№ბს-821(კ-24) 23 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. შ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. შ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №03/13411 გადაწყვეტილება და შეწყდეს ამ აქტის მოქმედება მისი ბათილად ცნობის დღიდან; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, აწ გარდაცვლილი ა. შ-ას ოჯახის წევრის (მემკვიდრის) სტატუსით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით (მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №2, სადარბაზო პირველი, ბინა №4, ს/კ ...) ნ. შ-ას დაკმაყოფილების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №03/13411 გადაწყვეტილება. დაევალა მოპასუხეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, აწ გარდაცვლილი ა. შ-ას საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №..., სადარბაზო პირველი, ბინა №..., ს/კ ..., მოსარჩელე ნ. შ-ასათვის (ა. შ-ას მემკვიდრისათვის) საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის №3/6136-20 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა შესწორება და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, აწ გარდაცვლილი ა. შ-ას (პ/ნ ...) ოჯახის წევრის სტატუსით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №..., სადარბაზო №1, ბინა №4, ს/კ ..., მოსარჩელე ნ. შ-ას დაკმაყოფილების შესახებ.“
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №03/13411 გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა, რომლითაც ნ. შ-ას უარი ეთქვა მისი ძმისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ მისამართზე ის არ განსახლებულა, განაცხადის შესაბამისად განსახლებული იყო მხოლოდ მისი ძმა (ა. შ-ა) და ამასთან, სადავო ქონება არ შედიოდა სამკვიდრო მასაში, ვინაიდან პირადი ხასიათის იყო და მხოლოდ მამკვიდრებელს ეკუთვნოდა.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრებას, რომ ნ. შ-ას რეგისტრაციის მისამართს და იმ ფაქტს, რომ იგი არ იყო ამავე მისამართზე განსახლებული, არ აქვს წინამდებარე დავისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამეთუ სადავოა არა მისი, როგორც დევნილის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, არამედ, შეფასებას მოითხოვს მისი, როგორც მემკვიდრის უფლება მოიპოვოს საკუთრების უფლება იმ უძრავ ნივთზე, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა მის ძმას. კერძოდ, მნიშვნელოვანია ორი გარემოება: 1. დასრულდა თუ არა პრივატიზების პროცესი ა. შ-ას მიმართ; 2. შედის თუ არა სამკვიდრო მასაში ის უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო. საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულება არ ქმნის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველს და არ წარმოშობს ვალდებულებებს. იგი მხოლოდ პირველი ნაბიჯია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხში, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადამცემ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც განაპირობებს კონკრეტული პირის საკუთრების უფლების წარმოშობას. განკარგულებით განსაზღვრული პირობა, მის დანართში მითითებული პირისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე, მოიაზრებს შემდგომში აუცილებელი მოქმედების განხორციელებას - ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №1254 განკარგულებაში ა. შ-ა მითითებულია, როგორც საცხოვრებლით უზრუნველყოფას დაქვემდებარებული დევნილი პირი, თუმცა რეალურად არ არსებობს აღნიშნული განკარგულების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულება ა. შ-ასთან და არ მომხდარა მისი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია, რომელიც ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას წარმოშობს. სასამართლოს მითითებით კი, გამოდის, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შედის სამკვიდრო მასაში და გადაეცემა მემკვიდრეობით, რაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართი, მდებარე, ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., კორპ №2, ბინა №4 (ს/კ ...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესი განსახლებასთან დაკავშირებით, ბრძანების და განკარგულების გამოცემით არ მთავრდება და შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება ვერ წარმოიშობა. გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს მემკვიდრეზე იმ ქონების გადასვლა, რომელიც მამკვიდრებლის საკუთრებაში არ ყოფილა. მემკვიდრე წარმოადგენს რა მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეს, მასზე გადადის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომელიც ამ უკანასკნელს გარდაცვალების მომენტისთვის გააჩნდა, ხოლო ქონება, რომელიც მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, შესაძლებელია სამკვიდროში შევიდეს კუმულატიურად არსებული ორი პირობის შემთხვევაში: 1. მამკვიდრებელმა დაწერა ანდერძი და 2. კონკრეტული ქონება მის საკუთრებაში იყო არა ანდერძის შედგენის დროს, არამედ, სამკვიდროს გახსნის დროს. აქედან გამომდინარე, სამკვიდროში შედის მხოლოდ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის მისი კუთვნილი ქონება და არა მომავალი ქონება, რომელიც მას სიცოცხლეში უნდა მიეღო და გარდაცვალების გამო ვერ მიიღო. ა. შ-ა კი ქონების საკუთრებაში გადაცემამდე გარდაიცვალა.
კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულება დევნილი მოსახლეობის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე დაკავშირებულია რა, კონკრეტული პირის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან, წარმოადგენს პირადი ხასიათის უფლებას. სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორის და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი გარდაცვალებით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც პირი, ვისი საჭიროებებისთვისაც წარმოეშვა სახელმწიფოს ვალდებულება დევნილობის გამო საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, გარდაიცვალა, აღნიშნული ვალდებულებაც წყდება სუბიექტის და შესაბამისი საჭიროების არარსებობის გამო. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება სამკვიდრო მასაში არ შედის და შესაბამისად, სხვა პირზეც არ გადადის.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაზე ნ. შ-ას უარი ეთქვა, რის თაობაზეც მხარეს ეცნობა 2020 წლის 15 ივლისის №03/9182 წერილით. აღნიშნული წერილი მხარემ 2020 წლის 6 აგვისტოს №30175 ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. წარმოდგენილი საჩივრით ნ. შ-ა ითხოვდა ქ. თბილისი, ...ს ქ. №7-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას. საჩივართან დაკავშირებით 2020 წლის 14 აგვისტოს ჩატარდა ზეპირი მოსმენა. შესაბამისი დოკუმენტაცია გამოთხოვილ იქნა დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტიდან. ნ. შ-ას წარმომადგენელმა - ვ. შ-ამ განმარტა, რომ ნ. შ-ა, რომელიც რეგისტრირებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქირით ქ. თბილისში, შშმ პირის სტატუსის მქონე ძმასთან - ა. შ-ასთან ერთად. ა. შ-ას შევსებული ჰქონდა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, რომელიც დაკმაყოფილდა და 2016 წლის 17 დეკემბერს ა. შ-ამ, როგორც დევნილმა პირმა, მიიღო საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, ...ს ქ. №..., კორპ. №2, I სად. ბინა 4 (საკადასტრო კოდი ... ). ა. შ-ა სადავო ქონებაში საცხოვრებლად გადავიდა დასთან ერთად. 2017 წლის აპრილში მან განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა განაცხადში მისი დის - ნ. შ-ას დამატება. 23 ივნისს დაიწყო ამ ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცესი, ხოლო 2017 წლის 25 ივნისს ა. შ-ა გარდაიცვალა. საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, დაკანონების პროცესის დროულად წარმართვის შემთხვევაში ა. შ-ა სიცოცხლეშივე მიიღებდა საკუთრებაში ფართს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ნ. შ-ა ისარგებლებდა სამკვიდრო უფლებით. მისივე განმარტებით, 31 ივლისს ნ. შ-ას ტელეფონით დაუკავშირდნენ სამინისტროს თანამშრომლები და აცნობეს, რომ ა. შ-ასთან უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება, რა დროსაც ნ. შ-ამ სამინისტროს წარმომადგენლებს შეატყობინა ძმის გარდაცვალების ფაქტი. ამის შემდეგ, ნ. შ-ა გარკვეული პერიოდულობით მიმართავდა სამინისტროს და ითხოვდა აღნიშნული ბინის მის საკუთრებაში გადაცემას. გამომდინარე იქიდან, რომ ნ. შ-ა დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ ფართში, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა. შ-ამ გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე განაცხადში დის დამატების მოთხოვნით მიმართა სააგენტოს, ნ. შ-ას წარმომადგენელი თვლიდა, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო ადმინისტრაციული საჩივარი და ა. შ-ასთვის გადაცემული უძრავი ქონება დარეგისტრირებულიყო მისი დის - ნ. შ-ას საკუთრებად. სააგენტომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოარკვია, რომ სადავო ფართი მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 2016 წლის 17 დეკემბერს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა დევნილ პირს - ა. შ-ას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ 2017 წლის 15 თებერვალს გამოიცა ბრძანება №253 - ა. შ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. 2017 წლის 3 აპრილს ა. შ-ამ №15583/01 განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა განაცხადში მისი დის - ნ. შ-ას დამატება. აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, შესაბამისი სამართლებრივი აქტის თანახმად, განაცხადში ამგვარი ცვლილებების შეტანა შესაძლებელია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ბრძანების გამოცემამდე. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სააგენტოში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია. მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილ ვადაში განცხადების წარდგენას ადგილი არ ჰქონია. ა. შ-ას 25/06/2017 წ. გარდაცვალების გამო, ამ ფართის დაკანონება ვერ მოხერხდა და ფიქსირდება სახელმწიფო საკუთრებად. აღსანიშნავია, რომ ნ. შ-ამ სააგენტოში რამდენიმე განცხადება შეიტანა ა. შ-ას გარდაცვალების შემდგომ - 05.07.2017 №2948/01; 09.08.2017 №37993/01; 27.02.2018 №11128/01, რომლითაც ითხოვდა საცხოვრებელი ფართის მის საკუთრებაში გადაცემას. „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) საკითხების განმხილველმა კომისიამ“ 2020 წლის 27 მარტის სხდომაზე იმსჯელა ქ. თბილისში, ...ს ქ. №7-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის ნ. შ-ასთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. შ-ას უარი ეთქვა ორი საფუძვლით: 1. აღნიშნულ მისამართზე ის არ განსახლებულა, განაცხადის შესაბამისად განსახლდა მისი ძმა (ა. შ-ა) 2. დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მას აქვს რეგიონის დამისამართება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი ნ. შ-ას საჩივრის დაკმაყოფილებისათვის.
კასატორის განმარტებით, ა. შ-ას საკუთრებაში რომ ყოფილიყო ქალაქ თბილისში მისთვის მიღება-ჩაბარების აქტის, ბრძანების და საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გადაცემული საცხოვრებელი, ამისათვის აუცილებელ და სავალდებულო პირობას წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის განკარგულების გადაგზავნა სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის, რომელიც შემდგომ ხელშეკრულებას გაუფორმებდა ა. შ-ას. აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირდებოდა საჯარო რეესტრში და ა. შ-ა გახდებოდა აღნიშნული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე, რაც მოცემულ შემთხვევაში ა. შ-ას გარდაცვალების გამო ვერ განხორციელდა. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის კანონი განსაზღვრავს სპეციალურ წინაპირობებს: სახეზე უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა მოხდეს შემძენზე საჯარო რეესტრში. ა. შ-ას ოჯახი შედგებოდა ერთი წევრისგან, რაც საოჯახო ანკეტითაც დასტურდება, ხოლო ნ. შ-ა წარმოადგენდა ცალკე ოჯახს. ა. შ-ას გარდაცვალებით დევნილმა ოჯახმა შეწყვიტა არსებობა და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებაც მოისპო. საყურადღებოა ისიც, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით ნ. შ-ას აქვს რეგიონის დამისამართება. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის 2.1.4 პუნქტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის თანახმად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
პირველ რიგში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, მართალია არსებობს გარკვეული შეუსაბამობა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების დასაბუთებასა და დამდგარ შედეგს შორის, თუმცა, ვინაიდან დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი პროცესის ეკონომიურობისა და შემჭიდროვებულ ვადებში მხარეთა მიერ საკუთარი მატერიალური უფლებების რეალიზების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების საფუძველი.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ა. შ-ა იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულ იქნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ა. შ-ას სარეგისტრაციო ნომერია .... ა. შ-ა 1992-1993 წლებში მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთის რეგიონში. იგი იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის ვეტერანთა საბჭოს წევრი. ა. შ-ა იყო მეორე ხარისხით მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (ს.ფ 156, 111, 114-115); ბ) ა. შ-ამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. 2016 წლის 17 დეკემბერს, ა. შ-ამ თანხმობა განაცხადა კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის №122 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე განაწილებული, ერთოთახიანი ფართის მიღების თაობაზე, მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., ბინა №4. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობა №99 და მიღება-ჩაბარების აქტი №99. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის №122 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა 2017 წლის 15 თებერვალს მიიღო №253 ბრძანება, რომლითაც ა. შ-ა, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი დაკმაყოფილდა ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართით, მდებარე; ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №..., სადარბაზო პირველი, ბინა №4, მინიჭებული ქულა - 7,5 (ს.ფ 16-17, 55-56, 57-64); გ) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №1254 განკარგულებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთი, მდებარე; ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №2, სადარბაზო პირველი, ბინა №4, ს/კ ..., უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ა. შ-ას. აღნიშნული განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა: ა) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ, ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამავე დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთისა; ბ) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვონ სახელმწიფოსაგან ან მუნიციპალიტეტებისაგან, ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია, ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე განკარგულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა განეხორციელებინა განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები (ს.ფ 65-67); დ) 2017 წლის 3 აპრილს, ა. შ-ამ №15583/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს. განცხადებაში მიუთითა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №2, სადარბაზო პირველი, ბინა №4-ში, არის მარტოხელა, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი, შშმ სტატუსის მქონე პირი, მძიმე ავადმყოფი, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და მასზე მზრუნველობას ახორციელებს და - ნ. შ-ა. ამავე განცხადებით ა. შ-ამ მოითხოვა საცხოვრებელი ფართის მიღების შესახებ შევსებულ განაცხადში ოჯახის წევრის - ნ. შ-ას (და) ჩამატება (ს.ფ 155); ე) ა. შ-ა გარდაიცვალა 2017 წლის 25 ივნისს და სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 26 ივნისს გაიცა გარდაცვალების მოწმობა №01177024113 (ს.ფ 18); ვ) 2017 წლის 5 ივლისს, 9 აგვისტოს და 2018 წლის 27 თებერვალს ნ. შ-ამ განცხადებებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სადაც მიუთითა რომ იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რეგისტრირებულია ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩა №..., ს/ბაღი №...-ში, ხოლო წლების განმავლობაში ფაქტიურად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №2, სადარბაზო პირველი, ბინა №4, ძმასთან - ა. შ-ასთან ერთად, რომელიც იყო მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი. ნ. შ-ამ მოითხოვა 2017 წლის 3 აპრილს, ა. შ-ას მიერ №15583/01 წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი საკითხის განხილვა, კერძოდ, აწ გარდაცვლილი ძმის ა. შ-ას მფლობელობაში არსებულ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №..., სადარბაზო პირველი, ბინა №...-ში დარეგისტრირება. ნ. შ-ამ ამავე განცხადებებში მიუთითა, რომ როდესაც სამინისტროდან დაუკავშირდნენ ბინის რეგისტრაციაზე და დაიბარეს მისი ძმა, იგი უკვე გარდაცვლილი იყო (ს.ფ 232-237); ზ) 2017 წლის 23 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ №01-01/07/21190 წერილით აცნობა ნ. შ-ას, რომ დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის (დამისამართების) შეცვლასთან დაკავშირებით წარედგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 16 მაისის №827 ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები (ს.ფ 161); თ) 2020 წლის 7 ივლისს, ნ. შ-ამ №23902 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ 2016 წლის 17 დეკემბრიდან ცხოვრობს ძმის - ა. შ-ას სახელზე გაცემულ ბინაში, რომელიც დღემდე არ არის დარეგისტრირებული. 2017 წლის 3 აპრილს, ა. შ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომლითაც მოითხოვა შევსებულ განაცხადში ოჯახის წევრის - ნ. შ-ას (და) ჩამატება. ა. შ-ა 2017 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადებით ნ. შ-ამ მოითხოვა ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინის (მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №2, სადარბაზო პირველი, ბინა №4) მის სახელზე აღრიცხვა (ს.ფ 172); ი) 2020 წლის 15 ივლისს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ №03/9182 წერილით ნ. შ-ას აცნობა, რომ ქ. თბილისში. ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის მის საკუთრებაში გადაცემა ვერ მოხდება, რადგან არსებულ ფართში დევნილის განსახლება მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის №320 ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. აღნიშნული ფართი გადაეცა ნ. შ-ას აწ გარდაცვლილ ძმას - ა. შ-ას, თუმცა, მისი გარდაცვალების ფაქტის გამო მოცემული ქონების საკუთრებაში დაკანონება ვერ მოხდა. დღეის მდგომარეობით, ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მის მიმართ მემკვიდრეობის უფლება ვერ განხორციელდება. საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. ვინაიდან ა. შ-ას გარდაცვალების მომენტისთვის ადმინისტრაციული წარმოება ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დასრულებული არ იყო, შესაბამისად, მასზე, როგორც მამკვიდრებელზე, საკუთრების უფლებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები ვერ გავრცელდება (ს.ფ 171); კ) 2020 წლის 6 აგვისტოს, ნ. შ-ამ №30175 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 ივლისის №03/9182 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №2, სადარბაზო პირველი, ბინა №4-ის მის საკუთრებაში გადაცემა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის №03/13411 გადაწყვეტილებით ნ. შ-ას უარი ეთქვა 2020 წლის 6 აგვისტოს №30175 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №2, სადარბაზო პირველი, ბინა №4-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი, მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 2016 წლის 17 დეკემბერს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა დევნილ პირს - ა. შ-ას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ 2017 წლის 15 თებერვალს გამოიცა №253 ბრძანება, ა. შ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. 2017 წლის 3 აპრილს ა. შ-ამ №15583/01 განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა განაცხადში მისი დის - ნ. შ-ას დამატება. აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის თანახმად, განაცხადში ამგვარი ცვლილებების შეტანა შესაძლებელია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, ბრძანების გამოცემამდე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სააგენტოში დამატებით წარადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რასაც კანონით დადგენილ ვადაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული პირის 2017 წლის 25 ივნისს გარდაცვალების გამო, ამ ფართის დაკანონება ვერ მოხერხდა და დღეის მდგომარეობით, ფიქსირდება სახელმწიფო საკუთრებად. ნ. შ-ას მიერ სააგენტოში წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილია საცხოვრებელი ფართის მის საკუთრებაში გადაცემა. „იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) საკითხების განმხილველმა კომისიამ“, მიმდინარე წლის 27 მარტის სხდომაზე იმსჯელა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის ნ. შ-ასთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. შ-ას უარი ეთქვა ორი საფუძვლით: 1. აღნიშნულ მისამართზე ის არ განსახლებულა, განაცხადის შესაბამისად განსახლდა მისი ძმა (ა. შ-ა); 2. დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მას აქვს რეგიონის დამისამართება, ხოლო საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.4. პუნქტის თანახმად, „ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს (ს.ფ 220-222, 19-20); ლ) ნ. შ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემული იქნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ნ. შ-ას რეგისტრირებულია ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩა №..., ს/ბაღი №...-ში და მისი სარეგისტრაციო ნომერია .... საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 4 ოქტომბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ ნ. შ-ას ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №3, ბინა №4, ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა - 227830, დეკლარაციის შევსების თარიღია - 31.08.2021 წელი, ხოლო ქულის მინიჭების თარიღი - 30.09.2021 წელი (ს.ფ 14, 214); მ) ნ. შ-ამ 2021 წლის 13 ოქტომბერს, ნოტარიუსთან წარადგინა განცხადება, სამკვიდროს მიღების შესახებ. 2022 წლის 4 ოქტომბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - ...), რომლითაც დგინდება, რომ ნ. შ-ა არის ა. შ-ას და, კანონისმიერი მეორე რიგის მემკვიდრე და მან როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო მთელი ქონება, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები, მესამე პირთა მიმართ), მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში. სამკვიდრო მასა შეფასებულია ორმოციათას ლარად (ს.ფ 117-119, 266).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 17 დეკემბერს, ა. შ-ამ თანხმობა განაცხადა კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის №122 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე განაწილებული, ერთოთახიანი ფართის მიღების თაობაზე, მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., ბინა №4. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობა №99 და მიღება-ჩაბარების აქტი №99. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის №122 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა 2017 წლის 15 თებერვალს მიიღო №253 ბრძანება, რომლითაც ა. შ-ა, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი დაკმაყოფილდა ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართით, მდებარე; ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №2, სადარბაზო პირველი, ბინა №4.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №1254 განკარგულებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთი, მდებარე; ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №2, სადარბაზო პირველი, ბინა №4, ს/კ ..., უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ა. შ-ას.
საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 4 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - ...), რომლითაც დგინდება, რომ ნ. შ-ა არის ა. შ-ას და, კანონისმიერი მეორე რიგის მემკვიდრე და მან როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო მთელი ქონება, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. შ-ასთვის სადავო უძრავი ნივთის გადაცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გამოხატეს ნება, რომელიც ეფუძნებოდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. უძრავი ნივთის გადაცემა განხორციელდა ზემოაღნიშნული კანონისა და 2017 წლის 22 ივნისის №1254 განკარგულების შესაბამისად. ა. შ-ამ სიცოცხლეშივე განახორციელა საკუთარი უფლების რეალიზაცია სახელმწიფოსგან გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების კუთხით, რასაც მოჰყვა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედებები. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ა. შ-ა ფაქტობრივად დაეუფლა სადავო უძრავ ნივთს. დადგენილია, რომ ყველა სამართლებრივი დოკუმენტი ძალაშია, აღსრულებულია და შესაბამისად, ა. შ-ას მეორე რიგის მემკვიდრეს ნ. შ-ას უფლება აქვს ჩაანაცვლოს აწ გარდაცვლილი ა. შ-ა მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში (შედ. იხ. საქმე №ბს-873(2კ-23), 16 ნოემბერი 2023 წელი).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული განმარტება არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით. მართალია, დევნილისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნის ვალდებულება მისი დევნილის სტატუსს უკავშირდებოდა, თუმცა ა. შ-ამ აღნიშნული უფლების რეალიზაცია მოახდინა მის სიცოცხლეში. აღნიშნული კი, გამორიცხავს კასატორის შედავების მართებულობას იმის შესახებ, რომ ნ. შ-ას სადავო ქონება მემკვიდრეობით არ გადასცემია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე