საქმე #ბს-654(კ-24) 24 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ჩ-ი
მესამე პირი (ასკ 16.1) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 13 აგვისტოს მ. ჩ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 29 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში დააკავეს და წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალი. პროკურორის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულ იქნა პატიმრობა; შედეგად კი მოსარჩელის მითითებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკანონოდ მოუწია 116 დღის გატარება.
წარმოდგენილ სარჩელში, მ. ჩ-ი ასევე განმარტავს, რომ 2018 წლის აპრილში აიღო სესხი, თუმცა პატიმრობაში ყოფნის გამო ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და გათავისუფლების შემდეგ იძულებული გახდა მოეხდინა სესხის ხელახალ გრაფიკში მოქცევა, რის შედეგადაც მიიღო 2 475 ლარის ზიანი. ამასთან, მოსარჩელე დასძენს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის მოუწია 400 ლარის გადახდა. ზემოაღნიშნულ ხარჯებს მ. ჩ-ი მიაკუთნებს მატერიალურ ზიანს და სახელმწიფოსგან ითხოვს მათ ანაზღაურებას.
გარდა ამისა, წარმოდგენილი განაცხადით სასარჩელო მოთხოვნას ასევე მორალური ზიანის, 11 600 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებაც წარმოადგენს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 აგვისტოს განჩინებით განსახილველი საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 3 000 ლარის ანაზღაურება; ხოლო მატერიალური ზიანის სახით 400 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-იმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჩ-ის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მასზედ რომ 2018 წლის 29 მაისს, 09:20 საათზე, ქუთაისში, ...ის გამზირი #...-ში მდებარე ბინასთან არსებულ გაჩერების მიმდინარე ტერიტორიაზე, მ. ჩ-იმა შვილს, არასრულწლოვან - გ. ჩ-ის მუჭი დაარტყა სახის არეში, ასევე ჯოხი ჩაარტყა გულმკერდის და თავის არეში. გ. ჩ-იმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, მ. ჩ-ის ქმედება შეფასდა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინებით, ბრალდებულ მ. ჩ-ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. ბრალდებულის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 29 მაისის 19:35 საათიდან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით, მ. ჩ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მ. ჩ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მ. ჩ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელის რეაბილიტიაციასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, სასამართლოს ეს აქტი, მისი არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას, ანუ მის რეაბილიტაციას. პალატამ ასევე განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. სააპელაციო პალატის მითითებით მორალური ზიანის ანაზღაურებას აქვს შემდეგი ფუნქციები: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. პალატის მითითებით მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, პალატის მითითებით, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად უნდა განისაზღვროს, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მ. ჩ-ისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებელად გონივრული თანხა არის 3 000 ლარი, რამდენადაც საქმის სხვა გარემოებებთან ერთად სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელის ბრალდებულად ყოფნის პერიოდის ხანგრძლივობა და ბრალის ხარისხი.
მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საადვოკატო მომსახურების მიღებისას პირი სარგებლობს თავისუფალი არჩევანით, თუმცა მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურების გაწევის შედეგად თანხის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს აუცილებლად გასაწევი ხარჯი, დავის საგნის, ამ დავის სირთულისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მითითებით, განხორციელებული საადვოკატო მომსახურების ინტენსივობის, დავის საგნისა და საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა - 400 ლარი გონივრული შესაბამისობაშია გაწეულ საადვოკატო მომსახურებასთან. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ რაიმე გარემოება, რომელიც მოცემული თანხის შეუსაბამობაზე მიუთითებდა, განსახილველ საქმეზე დადგენილი არ იყო. ხოლო, რაც შეეხება მ. ჩ-ის ბანკთან არსებული შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებების ანაზღაურების საკითხს, სასამართლოს მითითებით, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობასა და მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ განხორციელებულ ქმედებების შორის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის სახით, მ. ჩ-ის მიერ ბანკისათვის გადაუხდელი სასესხო ვალდებულების თანხის - 2 475 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ზე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 1005-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონისმიერი წინაპირობების ერთობლიობა ზიანის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის სახით; შესაბამისად, კასატორის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, კასატორი მორალური ზიანის ოდენობას მიიჩნევს მეტისმეტად გადაჭარბებულად და სხვადასხვა საქმეზე მითითებით ცდილობს დაადასტუროს მისი მოსაზრება. ამასთან, მატერიალურ ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით კასატორი ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე რომ მოსარჩელეს სახსრების უქონლობის გამო საადვოკატო მომსახურებისთვის თანხა ჯერ გადახდილი არ აქვს. კასატორი განმარტავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ ხარჯი გაწეული არ არის, დაუსაბუთებელი და უსაუძვლოა სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის ამ ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის განჩნებას და მისი გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას ითხოვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარის, ასევე, მატერიალური ზიანის სახით 400 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ასევე მ. ჩ-იმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში 3 000 ლარისა და მატერიალური ზიანის სახით 400 ლარის საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის #1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის #2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით, ბრალდებულ მ. ჩ-ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა და ვადის ათვლა დაეწყო მოსარჩელის ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 მაისის 19 საათისა და 35 წუთიდან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით, მ. ჩ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მ. ჩ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მ. ჩ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. აღნიშნული გამამართლებელი განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მ. ჩ-ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამართლებელი განაჩენი მოსარჩელის რეაბილიტიაციის სამართლებრივი საფუძველია, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი, რომელიც გამოწვეულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი უკანონო ბრალდებით. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა თანამდებობის პირის ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციით. პირის რეაბილიტაციის უმთავრეს იურიდიულ საფუძველს გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს, რომელიც მის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს.
მიყენებული მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ #ბს-972-936(3კ-08), 2009 წლის 8 აპრილი).
მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება თავისთავად დაკავშირებულია ნეგატიურ ემოციებთან, მძიმე ფსიქიკურ განცდებთან, სულიერ ტანჯვასთან და ა.შ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 3 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
საკასაციო სასამართლო მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მართალია მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა სასამართლოს, მხარის მოთხოვნის შემთვევაში, თავად შეუძლია განსაზღვროს გაწეული ხარჯის ოდენობა გონივრულ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, მ. ჩ-ის მოვალეობის საფუძველი ადვოკატისათვის თანხის ანაზღაურების ნაწილში გახდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. შესაბამისად, სახეზეა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს შორის, რაც გამოიხატა მოსარჩელის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევაში საადვოკატო მომსახურების მიღების მიზნით. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის სახით 400 ლარის დაკისრების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა