№ბს-1132(კ-24) 6 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 9 აგვისტოს №02/23-0954 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლ.მ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 9 აგვისტოს №02/23/შ/პ-0954 გადაწყვეტილება. დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ.მ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 9 აგვისტოს №02/23-0954 გადაწყვეტილება. მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ.მ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას კანონით დადგენილ ფარგლებში. კანონით დადგენილი ფარგლები კი სწორედ ის ხუთი კრიტერიუმია, რომლის გამოკვლევის საფუძველზეც იღებს საბჭო გადაწყვეტილებას, კერძოდ: 1. დანაშაულის ხასიათი - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; 2. მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაცია; 3. მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; 4. ოჯახური პირობები – მსჯავრდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; 5. მსჯავრდებულის პიროვნება - მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. გადაწყვეტილების მიღებისას თითოეული კრიტერიუმი უნდა შეფასდეს დეტალურად, მათი შინაარსისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების პირობებში. შესაბამისად, თითოეული კრიტერიუმი საქმის ინდივიდუალურობისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით ფასდება. მხოლოდ შეფასებული კრიტერიუმების სიჭარბე/რაოდენობა უპირობოდ და ავტომატურად არ წარმოადგენს გათავისუფლების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. საკითხის სწორად გადაწყვეტა დამოკიდებულია შეფასებული კრიტერიუმების შინაარსზე/მნიშვნელობაზე, წონაზე, ხარისხზე და არა მხოლოდ ფორმალურად მათ რაოდენობაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 24 მარტს, თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე ...ში - ლ.მ-ი ს.მ-ის გაურიგდა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ე.წ. „...“ მიყიდდა 60 ლარად, თუმცა მან მოატყუა და როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა 0.0...4 გრამი მუყაოს ფირფიტის ნაჭერში, რომელიც სინამდვილეში არ მიეკუთვნებოდა ნარკოტიკულ საშუალებათა ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას, სანაცვლოდ კი მიიღო 60 ლარი. ლ.მ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0.54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება ...ას შემცველი 5 ცალი ტაბლეტი, რომელიც შემდგომ თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე ...ში 600 ლარად გაასაღა ს.მ-ზე. ლ.მ-მა უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა - 7 ცალი ქარხნული წესით დამზადებული ...ის 9მმ. კალიბრის ვაზნა და უკანონოდ შეინახა. აღნიშნული დანაშაულის ადეკვატური დასჯადობა მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვიდან მომდინარე ისეთი საფრთხეების პრევენციას, როგორიცაა: ა) ჯანმრთელობის დაცვა, როგორც ცალკეული ინდივიდის, ასევე მთელი საზოგადოების და ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თაღლითობის მართლსაწინააღმდეგო ბუნება და მისი სიმძაფრე გამოხატულია თავად დანაშაულის ჩადენის ხერხში. მსგავსი ტიპის დანაშაულებზე მსჯავრდებულთა მიერ დაზარალებულის ნდობის ბოროტად გამოყენების ტაქტიკა, ბუნებრივია, მიუთითებს მათ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე მსგავსი კატეგორიის დანაშაულთა ჩადენაში. მსგავს დანაშაულებზე მნიშვნელოვანია როგორც საერთოდ საზოგადოებაში მსჯავრდებულის უსაფრთხო ინტეგრაცია, ისე კონკრეტული დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა რესტიტუცია. ზემოაღნიშნული დანაშაული ხელყოფს საზოგადოებრივ უშიშროებასა და წესრიგს. მსჯავრდებულს თითოეული ქმედება ჩადენილი აქვს პირდაპირი განზრახვით, რაც გულისხმობს, რომ ლ.მ-ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, რაც მეტყველებს ჩადენილი ქმედების მომეტებულ საშიშროებაზე.
№... პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული დახასიათების 21-ე პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე წახალისებულია ხუთჯერ, რაც საბჭოს მხრიდან დადებითად შეფასდა, თუმცა სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილიცაა, აეკრძალა ხანმოკლე პაემანით სარგებლობის უფლება. მსჯავრდებულის ქცევაზე მსჯელობისას, ამ ფაქტმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ეს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების ზოგად მახასიათებელს და ამით ფასდება თუ რა დამოკიდებულება აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილ ქცევის წესებთან. №... პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული დახასიათების მე-12 პუნქტის მიხედვით, მსჯავრდებული ლ.მ-ი დასაოჯახებელია. არ ჰყავს შვილები. მსჯავრდებულის თქმით, ის სარგებლობს სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით: ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ასევე იყენებს ხანმოკლე და ხანგრძლივ პაემნებს. მსჯავრდებულის თქმით, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაწესებულების მიერ მოწოდებულ დახასიათებას თან არ ერთვის სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასება. შეფასების შედეგად, საბჭოს შესაძლებლობა ექნებოდა ემსჯელა, თუ რა რესურსი ექნებოდა ლ.მ-ის გათავისუფლების შემთხვევაში, სამსახურის მოძიების თვალსაზრისით. წარმოდგენილი მასალებით, არ იკვეთება ოჯახის მზაობა, რომ უზრუნველყოს ლ.მ-ი ყველა საჭიროებით თუ მას საწყის ეტაპზე შეექმნება დასაქმების პრობლემა. მსჯავრდებული მიუთითებს, რომ არ ჰყავს მეუღლე და შვილები, თუმცა არ საუბრობს ოჯახის სხვა წევრებზე. შესაბამისად, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ჰყავს თუ არა ძლიერი მხარდამჭერი ქსელი ოჯახის წევრების სახით, რომლებიც აქტიურად დაუდგებიან მხარში და მზად იქნებიან მომავალშიც თანადგომა გაუწიონ მას.
წარმოდგენილი ინფორმაციით არ იკვეთება მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან. ადგილობრივი საბჭოების შექმნის უმთავრეს მიზანს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულის საკითხი განიხილოს სწორედ ამ ჭრილში. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა ქმედებების კრიმინალიზებას ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნები უდევს საფუძვლად და ამდენად, არა მხოლოდ ინდივიდუალური დევიანტური ქცევის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ ფართო აუდიტორიასაც მოიცავს. მნიშვნელოვანია მსჯავრდებულს გათავისუფლების შემთხვევაში, ჰქონდეს ოჯახისგან გამოხატული მზაობა, დაეხმარონ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში და ნებისმიერი სახის მხარდაჭერა გაუწიონ მსჯავრდებულს. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ნარკოდანაშაულის შემცირებისა და პრევენციისთვის საჭირო წინაპირობად მიიჩნიეს საზოგადოების წევრების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი დასაქმება, ცნობიერების ამაღლება, განათლების დონის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის დასაძლევად, აუცილებელია საკმარისი პროფესიული და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნა მსჯავრდებული პირებისთვის. ამ კუთხით, სასჯელის მოხდის პერიოდში არსებული პირობები თუ დაბრკოლებები, არსებით გავლენას ახდენს გათავისუფლების შემდეგ პირის რეინტეგრაციაზე. ქვეყანაში 2020 წლიდან ამოქმედდა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრი. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესს, შესთავაზოს მსჯავრდებულებს პროფესიული მომზადება და გადამზადება, ასევე, ხელი შეუწყოს მსჯავრდებულთა მომზადებას შემდგომი დასაქმებისთვის. მსჯავრდებულის დახასიათებიდან გამომდინარე, იგი ჩართულია სხვადასხვა სოც. აქტივობებში.
მოცემულ შემთხვევაში საბჭომ სრულყოფილად შეისწავლა საქმის მასალები, გაითვალისწინა შეფასების ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში. საბჭომ იმსჯელა ასევე ისეთ კრიტერიუმზე, როგორიცაა - დანაშაულის ხასიათი. ადგილობრივი საბჭო მოქმედებდა რა დისკრეციული უფლებამოსილებას ფარგლებში, მან საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით, სწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები. ასევე, საკითხის გადაწყვეტის დროს დაიცვა აქტის კანონიერების განმსაზღვრელი ფორმალური და მატერიალური კანონიერება, იმსჯელა რამდენად მიღწეულია სასჯელის მიზნები. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, უდავოდ ვერ იქნა მიჩნეული, რომ მიღწეულ იქნა სასჯელის მიზანი და მინიმუმამდე შემცირდა მსჯავრდებულის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი. საბჭომ საკითხის განხილვისას ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ საქმეში არსებულმა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა, ვერ გადაწონა ის კრიტერიუმები, რომლებიც ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე ახდენენ უარყოფით გავლენას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით, ლ.მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,180 მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 24 მარტს, თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე ...ში ლ.მ-ი ს.მ-ის გაურიგდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ე. წ. „...“ მიყიდდა 60 ლარად, თუმცა მან მოატყუა და როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა მუყაოს ფირფიტის ნაჭერში, რომელიც სინამდვილეში არ მიეკუთვნებოდა ნარკოტიკულ საშუალებათა ფსიქოტროპულ ან ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას, სანაცვლოდ კი მიიღო 60 ლარი. ლ.მ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0.54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება ...ის შემცვლელი 5 ცალი ტაბლეტი, რომელიც შემდგომ თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე ...ში 600 ლარად გაასაღა ს.მ-ზე. ასევე ლ.მ-მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა საბრძოლო მასალა - 7 ცალი ქარხნული წესით დამზადებული ...ის 9 მმ კალიბრის ვაზნა და უკანონოდ შეინახა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.07.2020 წლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.02.2019 წლის განაჩენი დარჩა უცვლელად. 12.04.2022 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ქვეპუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ.მ-ის საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და განესაზღვრა 6 წელი 9 თვე 14 დღე თავისუფლების აღკვეთა. ლ.მ-ის სასჯელის დასაწყისია - 11.05.2018 წელი, სასჯელის დასასრულია - 25.02.2025 წელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლით დადგენილი შეღავათი -3/4 მოიხადა 14.06.2023 წელს (ტ.1, ს.ფ 28-39, 85-90); ბ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 28.05.2019 წლის №3586 ბრძანების საფუძველზე, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განესაზღვრა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 28.05.2019 წლის №3586 ბრძანების საფუძველზე, მსჯავრდებული ლ.მ-ი №... პენიტენციურ დაწესებულებიდან შესახლებულ იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში (ტ.1, ს.ფ 85-90); გ) 2023 წლის 15 ივნისს №... პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული დახასიათების თანახმად, მსჯავრდებული ლ.მ-ი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებამდე ცხოვრობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ას ქ. №..., ბინა ..., ხოლო გათავისუფლების შემთხვევაში იცხოვრებს ამავე მისამართზე და პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, გამოცხადდება ქალაქ თბილისის პრობაციის ბიუროში. მსჯავრდებულის განმარტებით, მას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მან დაასრულა ბაკალავრიატის საფეხური ... უნივერსიტეტში, ...ის ფაკულტეტზე, ...ის მიმართულებით. 2020 წელს 100%-იანი დაფინანსებით ჩააბარა და ამჟამად არის ... უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ...ის ფაკულტეტზე, ასევე მიიღო უნივერსიტეტის შიდა 20%-იანი დაფინანსება, ეუფლება ...-ს ქსელურ ენას და აქვს საბაზისო სერთიფიკატის შესაბამისი ცოდნა, მიიღო სერთიფიკატი მოკლევადიან პროგრამაში - „...". რაც შეეხება მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას, ლ.მ-ის განმარტებით იგი დასაოჯახებელია, სარგებლობს სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, არ ჰყავს შვილები, ასევე იყენებს ხანმოკლე და ხანგრძლივ პაემნებს. მსჯავრდებულის განმარტებით, მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსჯავრდებულ ლ.მ-ის ჯარიმა არ დაკისრებია და არ ჰყავს დაზარალებული. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აღნიშნული უკავშირდება პროფესიულ განვითარებას, კარიერის შექმნას და ...ის სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბებას, ხოლო განათლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ გათავისუფლების შემდეგ შეძლოს თვითრეალიზება. მსჯავრდებული ლ.მ-ის სოციალურ აქტივობებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემულ დახასიათებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებული დაწესებულებაში თვითდასაქმებულია. დაწესებულების ხელშეწყობით შექმნა მაღალტექნოლოგიური საწარმო, ხოლო საწარმოს მფლობელობაშია „...” .... და ...ის აპარატები, რომლებიც მსჯავრდებულებს და ასევე თავისუფლებაზე მყოფ ადამიანებსაც ემსახურება. ლ.მ-ი ასევე ესწრება ლექციებს, რომლებსაც დაწესებულებაში კითხულობს სხვადასხვა მოწეული სტუმარი, აქტიურად მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც გამოიხატება სპორტ დარბაზში სიარულით, ასევე მიიღო მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“, რომელშიც ოთხგზის გამარჯვებული გახდა. ლ.მ-ის მიღებული აქვს მონაწილება სხვადასხვა სარემონტო და დასუფთავებით აქტივობებში და მოხატა დაწესებულებაში არსებული არაერთი სივრცე. მსჯავრდებულ ლ.მ-ის გავლილი აქვს ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო პროგრამები პენიტენციური სტრესის მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და არტ თერაპია. წარმოდგენილი დახასიათების თანახმად, სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებული ლ.მ-ი დასჯილია ერთხელ: - 2018 წლის 5 სექტემბრის №816358 განკარგულებით ერთჯერადად აეკრძალა ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება. წახალისებულია 5-ჯერ: - 19.12.2019 წლის ბრძანება №265 - გამოეცხადა „მადლობა“; -21.05.2020 წლის ბრძანება №18 - გამოეცხადა „მადლობა“ ; -13.07.2020 წლის ბრძანება №35 - გამოეცხადა „მადლობა“ ; -08.07.2022 წლის ბრძანება №68 - გამოეცხადა „მადლობა“ ; -03.11.2022 წლის ბრძანება №177 - გამოეცხადა „მადლობა“. მსჯავრდებული იცავს სარეჟიმო მოთხოვნებსა და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. მას ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება და იგი ნასამართლობის არმქონეა (ტ.1, ს.ფ 85-90); დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 9 აგვისტოს №02/23-0954 გადაწყვეტილებით ლ.მ-ის შუამდგომლობა, პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 14-27); ე) სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის №01/104826 სამსახურებრივ ბარათში მითითებულია №... პენიტენციურ დაწესებულებაში 2018 წლიდან - 2024 წლამდე განხორციელებულ სოციალური აქტივობების ნუსხა. ამავე მოხსენებითი ბარათის მე-2 პუნქტის თანახმად, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ ლ.მ-ის დაწესებულებისთვის არ მიუმართავს სოციალურ აქტივობებში ჩართვასთან დაკავშირებით. ამავე ბარათის მე-3 პუნქტის თანახმად, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული ლ.მ-ი ჩართული იყო შემდეგ სოციალურ აქტივობებში: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები (2019 წ); ინტელექტუალური ვიქტორინა (2019 წ); ...ის შემსწავლელი კურსი (2019 წ); პენიტენციური სტრესის მართვა (2019 წ); ბაკალავრი (2019-2020 წ); ჯანსაღი ცხოვრების წესი (2019 წ); სოციალური საწარმო -... (2020 წ); საზოგადოებასთან ურთიერთობის მხარდამჭერი ღონისძიება (2020 წ); არტ-თერაპია (2020 წ); მაგისტრატურა (2021 - დღემდე); ინდივიდუალური საქმიანობა/ხელნაკეთი ნივთები (2021 წ); ლოკალური ტრენინგები(2022წ); ინდივიდუალური საქმიანობა/ხელნაკეთი ნივთები (2022წ); ინტელექტუალურ-შემეცნებითი შეხვედრები (2022 წ); საინფორმაციო ტრენინგი (2022 წ); კონკურსები (2022წ); ინტელექტუალურ-შემეცნებითი შეხვედრები (2022 წ); სინემა-თერაპია (2022 წ); სახელოსნო №... (ტყავი და ხის კომბინაცია) (2022 წ); ...- ის“ ვორქშოფი (2023 წ); „თავისუფლების დღე” 26 მაისის ღონისძიება (2023 წ); რა? სად? როდის? (2023 წ); ლექცია-სემინარი „საკუთარი თავის დაოსტატება წარმატებისკენ სვლაში. „როგორ დავინახოთ შესაძლებლობები გამოწვევების მიღმა“(2024 წ); ტყავის მხატვრული დამუშავება (2024 წ). მოხსენებით ბარათში ასევე მითითებულია, რომ მსჯავრდებულის განმარტებით, იგი დაწესებულებაში თვითდასაქმებულია საწარმოში, სადაც ...თა და ...ით მუშაობენ, ის ადგილზე ემსახურება, როგორც მსჯავრდებულებს ასევე ახერხებს სერვისის მიწოდებას დაწესებულების გარეთ მოქალაქეებისთვისაც. მისი გადმოცემით, მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა სარემონტო და დასუფთავების აქტივობებში, ასევე მოხატული აქვს დაწესებულების არაერთი სივრცე (ტ.1, ს.ფ 234-246); ვ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 10.10.2023წ. №02/23-/შ/პ-0586 გადაწყვეტილებით ლ.მ-ის უარი ეთქვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამავე გადაწყვეტილების მე-17 პუნქტში აღნიშნულია, რომ ლ.მ-მა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მონაწილეობა მიიღო შემდეგ სოციალურ აქტივობებში: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები (2019 წ); ინტელექტუალური ვიქტორინა(2019 წ); პენიტენციური სტრესის მართვა (2019 წ); ...ის შემსწავლელი კურსი (2019 წ); ბაკალავრი (2019- 2020 წ); ჯანსაღი ცხოვრების წესი (2019 წ); სოციალური საწარმო -SEF (2020 წ); საზოგადოებასთან ურთიერთობის მხარდამჭერი ღონისძიება (2020 წ); არტ-თერაპია (2020 წ); მაგისტრატურა (2021 - დღემდე); ინდივიდუალური საქმიანობა ხელნაკეთი ნივთები (2021 წ); ლოკალური ტრენინგები (2022 წ); ინდივიდუალური საქმიანობა/ხელნაკეთი ნივთები (2022წ); ინტელექტუალურ-შემეცნებითი შეხვედრები (2022 წ); საინფორმაციო ტრენინგი (2022 წ); კონკურსები (2022 წ); ინტელექტუალურ-შემეცნებითი შეხვედრები (2022 წ); სინემა-თერაპია (2022 წ); სახელოსნო №... (ტყავი და ხის კომბინაცია) (2022 წ); ...-ის“ ვორქშოფი (2023 წ); „თავისუფლების დღე” 26 მაისის ღონისძიება (2023 წ); რა? სად? როდის? (2023წ) (ტ.1, ს.ფ 197-2...); ზ) ლ.მ-ი 2023 წლის 4 აგვისტოდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ნ.კ-სთან (ტ.1, ს.ფ 40)
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, სისხლის სამართლის წესით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნების გათვალისწინებით ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასა და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მოსახდელი სასჯელის, მათ შორის, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნასაც, თუმცა სადავო პერიოდში მოქმედი პატიმრობის კოდექსი (ძალადაკარგულია - 15.12.2023, №3988) და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“ იძლევა დანიშნული სასჯელის აღსრულების პროცესში ამ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შეღავათის მსჯავრდებულზე გავრცელების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული წესის სადავო პერიოდში მოქმედი პირველი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
სადავო პერიოდში მოქმედი პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე; ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე. ამავე კოდექსის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლი განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უშუალოდ მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება. შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან. კანონმდებლობა ორგანოს ავალებს არა მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, არამედ მათ გათვალისწინებას და შეფასებას. კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს სასჯელის მიზნების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისტემური ურთიერთშეჯერების შედეგად, გადაწყვეტილების საფუძვლად მხოლოდ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, დანარჩენი გარემოებების გაზიარებაზე უარის დასაბუთების გარეშე, არ პასუხობს ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის სზაკ-ით დადგენილ სტანდარტს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე, ასევე ოჯახურ და ეკონომიურ მდგომარეობაზე მითითება არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. საყურადღებოა, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ხაზგასმულია მსჯავრდებულთან დაკავშირებული არაერთი დადებითი გარემოება, მათ შორის, მსჯავრდებულს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ პროგრამასა და ღონისძიებაში, წახალისებულია არაერთხელ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა თავად გადაეწყვიტა სადავო საკითხი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებსა და პაემნების/ამანათების შესახებ ინფორმაციაზე მითითებით საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, ჰყავს თუ არა მოსარჩელეს ძლიერი მხარდამჭერი ქსელი ოჯახის წევრების სახით. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოს მხედველობაში უნდა მიეღო სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევა, საქმეში არსებული მსჯავრდებულის დახასიათება, მისი ოჯახური მდგომარეობა, სასჯელის მიზანი და სხვა გარემოებები, რასაც ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა გადაწყვეტილების მიღებაზე და მხოლოდ ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დეტალური ანალიზის, შეპირისპირების და მათ შორის პრიორიტეტულობის განსაზღვრის შედეგად მიეღო გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქმეში წარმოდგენილ №... პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2024 წლის 11 ივნისის დახასიათებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულის განმარტებით, დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე, დედა მამა და და. აპირებს მეუღლესთან ერთად ცხოვრებას. ოჯახის წევრებთან ძალიან თბილი ურთიერთობა და კავშირი აქვს, გრძნობს თანადგომასა და ემოციურ მხარდაჭერას, მათთან საკომუნიკაციოდ მაქსიმალურად იყენებს კანონით გათვალისწინებული პაემნებისა და სატელეფონო ზარების უფლებას. ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას ახასიათებს კარგად. მსჯავრდებულის თქმით, იაზრებს ჩადენილ დანაშაულს, ნანობს და ამგვარი ქმედება ახლა მისთვის მიუღებელია. მსჯავრდებულის სურვილია, საზოგადოებას დაუბრუნდეს სრულფასოვან და კანონმორჩილ წევრად. დაწესებულებაში ყოფნის დრო ნაყოფიერად გამოიყენა ჩადენილი დანაშაულის გააზრების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, ინტელექტუალური ზრდისა და პროფესიული განვითარებისათვის, გეგმავს დაუბრუნდეს ოჯახს, მეუღლეს, იზრუნოს მის კეთილდღეობაზე. სამომავლო გეგმები უკავშირდება პროფესიულ განვითარებას, კარიერის შექმნასა და ...ის სფეროში პროფესიონალ სპეციალისტად ჩამოყალიბებას. აპირებს დასაქმდეს ...-ს ქსელის სპეციალისტად გათავისუფლებისთანავე. დასაქმების პრობლემა არ ექნება, ვინაიდან გააჩნია ...-ს ქსელის სპეციალისტის შესაბამისი ცოდნა, ...-ს პროდუქციის გარეშე კი თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში არსებობა თითქმის წარმოუდგენელია. შესაბამისად, სათანადო კვალიფიკაციის მქონე კადრების მოთხოვნა მუდმივად არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას კასატორმა არ დაიცვა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე მისი სრულად ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე