Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-17(კ-22) 1 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ე...“

მესამე პირი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 21 მარტს შპს „უ...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის N09/2016 შემოწმების აქტის, 2016 წლის 21 სექტემბრის N09/2016/1 გადაწყვეტილების და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2017 წლის 25 იანვრის N2017/2 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 12 აგვისტოს N04-233/მ ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კონტროლის ჯგუფმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს 2016 წლის 10 ივნისის N15-04-11/345 მომართვის წერილის თანახმად, განახორციელა შპს ,,უ...ს“ ერთ-ერთი კლინიკის - შპს ,,უ... - ...ის“ მიერ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე გაწეული მომსახურების თემატური შემოწმება. სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის N09/2016 შემოწმების აქტითა და ამავე აქტში სამართლებრივი უზუსტობების გასწორების შესახებ 2016 წლის 21 სექტემბრის N09/2016/1 გადაწყვეტილების თანახმად, შპს ,,უ...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სულ 430 801.67 ლარი, საიდანაც 155 639.28 ლარი წარმოადგენს უკვე ანაზღაურებული შემთხვევების უკან დაბრუნების თანხას, ხოლო 275 162.39 ლარი კი წარმოადგენს დამატებითი ფინანსური ჯარიმის სახით გადასახდელ თანხას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მის მიერ გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სააგენტოს 2017 წლის 25 იანვრის N2017/2 საოქმო გადაწყვეტილებით, შპს ,,უ...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის N09/2016 შემოწმების აქტი, 2016 წლის 21 სექტემბრის N09/2016/1 გადაწყვეტილება და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2017 წლის 25 იანვრის N2017/2 საოქმო გადაწყვეტილება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „უ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს 2016 წლის 10 ივნისის N05-04-11345 მიმართვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შპს ,,უ...ს“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის N09/2016 აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხა შეადგენს 418 903.27 ლარს, მათ შორის უკვე ანაზღაურებული თანხიდან უკან დაბრუნებას ექვემდებარება 174 774.45 ლარი, ხოლო დამატებითი ფინანსური სანქცია განსაზღვრულია 244 128.82 ლარით. თანხების დარიცხვის განხორციელების საფუძველი გახდა შემდეგი გარემოებები:

5.1. შემოწმების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს მიერ მიწოდებული მასალების თანახმად, შპს ,,უ...ს - ...ის“ თანამშრომლების მიერ 1 884 ბენეფიციარზე 2 358 შემთხვევაში თვითნებურად განხორციელდა ბენეფიციართა მოსარგებლედ რეგისტრაცია. ამდენად, მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული შემოწმებით, აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ არასწორად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 44 502.58 ლარი;

5.2. შპს ,,უ...ს“ მიერ რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლე პაციენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 8 892, მათ შორის ძირითადი კონტინგენტის (იწერება დაწესებულებაში რეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში) რაოდენობაა 515, ხოლო დამატებითი კონტინგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტიური მისამართი მდებარეობს სოფელში) რაოდენობა - 8 377. აღნიშნული მონაცემების შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,უ...ს“ მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების საანგარიშგებო ფორმაში 397 ბენეფიციარზე (582 შემთხვევა) ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორის, მიწოდებული ინფორმაციით აქტიური პაციენტების შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა 319, ხოლო პასიური პაციენტების შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა 263). აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 6 758.74 ლარი;

5.3. 2013 წლის მარტიდან 2014 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებულ 3 612 ბენეფიციარებზე (6 553 შემთხვევა) მიმწოდებელმა ვერ წარადგინა მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისთვის საჭირო თანხმობის ფორმები. შესაბამისად, ბენეფიციართა მოსარგებლედ რეგისტრაცია განხორციელებულია თანხმობის ფორმების გარეშე. გარდა აღნიშნულისა, 483 ბენეფიციარზე ვერ განხორციელდა ზედმეტად მოთხოვნილი თანხისა და შესაბამისი სანქციის დაანგარიშება, რადგან აღნიშნულ ბენეფიციარებზე 2014 წლის აპრილის თვიდან შევსებულ იქნა მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს მიერ 2016 წლის 10-24 თებერვალს ამოღებულ იქნა ოქმის საფუძველზე. თანხმობის ფორმის გარეშე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე ბიუჯეტიდან მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 95 006.78 ლარი. დარიცხულმა საჯარიმო სანქციის თანხამ შეადგინა 141 695.62 ლარი;

5.4. შესამოწმებელ პერიოდში სამედიცინო დაწესებულებას მიღებული ჰქონდა 9 000 ცალი თანხმობის ფორმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს მიერ ამოღებულია 6 639 ცალი თანხმობის ფორმა, ადგილზე აღმოჩნდა გაუხარჯავი ნაშთი 535 ცალი, მათ შორის 2 ცალი შემდგომი რეგისტრაციისათვის გამოუყენებელი, რაზედაც შემოწმების დასაწყისში შედგენილია აქტი. თანხმობის ფორმა 1 331 ცალი, მათ შორის წარდგენილია თანხმობის ფორმის მეორე პირები 185 ცალი, ვერ წარადგინეს 495 ცალი (9 000-6 639-535-1 331=495).

ასევე, დაწესებულებაში არ არის წარმოებული თანხმობის ფორმების გაცემისა და თანხმობის ფორმების დაბრუნების სპეციალური აღრიცხვის ჟურნალი. დარიცხულმა თანხამ შეადგინა 28 506.35 ლარი.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს 2016 წლის 10 ივნისის N15-04-11/345 მომართვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შპს ,,უ...ს“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების 2016 წლის 14 სექტემბრის N09/2016 აქტში სამართლებრივი უზუსტობების გასწორების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 სექტემბრის N09/2016/1 გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა 2016 წლის 14 სექტემბრის შემოწმების აქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,6. მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხა შეადგენს 430 801.67 ლარს, მათ შორის: 6.1. უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას უკან დასაბრუნებელი თანხა - 155 639.28 ლარის ოდენობით; 6.2. დამატებითი ფინანსური ჯარიმა 275 162.39 ლარის ოდენობით.“

ამავე გადაწყვეტილების თანახმად, 1. 2016 წლის 14 სექტემბრის N09/2016 თემატური შემოწმების აქტში ძალადაკარგულად გამოცხადდა 5.4. პუნქტი, რომელიც შეეხებოდა შესამოწმებელ პერიოდში დაწესებულებაზე გაცემული 9 000 ცალი თანხმობის ფორმის მოძიებას, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმების გაცემისა და დაბრუნების სპეციალური აღრიცხვის ჟურნალის არარსებობის ფაქტს, რაზედაც დარიცხული თანხა შეადგენდა 28 506.35 ლარს. 2. გასწორდა ტექნიკური და დათვლის დროს დაშვებული შეცდომები N09/2016 თემატური შემოწმების აქტში:

5.1. შპს ,,უ...ს“ თანამშრომლების მიერ 3 742 ბენეფიციარზე 4 318 შემთხვევაში თვითნებურად ბენეფიციართა მოსარგებლედ რეგისტრაციისათვის მოთხოვნილი თანხა განისაზღვრა 112 931.31 ლარით, რის გამოც ჯარიმის სახით განისაზღვრა 193 625.6 ლარი, ხოლო 112 931.31 ლარი დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;

5.2. შპს ,,უ...ს“ მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების საანგარიშგებო ფორმაში 348 ბენეფიციარზე (505 შემთხვევა) ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორის, მიწოდებული ინფორმაციით, აქტიური პაციენტების შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა 280, ხოლო პასიური პაციენტების შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა 225). აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 5 926.26 ლარი. შპს ,,უ...ს“ ჯარიმის სახით დაერიცხა 26 531.64 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 5 926.26 ლარი;

5.3. 2013 წლის მარტიდან 2014 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებულ 1 378 ბენეფიციარზე (2 194 შემთხვევა) მიმწოდებელმა ვერ წარადგინა მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისთვის საჭირო თანხმობის ფორმები. შესაბამისად, ბენეფიციართა მოსარგებლედ რეგისტრაცია განხორციელებულია თანხმობის ფორმების გარეშე. თანხმობის ფორმის გარეშე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე ბიუჯეტიდან მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 21 539.06 ლარი. დარიცხულმა საჯარიმო სანქციის თანხამ შეადგინა 30 504.74 ლარი. შესაბამისად ჩამოყალიბდა N3/1 დანართი.

გარდა აღნიშნულისა, 409 ბენეფიციართან მიმართებით (აღნიშნულ ბენეფიციარებზე 2014 წლის აპრილის თვიდან შევსებულ იქნა მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები) N4 დანართი ჩამოყალიბდა N4/1 დანართად, კერძოდ: 409 ბენეფიციარზე მოთხოვნილმა ბიუჯეტის თანხამ შეადგინა 15 242.65 ლარი, რაც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას, ხოლო ჯარიმის თანხა განისაზღვრა 24 453.90 ლარით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 იანვრის N2017/2 გადაწყვეტილებით, შპს ,,უ...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ მიმწოდებლისათვის შესაბამის მოსარგებლეებზე და პერიოდში ასანაზღაურებელი თანხიდან საჯარიმო სანქციების ხელახალი დათვლის მოთხოვნის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 იანვრის N2017/2 გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს ,,უ... - ...ის“ მიმართ დარჩენილი საბოლოო ფინანსური ვალდებულება შეადგენს 418 981.84 ლარს, მათ შორის უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება - 155 639.28 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა 263 342.56 ლარი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (N1 დანართი) მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-19 მუხლის პირველ და მე-14 პუნქტებზე, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 22-ე მუხლის პირველ-მე-3 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ შპს ,,უ...ს“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის N09/2016 აქტით მართებულად იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ გლობალური (კაპიტაციური) ბიუჯეტის პრინციპით პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულება არ იყო უფლებამოსილი პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების გარეშე მოეხდინა ბენეფიციართა რეგისტრაცია ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლის ფიქსირებული ღირებულების ყოველთვიურად მიღებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია მოპასუხე მხარის შეფასება პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების გარეშე მოსარგებლედ რეგისტრაციის თვითნებურად მიჩნევის თაობაზე. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დასკვნის საფუძველია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (N1 დანართი) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსობრივი ანალიზი ამავე დანართის სხვა ნორმებთან. კერძოდ, მოსარგებლედ ცნობა ხდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შეტყობინების დროს ან ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში. მომწოდებლის მიერ შეტყობინების განხორციელების წესი განსაზღვრულია ამავე დანართის მე-11 მუხლით, ხოლო ანგარიშის წარდგენის პროცედურა მოცემულია ამავე დანართის მე-13 მუხლით. ამდენად, ორივე ალტერნატიული პროცედურა, რაც პირის მიერ პროგრამის პირობების დაკმაყოფილებასთან ერთად აუცილებელია მისი მოსარგებლედ ცნობისათვის, ხორციელდება მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას. ამდენად, გლობალური ბიუჯეტის პრინციპით დაფინანსების არჩევის პირობებში, მიმწოდებელი უფლებამოსილია განახორციელოს მოსარგებლედ რეგისტრაცია მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების შემთხვევაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 12 აპრილის 04-185/ო ბრძანების დანართით დამტკიცებულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმა. საქმეში CD დისკზე დაცულია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დანართი N2, სადაც ასახულია იმ პირთა სია, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის სოფლის ტიპის დასახლების მითითების მიუხედავად, ისინი რეგისტრირებულნი არიან შპს ,,უ...ს“ ძირითად კონტინგენტად. მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ამგვარი შემთხვევები პროგრამის ადმინისტრირებისას გამოვლინდა, თუმცა აღნიშნავდა, რომ ამგვარი უზუსტობის დაშვება პროგრამის მიმწოდებლის მხრიდან შეუძლებელი იყო თავად ელექტრონულ პორტალზე არსებული პროგრამული უზრუნველყოფით. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ხსენებულ N2 დანართში დაფიქსირებული პირების N6 დანართთან (თანხმობის ფორმაში ასახული მონაცემების) დადარებით დგინდება, რომ იმ პირთა ფაქტობრივი მისამართი, რომელთა თანხმობის ფორმებში დაფიქსირებულია ფაქტობრივ მისამართად სოფლის ტიპის დასახლება, რეგისტრირებულნი არიან ძირითად კომპონენტში.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (N1 დანართი) თანახმად, დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება პროგრამის მიმწოდებელს, ხოლო რევიზირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მასვე ეკისრება შესაბამისი სანქციები. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია რაიმე ისეთი გარემოების შესახებ, რაც მისი ადმინისტრირების პირობებში გამოიწვევდა ელექტრონულ პროგრამაში არასწორი მონაცემების აღბეჭდვის შესაძლებლობას, იგი შედავებული მოქმედების შეუძლებლობაზე მიუთითებდა. თავის მხრივ, სოფლად მცხოვრები მოსარგებლის დაწესებულების ძირითად კომპონენტად რეგისტრაციის შესაძლებლობა ახსნილი იქნა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის განმარტებების საფუძველზე. ასევე, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დანართების ანალიზი იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ პროგრამის მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პრინციპი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (N1 დანართი) მე-4 და მე-41 მუხლებზე და გაიზიარა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 5.3. პუნქტის შეფასება, ვინაიდან დანართი N3-ის და N4-ის შესაბამისად, ცვლილებების შეტანის შემდეგ დანართი N3/1 და N4/1 იძლევა იმ გარემოების დადგენის შესაძლებლობას, რომ მიმწოდებლის მიერ ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა მოდულში თანხმობის ფურცლის გარეშე რეგისტრაცია 2013 წლის მარტიდან 2014 წლის აპრილამდე, წარმოადგენს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის დარღვევას. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ პერიოდში თანხმობის ფორმა არ იყო მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რაც არ ავალდებულებდა დაწესებულებას მის დაცვას. საქალაქო სასამართლოს მითითებით, პროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამის შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნასა და დაცვაზე. სწორედ ამგვარი ვალდებულების დაუცველობა იწვევს ხსენებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების აუცილებლობას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე, 177-ე, 178-ე, 193-ე, 201-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2017 წლის 25 იანვრის N2017/2 გადაწყვეტილება მიღებულია ხსენებული საკანონმდებლო დანაწესისა და პროგრამის ადმინისტრირების თაობაზე ნორმატიული აქტის შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით. ამასთან, საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა საჩივრის ავტორის მოსაზრება საჯარიმო სანქციების ხელახალი დათვლისათვის პროგრამის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის რედაქციული შინაარსის სადავო პერიოდების გათვალისწინებით გამოყენებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ დათვლილი თანხების მიმართ მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია არ წარმოუდგენია, იგი წარმოდგენილი სარჩელით არ ეთანხმებოდა ზოგადად სანქციების დაკისრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, შპს „უ...ს“ საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს „ე...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით, სს ,,ე...ს“ (შპს ,,უ...ს“ უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,ე...ს“ (შპს ,,უ...ს“ უფლებამონაცვლე) სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს 2016 წლის 10 ივნისის N05-04-11/345 მიმართვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შპს ,,უ...ს“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის N09/2016 აქტი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს 2016 წლის 10 ივნისის N15-04-11/345 მომართვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შპს ,,უ...ს“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების 2016 წლის 14 სექტემბრის N09/2016 აქტში სამართლებრივი უზუსტობების გასწორების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 სექტემბრის N09/2016/1 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2017 წლის 25 იანვრის N2017/2 საოქმო გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო არსებითად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-5, მე-19 მუხლებზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე პერიოდის გათვალისწინებით შეამოწმა შპს ,,უ...ის“ ...ის მიერ წარდგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები. შემოწმება დაიწყო 2016 წლის 15 აგვისტოს და დამთავრდა 2016 წლის 14 სექტემბერს. შემოწმების შედეგად შედგენილ 2016 წლის 14 სექტემბრის აქტში, 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე პერიოდის გათვალისწინებით მითითებულ იქნა თანხმობის ფორმებთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი N1) მე-151 მუხლის მე-2 პუნქტზე (შემოწმების დროს მოქმედი რედაქციით), რომლის მიხედვითაც პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ვადის განსაზღვრა მოხდა მითითებულ მუხლში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის N552 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ხოლო აღნიშნულ ცვლილებამდე, მითითებული დანართის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელების ვადად დადგენილი იყო შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული წელი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას“ (სუს 13.07.2017წ. Nბს-698-691(კ-16) გადაწყვეტილება). „საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა“ (სუს 03.10.2013წ. Nბს-57-52(კ-13) განჩინება). „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით“ (სუს 05.07.2011წ. Nბს-347-344(კ-11) გადაწყვეტილება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადა გავრცელდება მხოლოდ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდგომ (ანუ აქტის ძალაში შესვლის შემდგომ). მანამდე არსებულ სამართალურთიერთობებზე კი უნდა გავრცელებულიყო ძველი რედაქციით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, სამწლიანი პერიოდის გავლის შემდეგ შემოწმებული შემთხვევები არ უნდა დაქვემდებარებოდა სანქცირებას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-151 მუხლი ადგენს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, სანქციის დაკისრება შესაძლებელია ამ მუხლით დადგენილ ვადაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარის იურიდიული პასუხისმგებლობა, თუნდაც მას ჩადენილი ჰქონდეს კანონით დადგენილი ის ქმედება, რისთვისაც გათვალისწინებულია სანქცია, ამ ვადის გასვლის შემდეგ არ დადგება. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სადავო 2016 წლის 14 სექტემბრის შემოწმების აქტით შპს ,,უ...ისათვის“ განსაზღვრული საჯარიმო სანქციების მართლზომიერება შეამოწმოს მხოლოდ 2013 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე პერიოდზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-19, მე-20, 23-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ 2016 წლის 14 სექტემბრის შემოწმების აქტში მითითებულია შემდეგი სახის დარღვევებზე: 1. შპს ,,უ...ს“ ...ის თანამშრომლების მიერ თვითნებურად განხორციელდა ბენეფიციართა მოსარგებლედ რეგისტრაცია; 2. ძირითად კონტინგენტში (იწერება დაწესებულებაში რეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში) დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი; 3. მიმწოდებელმა ვერ წარადგინა მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისთვის საჭირო თანხმობის ფორმები. შესაბამისად, ბენეფიციართა მოსარგებლედ რეგისტრაცია განხორციელებულია თანხმობის ფორმების გარეშე. გარდა აღნიშნულისა, ზოგიერთ ბენეფიციარზე ვერ განხორციელდა ზედმეტად მოთხოვნილი თანხისა და შესაბამისი სანქციის დაანგარიშება, რადგან აღნიშნულ ბენეფიციარებზე 2014 წლის აპრილის თვიდან შევსებული იქნა მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს მიერ 2016 წლის 10-24 თებერვალს ამოღებული იქნა ოქმის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ სადავო შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების შემადგენლობაზე მითითებით მიიჩნია, რომ გამოვლენილია ძირითადად ტექნიკური ხასიათის დარღვევები, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მიერ ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების არასათანადოდ გაწევის, ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევები არ არის გამოვლენილი; არ დასტურდება, რომ ტექნიკურ ხარვეზებს მოჰყვა სამედიცინო დაწესებულებისთვის დაკისრებული უმთავრესი მოვალეობის - პაციენტთა მდგომარეობაზე სათანადო რეაგირების დარღვევა; არ დასტურდება ისეთი ზიანის არსებობა, რასაც შედეგად აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა სამედიცინო დაწესებულების სანქცირება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე და განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 14 სექტემბრის შემოწმების აქტის შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკურ ხარვეზებს, რომელთა არსებობის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხა არაერთი ბენეფიციარი და მათი დიდი ნაწილისათვის გაწეული იქნა სამედიცინო მომსახურება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ უმთავრეს მიზანს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის საქართველოს მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა წარმოადგენს, ხოლო სააგენტო სწორედ ამ მიზნის მიღწევის მიზნით შექმნილი ორგანოა, სადავო საკითხთან მიმართებაში, მას გააჩნია ვალდებულება, დაასაბუთოს, გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, შემოწმების აქტში მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების ფაქტების სახით ასახვა, არ უნდა გახდეს სამედიცინო დაწესებულებისათვის თანხის დაკისრების საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ირკვევა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შემოწმებისას გამოვლენილია ძირითადად ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რომელთა არსებობის მიუხედავად სამედიცინო დაწესებულების მიერ ბენეფიციარების უმეტეს ნაწილს გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, რომლის მიხედვითაც გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატება პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსების ოდენობას (155 639.28 ლარს).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 მაისის (საქმე Nბს-671(კ-19)) და 2020 წლის 23 დეკემბრის (საქმე Nბს-254(2კ-20)) განჩინებებზე და აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუსაბუთებია გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, კონტროლის ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებას არ მისცემია კონკრეტული მითითებები ხარვეზის გამოსასწორებლად და პირდაპირ დაეკისრა საჯარიმო თანხები; ამასთანავე, შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები შემოწმების აქტში მხოლოდ ფაქტების სახითაა ასახული და შესაბამისად არ არის დასაბუთებული, სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს 2016 წლის 10 ივნისის N15-04-11/345 მომართვის წერილის საფუძველზე, შემმოწმებელმა ჯგუფმა ჩაატარა პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში შპს ,,უ...ს“ ...ის მიერ გაწეული მომსახურების თემატური შემოწმება 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში. შერჩევითი შემოწმებისას გამოყენებული იქნა განმახორციელებლისთვის საგამოძიებო სამსახურისა და მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია. კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის 2016 წლის 10 ივნისის N15-04-11/345 მომართვის წერილს თან ერთვოდა საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები, მიმწოდებლისაგან ამოღებული ანგარიშგების ამსახველი დოკუმენტაცია და ბენეფიციართა ელექტრონული სია, რომელთა რეგისტრაციაც განხორციელდა 2014-2016 წლებში ,,თვითნებურად“, ისე, რომ პროგრამის მოსარგებლეს რეალურად არ მიუმართავს ჰოსპიტლისთვის. კასატორის განმარტებით, საგამოძიებო მასალებით დადგენილია, რომ მოსარგებლეთა რეგისტრაციისთვის წინასწარ იყო ფორმირებული სიები ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემების ჩვენებით, ამ სიებისა და წინასწარ შევსებული ან შეუვსებელი თანხმობის ფორმებზე მათივე ხელმოწერების დაფიქსირების მიზნით. ამ გზით განხორციელებულია მოსარგებლეთა გეგმიური ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში რეგისტრაცია. აღნიშნული გარემოებები დადგენილია გამოძიების ეტაპზე, რისი კომპეტენციაც კანონმდებლობიდან გამომდინარე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნია. საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის გარეშე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ დაადგენდა სათანადო წესით შევსებული და მოსარგებლის ხელმოწერით დადასტურებული ფორმა გაფორმდა ამბულატორიაში მიმართვისას თუ ფიზიკურ პირთან სახლში ან სხვა ტერიტორიაზე ვიზიტისას. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით შემმოწმებელი უფლებამოსილია მითითებული გარემოება შეაფასოს როგორც დარღვევა და განსაზღვროს მიმწოდებლის პასუხისმგებლობა.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული და მიმწოდებელთან არსებული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ მიმწოდებელთან გეგმიური ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში რეგისტრირებული 348 პირი (505 შემთხვევა), ნაცვლად დამატებითი კონტინგენტისა, რეგისტრირებულია ძირითად კონტინგენტში. ამასთან, მიმწოდებელმა 2013 წლის მარტიდან 2014 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებულ 1 378 მოსარგებლეზე ვერ წარმოადგინა რეგისტრაციისთვის საჭირო თანხმობის ფორმები. გარდა ამისა, დაფიქსირებულია 409 ბენეფიციარის თანხმობის ფორმის გარეშე შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც ამოღებული იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო პალატის მიერ მითითებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული დარღვევები წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის დარღვევებს და მიაჩნია, რომ არ არსებობდა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს 2016 წლის 10 ივნისის N15-04-11/345 მიმართვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა შპს ,,უ...ს“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე გაწეული მუშაობის თემატური შემოწმება, ხოლო შემოწმების შედეგებზე 2016 წლის 14 სექტემბერს შედგა თემატური შემოწმების აქტი N09/2016. შემოწმება დაიწყო 2016 წლის 15 აგვისტოს და დასრულდა 2016 წლის 14 სექტემბერს. აღნიშნული შემოწმების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 418 903.27 ლარი, მათ შორის უკვე ანაზღაურებული თანხიდან უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 174 774.45 ლარი, ხოლო დამატებითი ფინანსური სანქცია განისაზღვრა 244 128.82 ლარით. მითითებული თანხების დარიცხვის განხორციელების საფუძველი გახდა შემოწმების აქტის მე-5 პუნქტის 5.1-5.4 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებები.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 სექტემბრის N09/2016/1 გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის N09/2016 თემატური შემოწმების აქტში და დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 430 801.67 ლარი, მათ შორის უკვე ანაზღაურებული შემთხვევების თანხიდან უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 155 639.28 ლარი, ხოლო დამატებითი ფინანსური ჯარიმა განისაზღვრა 275 162.39 ლარით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2016 წლის 14 სექტემბრის N09/2016 თემატური შემოწმების აქტის 5.4 ქვეპუნქტი, ხოლო 5.1-5.3 ქვეპუნქტებში შეტანილი იქნა შესწორებები და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

5.1. შემოწმების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს მიერ მოწოდებული მასალების (2016 წლის 20 სექტემბრის N15-04-11/535 წერილი) თანახმად, შპს ,,უ...ს“ - ...ის თანამშრომლების მიერ 3 742 ბენეფიციარზე 4 318 შემთხვევაში თვითნებურად განხორციელდა ბენეფიციართა მოსარგებლედ რეგისტრაცია. ამდენად, მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული შემოწმებით, აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ არასწორად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 112 931.31 ლარი. ,,პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის (თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით) თანახმად, მიმწოდებელს შპს ,,უ...ს“ ...ს ჯარიმის სახით დაერიცხა 193 625.6 ლარი, ხოლო ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 112 931.31 ლარი დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;

5.2. მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული ელექტრონული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 12 აპრილის N04-185/ო ბრძანების დანართი N2-ის (საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურეობის საანგარიშგებო ფორმა) მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს 2016 წლის 10 ივნისის N15-04-11/345 მომართვის წერილით წარმოდგენილი და მიმწოდებელთან არსებული დოკუმენტაციის თანახმად, შპს ,,უ...ს“ მიერ რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტით მოსარგებლე პაციენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 8 892, მათ შორის ძირითადი კონტინგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში) რაოდენობაა 515, ხოლო დამატებითი კონტინგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტიური მისამართი მდებარეობს სოფელში) რაოდენობა - 8 377. აღნიშნული მონაცემების შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,უ...ს“ მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების საანგარიშგებო ფორმაში 348 ბენეფიციარზე (505 შემთხვევა) ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორის, მიწოდებული ინფორმაციით აქტიური პაციენტების შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა 280, ხოლო პასიური პაციენტების შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა 225). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, განხორციელებული შემოწმებით, აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 5 926.26 ლარი; ,,პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის (თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით) თანახმად, მიმწოდებელს შპს ,,უ...ს“ ...ს ჯარიმის სახით დაერიცხა 26 531.64 ლარი, ხოლო ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 5 926.26 ლარი დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას;

5.3. 2013 წლის მარტიდან 2014 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებულ 1 378 ბენეფიციარზე (2 194 შემთხვევა) მიმწოდებელმა ვერ წარადგინა მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისთვის საჭირო თანხმობის ფორმები. შესაბამისად, ბენეფიციართა მოსარგებლედ რეგისტრაცია განხორციელებულია თანხმობის ფორმების გარეშე. გარდა აღნიშნულისა, 409 ბენეფიციარზე ვერ განხორციელდა ზედმეტად მოთხოვნილი თანხის დათვლა და შესაბამისი სანქციების დაანგარიშება, რადგანაც აღნიშნულ ბენეფიციარებზე 2014 წლის აპრილის თვის შემდეგ პერიოდში შევსებულ იქნა მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს მიერ 2016 წლის 10-24 თებერვალს ამოღებულ იქნა ოქმის საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თანხმობის ფორმის გარეშე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე ბიუჯეტიდან მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 21 539.06 ლარი. მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი (პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით), ასევე, სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 28 თებერვლის N04-69/ო ბრძანების ,,ა“ (2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისთვის საჭირო თანხმობის ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე) და ,,ბ“ (2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით სარგებლობისთვის შესაბამის მიმწოდებელთან რეგისტრაციის მიზნით, მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსების წესი) პუნქტები. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე, 2013 წლის მარტის თვიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით (თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის 0.5%-ით, მაგრამ არაუმეტეს თვეში ჯამურად 3 000 ლარისა) დაერიცხა ჯარიმა 31.43 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის თებერვლიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით (დადგენილებაში 2014 წლის 7 თებერვალს შეტანილი ცვლილებების თანახმად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით) დარიცხულმა საჯარიმო სანქციის თანხამ შეადგინა 30 504.76 ლარი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის N09/2016 შემოწმების აქტი და 2016 წლის 21 სექტემბრის N09/2016/1 გადაწყვეტილება გასაჩივრდა შპს ,,უ...ს“ მიერ ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 იანვრის N2017/2 საოქმო გადაწყვეტილებით, შპს ,,უ...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ მიმწოდებლისათვის შესაბამის მოსარგებლეებზე და პერიოდში ასანაზღაურებელი თანხიდან საჯარიმო სანქციების ხელახალი დათვლის მოთხოვნის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის N09/2016 შემოწმების აქტის, 2016 წლის 21 სექტემბრის N09/2016/1 გადაწყვეტილებისა და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2017 წლის 25 იანვრის N2017/2 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერებას, რომლითაც შპს ,,უ...ს“ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე ანაზღაურებულ შემთხვევებზე თანხის უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმა.

საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-151 მუხლის მე-2 პუნქტზე (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 ცვლილებამდე, მითითებული ნორმის შესაბამისად, კონტროლის განხორციელების ვადად დადგენილი იყო შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული წელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობა, მართალია, სადავო სამართალურთიერთობისას კონტროლის ხანდაზმულობის ვადების ხანგრძლივობას განსხვავებულად არეგულირებდა 2015 წლამდე და მას შემდეგ პერიოდში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის განხორციელების ვადის ათვლას ყოველთვის უკავშირებდა შემთხვევის დასრულების მომენტს. ამდენად, ხანდაზმულობის გამოსაყენებელი ვადა შემთხვევის დასრულების მომენტისთვის მოქმედი ნორმით უნდა განისაზღვროს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო 2015 წელს განხორციელებული ცვლილება უკუძალის თაობაზე დათქმას არ შეიცავდა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა მისი გამოქვეყნება, შესაბამისად, იგი ეხებოდა არა წინარე პერიოდს - 2015 წლამდე დასრულებულ შემთხვევებს, არამედ 2015 წლიდან განხორციელებულ მომსახურებას. სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევა შეიძლება შემოწმებულიყო მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბრიდან დასრულებული - ხუთი წლის ვადაში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ შეამოწმა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში სამედიცინო დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობა თანხმობის ფორმებთან მიმართებით, შემოწმება კი დაიწყო 2016 წლის 15 აგვისტოს და დასრულდა 2016 წლის 14 სექტემბერს. ამდენად, შემოწმებამ სადავო შემთხვევაში მოიცვა პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქმედებდა შემოწმების 3 წლიანი ვადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადა გავრცელდება მხოლოდ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდგომ (ანუ აქტის ძალაში შესვლის შემდგომ). მანამდე არსებულ სამართალურთიერთობებზე კი უნდა გავრცელებულიყო ძველი რედაქციით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, სამწლიანი პერიოდის გავლის შემდეგ შემოწმებული შემთხვევები არ უნდა დაქვემდებარებოდა სანქცირებას. შესაბამისად, მითითებულ შემთხვევებზე სააგენტოს სამედიცინო დაწესებულების მიმართ პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს, ვინაიდან გასულია ხანდაზმულობის ვადა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამგვარადაა განმარტებული მითითებული საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-1013-599(კ-05); საქმე №ბს-672-658(კ-12); საქმე №ბს-618-606(კ-12); საქმე №ბს-849-831(კ-12); საქმე №ბს-57-52(კ-13)).

ამასთან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალურ კანონიერებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტების თანახმად, შპს ,,უ...სთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხებისა და შესაბამისი საჯარიმო სანქციების დაკისრების საფუძველი გახდა აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების შემოწმებისას თანხმობის ფორმებთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევები. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების მიერ ბენეფიციართა მოსარგებლეებად რეგისტრაციის თვითნებურად განხორციელება, პაციენტების ძირითად და დამატებით კონტინგენტებს შორის მონაცემების აღრევა და რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების წარუდგენლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების არსებითი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, შემოწმებისას გამოვლენილია ძირითადად ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რომელთა არსებობის მიუხედავად სამედიცინო დაწესებულების მიერ ბენეფიციარების უმეტეს ნაწილს გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, რომლის მიხედვითაც გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატება პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსების ოდენობას (155 639.28 ლარს). აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში ამგვარ ფაქტს არ ადგენს, ასევე არც სამოტივაციო ნაწილში უთითებს კონკრეტულად რომელი მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ ბენეფიციარების უმეტეს ნაწილს გაეწია სამედიცინო მომსახურება. ასევე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ დგინდება საქმეში არსებული რომელი ფაქტებისა და მტკიცებულებების შედეგად დაადგინა სააპელაციო პალატამ, რომ გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატება პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსების ოდენობას (155 639.28 ლარს). საქმის მასალებში მოსარჩელე მხარის მიერ ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი სია 249 პირის მონაცემით, მათთვის ჯამში 10 054 ლარის ოდენობით მომსახურების გაწევის თაობაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ ისე მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა სასამართლოს არც მოსარჩელისთვის დაუვალებია და არც ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოუთხოვია. სააპელაციო სასამართლომ შეფასებისა და გამოკვლევის მიღმა დატოვა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის გარემოებები, რომელსაც სწორედ თავად დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21;).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო პალატა არა მარტო უფლებამოსილია შეამოწმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობა, არამედ თავად გამოიკვლიოს და შეაფასოს მტკიცებულებები, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (სუსგ საქმეზე №ბს-985(კ-20), 2021 წლის 24.11.2021 წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი - გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც თავის მხრივ, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლოს ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე