Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-450(კ-24) 22 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. უ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. უ-ამ 2022 წლის 27 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის შედეგად თ. უ-ას ოჯახის უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით თ. უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თ. უ-ას განცხადების განხილვის შედეგად კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაიზიარეს ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ თ. უ-ას უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ იგი არ ცხოვრობდა საშიშ და ნგრევად შენობაში იმ დროს, როდესაც კანონით გათვალისწინებულ წესით სააგენტომ უზრუნველყო აღნიშნული შენობის მაცხოვრებელი დევნილების გაყვანა. აღნიშნულის აღწერა მოხდა, თუმცა ვინაიდან იგი არ ცხოვრობდა იმ ეტაპზე მითითებულ მისამართზე, მისი საკითხი არ განხილულა კომისიის სხდომაზე. ზემოაღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის საკუთრებით დაკმაყოფილებას, თუმცა არა კრიტერიუმების გარეშე, არამედ შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, რაც დადგენილია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად. სწორად ამ საფუძვლის გათვალისწინებით სააგენტომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

კასატორის მითითებით მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, დევნილთა მიმართ სახელმწიფოზე დაკისრებულ ვალდებულებას წარმოადგენს და სახელმწიფო სრულად იზიარებს ამ პასუხისმგებლობას, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მოცემულ ეტაპზე ოჯახის გადაუდებელი განსახლების საკითხი არ დგას, ვინაიდან ოჯახი არ ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე ყოფილი სასტუმრო "...ში".

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს თ. უ-ასთვის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების საფუძვლით.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

თ. უ-ას მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. თ. უ-ას დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, დევნილის ანკეტის მიხედვით არის თბილისი, ნაძალადევი, ..., ობიექტის დასახელება - ქ....

არასრულწლოვანი - მ. უ-ას (დაბ.: ... წ.) მშობელი არის თ. უ-ა. მ. უ-ა 2022 წლის 1 ივნისიდან ირიცხება ა(ა)იპ ქ. თბილისის ...-ე საბავშვო ბაგა-ბაღში.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 31 მაისის IDP 4 23 00564759 წერილით დგინდება, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე „ქ...ს“ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა განხორციელდა 2021 წლის 17 მაისს. დევნილი თ. უ-ას ოჯახი მონიტორინგის სამსახურს ადგილზე არ დახვდა, არც ფაქტობრივად მცხოვრებლებს მიუწოდებიათ ოჯახის შესახებ ინფორმაცია და არც დევნილ ოჯახს მიუმართავს სააგენტოსათვის განცხადებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილთა საკითხების კომისიას არ უმსჯელია თ. უ-ას ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხზე.

2022 წლის 24 ივნისს თ. უ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. აღნიშნა, რომ წარმოადგენდა აფხაზეთიდან დევნილს, ცხოვრობდა ქ. თბილისში, სანატორიუმ „...ში“, ოთახი №.... აღნიშნული ობიექტი იყო ჯანმრთელობისათვის საშიში და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე, რომელიც არ შეესაბამებოდა სტანდარტულ პირობებს. განმარტა, რომ სანატორიუმ „...ში“ მცხოვრები დევნილი ოჯახების ნაწილი სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, როგორც ჯანმრთელობისათვის მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში მცხოვრები დევნილები ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე განასახლა, ხოლო ნაწილი 2022 წლის ბოლომდე უნდა დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებელი ფართით ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე. განმცხადებელი ითხოვდა ინფორმაციას, განიხილა თუ არა კომისიამ მისი ორსულიანი ოჯახის განსახლების საკითხი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს IDP 1 22 00225843 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის სხდომის (ოქმი №70) გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობისთვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტიდან (ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ქ...“), კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებელი ფართებით განსახლებას დაექვემდებარა მხოლოდ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები. კომისიას არ უმსჯელია თ. უ-ას ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხზე, ზემოხსენებულ ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. შესაბამისად, სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ თ. უ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული არ არის.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 ივნისის IDP 9 22 00053572 წერილით თ. უ-ას ეცნობა, რომ მისი ოჯახის ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე ყოფილი სასტუმრო „ქ...ს“, როგორც ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე არ განხილულა, ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. განმცხადებელს ასევე განემარტა დევნილთა განსახლების საერთო წესის თაობაზე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ვ. ჭ-ა, რომელმაც განმარტა, რომ თ. უ-ას და მის ოჯახს იცნობს წლებია. თ. უ-ა დევნილობის პერიოდში, 1996 წლიდან ცხოვრობდა სასტუმრო ქ...ს შენობაში დედ-მამასთან ერთად ჯერ მე-4 სართულზე, შემდეგ თ. უ-ას მეუღლესთან ერთად მე-3 სართულზე ეკავა ...-ე ოთახი. მოწმის განმარტებით, თავად ცხოვრობს ...-ე ოთახში და ამავე მისამართზე პერიოდულად ხვდება თ. უ-ას, ბოლოს იგი ნახა ნახევარი წლის წინ.

საკასაციო სასამართლო მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.

ამავე წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. უ-ა (პ/ნ ..., დაბ: ...წ) არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. დევნილი ოჯახის რეგისტრაციის N ..., მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე: აფხაზეთი, სოხუმი, ...ს ქ. N12; დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) - თბილისი, ნაძალადევი, ...ის დას. ,,ქ...’’; თ. უ-ას არასრულწლოვანი შვილი - მ. უ-ა (დაბ.: ...წ.) არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი; რეგისტრაციის N ..., მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე: აფხაზეთი, სოხუმი, ...ს ქ. N...; დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) - თბილისი, ნაძალადევი, ...ის დას. ,,ქ...’’. ამასთან, სადავო არ არის, რომ თბილისში, ნაძალადევში, ...ში მდებარე, ყოფილი სასტუმრო ,,ქ...ს’’ შენობა წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტს. შესაბამისად, განისაზღვრა იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 ივნისის IDP 9 22 00053572 წერილობითი ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე ყოფილი სასტუმრო ,,ქ...ს“, როგორც ჯანმრთელობისათვის საშიში და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტის დახურვის მიზნით, მასში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გასახლების საკითხი განიხილეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე (N70). ამასთან, დევნილი თ. უ-ას ოჯახის, როგორც ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N 70) არ განხილულა, ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთჯერადად ჩატარებული აღწერისას მოსარჩელე თ. უ-ა არ იმყოფებოდა საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილზე, უტყუარად არ ადასტურებს მოსარჩელის “ფაქტობრივად არ ცხოვრების“ ფაქტს და არ გამორიცხავს, მისი დევნილი ოჯახის (თვითონ, არასრულწლოვანი შვილი), როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საკითხის განსახილველად მომზადებისათვის წარმართული ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად გამოეკვლია ყველა გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ინფორმაციის - დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის საფუძველზე დაედგინა დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში რეგისტრირებული დევნილი ოჯახების შესახებ და მოეხდინა მათი სათანადოდ ინფორმირება.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირის ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა), თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებებს სადავო აქტების უკანონობასთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის და მისი არასრულწლოვანი შვილის ასაკის გათვალისწინებით მხოლოდ ის ფაქტი, რომ მონიტორინგისას სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ობიექტში მცხოვრები თ. უ-ა არ იმყოფებოდა მისამართზე, არ ქმნის მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ. ჭ-ას განმარტებით, თ. უ-ას და მის ოჯახს იცნობს წლებია. თ. უ-ა დევნილობის პერიოდში, 1996 წლიდან ცხოვრობდა სასტუმრო ქ...ს შენობაში დედ-მამასთან ერთად ჯერ მე-4 სართულზე, შემდეგ თ. უ-ას მეუღლესთან ერთად მე-3 სართულზე ეკავა ...-ე ოთახი. მოწმის განმარტებით, თავად ცხოვრობს ...-ე ოთახში და ამავე მისამართზე პერიოდულად ხვდება თ. უ-ას, ბოლოს იგი ნახა ნახევარი წლის წინ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ზემოაღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილის - მ. უ-ას საუკეთესო ინტერესები.

აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტები, რომლებიც მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს უარყოფდა ან გააქარწყლებდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა შემოფარგლულიყო არსებულ ფაქტებზე მითითებით და უნდა შეესწავლა მოსარჩელის ამჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობა. ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე