Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1059(2კ-23) 11 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ფ-ი, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ფ-იმა 2019 წლის 13 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 11 მარტის №000088 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 ნოემბრის №1742 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 11 მარტის №000088 დადგენილება დაკისრებული ჯარიმის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 ნოემბრის №1742 ბრძანება დაკისრებული ჯარიმის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივარზე უარის თქმის ნაწილში; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის მოსარჩელე წარმოადგენდა პენსიონერს. პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა არ არსებობდა, ვინაიდან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილება მიღებულია 2019 წლის 11 მარტს, ხოლო კანონის დანაწესი ვრცელდებოდა მხოლოდ 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე. პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას უკავშირებს სამართალდარღვევის ჩადენის პერიოდს და არა მისი გამოვლენის ან/და დადგენილების გამოტანის დღეს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ შეფასებებზე და აღნიშნავს, რომ მ. ფ-ი არ წარმოადგენს სადავო მისამართზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დამკვეთს (სამუშაოების მწარმოებელ პირს), ასევე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. ამასთან, კასატორი თვლის, რომ სასამართლოებმა არასწორად განსაზღვრეს სამართალდარღვევის ჩადენის თარიღი, კერძოდ, მითითება მხარის მიმართ გაცემულია „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 11 მარტის №000088 დადგენილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 ნოემბრის №1742 ბრძანების ბათილად ცნობა. უპირველესად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი განუხილველად არის დატოვებული, ამდენად, საკასაციო პალატა იმსჯელებს სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერებაზე მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის - სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 ნოემბრის №1742 ბრძანების (რომლითაც ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 11 მარტის №000088 დადგენილება) კანონიერების შეფასების ფარგლებში.

2018 წლის 23 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მ. ფ-ის მიმართ შედგა №000088 მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ..., ... მ/რ, კორპუსი N3, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მ. ფ-ის მიერ შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია ცხაურის ტიპის ავტოფარეხი და მსუბუქი კონსტრუქციის ღობე. ამავე მითითებით დამრღვევს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტების დემონტაჟის განსახორციელებლად.

2018 წლის 13 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მ. ფ-ის მიმართ შედგა №000088 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 23 ოქტომბრის №000088 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ იქნა შესრულებული.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, მ. ფ-ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2018 წლის 27 დეკემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც მ. ფ-იმა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მხარის განმარტებით, სადავო სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია მისი მეუღლის მიერ 30 წლის წინ. მოცემული მდგომარეობით, მ. ფ-ის მეუღლე გარდაცვლილია, ხოლო ავტოფარეხი მოსარჩელის საკუთრებაშია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 11 მარტის №000088 დადგენილებით მ. ფ-ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ..., ... მ/რ, კორპუსი N..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ცხაურის ტიპის ავტოფარეხის (შენობა N7) უნებართვოდ განთავსებისათვის. ამავე დადგენილებით მ. ფ-ის დაევალა უნებართვოდ განთავსებული ცხაურის ტიპის ავტოფარეხის დემონტაჟი.

2019 წლის 19 მარტსა და 27 მარტს მ. ფ-იმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 11 მარტის №000088 დადგენილება №19/01190781624-01 და №19/0119086369-01 ადმინისტრაციული საჩივრებით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 ნოემბრის №1742 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ. ფ-ის 2019 წლის 19 მარტსა და 27 მარტს მ. ფ-იმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 11 მარტის №000088 დადგენილება №19/01190781624-01 და №19/0119086369-01 ადმინისტრაციული საჩივრები; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 11 მარტის №000088 დადგენილება.

განსახილველ საქმეში უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ..., ... მ/რ, კორპუსი N3, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე არის განთავსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ცხაურის ტიპის ავტოფარეხის (შენობა N7), რომელიც 2018 წლის 02 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, წარმოადგენს მოსარჩელე მ. ფ-ის საკუთრებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებზე“, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს და არეგულირებენ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემას, მშენებლობის ზედამხედველობას, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებსა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ერთ-ერთი სახეა ახალი მშენებლობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ახალი მშენებლობაა ასევე დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.

მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ სადავო აქტები გამოცემულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ხოლო, კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

დადგენილია, რომ მ. ფ-ი წარმოადგენს სადავო ავტოფარეხის მესაკუთრეს, ხოლო მისი განმარტებით შენობა-ნაგებობა აშენებულია მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის მიერ.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (2019 წლის 18 სექტემბერი, №4964-Iს), რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო მშენებლობები განხორციელებულია 2019 წლის 15 იანვრამდე, ხოლო „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის მ. ფ-ი (დაბ. ... წლის ...ს) წარმოადგენდა პენსიონერს. ამდენად, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ. ფ-ი უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან. რაც შეეხება სადავო აქტს დემონტაჟის ნაწილში, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება დემონტაჟზე და კანონით გათვალისწინებულ პირებს მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე