Facebook Twitter

№ბს-1130(კ-23) 23 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჟ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჟ. კ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 9 ივნისის №04-00-ი/14543 გადაწყვეტილება, ჟ. კ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჟ. კ-ისათვის მიუღებელი პენსიის (01.08.2014-01.08.2018 წწ. პერიოდზე) ანაზღაურების შესახებ 10340 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჟ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჟ. კ-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით ჟ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. კ-იმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენის მიუხედავად, მან არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს საპენსიო ასაკის მიღწევისას წერილობით არ მიუმართავს მოპასუხისათვის.

მოსარჩელემ საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე მიმართა შესაბამის სამსახურს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, რაზეც უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დ...ში და ეწეოდა საჯარო საქმიანობას, რის გამოც განცხადებას ვერ ჩაიბარებდნენ. როგორც აღმოჩნდა, განცხადება დაფიქსირებულიც არ ყოფილა. ამ პერიოდში ასეთი უამრავი შემთხვევა იყო, ბენეფიციარები გარკვეული პერიოდი დარჩნენ პენსიის გარეშე. მოპასუხის არაკეთილსინდისიერმა ქმედებამ მათ შემოსავალი დააკარგვინა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჟ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ჟ. კ-ი დაბადებულია ... წლის ...ს (ს.ფ 67); ბ) სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დ...ს“ 2018 წლის 7 ივნისის №1529 ცნობის თანახმად, ჟ. კ-ი მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ...ში“ მეტალურგიული საწარმო (588) ...ის პოზიციაზე (ს.ფ 68); გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს 2018 წლის 11 ივლისს წარედგინა განცხადება ჟ. კ-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის თაობაზე (ს.ფ 65); დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 15 ივლისის №52134 გადაწყვეტილებით ჟ. კ-ის უარი ეთქვა საპენსიო პაკეტის დანიშვნაზე, ვინაიდან დასაქმებული იყო „დ...ში“ (ს.ფ 64); ე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის №04-1595/ო გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის №3/4804-18 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ბათილად იქნა ცნობილი სერვის ცენტრის 2018 წლის 15 ივლისის №52134 გადაწყვეტილება და სერვის ცენტრს დაევალა ჟ. კ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა საქართველოს მოქმედი კანონდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, ასევე 2018 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2019 წლის 9 ოქტომბრის №52134/19-1 გადაწყვეტილებით ჟ. კ-ის დაენიშნა სახელმწიფო პენსია თვეში 200 ლარის ოდენობით; ასევე ჟ. კ-ის აუნაზღაურდა განცხადების რეგისტრაციის თარიღიდან პენსიის დანიშვნის თარიღამდე (01.08.2018-01.11.2019 წწ. პერიოდის გათვალისწინებით) ერთჯერადად 2900 ლარი (ს.ფ 73-74, 72); ვ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 9 ივნისის №04-00-ი/14543 გადაწყვეტილებით, ჟ. კ-ის განცხადება პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ 54-55).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ჟ. კ-ისათვის მოპასუხის მიერ 01.08.2014-01.08.2018წწ. პერიოდზე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის 2018 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და მიღების ფაქტს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

ზემოაღნიშნული კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე ნორმის მე-3 პუნქტით პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. ამავე კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტით პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. ამავე ნორმის მე-2 პუნქტით კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.

„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცდა „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი’’ (დანართი №1). აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან. წესის 5.1 მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. ამავე წესის 6.1 მუხლის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. ამავე ნორმის მე-3 პუნქტით პენსია ინიშნება: ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს; ბ) პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, იგი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს პირის უსაფუძვლო გამდიდრება, პირის იმაზე უკეთეს ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩენა, ვიდრე იგი იქნებოდა ზიანის გამომწვევი ქმედების არ არსებობის შემთხვევაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის №ბს-1031(კ-20) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის, ასევე ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილია პენსიის მოსაპოვებლად საპენსიო ასაკს მიღწეული პირის მხრიდან ნების გამოვლენის სავალდებულობა, კერძოდ მის მიერ განცხადების წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო პერიოდში პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კასატორის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე განცხადებით (წერილობით ან ელექტრონულად) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ასაკით პენსიის დანიშვნის თაობაზე მიმართვის ფაქტი, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პენსიის მიმღებ პირს, პენსიის მიღების უფლება წარმოეშობა მანამდე, ვიდრე იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე, აღნიშნული ფაქტი, იმავდრულად არ წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ზიანის ანაზღაურებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე