საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-557(კ-22) 14 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ლ-ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 25 დეკემბერს ლ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №2351 განკარგულების (საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (ლ. ლ-ეის სახელზე ქ. თბილისში, დასახლება ...ს მეურნეობა, ...ს N...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 2582.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ) მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის N461 საოქმო გადაწყვეტილება და 2019 წლის 11 თებერვლის 222 განკარგულება დღესაც ძალაშია და იგი მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა. ყურადღება გაამახვილა სადავო - 2020 წლის 20 ოქტომბრის №2351 განკარგულების იმ ჩანაწერზე, რომ წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რაზედაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული იყო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (2018 წლის 13 დეკემბრის N690 სხდომის საფუძველზე გამოცემული 2019 წლის 11 თებერვლის N222 განკარგულება). სასამართლოს მსჯელობით, ასეთ შემთხვევაში ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება. საქმის განმხილველმა სასამართლომ შეაფასა მოსარჩელის მოთხოვნის არგუმენტად მითითებულ მოწმეთა ჩვენებების მტკიცებულებითი ხარისხი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის N2გ/4510-16 განჩინებაზე აპელირებით მიუთითა, რომ თითოეული მოწმე ინდივიდია განსხვავებული პიროვნული თვისებებით, მეხსიერებით, აღქმისა და გადმოცემის უნარით, ემოციურობით თუ ინტერესებით, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იმახსოვრებს პირი ამა თუ იმ მოვლენას და როგორ გადმოსცემს მას. გასათვალისწინებლად მიიჩნია გარემო ფაქტორები და მოწმის პირადი ინტერესი განვითარებული მოვლენებისადმი. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე აპელირებით მიუთითა, რომ ლ. ლ-ეის მიერ, 2020 წლის 20 მაისს განმეორებით იქნა წარდგენილი განცხადება ისე, რომ არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომლითაც შეცვლილი იქნებოდა 2019 წლის 11 თებერვლის №222 განკარგულების საფუძვლად არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რაც გახდებოდა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ლ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №2351 განკარგულება ლ. ლ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილებების მიღებისას დეტალურად და ზედმიწევნით, მათ შორის ადგილზე დათვალიერებით უნდა დაედგინა პირველი ადმინისტრაციული წარმოებისაგან განსხვავებით, რეალურად მდებარეობს თუ არა აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მაღალი ძაბვის ანძა, ასევე აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა თუ არა საკუთრების მომიჯნავედ და საკუთრებაში არსებული და აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გამოყოფილია თუ არა კაპიტალური ღობით. ასევე ახალი წარმოების ფარგლებში არ იქნა შესწავლილი შპს „A...ს“ 2016 წლის 24 აგვისტოს საექსპერტო დასკვნა, რომლითაც კვლევის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, დიდი ლილო, ...ს დასახლება ს/კ ...-ის მიმდებარედ 2582 კვ.მ მოქალაქე ლ. ლ-ეის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე, არსებული ღობისა და შენობის ელემენტების კონსტრუქციული მდგრადობა ხანდაზმულობის დადგენის თვალსაზრისით, ასევე არ იქნა შეფასებული მოწმეთა (ა. დ-ის, ლ. გ-ას და ზ. ლ-ეის) თანხმობები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმეორებით წარდგენილ განცხადებაში მითითებული იყო არა იგივე, არამედ განსხვავებული, განმცხადებლისათვის სავარაუდოდ ხელსაყრელი გარემოებები და ასევე იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მერიის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 აგვისტოს წერილით აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სააგენტომ, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განმეორებით (N14/4348; N14/23709) განიხილა ...ს მეურნეობა, ...ს ქN3 მიმდებარედ 2582 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და განმარტა, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი ზონა (სზ-2) (ტომი 1, ს.ფ. 109), ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებულ განკარგულებაში (20.10.2020 N2351) არსებითად არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე და შეფასება არ მიუცია მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში წარმოადგენდა თუ არა ისეთი სახის ახალ მტკიცებულებებს, რომელიც განმცხადებლისათვის განაპირობებდა უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განკარგულებაში არ არის დასაბუთებული არსებობდა თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ლ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა ფაქტობრივი გარემოებები და წარდგენილი დოკუმენტაციისა და აეროფოტოგადაღებების საფუძველზე, ასევე საქმეში არსებული ფოტომასალით დადგენილად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთები გამოყოფილი იყო მყარი სასაზღვრო მიჯნით. თავის მხრივ, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთიც გაყოფილი იყო ორ მიწის ნაკვეთად და არ დადასტურდა განმცხადებლის მიერ ფლობისა და სარგებლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, რაც ასევე, საფუძვლად დაედო კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის N461 (დღის წესრიგის 86-ე საკითხი) საოქმო გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საქმეში წარდგენილ, შპს „A...ს“ მიერ შესრულებულ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, კასატორის მითითებით, აღნიშნული დოკუმენტი ვერ მიიჩნევა მტკიცებულებად ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე განმცხადებლის საკუთრებაში არსებული და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტის განსაზღვრასთან მიმართებაში, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნა ძირითადად ეხება იმ შენობის ხანდაზმულობას, რომელიც განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და ასევე, იმ ღობის ხანდაზმულობას, რომლითაც შემოსაზღვრულია განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. კომისიამ მიუთითა, რომ აღნიშნული დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთები გამოყოფილი იყო მყარი სასაზღვრო მიჯნით. მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხე-მცენარეების ხანდაზმულობა კი არ იძლეოდა იმ გარემოების ვარაუდის საფუძველს, რომ ლ. ლ-ე ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით კასატორმა განმარტა, რომ განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ განსახილველ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, (2018 წლის 13 დეკემბრის N690 ოქმის საფუძველზე 2019 წლის 11 თებერვალს გაცემული N222 განკარგულება.) ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კერძოდ, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება. ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ - სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საჯარო რეესტრის ამონაწერის (27.01.2015 წ) თანახმად, ქ. თბილისი, დიდი ლილო, დასახლება ...ს მიმდებარედ არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 3001 კვ.მ (შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებელი ფართი - 172.20 კვ.მ. დამხმარე ფართი - 159.10 კვ.მ. სამეურნეო ფართი - 159 კვ.მ. საზაფხულო ფართი - 108,90 კვ.მ. ს/კ ...) წარმოადგენს ლ. ლ-ეის საკუთრებას.
2015 წლის 09 მარტს ლ. ლ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მისი საკუთრების მომიჯნავედ არსებულ (ქ. თბილისი, დიდი ლილო, დასახლება ... ნაკვეთი N...-ის მიმდებარედ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 09 ნოემბრის N461 სხდომის ოქმით, ლ. ლ-ეს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ვერ დადასტურდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მითითებულია, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს საკუთრების მომიჯნავედ და საკუთრებაში არსებული და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გამოყოფილია კაპიტალური ღობით. ასევე განთავსებულია მაღალი ძაბვის ანძა.
2015 წლის 28 დეკემბერს ლ. ლ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, დასახლება ...ს მეურნეობა, ...ს N...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობით 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის 2016 წლის 21 აპრილის N496 სხდომის ოქმით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძველზე მითითებით, რომ ვერ დადასტურდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მითითებულია, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს საკუთრების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე. საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი შემოღობილია კაპიტალურად, ხოლო მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს კაპიტალური ღობის გარეთ. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადით, რომელიც 2010 წლის აეროგადაღებაზე არ ფიქსირდება.
2016 წლის 30 აგვისტოს ლ. ლ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია (უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისში, დასახლება ...ს მეურნეობა, ...ს N...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობით) 2582.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ზემოაღნიშნული განცხადება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებულ დოკუმენტაციასთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში 2016 წლის 13 ოქტომბერს განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის №690 სხდომის ოქმით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. №690 სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული 2019 წლის 11 თებერვლის №222 განკარგულებით, ლ. ლ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისში, დასახლება ...ს მეურნეობა, ...ს N...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობით 2582.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით, კერძოდ, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება, რომელიც განაპირობებდა დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. გადაწყვეტილების თანახმად, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთები გამოყოფილი იყო მყარი სასაზღვრო მიჯნით. თავის მხრივ, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთიც გაყოფილი იყო ორ მიწის ნაკვეთად და არ დადასტურდა განმცხადებლის მიერ ფლობისა და სარგებლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, რაც ასევე საფუძვლად დაედო კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის N461 საოქმო გადაწყვეტილებას. განკარგულებაში ასევე აღინიშნა, რომ ლ. ლ-ეის მიერ წარდგენილი შპს ,,ა სტუდიოს“ მიერ შესრულებული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიიჩნია მტკიცებულებად, ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე განმცხადებლის საკუთრებაში არსებული და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტის განსაზღვრასთან მიმართებაში, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნა ძირითადად ეხებოდა იმ შენობის ხანდაზმულობას, რომელიც განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე იყო განთავსებული და ასევე, იმ ღობის ხანდაზმულობას, რომლითაც შემოსაზღვრული იყო განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. კომისიამ მიუთითა, რომ აღნიშნული დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთები გამოყოფილი იყო მყარი სასაზღვრო მიჯნით. მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხე - მცენარეების ხანდაზმულობა კი, არ იძლეოდა იმ გარემოების ვარაუდის საფუძველს, რომ ლ. ლ-ე ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით.
2020 წლის 25 მაისს ლ. ლ-ემ განცხადებით კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, დასახლება ...ს მეურნეობა, ...ს N...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობით 2582.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება, აგრეთვე სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთთან დაკავშირებით (მდებარე: ქ.თბილისში, დასახლება ...ს მეურნეობა, ...ს N...-ის მიმდებარედ) 2020 წლის 25 მაისს კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №2351 განკარგულებით, ლ. ლ-ეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით, უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ.თბილისი, დასახლება ...ს მეურნეობა, ...ს N...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 2582.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ განსახილველ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (2018 წლის 13 დეკემბრის N690 სხდომის საფუძველზე გამოცემული 2019 წლის 11 თებერვლის N222 განკარგულება). განკარგულების თანახმად, ასეთ შემთხვევაში ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი/ სამართლებრივი გარემოება.
საქმეში წარმოდგენილ შპს ,,A...ს“ 2016 წლის 24 აგვისტოს საექსპერტო დასკვნაში მითითებულია შემდეგი: ექსპერტის მიერ შესწავლილია ქ. თბილისი, დიდი ლილო ...ს დასახლება, ნაკვეთი N...-ის მიმდებარედ 2582 კვ.მ. მოქალაქე ლ. ლ-ეის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ნარგავების მდგომარეობა, რომელიც ადასტურებს მის ხანდაზმულობას დაახლოებით 20-25 წელი, ასევე ღობისა და ზემოთ ხსენებული შენობის ელემენტების მდგომარეობა ადასტურებს მის ხანდაზმულობას და აშენებულია 2007 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო დარგული მრავალწლოვანი ხენარგავები ადასტურებს, რომ მოქალაქე ლ. ლ-ე ფლობს და სარგებლობს აღნიშნული მიწის ნაკვეთით. აღნიშნული ტერიტორია იმყოფება ერთიან შემოფარგლულ ღობეებში ნაკვეთი N...-ის მიმართებაში, რომელიც არის ლ. ლ-ეის ოფიციალური საკუთრება.
განსახილველ საქმეში სასამართლოს მიერ შესაფასებელ საკითხს ქალაქ თბილისში, დასახლება ...ს მეურნეობა, ...ს ქუჩა N...-ის (ს/კ .... საერთო ფართობი 3001.00 კვ.მ) მომიჯნავე 2582.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ლ. ლ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის (განუხილველად) საფუძვლიანობა წარმოადგენს. საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში. მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს, სადაც კანონმდებელმა ცალსახად მიუთითა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწად ითვლება ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნათელია, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა - ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამასთან უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. აქვე, გასათვალისწინებელია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ რომელიც არეგულირებს საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გამოირიცხება უძრავი ქონების სხვა პირის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი. თავის მხრივ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა წარმოშობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, ლ. ლ-ეის მიმართ სადავო აქტის გამოცემის წინაპირობა გახდა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციით განსაზღვრული კონკრეტული გარემოებების არარსებობა. კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და ზემოაღნიშნული წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა ლ. ლ-ეის 2020 წლის 25 მაისს წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც განმეორებით იყო მოთხოვნილი ქალაქ თბილისში, დასახლება ...ს მეურნეობა, ...ს N...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 2582.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ლ. ლ-ეის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში 2015 წლიდან წარდგენილ განცხადებებზე, თანდართულ მტკიცებულებებზე და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მათი ქრონოლოგიური შეფასება დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრისა და შესაბამისად სარჩელის ბედს. მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით კომისიაში 2015 წლის 09 მარტს წარდგენილ განცხადებაზე, 2015 წლის 09 ნოემბრის N461 საოქმო გადაწყვეტილებით მიღებული უარი ლ. ლ-ეის მიერ სადავო არ გამხდარა. უარის თქმის საფუძვლად განიმარტა, მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი დაუდასტურებლობა. ამასთან განიმარტა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს საკუთრების მომიჯნავედ და საკუთრებაში არსებული და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გამოყოფილია კაპიტალური ღობით. ასევე განთავსებულია მაღალი ძაბვის ანძა. 2015 წლის 28 დეკემბერს ლ. ლ-ემ კვლავ მიმართა განცხადებით ადმინისტრაციულ ორგანოს რაზედაც კომისიის 2016 წლის 21 აპრილის N496 სხდომის ოქმით, უარის თქმის საფუძვლად ეცნობა, რომ ვერ დადასტურდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი შესაბამისი კანონის ამოქმედებამდე. ამასთან განიმარტა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს საკუთრების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე. საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი შემოღობილია კაპიტალურად, ხოლო მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს კაპიტალური ღობის გარეთ. მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადით, რომელიც 2010 წლის აეროგადაღებაზე არ ფიქსირდება. ყურადსაღებია ლ. ლ-ეის მიერ საჯარო რეესტრში 2016 წლის 30 აგვისტოს წარდგენილი განცხადება 2582.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. მხარემ განცხადებას თან დაურთო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია; ფოტო; საექსპერტო დასკვნა; თანხმობა; ორთოფოტო; ამონაწერი. 2018 წლის 13 დეკემბრის N690 სხდომის ოქმით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ოქმის საფუძვლად 2019 წლის 11 თებერვალს მიღებულ №222 განკარგულებაში მხარეს დეტალურად განემარტა, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. წარდგენილი დოკუმენტაციისა და აეროფოტოგადაღებების საფუძველზე, ასევე საქმეში არსებული ფოტომასალით დადგინდა, რომ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთები გამოყოფილია მყარი სასაზღვრო მიჯნით. თავის მხრივ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთიც გამოყოფილია ორ მიწის ნაკვეთად და არ დასტურდება ფლობის და სარგებლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული გადაწყვეტილება მხარის მიერ არ გასაჩივრებულა.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ლ. ლ-ეის მიერ 2020 წლის 25 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც მხარემ კვლავ მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისში, დასახლება ...ს მეურნეობა, ...ს N...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობით 2582.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. მხარემ განცხადებას თან დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელ. ვერსია; საექსპერტო დასკვნა; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; შემოსავლების სამსახურის წერილი და თანდართული დოკუმენტაცია; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და თანდართული საკადასტრო გეგმა; მეზობლების თანხმობა; მინდობილობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №2351 განკარგულების სამართლებრივი საფუძვლის (სზაკ 102-ე მუხლი) გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საკასაციო პალატამ შეადარა 2020 წლის 25 მაისს წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები ლ. ლ-ეის მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს წარდგენილ განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება შესაძლებელია გახდეს დაინტერესებული პირის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაშვებულია ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებზე მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, შესაბამისი განცხადების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შეაფასოს, რამდენად წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ მითითებული გარემოება ახლად აღმოჩენილს ან ახლად გამოვლენილს და შეიცვალა თუ არა სამართლებრივი მდგომარეობა მხარის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ლ. ლ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა მის სასარგებლოდ. ცალსახაა, რომ 2020 წლის 25 მაისს წარდგენილი განცხადების ფარგლებში არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ლ. ლ-ეისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. რაც შეეხება ლ. ლ-ეის მიერ, 2020 წლის 25 მაისის განცხადებასთან ერთად წარდგენილ შპს „A...ს“ 2016 წლის 24 აგვისტოს საექსპერტო დასკვნას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იყო ჯერ კიდევ 2016 წლის 30 აგვისტოს განცხადებასთან ერთად, შესაბამისად, დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ახალი წარმოების ფარგლებში არ იქნა შესწავლილი შპს „A...ს“ 2016 წლის 24 აგვისტოს საექსპერტო დასკვნა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულ იმ არგუმენტს, რომ განმეორებით წარდგენილ განცხადებაში მითითებული იყო არა იგივე, არამედ განსხვავებული, განმცხადებლისათვის სავარაუდოდ ხელსაყრელი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ლ. ლ-ეის მიერ, სადავო წარმოების ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტებით არ დადასტურდა ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებიც ცნობილი არ ყოფილა მანამდე ლ. ლ-ეის ინტერესში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული წარმოებების მიმდინარეობისას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რაც განაპირობებდა მოსარჩელისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №2351 განკარგულება კანონიერია, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე კოდექსის 37-ე მუხლიდან გამომდინარე კი, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სახელმწიფო ბაჟი კი მიეკუთვნება სასამართლო ხარჯებს. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ლ. ლ-ეის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი (100+150=250) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. ლ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ლ. ლ-ეის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ასორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე