Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-508(კ-24) 22 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. შ-ა

მესამე პირები - ნ. ა-ა, ა. ა-ა, ლ. ა-ა, ს. ა-ა, ბ. ა-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. შ-ამ 2023 წლის 02 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის IDP 4 23 00000231 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის IDP 4 23 00000231 ბრძანება ნ. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით აპელანტ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მიაჩნია, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო და გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ფორმალურადაა ნახსენები გადაწყვეტილებაში. სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. სახელმწიფოს, მოცემულ შემთხვევაში კი სააგენტოს აქვს ვალდებულება, ყველა დევნილი ოჯახი უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებლით და მათ შეუქმნას ცხოვრებისათვის სრულფასოვანი გარემო, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს კანონმდებლობის სრული დაცვით, დაიცვას თითოეული დევნილის უფლება და უფლებამოსილება განახორციელოს შესაბამისი კრიტერიუმების, რიგითობის სრული დაცვით და არსებული სტრატეგიის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უთითებს ყველა აღნიშნული ნორმის დარღვევის შესახებ და სწორედ აღნიშნული განმარტებით აყენებს მოსარჩელის ოჯახს სხვა დევნილ ოჯახებთან არათანაბარ მდგომარეობაში. აღნიშნული პრაქტიკის დამკვიდრება კი დაუშვებელია და ეწინააღმდეგება კანონს.

კასატორის განმარტებით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელისა და მისი ოჯახის განსახლების გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებით და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ოჯახი ცხობრობს სხვის საკუთრებაში, თუმცა ამავე დროს სასამართლო ყურადღების მიღმა ტოვებს მნიშვნელოვან გარემოებას, რომ მოსარჩელის ოჯახი შეუზღუდავად ქირის გარეშე ცხოვრებს მითითებულ მისამართზე. როგორც თავად ოჯახი განმარტავს ბინის მესაკუთრე გარდაცვლილია და მათ ამ ეტაპზე თავშესაფრის გარეშე დარჩენაც არ ემუქრება, რაც სააგენტოს აძლევდა ნ. შ-ას ოჯახის საკითხის მომდევნო ეტაპზე განხილვის და დაკმაყოფილების საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში როგორც საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, მოსარჩელეს ქულა დააკლდა შემდეგ კრიტერიუმში - დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა) ქირით ან ქირის გარეშე -1,5 ქულა. შენიშვნა N2-ის თანახმად, დევნილს ოჯახს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმში ქულა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დევნილი ოჯახი აკმაყოფილებს ამ დანართის „დ“ ქვეპუნქტს, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი პირის საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკომლო ჩანაწერი ან სხვა შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტი). რაც საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიერ ის უნდა გაუქმდეს, საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ. შ-ას დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქმის მასალების მიხედვით, ნ. შ-ა, ნ. ა-ა, ლ. ა-ა, ბ. ა-ა, ს. ა-ა და ა. ა-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. 2022 წლის 13 სექტემბერს გაცემული ქორწინების მოწმობის თანახმად, ნ. ა-ა და თ. შ-ა არიან მეუღლეები. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნათ გვარები: ცოლს შ-ა, ქმარს - შ-ა. ნ. შ-ამ 2022 წლის 22 ნოემბერს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. დევნილთა ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია საქართველო, ქ. თბილისი, ...ს მე-... შეს. კორპ. ..., ბინა N ....

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების 2022 წლის პირველი დეკემბრის ელექტრონული ფორმის თანახმად, ნ. შ-ას ოჯახს მიენიჭა 10.50 ქულა. აქედან: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2 წევრი - 2.00 ქულა. 3 საცხოვრების ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა. 18 წლამდე ასაკის წევრები - 3 არასრულწლოვანი - 2.00 ქულა. სოციალური კრიტერიუმი - 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3.00 ქულა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შშმპ - მნიშვნელოვნად გამოხატული - ნ. ა-ა - 2.00 ქულა. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მამა და ოთხი შვილი. განაცხადს აკეთებს მათთან და არა დევნილ მეუღლესთან - თ. შ-ასთან ერთად. 2.4. განაცხადის ელექტრონულ ფორმაში მითითებულ, ოჯახის ფაქტობრივ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს მე-... შესახვევი, კორპ. ..., ბინა №...-ში 2023 წლის 10 იანვარს განხორციელდა მონიტორინგი. ნ. შ-ას განმარტებით მითითებულ მისამართზე ცხოვრობს ოჯახთან ერთად 9 წელია. მანამდე ცხოვრობდნენ ...ს გამზ. №...-ში. ნ. შ-ას განმარტებით, სახლის მესაკუთრე არის ვინმე ე. დ-ი, თუმცა სახლი არ არის რეგისტრირებული, ხოლო თავად ე. დ-ი გარდაცვლილია. ოჯახი მისამართზე ცხოვრობს ქირის გარეშე, კერძოდ განმცხადებელი ოთხ შვილთან, მეუღლესთან და მამასთან ერთად. ნ. შ-ას დედმამიშვილები არ ჰყავს. რაც შეეხება მეუღლის მშობლებს, ისინი ცხოვრობენ ქუთაისში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 25 იანვრის №6 ოქმით დგინდება, რომ ნ. შ-ას განაცხადი შეფასდა 9 ქულით და ოჯახს უარი ეთქვა განსახლებაზე, რადგან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა დაურეგისტრირებელ ბინაში ცხოვრების გამო (დააკლდა: ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1.5 ქულა).

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 15 თებერვლის IDP 4 23 00000231 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე ნ. შ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ნ. შ-ას ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით - 2450.

შპს „ა...ის“ მიერ გაცემული №106730 ცნობის თანახმად, ნ. ა-ას აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი. ქმედუნარიანობის და შრომისუნარიანობის მკვეთრი შეზღუდვა. ი...ის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ნ. ა-ას აქვს მრავლობითი დაავადების დიაგნოზი, მათ შორის ..., იმყოფება ... თერაპიაზე. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ...ს მე-... შესახვევი, კორპუსი №..., ბინა N ... აღრიცხულია ა. დ-ის სახელზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (იხ. სუსგ Nბს-156(კ-20) 18.03.2020წ.).

ამასთან, დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (იხ. სუსგ Nბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.).

მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 4.5 ქულიდან 1.5 ქულა მოსარჩელეს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც სხვის საცხოვრებელში ცხოვრების ფაქტს ადგენს. დადგენილია, რომ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა ნათესავის სახლში. მოსარჩელის სხვის სახლში ცხოვრება წარმოადგენს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად განსაზღვრავს დევნილი ოჯახის ქულათა საერთო რაოდენობას. ამდენად, სხვის ბინაში ცხოვრება არათუ გამორიცხავს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებს განსახლების საჭიროებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა მოსარჩელის ოჯახის განსახლების გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე