Facebook Twitter

საქმე №789აგ-13 10 დეკემბერი, 2013 წელი

ჯ-ი გ., 789აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განაჩენით გ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით (განაჩენთა ერთობლიობით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 წლით, 3 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, რის შემდეგაც განაჩენთა ერთობლიობით გ. ჯ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით, 3 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2012 წლის 18 აპრილიდან.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

გ. ჯ-ი გათავისუფლდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ვ. ა-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისაგან.

გ. ჯ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 151–ე მუხლით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

გ. ჯ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის (2 დამოუკიდებელი ეპიზოდი), დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 27 ივლისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჯ-ის საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე არ იქნა განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

2013 წლის 10 ივნისს მსჯავრდებულმა გ. ჯ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. კერძოდ: გ. ჯ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ-ის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის - 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის ნაწილს - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, დაემატა სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჟ-ის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის - 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ჯ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალა 2011 წლის 27 ივლისიდან.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ჯ-მა.

2013 წლის 5 და 10 დეკემბერს წარმოდგენილი განცხადებებით მსჯავრდებული გ. ჯ-ი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ გ. ჯ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე