Facebook Twitter

საქმე #ბს-635(კს-24) 24 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) _ ი. ნ-ი, დ. ფ-ი, ა. შ-ი, ი. ი-ე, ნ. მ-ი, გ. მ-ე, ს. გ-ე, მ. ტ-ე, ნ. ტ-ე, მ. ჯ-ა

მოპასუხე _ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური

დავის საგანი _ სარჩელის გამოხმობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 21 აპრილს ხ. ჩ-ემ, ნ. ბ-იმა, თ. გ-ემ, ი. ნ-იმა, მ. ბ-იმა, ი. ქ-ემ, გ. გ-იმა, დ. ფ-იმა, ა. შ-იმა, ი. ი-ემ, მ. მ-იმა, პ. მ-იმა, ნ. მ-იმა, მ. ჯ-ამ, გ. მ-ემ, მ. გ-ამ, გ. რ-იმა, ს. გ-ემ, ზ. გ-იმა, მ. ტ-ემ, ნ. ტ-ემ და ი. ე-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ და მოითხოვეს „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის №39 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ხ. ჩ-ეის, თ. გ-ეის, ი. ნ-ის, მ. ბ-ის, ი. ქ-ეის, გ. გ-ის, დ. ფ-ის, ა. შ-ის, ი. ი-ეის, მ. მ-ის, პ. მ-ის, ნ. მ-ის, მ. ჯ-ას, გ. მ-ეის, გ. რ-ის, ს. გ-ეის, მ. ტ-ეის, ნ. ტ-ეის და ი. ე-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის #39 გადაწყვეტილება და მოპასუხეს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჩ-ემ, თ. გ-ემ, ი. ნ-იმა, მ. ბ-იმა, ი. ქ-ემ, გ. გ-იმა, დ. ფ-იმა, ა. შ-იმა, ი. ი-ემ, მ. მ-იმა, პ. მ-იმა, ნ. მ-იმა, მ. ჯ-ამ, გ. მ-ემ, გ. რ-იმა, ს. გ-ემ, მ. ტ-ემ, ნ. ტ-ემ და ი. ე-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით, ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2024 წლის 13 თებერვალს ხ. ჩ-ემ, ი. ნ-იმა, დ. ფ-იმა, ა. შ-იმა, ი. ი-ემ, ნ. მ-იმა, გ. მ-ემ, ს. გ-ემ, მ. ტ-ემ, ნ. ტ-ემ და მ. ჯ-ამ მიმართეს სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 -ე მუხლის საფუძველზე სარჩელის გამოხმობის შუამდგომლობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით ხ. ჩ-ეის, ი. ნ-ის, დ. ფ-ის, ა. შ-ის, ი. ი-ეის, ნ. მ-ის, გ. მ-ეის, ს. გ-ეის, მ. ტ-ეის, ნ. ტ-ეისა და მ. ჯ-ას შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა. შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ხ. ჩ-ეის, ი. ნ-ის, დ. ფ-ის, ა. შ-ის, ი. ი-ეის, ნ. მ-ის, გ. მ-ეის, ს. გ-ეის, მ. ტ-ეის, ნ. ტ-ეისა და მ. ჯ-ას მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება 2024 წლის 25 აპრილს კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ი. ნ-იმა, დ. ფ-იმა, ა. შ-იმა, ი. ი-ემ, ნ. მ-იმა, გ. მ-ემ, ს. გ-ემ, მ. ტ-ემ, ნ. ტ-ემ და მ. ჯ-ამ და მოითხოვეს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ისინი არიან სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატები. მათი მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მათი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის #39 გადაწყვეტილება და მოპასუხეს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ მათ მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.

წარმოდგენილი კერძო საჩივრით ავტორები განმარტავენ, რომ მათ მიერ 2024 წლის 13 თებერვალს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გამოხმობის შუამდგომლობაში ზემოაღნიშნული მუხლის მითითება იყო ტექნიკური უზუსტობა; მათი რეალური ნება იყო უარი ეთქვათ სააპელაციო საჩივარზე. ისინი მიუთითებენ მოსამართლის ვალდებულებაზე გამოერკვია მხარეთა რეალური ნება.

განსახილველი კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ მათი რეალური ნება შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლს და მიიჩნევენ, რომ თუკი მათ მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადების შინაარსი იყო ბუნდოვანი და ორაზროვანი, მოსამართლის ვალდებულებას წარმოადგენდა მათი რეალური ნების დადგენა, რათა არ დადმდგარიყო მათთვის საზიანო შედეგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით, ი. ნ-ის, დ. ფ-ის, ა. შ-ის, ი. ი-ეის, ნ. მ-ის, გ. მ-ეის, ს. გ-ეის, მ. ტ-ეის, ნ. ტ-ეისა და მ. ჯ-ას კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ნ-ის, დ. ფ-ის, ა. შ-ის, ი. ი-ეის, ნ. მ-ის, გ. მ-ეის, ს. გ-ეის, მ. ტ-ეის, ნ. ტ-ეისა და მ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინების მართებულობის საკითხის განხილვა ი. ნ-ის, დ. ფ-ის, ა. შ-ის, ი. ი-ეის, ნ. მ-ის, გ. მ-ეის, ს. გ-ეის, მ. ტ-ეის, ნ. ტ-ეისა და მ. ჯ-ას სარჩელის გამოხმობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლი ადგენს მოსარჩელის უფლებას სარჩელის გამოხმობის შესახებ. ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოება მიმდინარეობს ი. ნ-ის, დ. ფ-ის, ა. შ-ის, ი. ი-ეის, ნ. მ-ის, გ. მ-ეის, ს. გ-ეის, მ. ტ-ეის, ნ. ტ-ეისა და მ. ჯ-ას სარჩელის საფუძველზე, მოპასუხე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ. დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის #39 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების - ი. ნ-ის, დ. ფ-ის, ა. შ-ის, ი. ი-ეის, ნ. მ-ის, გ. მ-ეის, ს. გ-ეის, მ. ტ-ეის, ნ. ტ-ეისა და მ. ჯ-ას მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მათ მიერ 2024 წლის 13 თებერვალს სარჩელის გამოხმობის შესახებ განცხადება იყო ბუნდოვანი და ორაზროვანი. ზემოაღნიშნულ განცხადებაში ცხადად იკვეთება განმცხადებელთა ნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გახმობის თაობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განცხადების ავტორები არიან ადვოკატები და მათ შესწევთ უნარი, გაიაზრონ ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელებიდან მომდინარე სამართლებრივი შედეგები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ნ-ის, დ. ფ-ის, ა. შ-ის, ი. ი-ეის, ნ. მ-ის, გ. მ-ეის, ს. გ-ეის, მ. ტ-ეის, ნ. ტ-ეისა და მ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ნ-ის, დ. ფ-ის, ა. შ-ის, ი. ი-ეის, ნ. მ-ის, გ. მ-ეის, ს. გ-ეის, მ. ტ-ეის, ნ. ტ-ეისა და მ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა