საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-925(2კ-22) 14 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - თ. ა-ა (მოსარჩელე) და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ა-ამ 2020 წლის 22 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელე თ. ა-ას სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების - 1264 ლარის ანაზღაურების დავალება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელე თ. ა-ას სასარგებლოდ საბოლოო ანგარიშსწორების 2000 წლის 21 ივლისიდან 2020 წლის ჩათვლით დაყოვნების ყოველი დღისთვის ძირითადი თანხის 1264 ლარის 0.07 პროცენტის - 64 300 ლარის გადახდის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მას დიდი ოდენობის მატერიალური და მორალური ზიანი მიაყენა, უხეშად შელახა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის გარანტირებული უფლებები (მუხლი 18.4), საქართველოს შრომის კოდექსის 34–ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მოსარჩელის მითითებით, ნაცვლად 7 კალენდარული დღისა, ადმინისტრაციული ორგანო 20 წელია კანონით დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული არის როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური გარანტიები. აღნიშნული ნორმა ყველას ანიჭებს უფლებას მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება–სასამართლოსთვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბიც, ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. სახელმწიფო ორგანოთა და მომსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და განმარტებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე–5 მუხლის მე–5 პუნქტით, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. სახელმწიფო პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207–ე, 208–ე მუხლებით და აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005–ე მუხლით.
მოსარჩელის მოსაზრებით, თავდაცვის სამინისტრომ თ. ა-ას უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი – სახელფასო დავალიანება 1264 ლარი და აგრეთვე საქართველოს შრომის კოდექსის 31–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, საბოლოო ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის უნდა გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 1 264 ლარის 0.07 პროცენტი, რაც შეადგენს 8.93 ლარს, ერთი თვის 267.90 ლარს, ერთი წლის 3 215 ლარს, ხოლო 2000 წლიდან 2020 წლის ჩათვლით 64 300 ლარს, ხოლო ჯამში სახელფასო დავალიანების ძირ თანხასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს 65 585 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე თ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის ანაზღაურება 605.83 ლარის ოდენობით; თ. ა-ას უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-1999–2000 წლების კვების კომპენსაციისა და ყოველი დაყოვნების დღისთვის 0.07 პროცენტის დაკისრებაზე.
სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლზე (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას), რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით არ არის განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულება.
სასამართლომ აგრეთვე მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს შრომითი გასამრჯელოს მოსამსახურეზე გაცემა, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება. სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს.
სასამართლო არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია.
ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომლის შესაბამისად, სამინისტროს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელეს მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფამდე. სასამართლოს მითითებით, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით - საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 1341 მუხლით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტი არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას კვების კომპენსაციის (527.28 ლარის) ნაწილში, სასამართლოს მითითებით აღნიშნული წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კვების კომპენსაცია, ხელფასის თანხისგან განსხვავებით, არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, მოსარჩელეს მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მითითებული პერიოდის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს მოსარჩელე თ. ა-ას სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის ანაზღაურება 605.83 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2000 წლის 21 ივლისიდან 2020 წლის ჩათვლით დაყოვნების ყოველი დღისთვის ძირითადი თანხის 1264 ლარის 0.07 პროცენტის - 64 300 ლარის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა დაყოვნებული სახელფასო თანხის 0.07 პროცენტის - 64 300 ლარის ანაზღაურებაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვერ გავრცელდება 1998-2000 წლებში არსებულ ურთიერთობებზე, რადგან აღნიშნულ ნორმას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა. ამასთან, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, იგი არ აწესრიგებს მის ძალაში შესვლამდე არსებულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ თ. ა-ა მითითებულ პერიოდში წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რის გამოც მასზე შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას უნდა გავრცელდეს საჯარო კანონმდებლობის მოთხოვნები, ხოლო საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტები არ ითვალისწინებდა ხელფასის დროულად გადაუხდელობისთვის 0.07 პროცენტის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2000 წლის 21 ივლისიდან 2020 წლის ჩათვლით დაყოვნების ყოველი დღისთვის ძირითადი თანხის 1264 ლარის 0.07 პროცენტის ანაზღაურებაზე უსაფუძვლოა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ა-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით თ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე თ. ა-ას სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის ანაზღაურება 1 264 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში თ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ა-ას სახელფასო დავალიანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2020 წლის 10 ნოემბრის MOD 9 20 01025834 ცნობის თანახმად, შეადგენს 1054.15 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეში დავის საგანს - მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს თ. ა-ას მიმართ 1998-1999-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების - 1264 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების კანონიერება, ხოლო დამატებით მოთხოვნას - თ. ა-ას სასარგებლოდ საბოლოო ანგარიშსწორების 2000 წლის 21 ივლისიდან 2005 წლის 01 იანვრამდე დაყოვნების ყოველი დღისთვის ძირითადი თანხის 1264 ლარის 0.07 პროცენტის გადახდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების კანონიერება.
პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლზე (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას), რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
პალატის მოსაზრებით, სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია. პალატის მოსაზრებით სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომლის შესაბამისად, სამინისტროს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელეს მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფამდე. საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტი არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამხედრო მოსამსახურისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე არსებულ დავასთან დაკავშირებით 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-1110 (კ-18)) განმარტა, რომ „მართალია სარჩელი აღძრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის მოქმედების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონი ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან (128-ე მუხ.). მითითებული კანონის ამოქმედებამდე საკითხის რეგულირებას ახდენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი, რომლის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების საჯარო მოხელისათვის ანაზღაურება ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 1341 მუხლი წარმოადგენდა დავალიანების კანონისმიერ აღიარებას, რის შედეგადაც 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე არ ვრცელდებოდა ხანდაზმულობის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვადები. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისიდან და ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი, რომელიც 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებებთან მიმართებით ხანდაზმულობის ათვლის სპეციალურ წესს აღარ ითვალისწინებს, რაც ადასტურებს ამჟამად საჯარო მოხელის მიმართ წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის საერთო წესის გავრცელებას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტიდან.“
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანება წარმოშობილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის 15 კანონის მოქმედების პერიოდში - 1998-2000 წლებში, რაც ადასტურებს ახალი კანონის ამოქმედების მომენტამდე - 2017 წლის პირველ ივლისამდე, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ზოგადი წესების გავრცელების დაუშვებლობას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 1341 მუხლით საჯარო სამსახურში 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება ფაქტობრივად განუსაზღვრელი დროით იყო გადავადებული და აღნიშნული კანონის ძალადაკარგულად ცნობამ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამ დასაშვებად მიიჩნია საჯარო სამსახურში 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყება, რადგან კანონმა აღარ გაითვალისწინა სპეციალური, საშეღავათო დათქმა მსგავსი ტიპის დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ამასთან, ვინაიდან დადასტურებულ იქნა თ. ა-ას მიმართ 1998-1999-2000 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანება, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება ადასტურებს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის დაუშვებლობას.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თ. ა-ას მიმართ 1998-1999-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების - 1264 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატამ აღნიშნა, რომ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი არ ითვალისწინებდა თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულებას, ამასთან, სარჩელის აღძვრის დროს 2020 წლის 22 დეკემბერს და შესაბამისად სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტშიც ძალადაკარგული იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი და 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის (ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან) მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგინდა, რომ მოხელეზე საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვერ გავრცელდება 1998-2000 წლებში არსებულ ურთიერთობებზე, რადგან აღნიშნულ ნორმას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა. ამასთან, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, იგი არ აწესრიგებს მის ძალაში შესვლამდე არსებულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ თ. ა-ა მითითებულ პერიოდში წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რის გამოც მასზე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას უნდა გავრცელდეს საჯარო კანონმდებლობის მოთხოვნები, ხოლო საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტები არ ითვალისწინებდა ხელფასის დროულად გადაუხდელობისთვის 0.07 პროცენტის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას.
ამდენად, პალატის მოსაზრებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის (ძალადაკარგულია 2017 წლის 1 ივლისიდან) მე-14 მუხლის საფუძველზე შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდის დაკისრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის არამართებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ თ. ა-ას მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ წარმოშობილი სახელფასო დავალიანების - 1264 ლარის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა 2000 წლის 21 ივლისიდან 2005 წლის 1 იანვრამდე დაყოვნების ყოველი დღისთვის ძირითადი თანხის 1264 ლარის 0.07 პროცენტის - 17 471 ლარის ანაზღაურებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ა-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი თ. ა-ა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს.
კასატორი აღნიშნავს, რომ თ. ა-ა არ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, არამედ იყო დამხმარე მოსამსახურე (ტექნიკური მუშაკი), სამსახურში მიღებული იყო ხელშეკრულების საფუძველზე და მასზე სრულად ვრცელდებოდა საქართველოს შრომის კანონმდებლობა, რაც სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, უგულებელყო და დაუსაბუთებლად დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თ. ა-ა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
კასატორი მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის თანახმად 31–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება არსებული შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა. ამდენად, თ. ა-ა თვლის, რომ საფუძველსაა მოკლებული ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურებაზე უარი იმ საფუძვლით, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31–ე მუხლის მე-3 ნაწილი ვერ გავრცელდება 1998–2000 წლებში არსებულ ურთიერთობებში, რადგან აღნიშნულ ნორმას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა.
ამასთან, კასატორი თვლის რომ სასამართლოების ყურადღების მიღმა დარჩა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განმარტება (Nას-12051132-2015) საქართველოს შრომის კოდექსის 31–ე მუხლის მე–3 ნაწილის გავრცელებისა და დაყოვნებული სახელფასო თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურების თაობაზე.
კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას მოითხოვს.
კასატორი თვლის, რომ 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით სახელფასო დავალიანების მიღების უფლების გაუთვალისწინებლობამ არა თუ გამორიცხა ამ უფლების ახალი კანონის მოქმედების პერიოდში რეალიზების შესაძლებლობა, არამედ, ფაქტობრივად, შექმნა ხსენებული მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძველი. შესაბამისად, ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტიდან მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების შესაძლებლობა კვლავ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადით შემოიზღუდა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nბს-1516(კ-18) და Nბს-1104(კ-18)) გადაწყვეტილებები).
კასატორის მითითებით, მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაცია მოახდინა 2020 წლის 22 დეკემბერს, ამდენად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის ათვლა დაიწყო 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან (2017 წლის 1 ივლისიდან) და დასრულდა 2020 წლის 1 ივლისს, რადგან არ დამდგარა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 კარის მე-2 თავით განსაზღვრული ხანდაზმულობის შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლები.
რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2002 წლის 06 ივნისის N22662 ცნობას და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2020 წლის 10 ნოემბრის N1025834 ცნობას, რომელთა შესახებ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ცნობებით დასტურდება მოსარჩელის მიმართ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება, რაც გამორიცხავს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე Nბს-326(კ-16)), რომლის შესაბამისად, მსგავსი ხასიათის ცნობები წარმოადგენს გარკვეული მონაცემების შემცველ საინფორმაციო ხასიათის ცნობას და მას არ შეიძლება მიეცეს სხვა რაიმე სახის მტკიცებულებითი მნიშვნელობა, რადგანაც აღნიშნულით არ მომხდარა რაიმე სახის დაპირება/შეპირების განხორციელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრისა და 2022 წლის 9 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თ. ა-ას საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თ. ა-ას საკასაციო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის 2000 წლის 21 ივლისის N43 ბრძანების შესაბამისად, სსძ საკომანდო პუნქტის კავშირგაბმულობის კვანძით კავშირგაბმულობის ... ოსტატი - თ. ა-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის 2020 წლის 10 ნოემბრის ცნობით დგინდება, რომ თ. ა-ას მიმართ 1998-1999-2000 წლებში არსებული სახელფასო დავალიანება ჯამში შეადგენს 1 054.15 ლარს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 16 ნოემბრის წერილით თ. ა-ას წარმომადგენელს ვ. ტ-ას 2020 წლის 2 ოქტომბრის განცხადების (თ. ა-ას სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების შესახებ) პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული არ იყო წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარი ასიგნება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული პირისათვის გარანტირებულია შრომითი ანაზღაურების მიღების უფლება. შრომითი ურთიერთობა გულისხმობს არა მარტო დასაქმებულის ვალდებულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და კანონშესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, არამედ შრომითი ურთიერთობა უპირობოდ მოიაზრებს აგრეთვე შრომითი ანაზღაურების გადახდის შესახებ დამსაქმებლის მოვალეობასაც. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე („საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 37 მუხ. 1-ლი პუნქტ., „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 57 მუხ. მე-2 პუნქტ.).
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელეს არ აუნაზღაურა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება, რამაც წარმოშვა მოთხოვნის უფლება მიუღებელი დავალიანების ანაზღაურების შესახებ.
უპირველესად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის ანაზღაურება 605.83 ლარის ოდენობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გასაჩივრებულა, ამდენად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული. შეასაბამისად, საკასაციო პალატა შეაფასებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრებული თანხა - 605.83 ლარი გაიზარდა 658.17 ლარით - 1 264 ლარამდე.
საკასაციო პალატის მითითებით, დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის თვალსაზრისით, რიგ შემთხვევებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროს. დრო იწვევს სამართლებრივი სინამდვილის ტრანსფორმაციას, უფლების წარმოშობას, შეწყვეტას, უფლების სუბიექტის შეცვლას. მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის N1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, III). ვადა დასაწყისითა და დასრულების მომენტით შემოფარგლული განსაზღვრული ან განსაზღვრებადი დროის შუალედია, იგი უთითებს სამართლებრივად მნიშვნელოვან დროის პერიოდზე, რომლის ფარგლებში სამართლებრივი შედეგის წარმომშობი რაიმე ქმედება ან ნების გამოვლენა უნდა განხორციელდეს. დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ვადებს შორის ერთ-ერთი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა. გონივრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების არსებობა უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა, განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნა მომეტებულად დაცვის ღირსია (სუსგ 2022 წლის 21 ივნისის Nას-34-2022, 172 პ.). სწორედ სასამართლოსათვის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გაადვილების, ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის, მოვალის დაცვის და ბრუნვის მონაწილეთა აქტიურობის სტიმულირების მიზნით კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ზოგადი ვადები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის მე-4 კარის მე-2 თავით, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ხანდაზმულობის სპეციალური ვადების დადგენის შესაძლებლობას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულობის სპეციალურ ვადაზე შეთანხმება არ შეიძლება შეადგენდეს სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების შეთანხმების საგანს, ხანდაზმულობის სპეციალური ვადა და კონკრეტულ მოთხოვნებზე მისი გავრცელების გამორიცხვა მხოლოდ ნორმატიულად შეიძლება განხორციელდეს (სუსგ 2020 წლის 26 მარტის საქმე Nბს-1110(კ-18)). სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების ნორმატიულად დადგენა ემსახურება სამართლებრივი განსაზღვრულობის ლეგიტიმურ მიზანს, მათი მეშვეობით ერთი მხრივ ხდება პოტენციური მოპასუხეების დაცვა ვადაგასული მოთხოვნებისგან, ხოლო მეორე მხრივ ხდება სასამართლოს გათავისუფლება ისეთ სასარჩელო მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისაგან, რომელიც ეფუძნება დროის ფაქტორის გათვალისწინებით არასრულად და ნაკლებ განსაზღვრულად ქცეულ მტკიცებულებებს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 07 ივლისის N1062/07 გადაწყვეტილება საქმეზე „Stagno v. Belgium“).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს 1998-1999-2000 წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლზე, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იყო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა უფლება, შესაბამისი საჯარო დაწესებულებებიდან მოეთხოვათ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა. ამდენად, მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას. თუმცა 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ანალოგიური შინაარსის შემცველ დანაწესს არ ითვალისწინებს (სუსგ 2019 წლის 12 სექტემბრის საქმე N1104(კ-18)).
1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 1341 მუხლის განმტკიცებით, ანუ სამართლებრივი აქტით მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების უფლების მოწესრიგებით სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს წარმოეშვათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ისინი შეძლებდნენ გათავისუფლებამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანებების მიღებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც კანონმდებლობით უფლების განხორციელება ხანდაზმულობის გარკვეულ ვადებს უკავშირდება, საკანონმდებლო დონეზე მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლების განმტკიცებამდე მისი რეალიზებაც ხანდაზმულობის კონკრეტული, კერძოდ, სამწლიანი ვადით იყო შეზღუდული. თუმცა მითითებული საკანონმდებლო მოწესრიგების შედეგად, აღნიშნული დავალიანების მიღების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დინება შეწყდა, ხოლო ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელფასო დავალიანების მიღების უფლების გაუთვალისწინებლობამ არა თუ გამორიცხა ამ უფლების ახალი კანონის მოქმედების პერიოდში რეალიზების შესაძლებლობა, არამედ, ფაქტობრივად, შექმნა ხსენებული მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძველი. შესაბამისად, ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტიდან მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების შესაძლებლობა კვლავ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადით შემოიზღუდა (სუსგ 2019 წლის 12 სექტემბრის საქმე N1104(კ-18)).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისიდან და ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი, რომელიც 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებებთან მიმართებით ხანდაზმულობის ათვლის სპეციალურ წესს აღარ ითვალისწინებს, რაც ადასტურებს ამჟამად საჯარო მოხელის მიმართ წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის საერთო წესის გავრცელებას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტიდან. თ. ა-ას მიერ მოთხოვნილი დავალიანება წარმოშობილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მოქმედების პირობებში - 1998-2000 წლებში, რაც ადასტურებს ახალი კანონის ამოქმედების მომენტამდე - 2017 წლის პირველ ივლისამდე, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ზოგადი წესების გავრცელების დაუშვებლობას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 1341 მუხლით საჯარო სამსახურში 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება ფაქტობრივად განუსაზღვრელი დროით იყო გადავადებული და აღნიშნული კანონის ძალადაკარგულად ცნობამ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამ დასაშვებად მიიჩნია საჯარო სამსახურში 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყება, რადგან კანონმა აღარ გაითვალისწინა სპეციალური, საშეღავათო დათქმა მსგავსი ტიპის დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2020 წლის 22 დეკემბერს, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის ამოქმედებიდან - 2017 წლის 1 ივლისიდან 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2020 წლის 1 ივლისს. შესაბამისად, დასტურდება თ. ა-ას მიერ სასამართლოსთვის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდგომ მიმართვის ფაქტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გარკვევისას, შეფასებას საჭიროებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლების არსებობა. როგორც წესი, ხანდაზმულობის ვადის დენა ჩვეულებრივ მიმდინარეობს და მისი ამოწურვის თარიღი მისი ათვლის მომენტიდან კონკრეტულად განსაზღვრული პერიოდის გასვლის კალენდარულ თარიღს ემთხვევა, თუმცა არის გარემოებები, რომელთა დადგომა ხანდაზმულობის ვადის დენის შემაფერხებელ ნორმატიულ საფუძვლებს ქმნის.
განსახილველ საქმეში, ვინაიდან არ დასტურდება ხანდაზმულობის ვადის დენის შემაფერხებელი გარემოებები, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის ნორმატიული საფუძვლების არსებობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ა-ას მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს ქმნის.
ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გათვალისწინებით, აღარ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ საფუძვლიანობასთან მიმართებით მსჯელობის საჭიროება, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაყოვნებული თანხის 0,07%-ის თ. ა-ასთვის გადახდის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით ძალადაკარგული ნორმატიული აქტის - „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მე-14 მუხლს, რომლით გათვალისწინებულ შინაარსს აღარ შეიცავს 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რაც გამორიცხავს ყოველი გადაცილებული დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების შესაძლებლობას.
რაც შეეხება მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. ამასთანავე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „უ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ფიზიკური პირები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ხელფასის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე, ხოლო დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყველა საქმეზე თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, განსახილველი დავის ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს ;
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. ა-ას სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის ანაზღაურება 658.17 ლარის (1 264-605.83) ოდენობით და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. თ. ა-ას სარჩელი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თ. ა-ას სასარგებლოდ, 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის დამატებით 658.17 ლარის (1 264-605.83) ოდენობით დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს;
5. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება;
6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე