საქმე #ბს-696(კ-24) 24 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები (ასკ 16.2 მუხლი) – ვ. უ-ე, მ. უ-ე, მე. უ-ე, ნ. უ-ე, ჯ. უ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 27 ნოემბერს სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სააგენტოს 2020 წლის 27 ოქტომბრის #11/5449 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გადაეგზავნათ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 ოქტომბრის #41567 წერილის მიხედვით, დადგინდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 მაისის #... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. უ-ეის მოთხოვნა და სახელმწიფო ტყის ფონდიდან 2 200 კვ.მ მიწის ფართობი დარეგისტრირდა ფიზიკური პირების კერძო საკუთრებად. „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს #299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და ტყეთმოწყობის მასალებით, აღნიშნული ფართობი წარმოადგენს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყით დაფარულ ტერიტორიას, რომელიც მდებარეობს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.
მოსარჩელე თვლის, რომ რეესტრმა ადმინისტრაციული წარმოებისას არსებითად დაარღვია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რამდენადაც აქტის გამოცემისას არასათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რითაც პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა სატყეო სააგენტოს კანონიერ ინტერესებს.
ამასთან, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა პოზიცია და აღნიშნა, რომ იგი სადავოდ არ ხდის მიწის ნაკვეთის იდენტურობას უფლებადამდგენ დოკუმენტთან მიმართებით. უფლებადამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) შეესაბამება მის ფაქტობრივ მდებარეობასა და რეგისტრირებულ მონაცემებს. მოსარჩელემ, ასევე განმარტა, რომ 2011 წლამდე აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში. მოსარჩელე მხარისათვის სადავოს წარმოადგენს მხოლოდ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ამდენად, მოსარჩელემ ვ. უ-ეის, ლ. უ-ეის, მ. უ-ეის, მე. უ-ეის, ნ. უ-ეისა და ჯ. უ-ეის სახელზე 2 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ვ. უ-ე, ლ. უ-ეე, მ. უ-ე, მე. უ-ე, ნ. უ-ე და ჯ. უ-ე.
2023 წლის 18 ოქტომბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მესამე პირის - მე. უ-ეის წარმომადგენელმა - მ. ო-ემ წარადგინა ლ. უ-ეის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო რეგისტრაცია განხორციელდა მესამე პირის სარეგისტრაციო განაცხადების საფუძველზე, რომელსაც უფლებადამდგენ დოკუმენტებად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #366 აქტი და 29.04.2015წ. #AA2015027629-03 საარქივო ცნობა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის ფართობთან და კონფიგურაციასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნდა. იგი სადავოდ ხდიდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სამსახური, როგორც დაინტერესებული პირი, არ იყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც მათი პოზიციით, კანონის არსებით დარღვევაზე მიუთითებს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოსაზრება და განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 151 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით (151.1 მუხლი). სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით (151.2 მუხლი). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე (151.3 მუხლი). საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე (151.4 მუხლი).
სააპელაციო პალატის მითითებით, ერთმნიშვნელოვნად დადგენილი იყო, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმომშობი სარეგისტრაციო დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #346 აქტი - გამოცემული იყო 2012 წლის 1 იანვრამდე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ დაცულ იქნა კანონის მოთხოვნები. მარეგისტრირებელი ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, არ იყო დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მართებულად იქნა შეფასებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც, იგი შეუსაბამოდ ზღუდავს სატყეო სააგენტოს უფლებებს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებები.
კასატორი მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს #153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომელიც შეეხება მუნიციპალიტეტებიდან ინფორმაციის გამოთხოვას. მითითებული ნორმის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან), სადაც, კასატორის შეფასებით, მოიაზრება ასევე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოც, როგორც სახელმწიფო ტყის ფონდის მმართველი სუბიექტი. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებისას სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აუცილებლად უნდა ყოფილიყო ინფორმირებული და მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იქნა უზრუნველყოფილი სატყეო სააგენტოს ინტერესი, რომ ჩართულიყო წარმოებაში და მინიჭებოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლებოდა არსებული ტყის საზღვრებში მოქცეული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში აღრიცხვა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს პოზიციას, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დასაბუთებული პოზიციის დაფიქსირება, თუ რატომ უნდა მიეღო მოპასუხეს სხვაგვარი გადაწყვეტილება. კასატორის მოსაზრებით, დასაბუთება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების ცვლილება კავშირშია სატყეო სააგენტოს საქმიანობასთან და ის ახდენს სააგენტოს სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ვ. უ-ეის, ლ. უ-ეის, მ. უ-ეის, მე. უ-ეის, ნ. უ-ეისა და ჯ. უ-ეის სახელზე 2 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 მაისის #... გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო პალატა, უპირველესად, აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მიწის ნაკვეთის იდენტურობას უფლებადამდგენ დოკუმენტთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი შეესაბამება მის ფაქტობრივ მდებარეობასა და რეგისტრირებულ მონაცემებს. მოსარჩელემ, ასევე, აღნიშნა, რომ 2011 წლამდე ხსენებული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სატყეო სააგენტო მიწვეული არ იყო ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც მათი პოზიციით, კანონის არსებით დარღვევაზე მიუთითებს. თუმცა იგი ვერ ასაბუთებს, თუ რა არსებითი გარემოება არ გამოიკვლია მოპასუხემ რეგისტრაციის განხორციელების პროცესში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციის წესს. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით (151.1 მუხლი). სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით (151.2 მუხლი). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე (151.3 მუხლი). საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე (151.4 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, სადავო რეგისტრაცია განხორციელდა მესამე პირის სარეგისტრაციო განაცხადების საფუძველზე, რომელსაც უფლებადამდგენ დოკუმენტებად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #366 აქტი და 29.04.2015წ. #AA2015027629-03 საარქივო ცნობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მოუწვევლობა წარმოადგენს იმ ერთადერთ გარემოებას, რომელზე დაყრდნობითაც კასატორი ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას. კასატორი თვლის, რომ მას უნდა მისცემოდა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, თუმცა საგულისხმოა, რომ იგი სადავოდ არ ხდის მესამე პირების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლებადამდგენ დოკუმენტთან იდენტურობას და მის რეალურ, ფაქტობრივ ადგილმდებარეობას, ფართობსა და კონფიგურაციას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მოწვევის აუცილებლობასთან დაკავშირებით და მის საწინააღმდეგოდ განმეორებით მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე (151.4 მუხლი). საქმის მასალებით კი უდავოდ დადგენილია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, არის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #346 აქტი, რომელიც გამოცემულია 2012 წლის 1 იანვრამდე.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სრულად იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/ნ 204578581) საკასაციო საჩივარზე 02.04.2024წ. #07948 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/ნ 204578581) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/ნ 204578581) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.04.2024წ. #07948 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა