საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-993 (კ-24) 26 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. ა. ჯ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2023წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2023წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2022წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 07.02.2024წ. განცხადებით მიმართა ბ. ნ-ემ, რომელმაც მ. ა. ჯ-ის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ მიღებული დასაბუთებული განჩინების ჩაბარება მოითხოვა. განცხადებას თან ერთვის მ. ა. ჯ-ის მიერ გ. ჩ-ასა და ბ. ნ-ეის სახელზე გაცემული მინდობილობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2023წ. განჩინების ასლი 12.06.2024წ. საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მ. ა. ჯ-ის წარმომადგენელს მ. დ-ი-ჭ-ეს და ჩაბარდა 14.06.2024წ. მ. დ-ი-ჭ-ეს პირადად. საქმეში ასევე წარმოდგენილია გ. ჩ-ას მიერ 09.09.2024წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.12.2023წ. განჩინების ასლის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა. ჯ-ის წარმომადგენლებმა - გ. ჩ-ამ და ბ. ნ-ემ. როგორც უკვე აღინიშნა სააპელაციო პალატის ხსენებული განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მ. ა. ჯ-ის წარმომადგენელს მ. დ-ი-ჭ-ეს და ჩაბარდა მ. დ-ი-ჭ-ეს 14.06.2024წ. პირადად (ს.ფ. 189). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინების ასლს უგზავნის უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, წარმომადგენლისთვის გაგზავნილი დოკუმენტი მიიჩნევა მხარისთვის გაგზავნილად (ასკ-ის 13.2 მუხ.). განჩინება მხარისთვის და მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს (სსკ-ის 70.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში ხსენებული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 05.07.2024წ. (პარასკევი) 24 საათი. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მ. დ-ი-ჭ-ეის სახელზე გაცემული მინდობილობა იყო ძალაში (გაცემულია 11.07.2022წ. 2 წლის ვადით და ძალაშია 11.07.2024წ. ჩათვლით, ს.ფ. 22). საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება აღნიშნული მინდობილობის გაუქმების ფაქტი. დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარი შედგენილია 11.09.2024წ., ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიის შტამპის თანახმად მ. ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდა 12.09.2024წ. (ს.ფ.192).
სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2023წ. განჩინება მ. ა. ჯ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია გასაჩივრების 21 დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2023წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. მ. ა. ჯ-ის წარმომადგენელს - გ. ჩ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 11.09.2024წ. N23696636586 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი სრულად, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი