Facebook Twitter

№ბს-802(კ-23) 23 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ლ-ე, ლ. ს-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ. ლ-ემ და ლ. ს-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მარტის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მცხეთის რაიონში, ...ის საკრებულოში მდებარე 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ბ. ლ-ეისა და ლ. ს-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მონაცემების შესაბამისად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ. ლ-ეისა და ლ. ს-ეის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. ლ-ეის და ლ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ. ლ-ეის და ლ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მარტის №... გადაწყვეტილება, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სადავო საკითხთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში ბ. ლ-ეის და ლ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ბ. ლ-ეის წარმომადგენელმა - ჯ. მ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე. მარეგისტრირებელმა ორგანომ, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიების მიზნით, №... (24.08.2016) და №238133 (16.09.2016) წერილებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს, მაგრამ მიღებული ინფორმაციითაც ვერ დადგინდა მოსარჩელეების უფლება სადაო მიწის ნაკვეთზე. ამასთან, აღიარების კომისიის 2019 წლის 11 იანვრის №72 განკარგულების თანახმად, ბ. ლ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. №... საკადასტრო კოდზე კი სააღრიცხვო ბარათი გახსნილი და საჯარო რეესტრში დაცული არ არის.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ უფლების დამდგენ დოკუმენტად მიიჩნია (მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის დეფინიციის შესაბამისად) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი - სარეგისტრაციო მოწმობა. ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებით მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულია „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (ქართულ-გერმანული KFW-ის თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში შესრულებული სისტემური აღწერების შედეგების ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზა (ე.წ. „ყვითელი ფენა“), რომლითაც ირკვევა, რომ კომპიუტერული დამუშავებისას №... საკადასტრო კოდზე მითითებულია ბ. ლ-ე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრს უნდა გაეთვალისწინებინა მასთან დაცული ე.წ. „ყვითელი ფენა“. ამ საფუძვლით სასამართლომ არ გაიზიარა საჯარო რეესტრის პოზიცია, რომ აპელანტის საკუთრების უფლება არ დასტურდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა, რომ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი 10.97%-ით ემთხვევა იმ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს, რომელზეც მითითებულია ბ. უ.-ს ძე ლ-ე.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს როგორც საკუთრების უფლების, ისე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დოკუმენტების ჩამონათვალს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე არ არის შექმნილი, ნაწარმოები და დაცული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, რაც ამ ქონებასთან დაკავშირებით ძირითადი სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ვინაიდან მიწისა და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაცია ხდებოდა სარეგისტრაციო ბარათის შედგენით, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა, იგივე მიზანი მიუღწეველია სარეგისტრაციო მოწმობით და მით უფრო მისი ასლით. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, როგორც მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის, ასევე, თავად სარეგისტრაციო მოწმობის, კანონით დადგენილი წესის საფუძველზე გაცემის ფაქტი. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების გარეშე, (რომელსაც ითვალისწინებდა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა და რომელსაც უნდა უზრუნველეყო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების კანონის შესაბამისად გაცემა) მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტის გაცემით, შეიქმნა მანკიერი პრაქტიკა, რამაც გამოხატულება ჰპოვა იმაში, რომ ერთ მიწის ნაკვეთზე შესაძლოა არსებობდეს, კანონის დარღვევით გაცემული, რამდენიმე სარეგისტრაციო მოწმობა. აღნიშნული დღემდე ხელს უშლის საჯარო რეესტრის ჩანაწერების ნამდვილობის, სისრულისა და უტყუარობის უზრუნველყოფას, უძრავი ნივთის სამართლებრივი და ფაქტობრივი შესაბამისობის სისწორეს და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული დამატებით რა უნდა იკვლიოს საჯარო რეესტრმა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს თავად შეეძლო განესაზღვრა აპელანტის მიერ საჯარო რეესტრში წარმოდგენილი მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა იყო თუ არა საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აპელანტს შეუქმნა უსაფუძვლო საფუძველი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2016 წლის 22 აგვისტოს ბ. ლ-ეის წარმომადგენელმა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მცხეთის რაიონში, ...ის საკრებულოში მდებარე 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ელ. ვერსია, დოკუმენტაციის აღიარების კომისიისთვის გადაგზავნის თაობაზე თანხმობა და მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ 64-73); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილების (ს.ფ 88) და 2016 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილების (ს.ფ. 97-98) შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიების მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 24 აგვისტოს №... და 2016 წლის 16 სექტემბრის №238133 წერილებით (ს.ფ. 128, 139) საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის რეგიონული არქივიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობიდან და შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია გამოითხოვა. ამავე გადაწყვეტილებებით №... განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება 2016 წლის 24 აგვისტოს №... და 2016 წლის 16 სექტემბრის №238133 წერილების პასუხის მიღებამდე გადაიდო; გ) საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის რეგიონული არქივის 2016 წლის 7 სექტემბრის №31/37802 მიმართვით სააგენტოს ეცნობა, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის ...ის სასოფლო საბჭო-საკრებულოს სოფელ ...ის 1986–1996 წლებით, 1997–2000 წლებითა და 2001–2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნებში, 2004 წლით დათარიღებულ რეფორმამდე არსებული და რეფორმის დროს გაცემული ნაკვეთების მეპატრონეთა სიაში ჩანაწერი ბ. ლ-ეის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992–2007 წლების მიწის ნაკვეთების გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის სიები, მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა(ს.ფ 84); დ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის №21-02/86874 მიმართვით და 2016 წლის 11 ოქტომბრის №21-02-1/103666 მიმართვით სააგენტოს განემარტა, რომ ბ. ლ-ე მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში (2002 და 2003 წლები) არ ფიქსირდებოდა (ს.ფ. 81, 134); ე) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 23 სექტემბრის №1037 და 2016 წლის 3 ოქტომბრის №1897 წერილებით სააგენტოს ეცნობა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ ...ის საკრებულოს მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ბ. ლ-ე არ ირიცხებოდა (ს.ფ. 82, 85); ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2016 წლის 17 ოქტომბრის №21/272282 წერილით სააგენტოს განემარტა, რომ გამგეობის არქივში დაცულია 2013 წლის პირველი მარტის შემდგომ წარმოებული დოკუმენტაცია, 2007 წლის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის საარქივო მასალა კი ინახებოდა თბილისის ცენტრალურ არქივში. ამავე წერილის მიხედვით, ...ის რაიონის გამგეობაში არ იყო დაცული ბ. ლ-ეის სახელზე გაცემული დოკუმენტაცია (მიწის განაწილების სია და სხვა) (ს.ფ. 83); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით და 2016 წლის 20 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო წარმოებაში მყოფ №... განცხადების მონაცემებთან და წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი (ს.ფ 97-98, 110); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 იანვრის №.... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა (ს.ფ 113), ხოლო 2017 წლის 11 იანვრის №...-21 და 2017 წლის 22 მაისის №... გადაწყვეტილებებით (ს.ფ. 114, 117) ბ. ლ-ეს ეცნობა, რომ მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დასტურდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლება ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, რის გამოც, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, №... განცხადებაზე დართული და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2017 წლის 11 იანვრის №10207 და 2017 წლის 22 მაისის №180536 წერილებით გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და №... განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება მითითებული წერილების პასუხის მიღებამდე გადაიდო (ს.ფ. 123-124); ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 11 იანვრის №72 განკარგულებით ბ. ლ-ეს უარი ეთქვა მცხეთის რაიონში, ...ის საკრებულოში მდებარე 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე (ს.ფ 126-127); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილებით ბ. ლ-ეს №... განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმაზე მითითებით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 11 იანვრის №72 განკარგულებით ბ. ლ-ეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა (ს.ფ 120-121); ლ) 2019 წლის 22 თებერვალს ბ. ლ-ემ №86626/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და №... განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ 146-148); მ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მარტის №... გადაწყვეტილებით ბ. ლ-ეის წარმომადგენელის ჯ. მ-ის 2019 წლის 22 თებერვლის №86626/17 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 24-29).

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. ამგვარი დოკუმენტი განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

მითითებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 12/28/2005 №2635 კანონით (გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ)) პირველ მუხლზე, რომლითაც სარეგისტრაციო მოწმობა არის მოწმობა, რომელშიც მოცემულია მიწისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დახასიათება და უფლებრივი დატვირთვა რეგისტრაციის მონაცემების შესაბამისად.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს 05/11/2007 №4741 კანონით), რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვის ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდება ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ. ამავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე. მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიწის რეგისტრაციის განხორციელების მიზნით ზონის რეგისტრატორებს შეუძლიათ ისარგებლონ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესრულებული აგეგმვითი სამუშაოების შედეგებით და დოკუმენტებით (სარეგისტრაციო ბარათები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ნაკვეთის გეგმები და საკადასტრო რუკები), აგრეთვე გამოიყენონ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. დოკუმენტების განხილვისა და მოწონების შემდეგ ზონის რეგისტრატორი რეგისტრაციას ახორციელებს აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით. ინფორმაციის სიზუსტისა და საიმედოობისათვის პასუხისმგებელია მისი შემსრულებელი. მე-11 პუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო მიწის პირველად რეგისტრაციასა და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას უსასყიდლოდ, გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯზე ახორციელებს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ ბ. ლ-ეის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების მდებარე: მცხეთის რაიონი, ...ის საკრებულო, კვარტლის ნომერი ..., ნაკვეთის ნომერი ..., ფართობი - 0.175 ჰექტარი (დაუზუსტებელი), ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო სამეურნეო, მესაკუთრის განყოფილებაში ფიქსირდება ბ. ლ-ე, თანამესაკუთრე - ლ. ს-ე. ამასთან, სარეგისტრაციო მოწმობაზე დატანილია რეგისტრატორის ხელმოწერა და მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატურის ბეჭედი. ამავე დოკუმენტზე დატანილია საკადასტრო გეგმა და მითითებულია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები (ს.ფ. 16).

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია სისტემური აღწერების შედეგების გრაფიკულ მონაცემი (ე.წ. ყვითელი ფენა) (ს.ფ 189), რომლის მიხედვით, №... საკადასტრო კოდზე მითითებულია ლ-ე ბ. უ.-ს ძე. საყურადღებოა, რომ აღნიშნული მონაცემები სრულად იქნა უგულებელყოფილი და სათანადო შეფასება არ მისცემია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტებთან მიმართებაში, შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების სასამართლო წარმოების ფარგლებში დადგენა. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემას. ამასთანავე, აღნიშნული მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ 20.04.2006წ. №ბს-1291-866(კ-05); 18.10.2018წ. №ბს-368-368(კ-18)). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობამ შექმნა მოსარჩელეთა მოთხოვნის უსაფუძვლოდ დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.07.2023წ. №31154 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე