Facebook Twitter

საქმე №657აგ-13 20 დეკემბერი, 2013 წელი

ც-ი გ., 657აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-ისა და ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის განაჩენით გ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (8 ეპიზოდი) – 1-1 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) –2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. ც-ს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 6 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი – ჩაეთვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 6 მაისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ც-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 5 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა გ. ც-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ც-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის განაჩენი და 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. ც-ი და მისი ადვოკატი ი. მ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.

მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ც-ისა და ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენი გ. ც-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე