 16 იანვრის №19/01230162111-01 საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ...ის რაიონის გამგებლის 2022 წლის 28 დეკემბრის №გ37.01223622 ბრძანება ა.ვ-ისთვის ფინანსური დახმარების გაცემაზე უარის თქმის ნაწილში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 16 მარტის №302 ბრძანების თანახმად, ა.ვ-ი წარმოადგენს თავისი შვილის, ე.ა-ნის მხარდამჭერს. ასევე როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, მათი ოჯახის წევრს წარმოადგენს რ.ვ-ი და ისინი ეწევიან საერთო მეურნეობას. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ა.ვ-ის, რ.ვ-ისა და ე.ა-ის მიერ 2022 წელს, სხვადასხვა დროს მიღებული თანხებით, სრულად იქნა ათვისებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური დახმარება; კერძოდ, ...ის რაიონის გამგებლის 2022 წლის 25 იანვრის №გ37.01220252 ბრძანებით დაკმაყოფილდა ა.ვ-ის 2022 წლის 11 იანვრის №19/01220113561-37 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფინანსური დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ე.ა-ისათვის; 2022 წლის 11 თებერვლის №637-01220423 ბრძანებით დაკმაყოფილდა ა.ვ-ის 2022 წლის 26 იანვრის №19/01220262971- 01 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფინანსური დახმარება 500.00 ლარის ოდენობით ა.ვ-ისათვის; ...ის რაიონის გამგებლის 2022 წლის 5 აპრილის №37.01220953 ბრძანებით დაკმაყოფილდა რ.ვ-ის 2022 წლის 24 თებერვლის №19/01220552007-37 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფინანსური დახმარება 1000.00 (ათასი) ლარის ოდენობით რ.ვ-ისათვის; ...ის რაიონის გამგებლის 2022 წლის 17 მაისის №837.012221373 ბრძანებით დაკმაყოფილდა ა.ვ-ის 2022 წლის 29 აპრილის №19/01221192909-37 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; 2022 წლის 4 ივლისის №37.012218518 ბრძანებით დაკმაყოფილდა 2022 წლის 27 ივნისის ა.ვ-ის №19/01221784070-37 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ა.ვ-ისათვის, ჯამში - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. ...ის რაიონის გამგებლის 2022 წლის 7 ივლისის №37.01221884 ბრძანებით დაკმაყოფილდა ა.ვ-ის 2022 წლის 27 ივნისის №19/01221784034-37 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით რ.ვ-ისათვის ჯამში - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და ამავე ბრძანებით დაკმაყოფილდა ა.ვ-ის 2022 წლის 27 ივნისის №19/01221784062-37 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ე.ა-ისათვის, ჯამში - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ა.ვ-ის და მის ოჯახში შემავალ პირებს 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს მიღებული ჰქონდათ მიზნობრივი ფინანსური დახმარებები (თითოეულს - 1500 ლარის ოდენობით), ...ის რაიონის გამგებლის 2022 წლის 28 დეკემბრის №ბ37.01223622 ბრძანებით არ იქნა დაკმაყოფილებული ა.ვ-ის განცხადება მისთვის მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით, რაც საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, განხორციელდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

მოცემული დავის გადასაწყვეტად საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 29 დეკემბრის N20.1641.1986 განკარგულებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 18) განხორციელების წესზე“, რომელიც განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მათ შორის, უმწეო და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესების, სტიქიური მოვლენებისა და უბედური შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ფინანსური დახმარების გაცემის წესს. მითითებული წესის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობაში განცხადების წარდგენის წესს, განცხადებაში მისათითებელ სავალდებულო ინფორმაციასა და განცხადებასთან ერთად წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალს, ხოლო მე-3 მუხლით დეტალურადაა დადგენილი გადაწყვეტილების მიღებისა და დახმარების გაცემის პროცედურა. კერძოდ, საკასაციო პალატა უთითებს, რომ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავს დახმარების მიღების თაობაზე შემოსულ განცხადებებს, ამზადებს და გამგებელს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს. თავის მხრივ, საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაციის წარდგენის შემდგომ, გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამავე განკარგულების მე-6 მუხლიდან გამომდინარე, დახმარების გაცემაზე გამგებელი გადაწყვეტილებას იღებს საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 (ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში, ხოლო საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 (ათას ხუთასი) ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამგებელი გასცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული სადავო ბრძანებებით განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა დისკრეციული უფლებამოსილის არსებობაზე მითითებით, იმ საფუძვლით, რომ ა.ვ-სა და მის შვილს 2022 წლის ბიუჯეტიდან 1500-1500 ლარის ოდენობით დახმარება უკვე მიღებული ჰქონდათ. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტიდან გამომდინარე, მართალია, მოპასუხეს უდავოდ აქვს ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ, თუმცა, აღნიშნული მოცემულობა არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უპირობო ვალდებულებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეუზღუდავად დააკმაყოფილოს თითოეული განმცხადებლის მოთხოვნა, როგორც 1500 ლარის ფარგლებში, ასევე 1500 ლარზე მეტი ოდენობით დახმარების მოთხოვნისას მიმართოს მუნიციპალიტეტის მთავრობას თანხმობის მოპოვების მიზნით.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სოციალური საკითხის გადაწყვეტის პროცესში, ბიუჯეტის ფიქსირებული მოცულობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო თავისი შეხედულებით მაქსიმალურად ცდილობს თანაბრად გადაანაწილოს სოციალური დახმარების სახით გამოყოფილი თანხები, რა დროსაც მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს პრიორიტეტი ამგვარ შემთხვევებში უნდა იყოს კონკრეტული საჭიროებების განსაზღვრის გზით მიიღოს გადაწყვეტილება განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ანდა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმგვარად, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა შედეგებმა დაუსაბუთებლად არ განაპირობოს სხვა ასევე მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ დაუცველ პირთა სოციალური უფლებების შეზღუდვა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრული დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია. ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ა.ვ-ის, რ.ვ-ისა და ე.ა-ის მიერ 2022 წელს, სხვადასხვა დროს მიღებული თანხებით, სრულად იქნა ათვისებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური დახმარება; კერძოდ, ...ის რაიონის გამგებლის 2022 წლის 25 იანვრის №გ37.01220252 ბრძანებით დაკმაყოფილდა ა.ვ-ის 2022 წლის 11 იანვრის №19/01220113561-37 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფინანსური დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ე.ა-ისათვის; 2022 წლის 11 თებერვლის №637-01220423 ბრძანებით დაკმაყოფილდა ა.ვ-ის 2022 წლის 26 იანვრის №19/01220262971- 01 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფინანსური დახმარება 500.00 ლარის ოდენობით ა.ვ-ისათვის; ...ის რაიონის გამგებლის 2022 წლის 5 აპრილის №37.01220953 ბრძანებით დაკმაყოფილდა რ.ვ-ის 2022 წლის 24 თებერვლის №19/01220552007-37 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფინანსური დახმარება 1000.00 (ათასი) ლარის ოდენობით - რ.ვ-ისათვის; ...ის რაიონის გამგებლის 2022 წლის 17 მაისის №837.012221373 ბრძანებით დაკმაყოფილდა ა.ვ-ის 2022 წლის 29 აპრილის №19/01221192909-37 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; 2022 წლის 4 ივლისის №37.012218518 ბრძანებით დაკმაყოფილდა 2022 წლის 27 ივნისის ა.ვ-ის №19/01221784070-37 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით - ა.ვ-ისათვის, ჯამში - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. ...ის რაიონის გამგებლის 2022 წლის 7 ივლისის №37.01221884 ბრძანებით დაკმაყოფილდა ა.ვ-ის 2022 წლის 27 ივნისის №19/01221784034-37 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით რ.ვ-ისათვის - ჯამში 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და ამავე ბრძანებით დაკმაყოფილდა ა.ვ-ის 2022 წლის 27 ივნისის №19/01221784062-37 განცხადება და გაიცა მიზნობრივი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ე.ა-ისათვის, ჯამში 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და მიუთითებს, რომ მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანებისა და მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში ჰქონდა უფლებამოსილება არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის განცხადება და უარი ეთქვა ა.ვ-ისთვის 2022 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დამატებით თანხების გაცემაზე, ვინაიდან სადავო ბრძანებებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ამოწურვა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ერთჯერადი დახმარების გაცემის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა წლის ბოლოს, როდესაც სრულიად შესაძლებელია თანხები, რომელიც გამოყოფილი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტების მიღების, ასევე უმწეო და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესების, სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციისა და ფინანსური დახმარების მიღების მიზნით ამოწურული ყოფილიყო. მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა იმის უფლება მიემართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის, თუმცა ეს მიმართვა გამართლებული იქნებოდა თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები მიცემდა შესაძლებლობას გამგეობას თანხმობის მიღების შემთხვევაში, დაეკმაყოფილებინა ბენეფიციარის მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე.

შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ა.ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე