ბს-1292 (კ-23) 16 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ.კ-იმა, გ. კ-იმა, ლ.ა-იმა, ბ. კ-იმა და ლ. კ-იმა 03.09.2021წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 13, 14 და 15 ივლისის N2 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა დ. კ-ის, გ. კ-ის, ლ. ა-ის, ბ. კ-ის და ლ. კ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.08.2021წ. N03-3273/ო ბრძანების ბათილად ცნობა მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიისათვის საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის ადგილზე შესწავლისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება - საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.06.2022წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 13, 14 და 15 ივლისის N2 სხდომის ოქმი და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.08.2021წ. N03-3273/ო ბრძანება დ. კ-ის, გ. კ-ის, ლ. ა-ის, ბ. კ-ის და ლ. კ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.06.2022წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 10.06.2021წ. N21/1806 წერილის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის გადაგზავნილ ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაზე, რომლის თანახმად, დ. კ-ის საცხოვრებელი სახლი (კოორ: ...) და საკარმიდამო ნაკვეთი მდებარეობს მდ. ...ის ხეობის მარჯვენა მხარეს 1 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთის ექსპოზიციის მქონე 50-იანი დახრილობის ზედაპირზე. მყინვარით ფორმირებული ანტიცედენტურ ხეობაში, რომლის ამგები ქანები მეოთხეული ასაკი მძლავრი წყალ-მყინვარული გენეზისის (fgQ) ნალექებით არის წარმოდგენილი და დანაწევრებულია სხვადასხვა განიკვეთის და ცვალებადი ჩაჭრის სიღრმის მქონე ნაკადულების (... და ...) ხეობებით, საცხოვრებელი სახლი მდ. ...ს ხეობიდან დაშორებულია 120 მ-ით. ორსართულიან საცხოვრებელ სახლს არ აქვს ჰიდროსაიზოლაციო საფარი. საკარმიდამო ნაკვეთში და მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური პროცესები (მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და ა.შ.) არ ფიქსირდება. მომავალში საცხოვრებელი სახლის მდგრადობის შენარჩუნებისთვის საჭიროდ იქნა მიჩნეული სახლის გარშემო დახურული სადრენაჟო სისტემის მოწყობა და შეკრებილი წყლების იზოლირებულად განტვირთვა უახლოეს წყალსადინარში. ასევე, სახლის გარშემო 1.2-1.5 მ-მდე სიგანის ჰიდროსაიზოლაციო საფარის დაგება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ დასკვნაში მითითებული გარემოების (არსებული საცხოვრებელი სახლი) საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდება მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დანგრევის ფაქტი. გეოლოგიური დასკვნა კი, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო არსებითად დაეყრდნო, მითითებული გარემოების საწინააღმდეგო ფაქტს ასახავს და უთითებს არსებული საცხოვრებელი სახლის მდგრადობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2020 წლის 01 ოქტომბერს დ. კ-ის ოჯახის ადგილზე გადამოწმების ოქმზე, რომელშიც მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლი დანგრეულია. კატეგორიის მიხედვით არის ჯდენადი გრუნტი. ოჯახის განმარტებით, სახლის კედლები მთლიანად დაიბზარა და შემდგომ სახლი დაინგრა. ოჯახი 10 წელია ცხოვრობს წალკაში, თ. პ-ას ქონებაში და იხდის ქირას - 1 200 ლარს წელიწადში. სახლის დანგრევის ფაქტი ასახულია გასაჩივრებულ ოქმშიც. მეტიც, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეკომიგრანტთა სამმართველოს უფროსის 02.02.2022წ. მოხსენებით ბარათში პირდაპირ არის მითითებული, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, დ. კ-ის ოჯახს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, უფიქსირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთები ს/კ ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., საცხოვრებელი სახლი დანგრეულია.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დანგრევის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია არც მოპასუხე მხარეს, რომლის წარმომადგენელმაც აღნიშნული ფაქტი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არაერთხელ დაადასტურა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 13, 14 და 15 ივლისის N2 სხდომის ოქმი და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.08.2021წ. N03-3273/ო ბრძანება, დ. კ-ის, გ. კ-ის, ლ. ა-ის, ბ. კ-ის და ლ. კ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით. სასამართლომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას, რომელიც შესაბამისი მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული და სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.
კასატორი მიუთითებს 01.10.2020წ. განხორციელებულ, მოსარჩელის მიერ მითითებული მისამართის ადგილზე გადამოწმების ფორმაზე, რომელშიც მითითებულია, რომ სახლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ სახლი დანგრეულია, არის ჯდენადი გრუნტი. კედლები ჯერ დაიბზარა და შემდგომ დაინგრა. საკასაციო საჩივრის თანახმად, ოჯახს სადავო მისამართზე არსებული სახლი დიდი ხნის მიტოვებული აქვს, ცხოვრობენ წალკაში თ. პ-ას საკუთრებაში და იხდიან ქირას 1200 ლარს წელიწადში, აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით ოჯახის სიცოცხლეს საფრთხე არ ექმნება და მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი დ. კ-ის ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება, რადგან მას გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით. საქმის მასალებით დგინდება, რომ 12.07.2014წ. დ. კ-იმა (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვემო ქართლი, წალკა, ...ს ქ. N...; დაზარალების მისამართი: სამეგრელო-ზემო სვანეთი, მესტია, ს. ...) საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. განცხადებაში მიუთითა, რომ სახლი ავარიულია, კედლები დამსკდარია და აღდგენას არ ექვემდებარება. საქმეში ასევე დაცულია 28.01.2020წ. დ. კ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის შეფასების ოქმი, რომლის თანახმად, ოჯახს მიენიჭა ჯამში 16 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიისთვის (I კატეგორია) – 10 ქულა, ხოლო საკუთრების კრიტერიუმით (სხვა საცხოვრებელი არ აქვთ საკუთრებაში) – 6 ქულა. 01.10.2020წ. გადამოწმების ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლი დანგრეულია, კატეგორიის მიხედვით არის ჯდენადი გრუნტი, ოჯახი 10 წელია ცხოვრობს წალკაში, თ. პ-ას ქონებაში და იხდის ქირას - 1200 ლარს წელიწადში. ასევე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 02.02.2022 წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით დ. კ-ის (პ.ნ. ...) ოჯახს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში უფიქსირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთები: ს/კ ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; .... საცხოვრებელი სახლი დანგრეულია, რაც განსახილველი დაზიანებული ქონების იდენტიფიცირების საშუალებას ართულებს. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ყოფილი მეზობლების პ-იებისა და კ-იების ოჯახების უძრავი ქონების დადარებით, დ. კ-ის დაზიანებული ქონების სავარაუდო საკადასტრო კოდია ....
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2021 წლის 13, 14 და 15 ივლისის №2 სხდომის ოქმით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ ოჯახი არ არის სააგენტოს ბენეფიციარი, რაც დასტურდება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 09.06.2021წ. N21/1806 გეოლოგიური დასკვნით. აღნიშნული ოქმის საფუძველზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.08.2021წ. N03-3273/ო ბრძანებით, საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილდნენ ამ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის დ. კ-ის ოჯახი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 3.1 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა, კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
მოცემულ შემთხვევაში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ ოჯახი არ არის სააგენტოს ბენეფიციარი, რის დასტურადაც მითითებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 09.06.2021წ. N21/1806 გეოლოგიური დასკვნა.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნულ დასკვნაში მითითებული გარემოების (არსებული საცხოვრებელი სახლი) საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდება მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დანგრევის ფაქტი. გეოლოგიური დასკვნა კი, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო არსებითად დაეყრდნო, მითითებული გარემოების საწინააღმდეგო ფაქტს ასახავს და უთითებს არსებული საცხოვრებელი სახლის მდგრადობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე. კასატორი თავად მიუთითებს, რომ 01.10.2020წ. მოსარჩელის მიერ მითითებული მისამართის ადგილზე გადამოწმების ფორმაში აღნიშნულია, რომ სახლი დანგრეულია, არის ჯდენადი გრუნტი. კედლები ჯერ დაიბზარა და შემდგომ დაინგრა. კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის არსებობის გამო - უსაფუძვლოა. აღნიშნული მითითება არ ქმნის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი დანგრეულია, ხოლო ოჯახი ცხოვრობს წალკაში, თ. პ-ას საკუთრებაში არსებულ სახლში და იხდის ქირას - 1 200 ლარს წელიწადში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს ეკომიგრანტი ოჯახის უფლებას დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე მათი განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.
ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.), რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 18.1 მუხ.) მნიშვნელოვანი პირობაა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი