Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-159(კ-23) 3 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი (16.2) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 26 ოქტომბერს მ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ, მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 26 დეკემბრის №2-22/3274 ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 29 იანვრის №1-1/132 ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ, ქ.თბილისი, ...ის ქ. №3-ში მდებარე სარდაფის (ს/კ: №...) ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისს შორის 2009 წლის 02 მარტს დადებული ხელშეკრულება ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე 76 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართის თბილისის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 26 დეკემბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 04 მარტის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მ. ა-ეის მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს წარდგენილი №... განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის შესახებ (დაზუსტებული სარჩელი, იხ. ტომი 1, ს.ფ. 165-186).

სარჩელის თანახმად, ვ. გ-ისა (გამყიდველი) და მ. ა-ეს (მყიდველი) შორის 2006 წლის 18 აგვისტოს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. ა-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისი, ...ის ქ. №3-ში მდებარე სარდაფი (80 კვ.მ). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სარდაფი საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი ფართობით (ს/კ ...) საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. ა-ეის სახელზე 2006 წლის 25 აგვისტოს. 2018 წლის 31 აგვისტოს მ. ა-ემ მის საკუთრებაში არსებული სარდაფის ფართობის დაზუსტების მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და დაურთო შიდა აზომვითი ნახაზი. სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბრის წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ საკუთრებაში არსებული მონიშნული ფართის მდებარეობა იდენტურია ზემოაღნიშნულ მისამართზე ... საკადასტრო ერთეულზე რეგისტრირებული ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული (თავშესაფარის) სარდაფის - 76.00 კვ.მ ფართის მდებარეობის.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 26 დეკემბრის №2-22/3274 წერილის საფუძველზე, სადავო სარდაფი საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. 2009 წლის 02 მარტის ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ქალაქ თბილისის მერიას საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ.№3-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ ...). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 26 დეკემბრის №222/3274 წერილის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2007 წლის 26 დეკემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ქ. თბილისი, ...ის ქ. №3-ში მდებარე სარდაფი საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე, ხოლო შემდგომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 04 მარტის №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.

მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არასრულყოფილად გამოიკვლიეს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ვინაიდან ერთის მხრივ, სახელმწიფოს სახელზე და შემდგომში ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარეგისტრირდა სარდაფი, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით დაუზუსტებელი ფართით ირიცხებოდა მის საკუთრებაში. მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები და ხელშეკრულება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, მ. ა-ეის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და შეჩერდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 04 მარტის N... გადაწყვეტილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობით, მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რეგისტრირებული უძრავი ქონებისა და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ქონების იდენტურობას. მხოლოდ მხარის განმარტება, აზომვით ნახაზზე მის მფლობელობაში არსებული ქონების მითითების შესახებ, ვერ იქნა გაზიარებული. სასამართლოს მსჯელობით, მართალია დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია 80 კვ.მ. სარდაფი (ს/კ...), თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ქ. თბილისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებად აღირიცხა თავშესაფრად გამოყენებული ფართი, მაშინ როცა მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მას საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ პრივატიზებული ფართი. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილი იყო პრივატიზების ხელშეკრულება გაეფორმებინა საბინაო ფონდში ჩარიცხულ უძრავ ქონებაზე, ხოლო სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,საბინაო კოდექსის“ მე-4 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლების არასაცხოვრებელი სადგომები, საბინაო ფონდში არ შედიოდა. შესაბამისად, თავშესაფრად გამოყენებული ფართი ვერ ჩაირიცხებოდა საბინაო ფონდში, რაც სასამართლოს მსჯელობით საფუძველს აცლის მოსარჩელის მტკიცებას, რომ სახელმწიფოს სახელზე აღირიცხა სწორედ მის საკუთრებაში მყოფი ფართი. სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზეც, რომ 1992 წლის 19 მაისს გაცემული №315 მინდობილობით, ლ. მ-ის, როგორც ადგილობრივი სამმართველოს ორგანოს 75 საბინაო საექსპლუატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მიენიჭა უფლება ეწარმოებინა ბინის განკერძოების და არა სარდაფის გასხვისების უფლებამოსილება. მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 26 დეკემბრის №2-22/3274 მიმართვა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 29 იანვრის №1-1/132 ბრძანება (ქ. თბილისი, ...ის ქ. №3-ში მდებარე სარდაფის (ს/კ: №...) ნაწილში) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისს შორის 2009 წლის 02 მარტს დადებული ხელშეკრულება, მიღებულია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის - „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

რაც შეეხება მოთხოვნას 2007 წლის 26 დეკემბრის №... და 2009 წლის 04 მარტის №... გადაწყვეტილებების (რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2, მე-20, 23-ე, 24-ე, 25-ე მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 26 დეკემბრის №... და 2009 წლის 04 მარტის №... გადაწყვეტილებები მიღებულია იმ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების საფუძველზე, რომლებიც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობით, მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფოსა და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე სწორად მოახდინა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრაცია, ვინაიდან არ არსებობდა დამაბრკოლებელი გარემოებები.

მოთხოვნაზე - ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა (მ. ა-ეის მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს წარდგენილი №... განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის შესახებ) პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2, მე-8, 21-ე, 22-ე მუხლები და განმარტა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება/დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართობის მდებარეობაზე. ასეთი დოკუმენტი (სარდაფ სართულის გეგმა მასზე მოსარჩელის საკუთრების მონიშვნით ან/და საკადასტრო აზომვითი ნახაზი), არ ყოფილა წარდგენილი ასევე არც პრივატიზების ხელშეკრულების დადების დროს (1992წ.) და არც ნასყიდობის ხელშეკრულების (2006წ.) გაფორმებისას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რეგისტრირებული უძრავი ქონებისა და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ქონების იდენტურობას, სასამართლოს მსჯელობით მხოლოდ მხარის მითითება, აზომვით ნახაზზე სწორედ მის მფლობელობაში არსებული ქონების ასახვის თაობაზე, ვერ იქნა გაზიარებული.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის 2018 წლის 27 ივნისის №5 კრების ოქმზე და მიუთითა, რომ კრების ოქმში აღნიშნულია ამხანაგობის წევრთა 100%-იანი თანხმობა მოსარჩელისთვის გარკვეული ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ეს კი იმ პირობებში, როდესაც ამხანაგობის წევრს და 76 კვ.მ. სარდაფის მესაკუთრეს წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული, რომელიც არ ყოფილა მიწვეული კრებაზე მონაწილეობის მისაღებად. გარდა ამისა, აღნიშნული დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა სულ სხვა წარმოების ეტაპზე, რომელზეც სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტილია. ამასთან, სასამართლომ სარწმუნოდ ვერ მიიჩნია ზემოაღნიშნული კრების ოქმის თუ რომელი ნაწილით ან რაზე დაყრდნობით დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 80 კვ.მ. სარდაფის ზუსტი ადგილმდებარეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მ. ა-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში ვერ იქნა წარდგენილი რეგისტრირებული უძრავი ქონებისა და მარეგისტრირებელ ორგანოში მის მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ქონების იდენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულება. გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, რომლითაც კანონიერად იქნა მიჩნეული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 26 დეკემბრის №222/3274 მიმართვა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 29 იანვრის №1-1/132 ბრძანება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისს შორის 2009 წლის 2 მარტს დადებული ხელშეკრულება და დამატებით განმარტა, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია სასამართლოს მიერ კანონიერად მიჩნეული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების საფუძველზე. პალატამ ასევე მართებულად მიიჩნია ქვედა ინსტანციის სასამართლოს უარი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში და განმარტა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა მ. ა-ეის საკუთრებაში არსებული ფართობის მდებარეობაზე. ასეთი დოკუმენტი არ ყოფილა წარდგენილი 1992 წელს პრივატიზების ხელშეკრულების დადების დროსაც, არც 2006 წელს ვ. გ-ისა და მ. ა-ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას. მიიჩნია, რომ მ. ა-ეის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტებით ვერ დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი სარდაფის ადგილმდებარეობა, რის გამოც დაინტერესებულ პირს სწორად ეთხოვა სარეგისტრაციო ფართობის მდებარეობის დაზუსტება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ა-ეის მიერ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

წარმომადგენელი დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონება სრულიად უსაფუძვლოდ საკუთრების უფლებით ერთის მხრივ აღირიცხა სახელმწიფოს, ხოლო შემდგომ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ, 1992 წლის 29 მაისს, სარდაფი საკუთრებაში გადაეცა ვ. გ-ის, რომელმაც თავის მხრივ 2006 წელს განკარგა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მიჰყიდა მ. ა-ეს. წარმომადგენლის მსჯელობით, კასატორი (მოსარჩელე) წარმოადგენს სადავო ფართის მართლზომიერ და კეთილსინდისიერ შემძენს. ფართი წარმოადგენს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას, თუმცა N... საკადასტრო კოდზე მდებარე სარდაფის თვითმმართველობის სახელზე რეგისტრაციის საფუძვლით, მხარე მოკლებულია შესაძლებლობას დააზუსტოს რეგისტრირებული მონაცემები.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით, კერძოდ, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 27 დეკემბრის N23/01-48493 წერილით, წარმომადგენელი სარწმუნოდ მიიჩნევს, რომ კანონით დაცული საკუთრების უფლების ხელყოფა განაპირობა სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წერილში დაშვებულმა შეცდომამ, სადაც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში ...ის ქN3-ში 76 კვ.მ ფართის სარდაფ სართულზე (თავშესაფარზე) ფიზიკური და იურიდიული პირთა საკუთრების უფლება აღრიცხული არ არის. წარმომადგენლის მსჯელობით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ქ. თბილისში, ...ის ქN3-ში მდებარე სარდაფი მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ჯერ კიდევ 2006 წლის 25 აგვისტოს, ვ. გ-ისა და მ. ა-ეს შორის 2006 წლის 18 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს საჩივრის (24.10.2018 წ) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N... გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ არგუმენტს, რომ N... საკადასტრო კოდით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებული 76 კვ.მ სარდაფის მდებარეობა და N... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი ობიექტის მდებარეობა არის იდენტური. მისივე მსჯელობით, თითოეული ფაქტობრივი გარემოება ცალსახად მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადგილი ჰქონდა მ. ა-ეის საკუთრების უფლების ხელყოფას. არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოების და ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ სადავო ფართი წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ თავშესაფარს. იმისათვის, რომ ნივთზე წარმოიშვას საკუთრება და ერთი მესაკუთრიდან ეს უფლება გადავიდეს მეორეზე აუცილებელია მოხდეს აღნიშნული ნივთის რაიმე ფორმით განკარგა. ნივთის განკარგვა და მისი იურიდიული ბედის გადაწყვეტა დაუშვებელია მესაკუთრის ან მესაკუთრისაგან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე. მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონების განკარგვა სახელმწიფომ განახორციელა 1992 წლის 29 მაისს, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ვ. გ-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა და მასთან ერთად სადავო უძრავი ნივთი (სარდაფი) მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქN3-ში. თავის მხრივ ვ. გ-იმა თავისი საკუთრება 2006 წლის 18 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მ. ა-ეს და შესაბამისად, უძრავი ქონება 2006 წლის 25 აგვისტოს დარეგისტრირდა მ. ა-ეის საკუთრების ობიექტად. წარმომადგენელი აპელირებს ძალაში მყოფ პრივატიზების და ნასყიდობის ხელშეკრულებებზე და განმარტავს, რომ მათი ნამდვილობა არც ადმინისტრაციული წარმოების და სასამართლოში საქმის განხილვის არც ერთი ინსტანციის ეტაპზე სადავო არ გამხდარა. ყურადსაღებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სარდაფის სართულებრივ გეგმაზე არ ფიქსირდება იდენტური კვადრატულობის სხვა ფართი, რაც მისივე მსჯელობით კიდევ ერთხელ გამორიცხავს სასამართლოს მსჯელობის მართებულობას, მ. ა-ეის მიერ სარდაფის ადგილმდებარეობის დაუდასტურებლობის ნაწილში. მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს მის მიერ უკვე განკარგული და მ. ა-ეის კუთვნილი სარდაფის ხელყოფის/საკუთრების უფლების ჩამორთმევის მცდელობას. მიუთითებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის 2018 წლის 27 ივნისის N5 კრების ოქმზე და თანდართულ ნახაზზე, რომელიც მისივე მსჯელობით ცალსახად ადასტურებს 80 კვ.მ სადავო უძრავი ქონების მ. ა-ეის საკუთრებად რეგისტრაციის ფაქტს. მიიჩნევს, რომ სარდაფის ადგილმდებარეობა ასევე შეესაბამება იმ ფართს, რომლის დასაზუსტებლადაც იქნა წარდგენილი განცხადება. განმარტავს, რომ წარდგენილ ნახაზზე სწორედ ის სარდაფია ასახული, რომელიც მ. ა-ეის საკუთრებაა და დღემდე იმყოფება მის ფაქტობრივ მფლობელობაში.

საკასაციო საჩივრის ავტორი აპელირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე და განმარტავს, რომ ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართვა, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სადავო უძრავი ქონების სახელმწიფო სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, ასევე ქალაქ თბილისის მერიასთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონების დარეგისტრირება თბილისის თვითმმართველის სახელზე ხელყოფს მხარის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და ართმევს საკუთრების უფლებას. ამდენად, ითხოვს დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება და სარჩელი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ეის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, მ. ა-ეის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება - დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ - სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 26 დეკემბრის №2-22/3274 ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ...ის ქN3-ში მდებარე შენობაში სარდაფ სართულზე არსებულის 76 კვ.მ (თავშესაფარი) არასაცხოვრებელი ფართის რეესტრში გატარება და სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა; ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 26 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 29 იანვრის №1-1/132 ბრძანება (...ის ქ.№3-ში მდებარე სარდაფის (ს/კ: ...) ნაწილში), რომლითაც ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადაეცა მითითებული უძრავი ქონება, როგორც დამატებითი ქონება და სამინისტროს დაევალა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისს შორის 2009 წლის 02 მარტს დადებული ხელშეკრულება მითითებული არასაცხოვრებელი ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართის თბილისის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 04 მარტის №... გადაწყვეტილება უძრავი ქონების ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება მ. ა-ეის განცხადებაზე (უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ასევე მსჯელობის საგანია თანმდევი მოთხოვნა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ა-ეის მიერ, 2018 წლის 31 აგვისტოს წარდგენილი №... განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის შესახებ. ვინაიდან, განსახილველი დავისათვის მნიშვნელობის მქონეა შეფასდეს მოსარჩელისათვის (კასატორი) ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის (შეწყვეტის) კანონიერება, საკასაციო სასამართლო დეტალურად მიუთითებს სადავო აქტების გამოცემამდე არსებულ და შესაბამისად საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ქრონოლოგიურად:

დადგენილია, რომ 1992 წლის 29 მაისს, ადგილობრივი სამმართველოს ორგანოს 75 საბინაო საექსპლუატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელს - ლ. მ-ისა და ვ. გ-ის შორის დაიდო პრივატიზების ხელშეკრულება რომლითაც ვ. გ-ის საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი სამმართველოს ორგანოს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე თბილისში, ..., ბინა 15-ში. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი (ბინა) არის 1 ოთახიანი, 21 კვ.მ, საერთო ფართით - 80, საცხოვრებელი ფართით. სარდაფი 80. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 1997 წლის 26 ნოემბერს, ვ. გ-ისა და მ. ა-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ა-ემ შეიძინა ვ. გ-ის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლის 21/794 ნაწილი.

2006 წლის 18 აგვისტოს, ვ. გ-ისა და მ. ა-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ა-ემ შეიძინა ვ. გ-ის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე სარდაფი 80 კვ.მ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე ს/კ ... უძრავი ქონება - სარდაფი 80 კვ.მ 2006 წლის 25 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. ა-ეის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1306.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - 11, შენობა - ნაგებობები: №1-დან №6-ის ჩათვლით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, 2007 წლის 26 დეკემბერს №2-22/3274 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე შენობა - ნაგებობის სარდაფ - სართულზე არსებულ 76 კვ.მ. (თავშესაფარი) არასაცხოვრებელ ფართზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შენობის სარდაფ სართულის გეგმის დაშტრიხული და სათანადოდ დამოწმებული ასლის მიხედვით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 26 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ.თბილისში, ...ის ქ.№3-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №..., სარდაფი 76.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საერთო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 576.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი - 8.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 27 დეკემბრის №23/01-48493 წერილით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეცნობა, რომ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე 76 კვ.მ. სარდაფზე (თავშესაფარი) ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა საკუთრების უფლება აღრიცხული არ იყო.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 29 იანვრის №11/132 ბრძანებით, ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს, დამატებითი ქონების სახით, სხვა უძრავ ქონებებთან ერთად, საკუთრებაში გადაეცა დანართი №1-ში მითითებული №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება.

დადგენილია, რომ 2009 წლის 02 მარტს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (,,გამყიდველი’’) და ქალაქ თბილისს (,,მყიდველი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მერიას დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე 76 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართი ს/კ ....

2009 წლის 02 მარტს, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ...ის ქ.№3-ში მდებარე სარდაფზე (ს/კ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სააგენტოს 2009 წლის 04 მარტის №... გადაწყვეტილებით, განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში ...ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ ... სარდაფი 76.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღირიცხა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 576.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი - 8.

დადგენილია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს მ. ა-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნულ განცხადებას თან დაურთო შიდა აზომვითი ნახაზი და სართულებრივი გეგმა სარეგისტრაციო ფართობის მონიშვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეთხოვა სარეგისტრაციო ფართობის მდებარეობის დაზუსტება. 2018 წლის 11 სექტემბერს, მ. ა-ეის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მიუთითა, რომ მ. ა-ეის მიერ მონიშნული ფართი წარმოადგენდა მის საკუთრებას და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას, შესაბამისად, სარეგისტრაციო ფართის მდებარეობა არ მოითხოვდა დაზუსტებას და მათ მიერ სრულად იყო წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბრის №... წერილით კი წარმომადგენელს ეცნობა, რომ მ. ა-ეის საკუთრებაში არსებული მონიშნული ფართის მდებარეობა იდენტურია ქ. თბილისში, ...ის ქ.№3-ში მდებარე საკადასტრო ერთეულზე ... რეგისტრირებული ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული (თავშესაფარის) სარდაფის, ფართით: 76.00 კვ.მ-ის მდებარეობისა.

2018 წლის 24 ოქტომბერს მ. ა-ეის წარმომადგენლებმა №582374/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით №582374/17 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმეში წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის 2018 წლის 27 ივნისის №5 კრების ოქმით, ამხანაგობის წევრთა 100%-იანი თანხმობით, მ. ა-ეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა შპს „ო...ს“ მიერ აზომვით ნახაზზე ასახული 25,26 კვ.მ. ფართობის ნახევარსარდაფი. ამავე ოქმში, შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ 25,26 კვ.მ. ნახევარსარდაფი არ შედის 80 კვ.მ. სარდაფის ფართში, რაც ასახულია საკადასტრო გეგმაზე და არქივიდან ამოღებულ სახლის გეგმაზე.

ფაქტობრივი გარემოებების შეჯამებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. ა-ეის საკუთრებაში არსებული/მონიშნული ფართის საკადასტრო მონაცემების იდენტურობა დაფიქსირდა ... საკადასტრო ერთეულზე მდებარე 76.00 კვ.მ (თავშესაფარი) სარდაფის ფართთან. ვინაიდან, მ. ა-ემ მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ცვლილების რეგისტრაცია, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან დაინტერესებულ პირს ეთხოვა სარეგისტრაციო ფართობის მდებარეობის დაზუსტება. რეესტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა. რაც შეეხება წინარე ფაქტობრივ გარემოებებს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 26 დეკემბრის №2-22/3274 ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტითა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 26 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა ჯერ სახელმწიფოს საკუთრებად, შემდგომ კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 29 იანვრის №1-1/132 ბრძანებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 04 მარტის №... გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველის საკუთრებად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კერძოდ, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი საბუთი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ნივთის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. ა-ემ 2018 წლის 31 აგვისტოს №... სარეგისტრაციო განცხადებით მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ცვლილების რეგისტრაცია შიდა აზომვითი ნახაზის და სარეგისტრაციო ფართობის მონიშვნით წარდგენილი სართულებრივი გეგმის საფუძველზე, ხოლო სააგენტოს 2018 წლის 06 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დაევალა სარეგისტრაციო ფართობის მდებარეობის დაზუსტება, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მის მიერ მონიშნული ფართის მდებარეობა იყო იდენტური ქ. თბილისში, ...ის ქ.№3-ში მდებარე საკადასტრო ერთეულზე ... რეგისტრირებული ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული (თავშესაფარის) სარდაფის, ფართით 76.00 კვ.მ-ის მდებარეობისა, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის (სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია მარეგისტრირებელმა ორგანომ ზუსტად მოახდინოს იმ ქონების იდენტიფიცირება, რომლის რეგისტრაციასაც ახორციელებს. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი ორივე მხარის ინტერესთა დაცვა, საკუთრების უფლების ხელყოფის აღმოფხვრა და ზედდების გამორიცხვა. განსახილველ შემთხვევაში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა მ. ა-ეის საკუთრებაში არსებული მონიშნული ფართის მდებარეობის იდენტურობა №... საკადასტრო ერთეულზე რეგისტრირებული ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული (თავშესაფარის) სარდაფის, ფართით 76.00 კვ.მ-ის მდებარეობასთან. აღნიშნული არგუმენტი იქნა ასევე მითითებული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის №... გადაწყვეტილებაში. ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე მ. ა-ეის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობა ან მისი უკანონობა. საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2). განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებია საქმეში არსებული დოკუმენტაცია ერთობლიობაში წარმოადგენდა თუ არა ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის და შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საკმარის მტკიცებულებებს; საქმის განმხილველ სასამართლოებს ასევე ყურადღება არ გაუმახვილებიათ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის 2018 წლის 27 ივნისის N5 კრების ოქმზე და თანდართულ ნახაზზე. რაც შეეხება კასატორის იმ მსჯელობას, რომ სარდაფის ადგილმდებარეობა შეესაბამება სწორედ იმ ფართს, რომლის დაზუსტების მიზნითაც შიდა აზომვით ნახაზთან და სართულებრივი გეგმასთან ერთად სარეგისტრაციო ფართობის მონიშვნით იქნა წარდგენილი განცხადება, აღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასევე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს აღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტი არ წარმოუდგენია უზენაეს სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის ეტაპზეც.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა მოპოვების შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული აქტების გამოცემამდე არსებულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 1992 წლის 29 მაისს, ადგილობრივი სამმართველოს ორგანოს წარმომადგენელსა და ვ. გ-ის შორის, დაიდო პრივატიზების ხელშეკრულება და ვ. გ-ის საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი სამმართველოს ორგანოს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე თბილისში, ..., ბინა 15-ში, საერთო ფართით - 80, საცხოვრებელი ფართით, სარდაფი - 80. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 1997 წლის 26 ნოემბერს, ვ. გ-ისა და მ. ა-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ...ის ქ. №3-ში მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლის 21/794 ნაწილზე. 2006 წლის 18 აგვისტოს, ვ. გ-ისა და მ. ა-ეს შორის ასევე გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და მ. ა-ემ შეიძინა ვ. გ-ის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე სარდაფი - 80 კვ.მ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონება - სარდაფი 80 კვ.მ, 2006 წლის 25 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. ა-ეის სახელზე (ს/კ ...). ქვედა ინსტანციის სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ძირითადი მსჯელობით ქ. თბილისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებად აღირიცხა თავშესაფრად გამოყენებული ფართი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილი იყო პრივატიზების ხელშეკრულება გაეფორმებინა საბინაო ფონდში ჩარიცხულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ხოლო სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,საბინაო კოდექსის“ მე-4 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლების არასაცხოვრებელი სადგომები, საბინაო ფონდში არ შედიოდა. მხარის მითითება, რომ აზომვით ნახაზზე სწორედ მის მფლობელობაში არსებული ქონება არის ასახული, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ვერ იქნა გაზიარებული მხოლოდ იმ არგუმენტზე მითითებით, რომ საცხოვრებელი სახლების არასაცხოვრებელი სადგომები, საბინაო ფონდში არ შედიოდა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო სარდაფის თავშესაფრად არსებობის ან ასეთად გამოყენების ფაქტი.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტები, რომლითაც ერთი მხრივ სახელმწიფომ პრივატიზების წესით სარდაფზე საკუთრების უფლება გადასცა ვ. გ-ის, ხოლო მეორე მხრივ ვ. გ-ისა და მ. ა-ეს შორის სარდაფზე შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება, სადავო არ გამხდარა, დღეის მდგომარეობითაც წარმოადგენს ძალაში მყოფ აქტებს და აღნიშნული აქტების ძალაში ყოფნის პირობებში, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხოლოდ იმ განმარტებას, რომ სახელმწიფოს უფლებამოსილება არ გააჩნდა მოეხდინა ე.წ თავშესაფრის პრივატიზების წესით გადაცემა ფიზიკურ პირზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ სარდაფის სართულებრივ გეგმაზე არ ფიქსირდება იმავე კვადრატულობის სხვა ფართი, რაც ასევე გამორიცხავს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობის მართებულობას, რომ მ. ა-ეის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სარდაფის ადგილმდებარეობა. როგორც საქმის მასალებით დგინდება ვერც წარმოების ეტაპზე და ასევე საქმის სასამართლო ინსტანციებში განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ვერ იქნა მტკიცებულებით გამყარებული არასწორი ადგილმდებარეობის არსებობის პირობებში თუ რომელი სარდაფი წარმოადგენდა მ. ა-ეის სახელზე დაუზუსტებელი ფორმით რეგისტრირებულ სადაფს ან/და პრივატიზაციის წესით თუ რომელი სარდაფი იქნა სახელმწიფოს მიერ განკარგული ვ. გ-იზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მათზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი. გასათვალისწინებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მტკიცებით ფორმაში მითითებული ის გარემოებაც, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე ნამდვილად არის რეგისტრირებული 80 კვ.მ. სარდაფი (ს/კ: №...). „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კანონმდებელმა განმარტა, რომ თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად - ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად: ა) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არის თვითმმართველობის განხორციელების საფუძველი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით; ბ) დამატებითი ქონება არის თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით; ხოლო თავის მხრივ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გადაცემულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, ან რომელიც თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი ან შეძენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მმართველობითი საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფა. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე აქტის გამოცემის ვალდებულებით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ 2007 წლის 26 დეკემბერს №2-22/3274 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე შენობა - ნაგებობის სარდაფ - სართულზე არსებულ 76 კვ.მ. (თავშესაფარი) არასაცხოვრებელ ფართზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შენობის სარდაფ სართულის გეგმის დაშტრიხული და სათანადოდ დამოწმებული ასლის მიხედვით. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 27 დეკემბრის №23/01-48493 წერილზე, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე 76 კვ.მ. სარდაფზე (თავშესაფარი) ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა საკუთრების უფლება აღრიცხული არ იყო, ეს იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის პირობებში, როდესაც 2006 წლის 25 აგვისტოდან ... საკადასტრო კოდით არსებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით (დაუზუსტებელი ფორმით) უკვე აღრიცხული იყო მ. ა-ეის სახელზე.

ცალსახაა, რომ სადავო უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვის, ხოლო შემდგომ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი გახდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 26 დეკემბრის №2-22/3274 აქტი. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 29 იანვრის №1-1/132 ბრძანებას, აღნიშნულით სამინისტროს დაევალა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისს შორის. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქონების რეგისტრაციის რეგულირების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. მოცემულ შემთხვევაში, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან ერთად, კასატორის (მოსარჩელის) ინტერესს წარმოადგენს იმ საფუძვლების გაბათილება, რომლებმაც შესაბამისი რეგისტრაციების განხორციელების წინაპირობა შექმნეს. დადგენილია, რომ მიმართვის საფუძველზე, 2009 წლის 02 მარტს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (,,გამყიდველი’’) და ქალაქ თბილისს (,,მყიდველი) შორის დაიდო ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ ქ. თბილისის მერიას დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე 76 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართი ს/კ .... საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ან მის გარეშე. ამასთანავე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზე დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, გამოიწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობასაც. "..ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს მისი სამართლებრივი შედეგის ბათლობას, აქტის ბათილად გამოცხადებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი.." (სუსგ N600-589 (4კ-12)). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო პალატა უკანონოდ მიიჩნევს სადავო ხელშეკრულების დადების საფუძვლებს, შესაბამისად წარმოიშვა 2009 წლის 02 მარტს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (,,გამყიდველი’’) და ქალაქ თბილისს (,,მყიდველი) შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველიც. თავის მხრივ, მითითებული ხელშეკრულების უკანონოდ ცნობა წარმოადგენს ხელშეკრულების საფუძველზე, 2009 წლის 02 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველს.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ამავე ნორმის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო წარმოადგენს მასთან რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობისა და დაცვის გარანტს. მესაკუთრედ რეგისტრირებულ სუბიექტს უნდა გააჩნდეს იმის ნდობა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო არ დაუშვებს მისი უფლებების ხელყოფას სხვა პირთა სასარგებლოდ.

მართალია, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებად კონკრეტული ქონების დარეგისტრირების მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა იყოს მიმართული სხვის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 26 დეკემბრის N2-22/3274 აქტის წარდგენამდე სადავო ქონების მიმართ სხვა პირთა საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი. საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით ადმინისტრაციულ ორგანოებს არ დაუდგენიათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ არ ყოფილა გამოკვლეული, თუ რის საფუძველზე უნდა მიჩნეულიყო სადავო უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებად და ხომ არ წარმოადგენდა იგი კერძო პირის საკუთრებას, ვინაიდან კერძო პირის საკუთრება უძრავ ქონებაზე გამორიცხავს სახელმწიფო რეგისტრაციის განხორციელებას, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს, სახელმწიფო საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის გადაწყვეტილების მიღებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა სრულყოფილი ინფორმაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ვ. გ-ისა და მ. ა-ეს შორის 2006 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მარეგისტრირებელ ორგანოში მ. ა-ეის სახელზე 2006 წლის 25 აგვისტოს განხორციელებული საკუთრების რეგისტრაციის არსებობის პირობებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 27 დეკემბრის N23/01-48493 წერილში მითითებული ის ინფორმაცია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე 76 კვ.მ. სარდაფზე (თავშესაფარი) ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა საკუთრების უფლება აღრიცხული არ არის, წარმოადგენდა მცდარ ინფორმაციას.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მართალია წარმოადგენს რეგისტრაციის დაწყების საფუძველს, თუმცა არა რეგისტრაციის უპირობო და გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ როგორც სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და შემდგომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად და შემდგომ ქ. თბილისის თვითმმართველის საკუთრებად რეგისტრაციისას სათანადოდ არ შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მ. ა-ეის სახელზე 2006 წლის 25 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და რეგისტრაციის საფუძველი, კერძოდ, ვ. გ-ისა და მ. ა-ეს შორის 2006 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო არ გამხდარა და დღეის მდგომარეობითაც წარმოადგენს ძალაში მყოფ დოკომენტებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლებით სრულყოფილად სარგებლობა და მისი ეფექტური დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებასთან. ნიშანდობლივია, რომ მართლმსაჯულების არსი ყველა შემთხვევაში კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებებში ვლინდება. ცხადია, სიმართლის დადგენა არც ერთადერთი, და არც ნებისმიერი შესაძლო გზით დაცვადი ინტერესია, თუმცა მართლმსაჯულების მიზნის მისაღწევად, „...პროცესი უნდა ავლენდეს სიმართლის დადგენის მაქსიმალურ ძალისხმევას. ჭეშმარიტება აშკარად უნდა ვეძებოთ, როცა „სიმართლის პოვნა“ ან „სიმართლისა და სამართლიანობის“ მიღწევა არის პროცესის გაცხადებული მიზნები“ (იხ.Thomas Weigend, Should We Search for the Truth, and Who Should Do It, North Carolina Journal of International Law and Commercial Regulation, 2011, p.390).

სასარჩელო მოთხოვნაზე - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ - ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მ. ა-ეის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მ. ა-ეის სასარგებლოდ (თანაბარწილად) უნდა დაეკისროთ მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 550 ლარის (100+150+300) ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ. ა-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ა-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 26 დეკემბრის №2-22/3274 ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი;

5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 29 იანვრის №1-1/132 ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ, ქ.თბილისი, ...ის ქ.№3-ში მდებარე სარდაფის (ს/კ: №...) ნაწილში;

6. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისს შორის 2009 წლის 02 მარტს დადებული ხელშეკრულება ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე 76 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართის თბილისის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე;

7. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 26 დეკემბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;

8. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 04 მარტის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;

9. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

10. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

11. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მ. ა-ეის მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს წარდგენილი №... განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის შესახებ;

12. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მ. ა-ეის სასარგებლოდ (თანაბარწილად) დაეკისროთ მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 550 ლარის (100+150+300) ანაზღაურება.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე