Facebook Twitter

საქმე №ბს-640(კ-24) 24 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ. შ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 2 დეკემბერს თ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2022 წლის 4 ნოემბერს გამართული მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მას საშიშროების რისკის სახედ განესაზღვრა მაღალი და დატოვებულ იქნა №3 პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში ხუთჯერ დაედო დისციპლინურ სახდელი. პირველი ორი სახდელი მას დაედო 2005 და 2006 წლებში, დანარჩენი სამი კი - 2020 წლის ჩათვლით. მისივე მითითებით, ხუთივე შემთხვევაში სახდელის დადება მოხდა მისი ბრალეულობის გარეშე. მოსარჩელე თვლის, რომ საშიშროების რისკის შეფასების გუნდის სხდომის ოქმი არის დაუსაბუთებელი, რამდენადაც ახსნილი არაა მიზეზები, თუ რატომ მიიჩნევა მსჯავრდებული საფრთხისშემცველად როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ მსჯავრდებული ცდილობდა სამედიცინო დაწესებულებიდან გაქცევას. ზემოაღნიშნულის შემდგომ, თ. შ-ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაისაჯა კიდეც.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მან დააპატენტა თავისი ახალი გამოგონება, კერძოდ, ლიფტის გაშვების სისტემა. იგი ციხეში ყოფნისას სანიმუშო ქცევისთვის წახალისებულია სამჯერ, ჩართულია უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის განთავისუფლების მომზადების პროგრამაში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ჰყავს ხანდაზმული დედა და ცოლ-შვილი, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქ თბილისში და მათთვის მოუხერხებელია ქალაქ ბათუმში მოთავსებული პატიმრის - თ. შ-ეის მონახულება.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 4 ნოემბრის №24112 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მსჯავრდებულ თ. შ-ეის №8 დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. შ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, მსჯავრდებულ თ. შ-ეისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №3 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ, 2022 წლის 4 ნოემბრის №24112 ბრძანების თანახმად, საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულ თ. თე.-ს ძე შ-ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და იგი განთავსებულ იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-6, მე-7, მე-8, მე-12, მე-13, მე-15 მუხლებზე. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში განთავსების განსაზღვრა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამგვარი, უფლებამოსილება მოპასუხეს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა მსჯავრდებულთა რისკის შეფასების გუნდის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოსცა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ბრძანება.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასებისას გამოვლენილ ისეთ გარემოებებს, რომლებიც ამართლებენ შერჩეული გადაწყვეტილების კანონიერებას, კერძოდ, მსჯავრდებულ თ. შ-ეის პიროვნებისათვის დამახასიათებელი რისკ-ფაქტორი - ჩადენილი დანაშაული, კონფლიქტურობა და ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ უპატივცემულობა; სასჯელის მოხდის პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენის ფაქტი - დაწესებულებიდან გაქცევის მცდელობა, გახდა საშიშროების მაღალი რისკის განსაზღვრის საფუძველი. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება, რომ მსჯავრდებულ თ. შ-ეის განთავსება ნახევრად ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნებოდა როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით თ. შ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. შ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 4 ნოემბრის №24112 ბრძანება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში თ. შ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებულ „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესზე“, რომლის მე-4 მუხლით დადგენილია მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები. მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დ)დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; ზ)დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; თ)ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; მ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; ნ) მსჯავრდებულის ასაკი; ო) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; პ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/ რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ჟ) ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; რ) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მაისის №3-374/2020 გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2020 წლის 30 ივნისის №21/174356 განკარგულება, ასევე, ამავე დაწესებულების დირექტორის 2020 წლის 14 ნოემბრის №21/309179 და 2022 წლის 7 დეკემბრის №21/410728 განკარგულებები თ. შ-ეის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენდა დისციპლინური ღონისძიებები, რომელიც გაუქმებულია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებები თანხვედრაში არ მოდიოდა სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და საჭიროებდა ამავე ორგანოს მხრიდან გაცილებით მაღალი სტანდარტით კვლევა/დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული, შეფასებული და დასაბუთებული მოსარჩელის რისკის შეცვლასთან დაკავშირებული გარემოებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და არსებობს ვარაუდი, რომ დარღვევებს შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი ვერ იქნებოდა მოსარჩელეზე დადებული ადმინისტრაციული სახდელების მომავალში სასამართლო წესით გაუქმების თაობაზე. მოსარჩელესთან მიმართებით საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით შეფასდა ყველა ფაქტობრივი გარემოება. თ. შ-ეის მიმართ მაღალი რისკის დადგენისას გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა: მის მიერ წარსულში ჩადენილმა დანაშაულმა, ასევე მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილმა დანაშაულის ფაქტმა (სცადა გაქცევა); იმ გარემოებამ, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ხუთჯერ დაედო დისციპლინური სახდელი, მოსარჩელეს შეგნებული არ აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, უგულებელყოფს პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არღვევს მათ. კასატორი აღნიშნავს, რომ თ. შ-ეის მიმართ მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება დასაბუთებულია და შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 4 ნოემბრის №24112 ბრძანების კანონიერება. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს მოპასუხისთვის მსჯავრდებულ თ. შ-ეის №... დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი პატიმრობის კოდექსის (ძალადაკარგულია 15.12.2023წ. №3988 კანონით, პენიტენციური კოდექსით) მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.

ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, როდესაც სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. მითითებული ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა შეიძლება მოხდეს საშიშროების რისკების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.

ამავე წესის მე-4 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვ)დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; ზ)დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე, დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; მ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; ნ) მსჯავრდებულის ასაკი; ო) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; პ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ჟ) ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; რ) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.

ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას.

ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საშიშროების რისკის სახეებია: ა) დაბალი; ბ) საშუალო; გ) მომეტებული; დ) მაღალი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საშიშროების მაღალი რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მაღალი. მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: 2020 წლის 12 ნოემბერს მსჯავრდებულ თ. შ-ეს დაუდგინდა საშიშროების მაღალი რისკი. 2021 წლის 11 ნოემბერს გადაფასდა მსჯავრდებულის საშიშროების რისკი და მოსარჩელეს კვლავ საშიშროების მაღალი რისკის სახე დაუდგინდა, რამეთუ მსჯავრდებულის ქცევა უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 4 ნოემბრის სხდომის ოქმში აღნიშნულია შემდეგი: თ. შ-ეის მიმართ შედგენილია მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა (ნაწილი I), რომელშიც აღნიშნულია მსჯავრდებულ თ. შ-ეის პირადი მონაცემები, ინფორმაცია დანაშაულისა და სასჯელის შესახებ. სასჯელის დასაწყისი განსაზღვრულია 30.03.2021წ.-დან; სასჯელის დასასრული უვადო; თ. შ-ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 პუნქტებით (1961 წლის რედაქციით), 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), 19-379-ე მუხლის პირველი ნაწილით. თ. შ-ე ცნობილ იქნა ასევე, დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და, 2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გათავისუფლდა აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. ასევე, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ასევე, გათავისუფლდა აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 4.11.2022წ. სხდომის ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ თ. თე.-ს ძე შ-ე არ არის წარსულში ნასამართლობის მქონე. დანაშაული ჩადენილი აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში. 2020 წლის 1 ოქტომბერს ჰქონდა გაქცევის მცდელობა. მსჯავრდებული თ. შ-ე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია სხვადასხვა დისციპლინური სახდელით 5-ჯერ, წახალისებულია 3-ჯერ. მას არ აქვს შეგნებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და საზოგადოებისთვის საშიში ხასიათი, უგულებელყოფს პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არღვევს მას, გამოხატავს აგრესიას დაწესებულების თანამშრომლების მიმართ, მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ხშირ შემთხვევაში ცდილობს თანამშრომლების პროვოცირებას, რათა შემდგომში გამოიყენოს სათავისოდ. ინარჩუნებს მოჩვენებით სიმშვიდეს. თ. შ-ე 2022 წლის ივლისიდან ჩართულია პროგრამაში „შემთხვევის მართვა“. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული რამდენიმე ინფორმირებული კურსი, კერძოდ, „მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებები“, „საქართველოს ისტორიის კურსი“, „ტუბერკულოზი და მკურნალობაზე დამოკიდებულება“, „ბ და ც ჰეპატიტი“ და ინგლისური ენის კურსი. იგი ორიენტირებულია დროსა და სივრცეში, ფსიქიკური ფუნქციები კარგად არის შენარჩუნებული, გუნება-განწყობილება სტაბილური, მსჯავრდებული კონსტრუქციულად და მშვიდად საუბრობს. გასაუბრებისას არ ვლინდება ინფორმაცია ანტისოციალური ქცევის მქონე პირებთან ურთიერთობის, კრიმინალის მიმართ მიმღებლობის ან გავლენის ქვეშ მოქცევის, ციხის ადმინისტრაციის/თანამესაკნეების/სხვა ჯგუფების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

საბჭომ მიიჩნია, რომ თ. შ-ეის განთავსება ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნებოდა როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ თ. შ-ეს საშიშროების რისკის სახე არის მაღალი.

მსჯავრდებულ თ. შ-ეისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და N... პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ, პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 4 ნოემბრის N24112 ბრძანებით, საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულ თ. შ-ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა N... პენიტენციურ დაწესებულებაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკისა და მისი შესაბამის დაწესებულებაში განთავსების საკითხის განსაზღვრა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდი ითვალისწინებს არა მხოლოდ პატიმრის პერსონალურ, პირად ინტერესებს, არამედ დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროების ხარისხს, სხვა პატიმართა უსაფრთხოებას. ასევე, მსჯავრდებულთა კონკრეტულ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება იმგვარად უნდა იქნეს მიღებული, რომ მიღწეულ იქნეს როგორც სასჯელის მიზნები, აგრეთვე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირება.

თუმცა საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, განმარტავს, რომ მსჯავრდებულთათვის საშიშროების რისკის განსაზღვრა სხვადასხვა საკითხთა ერთობლივ შეფასებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნულ კომპლექსურ პროცესში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით, რამდენადაც საკითხის სპეციფიკურობა და მსჯავრდებულებზე ყოველდღიური დაკვირვების ფაქტობრივი შესაძლებლობა ამარტივებს ზემოხსენებულ კრიტერიუმთა შეფასების პროცესს. ცხადია, აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უკონტროლო თავისუფლებას და სასამართლო რევიზიის სრულ გამორიცხვას, თუმცა თავისუფალი მოქმედების ფართო არეალი გარკვეულწილად ავიწროვებს სასამართლო კონტროლის ფარგლებს.

ამასთან, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე, როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. შესაბამისად, ამგვარი გადაწყვეტილების დასაბუთება ხსნის მიღებული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობას და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, სადავოობის პირობებში, შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ თ. შ-ე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია ხუთჯერ, 11.08.2005წ. მას გამოეცხადა საყვედური (შემოწმება-დათვალიერების დროს საკანში აღმოჩენილი ტელეფონის გამო), 11.01.2006წ. სამარტოო საკანში მოთავსდა 5 დღით (შემოწმება-დათვალიერების დროს საკანში აღმოჩენილი ტელეფონის გამო), 30.06.2020წ. შეეზღუდა მაღაზიით სარგებლობის უფლება 1 თვით (ხმაურობდა საკანში და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა №... დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის მენეჯერს), 4.11.2020წ. გამოეცხადა საყვარდური (საკნის შემოწმებისას გამოთქვამდა უკმაყოფილებას და მორიგე განაწესს მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით), 14.11.2020წ. გამოეცხადა საყვედური (დაწესებულების თანამშრომლებთან საუბრისას უკმაყოფილების გამოხატვისა და ხმამაღალი ტონით საუბრის გამო). ამასთან, იგი წახალისებულია სამჯერ, კერძოდ 30.01.2014 წელს N47 ბრძანების საფუძველზე მიეცა დამატებით ხანმოკლე პაემანი 29.10.2014 წელს N783 ბრძანების საფუძველზე გამოეცხადა მადლობა; 17.03.2017 წელს N692 ბრძანების საფუძველზე მიეცა დამატებით ხანმოკლე პაემანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2020 წლის 30 ივნისის №21/174356 განკარგულება, ასევე ამავე დაწესებულების დირექტორის 2020 წლის 14 ნოემბრის №21/309179 და 2022 წლის 7 დეკემბრის №21/410728 განკარგულებები. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მიმართ გასაჩივრებული აქტის გამოცემის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი გახდა მის მიმართ არსებული დისციპლინური სახდელები, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით გაუქმებულია. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელების გაუქმება სამართლებრივ გავლენას ვერ მოახდენს მოცემული დავის გადაწყვეტაზე. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ცალსახაა, რომ დღეს არსებული მდგომარეობით თ. შ-ეის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილი ძალაში აღარ არის და გაუქმებულია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივი მოცემულობა შეცვლილია და გაუქმებულია გასაჩივრებული აქტების საფუძვლად არსებული ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ განკარგულებების ნაწილი, აღნიშნული ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა