საქმე №ბს-740(კ-24) 24 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ. ხ-ე
მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 22 ნოემბერს ზ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2022 წლის 13 ოქტომბერს მან განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით. მან განცხადებას თან დაურთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს 4.12.1987წ. - 14.12.1989წ. გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო ან სპეციალობით წელთა ნამსახურობა შეადგენს 11 წელს, 6 თვესა და 11 დღეს (27.02.1996წ. - 1.03.1999წ., 1.06.2000წ. - 10.09.2004წ., 26.06.2008წ. - 24.09.2012წ.), ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობა შეადგენს 4 წელს, 4 თვესა და 25 დღეს, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობის ვადაა 4 წელი, 9 თვე და 11 დღე (20.12.2017წ. - 30.09.2022წ.). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის №SSA 6 22 00473636 გადაწყვეტილებით ზ. ხ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, რადგან ნამსახურობის ანგარიშში შეყვანილია პენიტენციურ სამსახურში მუშაობის წლები, რაც ცენტრის განმარტებით, არ შეესაბამება კანონს. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზ. ხ-ეის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა: 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის №SSA 6 22 00473636 გადაწყვეტილების; 2. „ზ. ხ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 18 ნოემბრის №SSA 7 22 00556464 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, 3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ზ. ხ-ეის მიმართ 2022 წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის №SSA 6 22 00473636 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „ზ. ხ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 18 ნოემბრის №SSA 7 22 00556464 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოქალაქე ზ. ხ-ეს დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 2022 წლის 1 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურობის ანგარიშზე, რომლის თანახმად, მაიორ ზ. ხ-ეს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი აქვს 1987 წლის 4 დეკემბრიდან 1989 წლის 14 დეკემბრამდე (2 წელი და 10 დღე). ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის ...ში იგი მუშაობდა 2017 წლის 20 დეკემბრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე (4 წელი, 9 თვე და 11 დღე), შემდგომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა 4 წელი, 4 თვე და 25 დღე, ბოლოს კი მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 11 წელი, 6 თვე და 11 დღე. ნამსახურობის წლებმა ჯამში შეადგინა - 22 წელი, 8 თვე და 4 დღე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლზე, ასევე „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით) მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობა წარმოქმნის ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლებას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ საბოლოოდ იმსახურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, არ გამორიცხავს მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის ფაქტს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი 4 წლის, 4 თვისა და 25 დღის ნამსახურობის წლებში ჩათვლაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელისათვის ნამსახურები წლების გაანგარიშებაზე უარი არ შეესაბამება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, 23-ე, 26-ე და 27-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ზ. ხ-ეს 4 წელი, 4 თვე და 25 დღე ნამსახურები აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში. კანონმდებლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებული პირისთვის ნამსახურობის სტაჟში არ არის გათვალისწინებული სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურობა, ზემოაღნიშნულ უწყებაში ნამსახურობის გარეშე კი ზ. ხ-ეის ნამსახურობის წლები ნაკლებია კომპენსაციის დასანიშნად სავალდებულო 20 წელზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ზ. ხ-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის №SSA 6 22 00473636 გადაწყვეტილებისა და „ზ. ხ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 18 ნოემბრის №SSA 7 22 00556464 გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე, მოპასუხისთვის ზ. ხ-ეის სასარგებლოდ სახელმწიფო კომპენსაციის 2022 წლის 1 ნოემბრიდან დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დავალება.
დადგენილია, რომ კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურობის ანგარიშის თანახმად, მაიორ ზ. ხ-ეს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი აქვს 1987 წლის 4 დეკემბრიდან 1989 წლის 14 დეკემბრამდე (2 წელი და 10 დღე), ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის ...ში მუშაობდა 2017 წლის 20 დეკემბრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე (4 წელი, 9 თვე და 11 დღე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა 4 წელი, 4 თვე და 25 დღე, ბოლოს კი მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 11 წელი, 6 თვე და 11 დღე. ნამსახურობის წლებმა ჯამში შეადგინა 22 წელი, 8 თვე და 4 დღე.
დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, მაიორი ზ. ხ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ ზ. ხ-ემ 2022 წლის 13 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით მისი ნამსახურობის წლების დაანგარიშება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის №SSA 6 22 00473636 წერილობითი მიმართვით ზ. ხ-ეის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის წლები არ ჩაითვალა საერთო ნამსახურობის წლებში, ხოლო, აღნიშნული წლების გამოკლების შემთხვევაში, მოსარჩელის მუშაობის სტაჟი ნაკლები იყო 20 კალენდარულ წელზე, რის გამოც განმცხადებელმა ვერ მოიპოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის №SSA 6 22 00473636 წერილობითი მიმართვა ზ. ხ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 18 ნოემბრის №SSA 7 22 00556464 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გასაჩივრებულ აქტში მითითებული დასაბუთებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო და საგანი. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვალი №46/ნ ბრძანებით) მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
„სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ამ კანონის განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს. ამასთან, ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.
მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს ნამსახურობის წლებში არ ეთვლებათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობა, ხოლო ზემოაღნიშნული წლების გამოკლებით, ზ. ხ-ეს ნამსახურები აქვს 20 წელზე ნაკლები, რაც სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად არასაკმარისია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით, საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის წლების - 4 წლის, 4 თვისა და 25 დღის ჩათვლა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, პირის მიერ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა ჩაითვლება საერთო შრომის სტაჟად, ამასთან, საერთო შრომით სტაჟში ჩაითვლება სწავლის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე ეწეოდა შრომით საქმიანობას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით, კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ უნდა იქნას დაშვებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას ყურადღება უნდა მიექცეს თავად კომპენსაციის ბუნებას, მისი დანიშვნის მიზნებს. საგულისხმოა საკასაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში ასახული განმარტების თანახმად, სახელმწიფომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოხატა ნება შეექმნა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო (საქმე №ბს-707-693(კ-16)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილებისას სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მინიჭებული აქვს როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებულ, ასევე, საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს. ნათელია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის კომპენსაციის მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ ორივე ზემოაღნიშნული სახელმწიფო უწყებიდან დათხოვნილი პირები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული კატეგორიის სახელმწიფო მოხელეთა სოციალური უზრუნველყოფა. სწორი განმარტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ამ მუხლით დაცული ნორმის შინაარსსა და კანონმდებლის განზრახულობას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირდაპირ არ მიუთითებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა წელთა ნამსახურობაში სპეციალური პენიტენციურ სამსახურში მუშაობის წლების ჩათვლას, ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის განცხადების განხილვისას უნდა გაეთვალისწინებინა საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობის მიზანი და ნორმის სისტემური განმარტების გზით, „სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტთან ერთობლიობაში, კომპენსაციის მიმღებ პირს არ უნდა შეზღუდვოდა მისი მიღების უფლება, ვინაიდან დასტურდებოდა, რომ ზ. ხ-ე მსახურობდა როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემაში, ასევე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. ნამსახურობის დაანგარიშება კი იმთავითვე შეეხება და გულისხმობს წარსულში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებასა და შეფასებას. პირის კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზებისთვის გადამწყვეტი არ უნდა გახდეს, თუ რომელ სახელმწიფო უწყებაში იმსახურა ბოლო პერიოდში და საიდან მოხდა მისი გათავისუფლება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ კომპენსაციის მოთხოვნამდე მოსარჩელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის ფაქტი არ გამორიცხავს მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურობას და ამ პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლას.
ნორმის განმარტების კუთხით ასევე ნიშანდობლივია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის დღეს მოქმედი რედაქცია, რომლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გათავისუფლებული პირისთვის, გარდა ზემოაღნიშნულ სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, მოსამართლედ ან მოსამართლის თანაშემწედ მუშაობა. შესაბამისად, მოცემული საკითხის დღევანდელი მოწესრიგების პირობებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გათავისუფლებული პირის ნამსახურობის ვადა დაკონკრეტების გარეშე მოიცავს ნებისმიერ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის პერიოდსაც.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია უნდა იყოს დასაბუთებული, განსახილველ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა ეთქვას უარი მოსარჩელეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის პერიოდის ნამსახურობაში ჩათვლაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ არ იქნა კანონმდებლობის საფუძველზე სწორად შეფასებული როგორც წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, ზ. ხ-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხი, ვინაიდან მოსარჩელეს კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საერთო სტაჟში უნდა ჩათვლოდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის პერიოდი, კერძოდ 4 წელი, 4 თვე და 25 დღე.
შესაბამისად, პალატას მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ. ხ-ე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე სრულად აკმაყოფილებს „სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის, რაც სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა