Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-558(კ-24) 22 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ზ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ზ-ამ 2022 წლის 19 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 21 სექტემბრის № IDP 7 22 00000839 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ზ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „გ. ზ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 21 სექტემბრის №IDP 7 22 00000839 ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ. ზ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ'' საქართველოს კანონი, რომლის მე-6 მუხლის დანაწესის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუს მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მას ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზების გამო შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. მოგახსენებთ, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მუდმივად უნდა იმყოფებოდეს აღნიშნულ საცხოვრებელ ადგილას და არა დროებით, იგი ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული შრომითი საქმიანობით, ან სხვაგვარი ურთიერთობით. რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა.

კასატორის მითითებით, საქართველოს „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა შესახებ" საქართველოს მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტით, განმარტებულია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია – დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის, უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და იმის დადგენას, მას იძულების წესით დატოვებული აქვს თუ არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს, როგორც პირის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, სადაც პირი არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. კასატორის განმარტებით, ხსენებულ საცხოვრებელ ადგილთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვაგან, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს საცხოვრებელი. სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც მოპასუხის ახსნა-განმარტება, ასევე მის მიერ წარმოდგენილი და ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი თითოეული დოკუმენტი.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი ადგენს იმ პირთა წრეს, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს - სააგენტოს სახით სხვადასხვა სახის ვალდებულება გააჩნია. სააგენტოს ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ დევნილის სტატუსის მატარებელ პირზე, ხოლო პირს, რომელსაც არა აქვს დევნილის სტატუსი, ვერ იქნება სამინისტროს ბენეფიციარი და მის მიმართ გაწეული ხარჯები მიიჩნევა სახელმწიფოს მიერ არამიზნობრივად გახარჯულ თანხად. ასეთ შემთხვევაში საქმე გვექნება სახელმწიფოს ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. სააგენტო, გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ სააგენტო მიანიჭებს დევნილის სტატუსს პირს, რომლის მუდმივად ცხოვრების ფაქტი დღეისათვის უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, გამოვა, რომ ადმინისტრაციული ორგანო - სააგენტო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. სააგენტოს სწორედ ასეთი საკითხების გადასაწყვეტად აქვს მინიჭებული აღნიშნული უფლებამოსილება და იგი ვალდებულია განახორციელოს ეს უფლებამოსილება კანონით დადგენილ ფარგლებში, რაც მოსარჩელის შემთხვევაში განახორციელა კიდეც - არ მისცა დევნილის სტატუსი პირს, რომელსაც იგი არ ეკუთვნოდა.

კასატორმა მიუთითა, რომ სააგენტოს აქტი კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებულია. სასამართლომ არასწორად და არასრულად განმარტა კანონი, არასწორი შეფასება მისცა მხარის ახსნა-განმარტებას და სააგენტოს მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებები და ახსნა-განმარტება საერთოდ არ გაითვალისწინა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ. ზ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2022 წლის 19 აგვისტოს გ. ზ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ითხოვა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება. 2022 წლის 25 აგვისტოს, მოსარჩელეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა 2004 წელს რუსეთში. იგი 2011 წლიდან 2022 წლამდე სწავლობდა მოსკოვის სკოლაში. მოსარჩელის განმარტებით, 2 თვის წინ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და ჩაირიცხა ს...ში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 19 აგვისტოს №595 ცნობით დგინდება, რომ გ. ზ-ას მამა - კ. ზ-ა (პ/ნ ...) ცხოვრობდა 1993 წლამდე გალის რაიონში, სოფ. ...ში.

2022 წლის 19 სექტემბერს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსმა მოხსენებითი ბარათით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და გადაუგზავნა ამავე დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა გ. ზ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე.

მითითებული დასკვნის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო 3 წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა 2022 წლის 21 სექტემბერს გამოსცა №IDP 7 22 00000839 ბრძანება გ. ზ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

დადგენილია, რომ 2022 წლის 17 ოქტომბერს კ. ზ-ას (მოსარჩელის მამა) სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო დასახელებული ნორმების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა არა მარტო არასრულწლოვანების, არამედ შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ მშობლისთვის ასეთი სტატუსის მიუღებლობა განაპირობა რაიმე მიზეზმა, მათ შორის, როცა მშობელმა ვერ/არ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვნობის დროს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას, რომ კანონმდებლობა იძულებით გადაადგილებული პირის შვილისთვის დევნილის სტატუსის (წარმოებული სტატუსი) მინიჭების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობელს დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების პერიოდში მიენიჭება. პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ გ. ზ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონელი იყო, ვინაიდან იგი დაბადებული იყო აფხაზეთის ომის შემდეგ და არ უცხოვრია აფხაზეთში.

პალატა განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია თავად მშობელს კანონით განსაზღვრული საფუძვლით ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო პირის არასრულწლოვანებისას, სტატუსის მინიჭება ასევე შესაძლებელია მშობლის დევნილის სტატუსიდან გამომდინარეც, მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის პირობებში, ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, მას გააჩნია სრულწლოვანების მიღწევისას ამ უფლების რეალიზების შესაძლებლობა. შესაბამისად, ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ასეთი პირის შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობა, როგორც არასრულწლოვანების, ისე მისი სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, როდის გახდა იძულებით გადაადგილებული პირი (მშობელი) დევნილის სტატუსის შემძენი. ამდენად, მშობლისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება საკმარის საფუძველს წარმოადგენს ასევე მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მისანიჭებლად, მიუხედავად მისი ასაკისა და იმ გარემოებისა, თუ სად დაიბადა იგი.

სადავო შემთხვევაში, დადგენილია რომ გ. ზ-ას მამას - კ. ზ-ას 2022 წლის 17 ოქტომბერს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. თავის მხრივ, დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მამა, შეზღუდული არ იყო რაიმე ვადით, რომლის განმავლობაშიც სავალდებულოდ უნდა მიეღო ამგვარი სტატუსი. პალატის მოსაზრებით, იძულებით გადაადგილებულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება ამგვარი წინაპირობების არსებობისას.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლიანობას, მით უფრო იმ პირობებში, როცა საქმეზე დასტურდება მოსარჩელის მამისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, რაც ავტომატურად გულისხმობს შვილზეც იმავე სამართლებრივი სტატუსის გავრცელებას. მართალია, მშობელს დევნილის სტატუსი მიენიჭა შვილის სრულწლოვანების პერიოდში, თუმცა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესები არ გამორიცხავს სრულწლოვანი პირისთვის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო მშობელმა ვერ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების პერიოდში. ამრიგად, ვინაიდან დადასტურდა მოსარჩელის მშობლისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების კანონიერი საფუძვლის არსებობა, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის პირადი განცხადების საფუძველზე, დასახელებული ნორმების გავრცელებისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობებს ქმნიდა.

ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო აქტში მითითებული გარემოებების მართებულობა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად არ გაიზიარეს მოპასუხის არგუმენტაცია, მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე