Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-441(2კ-24) 22 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მესამე პირები ასკ-ის 16.2 მუხლით) - გ., გი., გუ., მ., ქ. ფ-იები და ნ. გ-ი

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ. და თ. ფ-იების უფლებამონაცვლე - თ. ფ-ი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მესამე პირი (ასკ-ის 16.1 მუხლით) - ა. ფ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. და თ. ფ-იებმა 2019 წლის 29 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის დაბა მესტიის ტერიტორიულ ერთეულში 2019 წლის 20 სექტემბრის №01482 ოქმის, „მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის დაბა მესტიის ტერიტორიულ ერთეულში 2019 წლის 20 სექტემბრის №1482 ბრძანებისა და დაბა მესტიაში, ...ს ქუჩის №...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) გ. ფ-ის, გი. ფ-ის, გუ. ფ-ის, მ. ფ-ის, ნ. გ-ის, ქ. ფ-იის თანასაკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები მშობლებთან - დ. და ჟ. ფ-იებთან, ასევე ძმასთან - თ. ფ-ითან ერთად ერთად ცხოვრობდნენ დაბა მესტიაში, ...ს ქუჩა №...-ში. მათთან ცხოვრობდა ბებია - პ. ფ-ი და ბაბუა - ე. ფ-ი. მამა - დ. ფ-ი მეორედ დაქორწინდა და კომლიდან გაყრის შემდგომ სხვა სახლში, დაბა მესტიაში, ...ის ქუჩაზე დასახლდა. მეორე ქორწინებიდან შეეძინა სამი შვილი, რომლებიც მამის კომლში, მესტიაში, ...ის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მესტიაში, ...ს ქუჩის №...-ში კი საცხოვრებლად მხოლოდ მისი ბებია და ბაბუა ე. და პ. ფ-იები დარჩნენ. ამის შემდეგ მოსარჩელეები სასწავლებლად და საცხოვრებლად ქალაქ ზუგდიდში გადაიყვანეს, რის გამოც ამოირიცხნენ ბებისა და ბაბუის კომლიდან. თუმცა, ისინი ხშირად რჩებოდნენ ბებიისა და ბაბუის სახლში, არდადეგებზე ჩადიოდნენ, რადგანაც ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ბებია ცხოვრობდა მარტო, ხოლო მამა - დ. ფ-ი თავის მეორე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დაბა მესტიაში, გ-ის ქ. №22-ში, სადაც ის სიკვდილამდე ცხოვრობდა. მამა - დ. ფ-ი გარდაიცვალა 1964 წლის 16 აპრილს, ბებია - პ. ფ-ი კი 1965 წლის 11 აგვისტოს.

მოსარჩელეთა მითითებით, ბებიის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც, მის დანაშთ უძრავ ქონებას მოსარჩელეები უვლიდნენ და სარგებლობდნენ. საარქივო ცნობის შესაბამისად, ნ. და თ. ფ-იები 1955-1957 წლებში ირიცხებოდნენ პ. ფ-ისა და ე. ფ-ის კომლში. დ. ფ-ის შვილმა - მ. ფ-იმა კი მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა მესტიაში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც საარქივო ცნობით ეკუთვნოდა პ. ფალანს, ასევე წარადგინა დაბა მესტიაში, გ-ის ქ. №...-ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის შესახებ საარქივო ცნობა და გადაწყვიტა ამ ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთის ოდენობის ფარგლებში, დაურეგისტრირებელი ფართობის გათვალისწინებით, დაერეგისტრირებინა პ. ფ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მ. ფ-იმა მიაღწია მისთვის სასურველ შედეგს, რის გამოც, მოსარჩელეებმა საჩივრით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელეები სასამართლო წესით სადავოდ ხდიან იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებისა და იდენტურობის დადგენის შედეგად, სადავო უძრავი ქონება აღირიცხა მესამე პირების საკუთრებაში. მოცემულ საქმეში მოსარჩელეთა - ნ. და თ. ფ-იების იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ბებიის - პა. ფ-ის დანაშთი ქონების შესაბამის წილზე საკუთრების უფლების მოპოვება. სადავო აქტების ბათილად ცნობის გარეშე კი, მოსარჩელეთა მოსაზრებით, სარეგისტრაციო განცხადების წარდგენისას დაფიქსირდება რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან ზედდება, რაც ხელს შეუშლის მათი საკუთრების დარეგისტრირებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, ნ. და თ. ფ-იების სარჩელი, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ გ., გი., გუ., მ., ქ. ფ-იები და ნ. გ-ი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის საოქმო განჩინებით, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ა. ფ-ი. ამავე საოქმო განჩინებით მოსარჩელე - თ. ფ-ის უფლებამონაცვლედ დადგინდა თ. ფ-ი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ისა და თ. ფ-ის უფლებამონაცვლის - თ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ“ დაბა მესტიის ტერიტორიულ ერთეულში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 20 სექტემბრის №01482 ოქმი და „მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ“ დაბა მესტიის ტერიტორიულ ერთეულში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 20 სექტემბრის №1482 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი დაბა მესტიაში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ:...) გ. ფ-ის, გი. ფ-ის, გუ. ფ-ის, მ. ფ-ის, ნ. გ-ისა და ქ. ფ-იის თანასაკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილება.

რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით იქნა გამოცემული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 20 სექტემბრის №01482 ოქმი და მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 20 სექტემბრის №1482 ბრძანებაც, რადგან აღნიშნული დოკუმენტაცია არ შეიცავს დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მ. ფ-ის საკომლო წიგნით კუთვნილი დაბა მესტიაში, გ-ის ქუჩა №...-ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი იყო დაბა მესტიაში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც უდავოდ დასტურდებოდა პა. ფ-ის საკუთრება. უფრო მეტიც, მერის წარმომადგენელმა იდენტურობის დადგენის ბრძანებით დაადგინა, რომ ქონებასთან დაკავშირებით არსებობდა „მოდავე“, თუმცა აღნიშნული გარემოება გამოკვლევის გარეშე დატოვა და მითითებული ჩანაწერის შემოწმება არც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განუხორციელებია.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების - გ., გი., გუ., მ., ქ. ფ-იებისა და ნ. გ-ის მიერ მიერ, რომლებმაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გ., გი., გუ., მ., ქ. ფ-იებისა და ნ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონულ სასამართლოს და მიიჩნია, რომ დაბა მესტიაში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...), რომელიც სადავო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით მესამე პირების - გ., გი., გუ., მ., ქ. ფ-იისა და ნ. გ-ის თანასაკუთრებად დარეგისტრირდა, კომლის ბოლო წევრის - პა. ფ-ის კომლის ქონებას წარმოადგენდა. შესაბამისად, ამ ქონების რეგისტრაციაზე უნდა გავრცელდეს მემკვიდრეობის სამართლის რეჟიმი, რაც მოცემული დავის ფარგლებში ვერ განიხილება. აღნიშნული გარემოება კი, რა თქმა უნდა, უშუალო გავლენას ახდენს სადავო აქტების კანონიერებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მესამე პირებმა - გ., გი., გუ., მ., ქ. ფ-იებმა და ნ. გ-იმა, რომლებმაც, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები - გ., გი., გუ., მ., ქ. ფ-იები და ნ. გ-ი მიუთითებენ იმავე ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ნორმებზე, რაზეც მიუთითებდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავენ, რომ პირველი სამართლებრივი უსწორობაა ის გარემოება, რომ სარჩელი აღძრულია არაუფლებამოსილი პირების მიერ, რომელთაც არ გააჩნიათ იურიდიული ინტერესი სადავო ქონების მიმართ. კასატორების მოსაზრებით, მოსარჩელეები არ არიან სამართლებრივ კავშირში პა. ფ-ის დანაშთ ქონებასთან, ვინაიდან რეალური მემკვიდრეები ჯერ კიდევ დასადგენია სასამართლოს მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ საქმესთან უშუალო კავშირშია სამოქალაქო დავა, რომლითაც განიხილება სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენის - ა. ფ-ის მიმართ აღძრული სარჩელი.

კასატორების მოსაზრებით, უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც სასამართლოს მთელი ყურადღება უნდა მიქცეულიყო კონკრეტული საკუთრების კონკრეტულ უფლებადამდგენ დოკუმენტთან ფაქტობრივი სამართლებრივი კავშირის დადგენაა. სასამართლო პროცესის მსვლელობისას კი დადგინდა ყველა გარემოება, გარდა იმისა, დადგენილიყო ურთიერთკავშირი ნახაზზე არსებული უძრავი ქონების იდენტურობის შესახებ მ. ფ-ის უფლებადამდგენ დოკუმენტთან მიმართებაში.

კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა რეგისტრაციის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებზე და აღნიშნა, რომ სადავო სამართალურთიერთობის განხილვისას მნიშვნელობა ენიჭება იმის გარკვევას, თუ მოსარჩელის რომელი უფლება დაირღვა სადავო რეგისტრაციით. აღსანიშნავია, რომ მ. ფ-იმა 2019 წლის 8 ივლისს სარეგისტრაციო განცხადებით მოითხოვა მესტიაში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიიდან წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურდა უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მესტიაში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთი დარეგისტრირდა გ. ფ-ის, გი. ფ-ის, გუ. ფ-ის, მ. ფ-ის, ნ. გ-ის და ქ. ფ-იის თანასაკუთრებად. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი .... ამის შემდეგ, 2019 წლის 6 ნოემბერს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე. განცხადებაზე თანდართული იყო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სარეგისტრაციო სამსახურმა 2019 წლის 12 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი ..., დარეგისტრირდა ა. ფ-ის საკუთრების უფლება.

კასატორს მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ მოცემულ შემთხვევაში სწორად შეაფასა როგორც სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ისე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 და 22 მაისის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გ., გი., გუ., მ., ქ. ფ-იებისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გ., გი., გუ., მ., ქ. ფ-იებისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასება, რომელთა მიხედვითაც, კერძოდ, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერებისა და იდენტურობის დადგენის შედეგად, მესამე პირების საკუთრებაში აღირიცხა ის უძრავი ქონება, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდნენ მოსარჩელეები - ნ. და თ. ფ-იები, როგორც მემკვიდრეები. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ბებიის - პა. ფ-ის დანაშთი ქონების შესაბამის წილზე საკუთრების უფლების მოპოვება. სადავო აქტების კანონიერების პირობებში კი, მათი უფლების რეალიზება ვერ განხორციელდება. მოსარჩელეთა მიზანია, აღდგეს ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც მათი ბებიის დანაშთი ქონების მესამე პირების საკუთრებად აღრიცხვამდე არსებობდა, რათა მათ, როგორც პა. ფ-ის მემკვიდრეებმა მიიღონ შესაბამისი წილი სამკვიდრო ქონებიდან.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იურიდიული ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ განსახილველი დავის მიმართ მოსარჩელეებს გააჩნიათ იურიდიული ინტერესი, რაც სარჩელის დასაშვებად მიჩნევის და მისი არსებითად განხილვის წინაპირობაა, ვინაიდან ისეთი პატივსადები ინტერესის წარმოშობის შემთხვევაშიც კი, რომელიც შეიძლება არ იყოს უზრუნველყოფილი უფლებით, კანონი ითვალისწინებს მის სამართლებრივ დაცვასაც, ხოლო იმის გასარკვევად რამდენად არის ინტერესი კანონიერი (შესაბამისი მატერიალური უფლებით გამყარებული), სადავო ინდივიდუალური აქტები პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს თუ არა მოსარჩელეთა ინტერესს და სადავო აქტის ბათილად ცნობა წარმოშობს თუ არა რაიმე სახის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს მოსარჩელეთა მიმართ, უნდა დადგინდეს მოცემული დავისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისთვის შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების მიცემის გზით.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- მესტიის სასოფლო საბჭოს 1935 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერებში ფიქსირდება ე. ფ-ი - ოჯახის უფროსი, რომლის მეუღლე - პ. (პა., პე.) ფ-ი და შვილი - დ. (ზოგან მითითებულია დო.) ფ-ი (მოსარჩელეთა მამა) მის კომლში ირიცხებოდნენ, ხოლო 1954-1956 წლებში კომლის შემადგენლობა გაიზარდა და ჩაეწერა თ. დ.-ს ძე ფ-ი - შვილიშვილი და ნა. (ნ. ) ფ-ი - შვილიშვილი. 1955-1957 წლებში კომლის წევრობა შეუწყდათ კომლის წევრებს, შვილიშვილებს - თ. დ.-ს ძე ფ-ის და ნა. (ნ. ) დ.ს ასულ ფ-ის ქალაქ ზუგდიდში საცხოვრებლად გადასვლის გამო; ამ პერიოდისათვის კომლს ერიცხებოდა მიწის ფართი შენობა-ნაგებობიანად სულ 0,45 ჰა; 1958-1960 წლებში ე. ფ-ის (ოჯახის უფროსი) კომლს გაეყარა დ. ფ-ი - შვილი, რის გამოც ე. ფ-ის ძირითად კომლში დარჩნენ ე. ფ-ი - უფროსი (1961-1963 წლებში გადახაზულია, გარდაცვლილია) და პა. ფ-ი - ცოლი; კომლს დარჩა მიწის ფართი შენობა-ნაგებობიანად სულ 0,15 ჰა; კომლის წიგნის ამონაწერის თანახმად, ე. ფ-ის ერიცხებოდა მიწა და მასზე აგებული საცხოვრებელი სახლი (ევროპული - 0,01 კვ.მ.). 1961-1963 წლებში ე. ფ-ის შესახებ ჩანაწერია, რომ გადახაზულია, გარდაცვლილია, ხოლო კომლის ბოლო წევრი - პა. (გარდაცვალების №28187004056 მოწმობაში ასეა მითითებული) ფ-ი გარდაიცვალა 1965 წლის 11 აგვისტოს;

- საქმის მასალების მიხედვით, ასევე დადგენილია, რომ 1986-1996 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებში კომლის უფროსად ფიქსირდება ვ. ფ-ი (დ. ფ-ის ცოლი) - ოჯახის უფროსი, მ. ფ-ი - შვილი. ასევე დადგენილია, რომ შემდგომში მ. დ.-ს ძე ფ-ის კომლს ერიცხებოდა მიწა და შენობა-ნაგებობები 2,33 ჰა. მათ შორის, სახლთან ბაღი და სახნავი - 0,03 ჰა, სახნავი - 0,12 ჰა, სათიბი - 0,18 ჰა; საძოვარი - 2 ჰა. საკომლო წიგნის ასლით ამ კომლს ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი 40 კვ.მ; ფარდული და ბოსელი. 2005 წლის 31 ოქტომბერს გაიცა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, რომლის თანახმად, მ. ფ-ის თანასაკუთრებად, დაუზუსტებელი მონაცემით, მესტიაში, ...ის ქ. №54-ში დარეგისტრირდა 900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო სასარგებლო ფართი 155 კვ.მ: მათ შორის, საცხოვრებელი ფართია: 120 კვ.მ, თანამესაკუთრეები: ნ. გ-ი, ქ., გი., გუ., გა. ფ-იები, ს/კ ...;

- აღნიშნული მონაცემებით დასტურდება, რომ ე. და პა. ფ-იების კომლი და ვ. ფ-ის (შემდგომში მ. ფ-ის) კომლი დამოუკიდებლად არსებობდნენ და მიწა შენობა-ნაგებობიანად ცალ-ცალკე ერიცხებოდათ;

- 2012 წლის 23 თებერვალს თ. ფ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მესტიაში, ...ს ქ. №...ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 29 თებერვლის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ფ-ის განცხადება და მესტიაში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 579 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 33 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა თ. ფ-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...). 2018 წლის 6 დეკემბერს ნ. ფ-ის წარმომადგენელმა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მესტიაში, ...ს ქ.№...ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, ს/კ ... რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ თ. ფ-ითან ერთად ნ. ფ-ის მითითება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ თ. ფ-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტში, 2012 წლის 9 იანვრის №AA2011044495-05 არქივის ცნობაში, თ. ფ-ითან ერთად მითითებული იყო ნა. (ნ. ) დო.-ს ასული ფ-ი-შვილიშვილი. ნ. ფ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ უძრავი ნივთი ხელმეორედ რეგისტრაციას აღარ ექვემდებარებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ფ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ფ-ის ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 29 თებერვლის №... და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებები; ქონების რეგისტრაციის სამსახურს დაევალა 2012 წლის 23 თებერვლის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან (განმცხადებელი: თ. ფ-ი) დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. საბოლოოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილებით, №... კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე თ. ფ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აღნიშვნით, №... სარეგისტრაციო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციას 2012 წლის 9 იანვრის №AA2011044495-05 არქივის ცნობა საფუძვლად არ უნდა დადებოდა და მესტიის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მოეთხოვა 2012 წლის 9 იანვრის №AA2011044495-05 არქივის ცნობაში მითითებული კომლის ბოლო ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია და ეხელმძღვანელა აღნიშნული დოკუმენტით;

- მ. ფ-იმა 2019 წლის 08 ივლისს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მესტიაში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 2019 წლის 30 სექტემბერს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რის შედეგადაც მესტიაში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 497 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი დარეგისტრირდა გ. ფ-ის, გი. ფ-ის, გუ. ფ-ის, მ. ფ-ის, ნ. გ-ის და ქ. ფ-იის თანასაკუთრებად. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ..., მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა;

- საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ფ-ის დარეგისტრირებული აქვს რამდენიმე უძრავი ქონება. მათი რეგისტრაციის ერთ-ერთი საფუძველია მ. ფ-ის კომლისა და მისი ქონებრივი მონაცემების შესახებ საარქივო მასალები (საერთო ჯამში ერიცხება 2,33 ჰა - სახლთან ბაღი და სახნავი - 0,03 ჰა, სახნავი - 0,12 ჰა, სათიბი - 0,18 ჰა (ჯამში 0,33 ჰა), საძოვარი - 2 ჰა). საერთო ჯამში მ. ფ-ის დარეგისტრირებული აქვს 3785 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი - 160 კვ.მ და არასაცხოვრებელი - 44 კვ.მ ფართები. მ. ფ-ის კომლს სარეგისტრაციოდ დარჩენილი ჰქონდა 2 ჰა საძოვარი.

- დაბა მესტიაში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) მესაკუთრედ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია ა. ფ-ი. მოსარჩელის აღნიშვნით, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა - გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ, 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინება. 126-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე წევრის გასვლისას (გამოყოფა) წილი გამოიყოფოდა ნატურით, იმ ვარაუდით, რომ კომლს არ მოკლებოდა დამხმარე მეურნეობისათვის აუცილებელი ნაგებობები, პირუტყვი და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი. 127-ე მუხლით, საკოლმეურნეო კომლის გაყრისას მთელი ქონება იყოფოდა ახლად შექმნილ კომლებს შორის მათი წევრების წილთა შესაბამისად და თითოეული კომლის სამეურნეო საჭიროების გათვალისწინებით. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ე. ფ-ის კომლს დ. ფ-ი (შვილი) გაეყარა და დარეგისტრირდა ცალკე კომლად. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ე. ფ-ის კომლს და დ. ფ-ის კომლს ცალ-ცალკე ერიცხებოდათ. ამასთან, დადგენილია, რომ ე. ფ-ის კომლის ბოლო წევრი - პა. ფ-ი 1965 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა. 1992 წელს დაიწყო მიწის რეფორმა და ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის მიწის გადაცემა. განისაზღვრა კომლთა 3 კატეგორია და მათთვის გადასაცემი მიწის ნაკვეთის ზღვრული ნორმები. მიწები, რომლებიც კერძო კომლთა მფლობელობაში იყო (საკარმიდამო მიწის ნაკვეთები), ჩაითვალა საერთო ფართის შემადგენელ ნაწილად.

საკასაციო პალატა მიუთითებს დღეს მოქმედ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. 15131 მუხლის მიხედვით, თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, თუკი საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი, 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გარდაცვლილია. კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება კომლის წევრების თანასაკუთრებაა და მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები.

საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოებს, რომლებმაც საქართველოს სს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის, საქართველოს სსრ მიწის კოდექსის, 1992 წლის 18 იანვრის მინისტრთა კაბინეტის №48 დადგენილების, მოქმედი სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებით, მიიჩნიეს, რომ დაბა მესტიაში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...), რომელიც სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით გ. ფ-ის, გი. ფ-ის, გუ. ფ-ის, მ. ფ-ის, ნ. გ-ის, ქ. ფ-იის თანასაკუთრებად დარეგისტრირდა, კომლის ბოლო წევრის - პა. ფ-ის კომლის ქონებას წარმოადგენდა. შესაბამისად, ამ ქონების რეგისტრაციაზე უნდა გავრცელდეს მემკვიდრეობის სამართლის რეჟიმი, რაც მოცემული დავის ფარგლებში ვერ განიხილება. აღნიშნული გარემოება კი, რა თქმა უნდა, უშუალო გავლენას ახდენს სადავო აქტების კანონიერებაზე. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, პა. ფ-ის გარდაცვალებისას მოქმედი კანონმდებლობა ორი საცხოვრებელი სახლის კუთვნილებას არ ითვალისწინებდა. მ. ფ-ის საკუთარი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდა დარეგისტრირებული. მან არქივის ცნობის და კომლის წიგნის მონაცემებით დაირეგისტრირა საერთო ჯამში 3785 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი - 160 კვ.მ და არასაცხოვრებელი - 44 კვ.მ ფართები, სარეგისტრაციოდ დარჩენილი ჰქონდა 2 ჰა საძოვარი, თუმცა ის გარემოება, რომ მ. ფ-ის კომლს სარეგისტრაციოდ დარჩენილი ჰქონდა მისთვის გამოყოფილი მიწის ზღვრული ოდენობიდან 2 ჰა საძოვარი, არ წარმოშობდა საძოვრის ხარჯზე დასახლებულ პუნქტში - დაბა მესტიაში, ...ს ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საფუძველს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

დასახელებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციისა და სპორადული რეგისტრაციის მიზნებისათვის, საკუთარი ინიციატივით: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) სისტემური რეგისტრაციის მიზნებისათვის, ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, აგრეთვე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, თუ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი სააგენტოა; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ასევე ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამრიგად, საკუთრების უფლების როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე უძრავი ნივთის მონაცემების სწორად ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მათ შესაბამისად უნდა განახორციელოს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და უფლების დამდგენ დოკუმენტში ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიუხედავად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ევალებოდა გადაწყვეტილება მიეღო მასთან დაცული ინფორმაციის სრულად და ყოველმხრივ შეფასების შედეგად მით უფრო მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ნ. ფ-ის საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სარეგისტრაციო ქონება წარმოადგენდა პა. ფ-ის კომლის კუთვნილებას, პა. ფ-ის მემკვიდრეების დადგენამდე კი, ეჭვქვეშ იდგა მთლიანად იდენტურობის დადგენის აუცილებლობის შესახებ შესაბამისი წარმოების განხორციელების საჭიროება. იდენტურობის დადგენა ხდება მაშინ, როდესაც არსებობს უფლების დამდგენი დოკუმენტი და უნდა გამოირკვეს ამ დოკუმენტში ასახულ ქონებასთან სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში კი სადავოა, რამდენად წარმოადგენდა საარქივო ცნობა მ. ფ-ისთვის, გარდა საძოვრისა, რაიმე ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტს. ამდენად, აღნიშნული გარემოებების შეფასების გარეშე გადაწყვეტილების მიღება, საკასაციო პალატის შეფასებით, მიუთითებს განსახილველი საკითხისადმი, მარეგისტრირებელი ორგანოს ფორმალურ მიდგომაზე, რაც სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა მოიხმობს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებას, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე შეამოწმოს საკადასტრო აღწერის შედეგების სისწორე მესაკუთრის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის, დაინტერესებული პირის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობით. ზემოთ მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ზემოთ მითითებული №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული, სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას /ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან): მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვება ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის საგადასახადო სიის, ასევე, საკუთრების უფლების, ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე, ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

განსახილველ შემთხვევაში, მ. ფ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. შესაბამისად, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა 2019 წლის პირველ აგვისტოს №271034 მიმართვით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით. ზემოაღნიშნულ მიმართვაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიიდან მარეგისტრირებელ ორგანოში 2019 წლის 20 სექტემბერს გაიგზავნა №1515 მიმართვა და თანდართული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ დაბა მესტიის ტერიტორიულ ერთეულში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 20 სექტემბრის №01482 ოქმი და მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ დაბა მესტიის ტერიტორიულ ერთეულში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 20 სექტემბრის №1482 ბრძანება, რომლითაც დადასტურდა უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში, დაბა მესტიის ტერიტორიულ ერთეულში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 20 სექტემბრის №01482 ოქმი და მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ დაბა მესტიის ტერიტორიულ ერთეულში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 20 სექტემბრის №1482 ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მ. ფ-ის საკომლო წიგნით კუთვნილი დაბა მესტიაში, გ-ის ქუჩა №...-ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი იდენტურია დაბა მესტიაში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა, რომელზეც უდავოდ დასტურდება პა. ფ-ის საკუთრება. უფრო მეტიც, №01482 ოქმში მითითებულია ჩანაწერი, რომ „არსებობს მოდავე“, თუმცა აღნიშნული გარემოება გამოკვლევის გარეშე იქნა დატოვებული. ამ ჩანაწერის შემოწმება არც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განუხორციელებია, მით უფრო იმ ინფორმაციასთან შეჯერებით, რაც თავად მარეგისტრირებელ ორგანოში ინახებოდა სადავო ქონებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ოქმი და ბრძანება დაუსაბუთებელია, რაც ასევე მათი ბათილად ცნობის საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. გ., გი., გუ., მ., ქ. ფ-იებისა და ნ. გ-ის, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება;

3. ზ. მ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს კასატორების - გ., გი., გუ., მ., ქ. ფ-იებისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 20 მაისს №21924276830 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 10 აპრილს №17341 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე