Facebook Twitter

№676აგ-13 20 დეკემბერი, 2013 წელი

ო-ე ი.- 676აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განაჩენით ი. ო-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. ო-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 8 მარტიდან.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ო-ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ:

ი. ო-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 8 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა ი. ო-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:

ი. ო-ის მიმართ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ი. ო-ეს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განაჩენი და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენის თაობაზე ი.ო-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა, 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ ი. ო-ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის) მაკვალიფიცირებელი გარემოებაც არის, შესაბამისად, ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, ი. ო-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი დაენიშნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ი. ო-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენი ი. ო-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი