№ბს-712(კ-24) 24 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები (ასკ-ის 16.1) - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, სს "ს..."
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 25 აგვისტოს ზ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 30 წელზე მეტია, ქალაქ მარნეულში ფლობს და სარგებლობს 841 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით, სადაც 90-იან წლებში ააშენა ...ს საამქრო. 2018 წლის 21 ნოემბერს მოსარჩელემ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2.08.2019წ. გადაწყვეტილებით, აღიარებულია, მოსარჩელის საკუთრების უფლება. ზ. ბ-ი აღნიშნავს, რომ მიუხედავად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისა, მარეგისტრირებელი ორგანო არ ახდენს მისი საკუთრების რეგისტრაციას, რადგან სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება ზედდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან. მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს სადავო ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციას იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე დგინდებოდა მისი სარგებლობის უფლება, აღნიშნულ ტერიტორიაზე, მის მიერ აშენებული იყო და ფუნქციონირებდა კიდეც ...ს საამქრო, რაც ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ სადავო ტერიტორიის ნაწილზე განთავსებული იყო რკინიგზის ლიანდაგები, რომლებიც, დღევანდელი მდგომარეობით, აყრილია და გატანილია ტერიტორიიდან.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 ნოემბრის N1/6-1379 ბრძანების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 ნოემბრის N... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 აპრილის N... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს N... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ) ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება სს "ს...".
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 4 ნოემბრის N1/6-1379 ბრძანება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 ნოემბრის N... გადაწყვეტილება, რეგისტრაციის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 აპრილის N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს N... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში, შესაბამისი გადაწყვეტილების და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 ნოემბრის N... გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. მარნეული, დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ფართობი: 841 კვ.მ.; ს.კ. ..., რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 ნოემბრის N1/6-1379 ბრძანება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ-ის "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2.08.19წ N164 განკარგულების საფუძველზე, აღიარებული აქვს საკუთრების უფლება, ქ. მარნეულში მდებარე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს 841 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით ზ. ბ-იმა მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა წარმოების ფარგლებში აღმოჩნდა, რომ სადავო ქონებაზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს უფლება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირების მიზნით 2019 წლის 2 სექტემბრის N306122 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.03.20წ N17/19668 წერილის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ ზ. ბ-ის განაცხადზე წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ...ის ტერიტორიას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტერიტორია შესაძლოა ყოფილიყო სახელმწიფო ობიექტით დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 აპრილის N... გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2019 წლის 2 სექტემბრის N306122 (დამატებით, 12.04.2021 წლის N157868 წერილი) წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირების მიზნით. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას, სააგენტო მიიღებდა 2.09.19წ N306122 წერილზე პასუხის მიღებისთანავე. ზ. ბ-იმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით და მოითხოვა სარეგისტრაციო N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილების მე-3, მე-5, მე-8 მუხლებზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც ზ. ბ-ის მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე და აღნიშნული უფლებადამდგენი დოკუმენტი არ გაუქმებულა, ძალაშია მას აქვს უფლება მოითხოვოს უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა აპელანტის არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად სწორად მოხდა საკუთრების უფლების აღიარება სადავო უძრავ ქონებაზე, რადგან მოცემული დავის შეფასების საგანი არ არის ამ დოკუმენტის კანონიერების საკითხზე მსჯელობა.
პალატამ განმარტა, რომ აღურიცხავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის უფლებამოსილება არ გამორიცხავს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას, სარეგისტრაციო მოთხოვნის წარდგენამდე ჩაატაროს სარეგისტრაციო უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის სათანადო კვლევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ იმ მომენტისათვის არ არსებობს რეგისტრირებული უფლება, არ არის საკმარისი რეგისტრაციის შესახებ ბრძანების გამოცემისათვის. ამ თვალსაზრისით, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, აკისრია ვალდებულება - საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ გამოკვლევის თაობაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში გულისხმობდა ერთი მხრივ, რეგისტრირებული მონაცემების გადამოწმებას და პარალელურად, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებით, სხვა პირთა კანონიერი ინტერესის შემოწმების ვალდებულებას. პალატამ განმარტა, რომ საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია არა სახელმწიფო საკუთრებად მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში აღრიცხვის ფაქტი, არამედ იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის სარეგისტრაციო ობიექტზე საკუთრების უფლება. ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია, ზუსტად მოახდინოს იმ ქონების იდენტიფიკაცია, რომელიც უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე კონკრეტულ პირს ეკუთვნის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქმეში არაა დაცული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2015 წლის 16 ნოემბრისათვის, როდესაც უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრება დარეგისტრირდა, მასზე რეგისტრირებული იყო კერძო საკუთრება და არსებობდა სახელმწიფოს უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე საფუძველი. უდავოდ დასტურდება, რომ სადავო ქონება არცერთ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ პრივატიზების გზით არ განკარგულა. შესაბამისად, არამართებულია სასამართლოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სადავო ბრძანების გამოცემამდე უნდა ჩაეტარებინა სარეგისტრაციო უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის სათანადო კვლევა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი იძლევა შენობა-ნაგებობის განმარტებას. კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივ დეფინიციასთან არათავსებადია ზ. ბ-ის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ლითონის კონსტრუქცია. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ამ ტერიტორიაზე არის რკინიგზის ლიანდაგი, ასევე უძრავი ქონება წარმოადგენდა ...ის ტერიტორიას. შესაბამისად სადავო ტერიტორია შესაძლოა წარმოადგენდეს სახელმწიფო ობიექტით დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 მუხლის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო გამოეთხოვა ინფორმაცია სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილი სუბიექტისაგან და მისი პოზიციის გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ მარნეულში, 841 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ს.კ. ..., სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციისა და მისი სამართლებრივი საფუძვლის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 ნოემბრის N1/6-1379 ბრძანების) კანონიერება, ასევე ამავე მიწის ნაკვეთზე ზ. ბ-ის მიმართ არსებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 აპრილის N... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს N... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უარის შესახებ) კანონიერების შეფასება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 4 ნოემბრის N1/6-1379 ბრძანების (უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ) თანახმად, საქართველოს მთავრობის 24.10.07წ. N223 დადგენილების საფუძველზე, დადგინდა ქ. მარნეულში, 841 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მიმართვის აუცილებლობა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 4 ნოემბრის N1/6-1379 ბრძანება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 ნოემბრის N... გადაწყვეტილება, რეგისტრაციის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 აპრილის N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს N... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში, შესაბამისი გადაწყვეტილების და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განჩინებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. მარნეული, დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ფართობი: 841 კვ.მ.; ს.კ...., რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად.
დადგენილია, რომ ზ. ბ-იმა 21.11.18წ. განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქალაქ მარნეულში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 6.12.18წ. სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, მარნეულის რაიონის ...ს ...ის ს/მეურნეობის 1985 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, ხოლო ნაწილი აღნიშნული იყო როგორც, რკინიგზის გასხვისების ზოლი. აღნიშნული ინფორმაცია, ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ, წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ საარქივო მასალებში დაცულ საბოლოო მონაცემს. არსებული მდგომარეობით, მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია, სააგენტოში დაცული არ იყო და აღნიშნული უნდა დადგენილიყო შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ამასთან, მიწის დანიშნულებისა და კატეგორიის დადგენა, სცილდებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას. სსიპ შემოსავლების სამსახურის 10.12.18წ. წერილის თანახმად, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში 1997-2007წწ, ზ. ბ-ი არ ფიქსირდება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 დეკემბრის მიმართვის საფუძველზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ზ. ბ-ის განცხადება, კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებისთვის, გადაეგზავნა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2.08.19წ N164 განკარგულებით აღიარებულია ზ. ბ-ის საკუთრების უფლება, ქ. მარნეულში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 841 კვ.მ. სახელმწიფოს მიწის ნაკვეთზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 სექტემბრის N...-10 გადაწყვეტილებით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაშია, სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, ს.კ. ...; საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირების მიზნით 2019 წლის 2 სექტემბრის N306122 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 31 მარტის წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, რაზეც პასუხი, არსებული მდგომარეობით, არ მიუღია.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 27 მარტის წერილის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ სააგენტომ განახორციელა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს.კ. ... და N... განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული, უძრავი ქონების დათვალიერება. დგინდებოდა, რომ სარეგისტრაციო ნაკვეთზე განთავსებული იყო ლითონის კონსტრუქცია და სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი ფაქტობრივი მდგომარეობით კვეთდა რკინიგზის ლიანდაგს. ასევე, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ან KFW–ს მიერ, განხორციელებული სისტემური რეგისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ფიზიკური პირის - ზ. ბ-ის N... განაცხადზე წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდ ...ის ტერიტორიას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტერიტორია შესაძლოა ყოფილიყო სახელმწიფო ობიექტით დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება აღიარებულია (საკუთრების უფლების მოწმობა N85, 2.08.07.2019წ.), სააგენტო მიმართავდა წერილის ადრესატს, შეესწავლა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერების საკითხი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ეცნობებინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით პოზიცია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის არ წარუდგენია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 აპრილის N... გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2019 წლის 2 სექტემბრის N306122 (დამატებით, 12.04.2021 წლის N157868 წერილი) წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირების მიზნით. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას, სააგენტო მიიღებდა წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
2021 წლის 13 ივლისს ზ. ბ-იმა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა საჩივრით, სარეგისტრაციო N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მისი სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით, წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილების მე-3 მუხლში განსაზღვრულია სააგენტოს უფლებამოსილებანი. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ახორციელებს ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე, სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ამავე დებულების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამავე დებულების მე-8 მუხლის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) მომართვის ან სხვა პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, დაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის მოძიება, მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების (დამოუკიდებლად ან/და შესაბამისი მომსახურების საფუძველზე) განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის "თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის" (შემდგომში: „წესი“) 2.2 მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრასა და გამიჯვნასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ზემოაღნიშნული წესის 7.1 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა, სახელმწიფო საკუთრებაა და მისი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთების უფლებათა რეესტრში ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ უძრავი ქონება, რომელიც არ არის რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში, ითვლება სახელმწიფოს საკუთრებად და მასზე შესაძლებელია სახელმწიფო უფლების რეგისტრაცია, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა სახელმწიფო საკუთრებად მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში აღრიცხვის ფაქტი, არამედ, მთავარია, დასტურდებოდეს სარეგისტრაციო ობიექტზე სახელმწიფოს საკუთრება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციაზე, რომლის თანახმად სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს ...ის ტერიტორიას, რომელიც შესაძლოა იყოს სახელმწიფო ობიექტით დაკავებული მიწის ნაკვეთი და იგი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, ამასთან სადავო ტერიტორიას კვეთს ლიანდაგის ხაზები. საგულისხმოა, რომ საქმეში მესამე პირად ჩართული, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციით, მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება, სადავო ტერიტორიაზე, განხორციელდა მოცემული საკითხის მარეგულირებელი ნორმატიულად დადგენილი დანაწესების შესაბამისად. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლისვე განმარტებით, სადავო ტერიტორიის ნაწილზე უფუნქციოდ განთავსებული იყო რკინიგზის ლიანდაგები, რომელიც დღეის მდგომარეობით, აყრილია და გატანილია ტერიტორიიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სცადა სადავო ტერიტორიის უფლებრივი მდგომარეობის საკითხის გამორკვევა და ამ მიზნით ქალაქ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, უდავოა, რომ ამ უკანასკნელისგან პასუხი არ მიუღია, რაც ცალსახად სახელმწიფო საზღვრების კორექტირების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად, თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე). ამავე კანონის მე-3 მუხლის "ჟ" ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განიმარტება, როგორც, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2.08.19წ N164 განკარგულებით სადავო ტერიტორიაზე აღიარებულია ზ. ბ-ის საკუთრების უფლება.
"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის "კ" ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მისი მიზანია საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2.08.19წ N164 განკარგულების საფუძველზე გადაცემული უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საზღვრების კორექტირებაზე უარი.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანებით მოითხოვა იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელზე საკუთრების უფლებაც მოგვიანებით თვითნებურად დაკავების საფუძვლით მოსარჩელეს უღიარდა. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან მარეგისტრირებელი ორგანოსადმი მიმართვა არ გულისხმობს საჯარო რეესტრის უპირობო ვალდებულებას სახელმწიფოს სახელზე დაარეგისტრიროს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელ ორგანოს ასეთ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოებისას, ეკისრება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის ვალდებულება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულებას აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანო სზაკ-ის 96-ე მუხლი, კერძოდ - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
რეგისტრაციის სავალდებულო პირობას წარმოადგენს უფლებადამდგენი დოკუმენტის არსებობა, ხოლო სახელმწიფოს სახელზე ქონების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად კანონმდებლობით დაშვებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა. სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის, სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა. როგორც აღინიშნა, თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რეგისტრაციით ხდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო, მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით ჩასაბმელ დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა შესაძლოა იყოს სავალდებულო ან ფაკულტატური. სავალდებულო მონაწილეობის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა არის აუცილებელი იმდენად, რამდენადაც მათ მონაწილეობას წარმოებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. კერძოდ, სწორედ აღნიშნულ პირთა წარმოებაში ჩართულობაზე, მათ აუცილებელ მოწვევაზეა დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ფაკულტატური მონაწილეობისას კი, ადმინისტრაციულ წარმოებაში ერთვებიან და მონაწილეობენ უბრალო მონაწილეები, რომელთა კანონიერ ინტერესსაც შეიძლება შეეხოს ეს გადაწყვეტილება და რომელთა ჩაურთველობა ადმინისტრაციულ წარმოებაში გავლენას ვერ მოახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, პირის კანონიერ უფლებასა და ინტერესში მოიაზრება არა „უბრალო უპირატესობა“, რომელიც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რაიმე ქმედებით შეიზღუდოს, არამედ ისეთი უფლება და ინტერესი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საფუძველზეა წარმოშობილი და განმტკიცებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოსაკვლევად გასატარებელ ღონისძიებათა სახეები: დოკუმენტების გამოთხოვა, ცნობების შეგროვება, დაინტერესებული მხარეების მოსმენა, მოვლენის ან შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ექსპერტიზის დანიშვნა და სხვა.
ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოს საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურში მიმართვის წარდგენამდე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა გამოეკვლია სარეგისტრაციო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არსებული გარემოებები, კერძოდ ხომ არ იკვეთებოდა ფიზიკური ან იურიდიული პირის სამართლებრივი კავშირი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.06.21წ N004232721 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. მარნეულში მდებარე N... ს.კ. რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში განთავსებული ...ს საამქრო, აშენებულია 2000 წლამდე. მოსარჩელე განმარტებით 30 წელზე მეტია, ქ. მარნეულში ფლობს და სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთით, სადაც 90-იან წლებში ააშენა ...ს საამქრო. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2.08.2019წ. სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია ზაქირ მამედოვის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფლობა-სარგებლობისა და მასზე მოსარჩელის მიერ შენობა-ნაგებობის აშენების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე გადაცემის მომენტისათვის მიღებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილების პირობებში ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აღჭურავდა უფლებით საკუთრებად მიეღოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო, რომ შესაძლოა სამომავლოდ პირებს გამოეხატათ ნება და მოეხდინათ კანონით მინიჭებული უფლების რეალიზება მათ მიერ კონკრეტულ ქონებასთან სამართლებრივი კავშირიდან გამომდინარე. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მარეგისტრირებელ ორგანოში ყოველი მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის მოთხოვნის დაყენებისას ვალდებული იყო ზედმიწევნითი სიზუსტით დაედგინა რამდენად არსებობდა მათზე სხვა პირთა ინტერესი. საქმის მასალებით არ დასტურდება რა ღონისძიებები განახორციელა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სადავო ბრძანების გამოცემამდე, ასევე არ დგინდება უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის სათანადოდ გამოკვლევის მიზნით იყო თუ არა სადავო მისამართზე გასული ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობა შეიძლებოდა გაუარესებულიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებული პირის გამოვლენის შემთხვევაში ეცნობებინა მისთვის ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და უზრუნველეყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით აშკარაა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზება და მოიპოვოს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც ზ. ბ-ის სადავო ქონებაზე მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდება ზემოაღნიშნული უფლებადამდგენი დოკუმენტის გაუქმების ფაქტი, მოსარჩელეს აქვს ლეგიტიმური უფლება უფლება მოითხოვოს უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს, რომ მოსარჩელის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება შეუსაბამოა "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებთან, ვინაიდან თავად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოც მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას არ უცნობებია, ასევე სასარჩელო მოთხოვნების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გამოცემული განკარგულების კანონიერების საკითხზე მსჯელობა სცდება განსახილველი დავის ფარგლებს.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა