ბს-804 (კ-22) 16 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-ემ 28.12.2017წ. სარჩელით (საქმე N3-861/17) მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა "სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ. კ-ეის დაჯარიმების თაობაზე" ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 15.08.2017წ. N486 დადგენილების ბათილად ცნობა, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 18.12.2017წ. N02/281 ბრძანების ბათილად ცნობა.
მ. კ-ემ 28.12.2017წ. სარჩელით (საქმე N3-862/17) მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა "სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ. კ-ეის დაჯარიმების თაობაზე" ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 13.11.2017წ. N639 დადგენილების ბათილად ცნობა, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 18.12.2017წ. N02/280 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.2018წ. განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები N3-861/17 და N3-862/17, გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეს მიენიჭა მომერი - N3-861/17.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.2021წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი "სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ. კ-ეის დაჯარიმების თაობაზე" ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 13.11.2017წ. N639 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 18.12.2017წ. N02/280 ბრძანება, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ...ს ქ. N...-ში განხორციელებულ ღობის უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2022წ. განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 65-ე მუხლის 1-ელ პუნქტზე, რომლის თანახმად I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით I კლასს განეკუთვნება გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მ. კ-ეის მიერ დაწყებული/განხორციელებული მშენებლობა სწორედ I კლასს მიეკუთვნება, რასაც ადასტურებს და არ უარყოფს მოპასუხე მხარეც. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 66-ე მუხლის თანახმად I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, კერძოდ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამავე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი რეგულაცია უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას, რომ გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. კერძოდ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, 66-ე მუხლის მე-8 ნაწილით მოცემულია იმპერატიული დათქმა, რომ თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა. სააპელაციო პალატის მითითებით მოცემულ შემთხვევაში მ. კ-ეს ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში I კლასს მიკუთვნებული ღობის მშენებლობასთან დაკავშირებული სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენის ვადად განესაზღვრა მხოლოდ ერთი დღე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ერთდღიანი ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სააპელაციო პალატის მითითებით მხარეს განზრახული მშენებლობის შესახებ ნებართვის გამცემი ორგანოსათვის მისამართად და შესაბამისი პროცედურული მოქმედების განსახორციელებლად უნდა ჰქონოდა გონივრული ვადა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.200წ. №57 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმში, ...ს ქ №...-ში მ. კ-ეის მიერ უნებართვოდ განხორციელდა სამშენებლო ღობის მოწყობა. აღნიშნულისთვის მ. კ-ეს ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა, რადგან ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს მხოლოდ ნაგებობის რემონტი, ხოლო ზემოაღნიშნული სამშენებლო ღობის მოსაწყობად მ. კ-ეს ესაჭიროებოდა სამშენებლო დოკუმენტაცია. შესაბამისად მ. კ-ეის მიმართ 09.08.201წ. გაიცა №217 მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. აღნიშნული მითითებით სამართალდამრღვევს მიეცა 01 დღის ვადა ღობის მოწყობასთან დაკავშირებული სანებართვო მოწმობის წარმოსადგენად. 18.09.2017წ. შემოწმების აქტით დგინდება, რომ მ. კ-ემ არ შეასრულა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მითითების პირობები. შესაბამისად, პროდუქტის უსაფრთოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად მ. კ-ე დაჯარიმდა 3000 ლარით ღობის უნებართვოდ მოწყობის გამო.
რაც შეეხება სასამართლოს მოსაზრებას გონივრულ ვადასთან დაკავშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ მითითებით სამართალდამრღვევს მიეცა 01 დღე, თუმცა 18.09.2017წ. შემოწმების აქტით დგინდება, რომ სამართალდამრღვევს ჰქონდა გონივრული ვადა აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებალდ. მოცემულ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურმა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გათვალისწინებით დააკისრა მოსარჩელეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სახდელი - ჯარიმა. კასატორის მოსაზრებით გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების მიხედვით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 09.08.2017წ. მ. კ-ეის მიმართ გაიცა N217 მითითება, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმში, ...ს ქ. N...-ში მ. კ-ე უნებართვოდ აწარმოებდა ღობის მოწყობის სამუშაოებს. დამრღვევს განესაზღვრა 01 დღის ვადა შესაბამისი სანებართვო მოწმობის წარსადგენად. მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 13.11.2017წ. N639 დადგენილებით პროდუქტის უსაფრთოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე მ. კ-ე დაჯარიმდა 3 000 ლარით. მ. კ-ეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული ღობის მოწყობასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურთან ნახაზის შეთანხმება და მშენებლობის სანებართვო მოწმობის წარდგენა.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და მხარეებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მ. კ-ეის მიერ განხორციელებული მშენებლობა I კლასს მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილებაზე, რომლის 66.1 მუხლის მიხედვით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, 5 დღის ვადაში, წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე, წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობასა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში მ. კ-ეს, I კლასს მიკუთვნებული ღობის მშენებლობასთან დაკავშირებით სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენის ვადად განესაზღვრა 01 დღე, რაც არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. მხარეს განზრახული მშენებლობის შესახებ ნებართვის გამცემი ორგანოსათვის მისამართად და შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარსადგენად უნდა ჰქონოდა გონივრული ვადა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. ამ დროს დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე გადაწყვიტეს მ. კ-ეის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, რომ არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ მ. კ-ეისათვის ღობის მოწყობის მიზნით მშენებლობის ნებართვის ან/და შეთანხმებული რაიმე სახის დოკუმენტის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის შესაძლებლობის მიცემის და ამ უფლების გონივრულ ვადაში რეალიზების საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი