საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1100(კ-24) 15 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ხ-ას უფლებამონაცვლე - ტ. დ-ა
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - პ. ხ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 23 იანვარს გ. ხ-ამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ხოლო მესამე პირად განისაზღვრა პ. ხ-ა. 2017 წლის 5 მაისს კი გ. ხ-ამ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ საქმეზე საბოლოოდ მოპასუხე მხარეებად განისაზღვრნენ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირად კი - პ. ხ-ა.
მოსარჩელემ ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 დეკემბრის №125 განკარგულების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე კომისიისთვის, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 დეკემბრის №125 განკარგულება და ამავე კომისიას დაევალა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება გ. ხ-ას მონაწილეობით და ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა №3/ბ-244-23წ. ადმინისტრაციული საქმის წარმოება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრისა გამო, მოწინააღმდეგე მხარის გ. ხ-ასა და მესამე პირის პ. ხ-ას მიმართ, მოწინააღმდეგე მხარის/იგივე მოსარჩელის გ. ხ-ას გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე 7 თვის ვადით - 2024 წლის 15 აპრილამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით განახლდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული №3/ბ-244-23წ. ადმინისტრაციული საქმის წარმოება და გაგრძელდა საქმის განხილვა საერთო წესით. ამასთან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელე მხარის, გ. ხ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი კანონისმიერი მემკვიდრე, მეუღლე - ტ. დ-ა.
საქმეზე დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში, საქმეზე აპელანტს წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მოწინააღმდეგე მხარეს - გ. ხ-ას უფლებამონაცვლე - ტ. დ-ა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო მესამე პირს - პ. ხ-ა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო ფორმალური დასაშვებობის საკითხს წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რაც მის მიერ გამოხატული იქნა სააპელაციო საჩივრის წარდგენით. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას კი სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მართალია, ამ შემთხვევაში, მხარე ფორმალურად სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს და არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეალურად, სადავოდ ხდის საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას არ უსარგებლია თავისი საპროცესო უფლებამოსილებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით და გადაწყვეტილება მის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე