Facebook Twitter

№ბს-212(კ-23) 3 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. კ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. კ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 1 ივლისის №00012133 ბრძანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის თანამდებობიდან ე. კ-ის გათავისუფლების შესახებ; ბ) დაევალოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ე. კ-ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; გ) დაევალოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ე. კ-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან - 2021 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1616 ლარის ოდენობით.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2015 წლის 5 აგვისტოდან მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 2017 წლის ივლისიდან მიენიჭა ...ის წოდება. ე. კ-ი დასაქმებული იყო სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში. 2018 წლის 1 მარტიდან განხორციელდა სამინისტროს რეორგანიზაცია და მოსარჩელემ კულტურისა და სპორტის სამინისტროში ...ის პოზიციაზე გააგრძელა მუშაობა ადმინისტრაციულ დეპარტამენტში. 2018 წლის 17 სექტემბრიდან, კიდევ ერთი რეორგანიზაციის შემდეგ, მოსარჩელემ გააგრძელა მუშაობა იმავე პოზიციაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. 2019 წლის 7 ნოემბრიდან მოსარჩელე გადაყვანილ იქნა იურიდიულ დეპარტამენტში, ხოლო 2020 წლის 10 ივლისიდან - კვლავ ადმინისტრაციულ დეპარტამენტში. 2021 წლის 25 მაისს, ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ, დაიწყო შიდა საკადრო რეორგანიზაცია და დაინიშნა გამოცდები. სამინისტროში მუშაობის პერიოდში ე. კ-ი იყო ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი, რაც დასტურდება თითოეული წლის საჯარო მოხელეთა შეფასებით. მოსარჩელეს არ აქვს მიღებული შენიშვნა. სამინისტროში რეორგანიზაციის შემდგომ არ შეცვლილა დასაქმებულთა რაოდენობა. ე. კ-იმა ჩააბარა ქართული ენისა და ზოგადი უნარების გამოცდა მაღალი შედეგით, 7 ივნისს კი ჩატარდა გასაუბრება. 2021 წლის 1 ივლისს სრულიად უსაფუძვლოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 1 ივლისის №00012133 ბრძანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის თანამდებობიდან ე. კ-ის გათავისუფლების შესახებ. დაევალა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ე. კ-ის - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. დაევალა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ე. კ-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან - 2021 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1616 ლარის ოდენობით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2021 წლის 8 აპრილის საქართველოს მთავრობის №575 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურების ფონდი. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 22 აპრილის №00003206 ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, 2021 წლის 26 აპრილიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური მოწყობის შეცვლის მიზნით, გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა მოხელეთა მობილობა, შტატებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №811 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურება, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის პირველი ივლისიდან. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №00006531 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა. ბრძანება ძალაში შევიდა 2021 წლის პირველი ივლისიდან. აღნიშნულ ბრძანებაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 7 ივნისის №00008308 ბრძანებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 8 ივნისის №00008559 ბრძანებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის №000011346 ბრძანებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის №00011346 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილებები. 2021 წლის 25 მაისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ მიღებულ იქნა №00006722 ბრძანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მობილობას დასაქვემდებარებელ პირთა შესახებ. ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისია; მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის კომისია უზრუნველყოფდა: ა) წერითი დავალების/ტესტირების ჩატარებას ქართულ ენაში, ზოგად უნარებში, ინგლისურ ენასა და ზოგად სამართლებრივ საკითხებში (ტესტირება ინგლისურ ენაში განკუთვნილი იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, თანამდებობრივი პოზიციით კულტურისა და სპორტის სფეროში დეპარტამენტის უფროსებისა და პროტოკოლის სამმართველოს თანამშრომლებისთვის, ხოლო ტესტირება ზოგად სამართლებრივ საკითხებში ეხებოდა იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებს); ბ) გასაუბრების ჩატარებას; ბ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ 2021 წლის 22 ივნისის №3/რ ოქმის მიხედვით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, გარე მობილობას დაექვემდებარა 13 საჯარო მოხელე, მათ შორის, ე. კ-ი - ...ი. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ 2021 წლის პირველი ივლისის №4/რ ოქმის მიხედვით, განსახილველი იყო სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების გამო გათავისუფლებულ მოხელეთა გარე მობილობის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიწოდებულ შესაბამისი ვაკანსიების მქონე უწყებებში, დაუყოვნებლივ გადაგზავნილი იყო გარე მობილობას დაქვემდებარებული პირთა მონაცემები, თუმცა ყველა უწყებიდან სამინისტრომ მიიღო უარი მათი დასაქმების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული 13 პირი დაექვემდებარა სამსახურიდან გათავისუფლებას და მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხა. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეებს მიეცათ კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით; გ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 2021 წლის 7 ივნისის №3 სხდომის ოქმის მიხედვით, დღის წესრიგს წარმოადგენდა: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესში მობილობას დასაქვემდებარებელი პირების განსაზღვრა; საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან გასაუბრება. გასაუბრების მსვლელობისას კომისიის წევრების მიერ დასმული იყო ერთგვაროვანი კითხვები. მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, შეფასდა გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი. შეფასება აისახა შესაბამის ფორმაში და ქულები დაჯამდა საშუალო არითმეტიკულით. გასაუბრებაში მონაწილე პირების შეფასების ჯამური ქულები აისახა შეფასების საბოლოო ფორმაში, ე. კ-ი შეფასდა 2,3 ქულით. სხდომის ოქმს ხელს არ აწერს ერთ-ერთი წევრი - ლ. მ-ე. კომისიის გადაწყვეტილებით ე. კ-ი დაექვემდებარა გარე მობილობას; დ) ტესტირების შედეგების ამონაწერის მიხედვით, ე. კ-ი ზოგად უნარებში შეფასდა 66 ქულით (მაქსიმალური ქულა 80); ქართული ენაში - 42 ქულით (მაქსიმალური ქულა 60), ასევე ქართულ ენაში - 13 ქულით (მაქსიმალური ქულა 20); ე) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 1 ივლისის №00012133 ბრძანებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ი - ე. კ-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა 2021 წლის 1 ივლისიდან, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 17 დეკემბრის №1704 ბრძანებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ....ს - ე. კ-ის მიენიჭა მოხელის პირველი კლასი.

სასამართლოს მითითებით, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა. სადავო ბრძანებით დგინდება, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №00006531 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა. ბრძანება ძალაში შევიდა 2021 წლის პირველი ივლისიდან.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა დაუსაბუთებლად, მის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად არ დადებია კანონით განსაზღვრული საჯარო მოხელის შეფასება, რომელიც წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით, მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებული მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად. შეფასება ხდება წერითი დავალების შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით.

სასამართლომ განმარტა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი. საშტატო ერთეულის შემცირება, თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება. კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისაგან განსხვავებით, საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანოსა და საჯარო მოსამსახურის სამართლებრივი ურთიერთობა ვერტიკალური ხასიათისაა და ხშირ შემთხვევაში ძალიან მტკივნეულია რეორგანიზაციის შედეგად პირის გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მყარ არგუმენტებს და რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე მოხელეს სულ მცირე უნდა უტოვებდეს იმის განცდას, რომ უფლებამოსილმა პირმა მასთან მიმართებაში გაითვალისწინა და შეაფასა მისი როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული უნარ-ჩვევები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებულია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ გადაწყვეტილების მიღებასთან, რადგან აღნიშნული საკითხი მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, აქტის დასაბუთებისას მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს.

სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სადავო აქტის გამოცემისას კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რაც იწვევს გამოცემული გასაჩივრებული აქტის - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის პირველი ივლისის №00012133 ბრძანების - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის თანამდებობიდან ე. კ-ის გათავისუფლების შესახებ - ბათილად ცნობას. ასევე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ე. კ-ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის პირველი ივლისის №00012133 ბრძანებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის თანამდებობიდან ე. კ-ი დათხოვნილ იქნა და ჩარიცხულ იქნა რეზერვში. ამდენად, ე. კ-ი უფლებამოსილია მიიღოს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი აღნიშნული პერიოდიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება ე. კ-ის საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის პირდაპირ (უშუალოდ) თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. კ-ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ყურადღება მიაქცია აპელანტის არგუმენტაციას, კერძოდ, აპელანტის განმარტებით, რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილ კომისიას ტესტირების დანიშვნით შეეზღუდა დისკრეციული უფლებამოსილების არეალი - ტესტირების დანიშვნით თანამშრომელთა შეფასების კუთხით სამინისტრომ დააწესა მაღალი სტანდარტი. სამინისტროს თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში, შემდგომ კი, გასაუბრება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს ზოგად უნარებსა და ქართული ენის გამოცდაში არ მიუღია დაბალი ქულები, მისი საერთო შედეგი არ იყო საუკეთესო, კერძოდ, მოსარჩელეზე ბევრად მაღალი ქულები ჰქონდათ მიღებული სხვა კონკურსანტებს ზეპირ გასაუბრებაზე, მაგალითად, 3.2, 3.1, 2.8 ქულა, ხოლო მოსარჩელის შეფასება ზეპირ გასაუბრებაზე განისაზღვრა 2 ქულით. ვინაიდან შეფასების ორივე კომპონენტის ერთობლიობაში დაჯამებული ქულით მოსარჩელეზე უკეთესი შედეგი სხვა კანდიდატებს აღმოაჩნდათ, სწორედ აქედან გამომდინარე, მოსარჩელე განისაზღვრა გარე მობილობას დაქვემდებარებულ პირად.

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემომითითებული არგუმენტების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაზიარებელია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ რეორგანიზაციისას დასაქმებულთა გათავისუფლების პროცესში ტესტირების კომპონენტის დაწესება წარმოადგენს მაღალ სტანდარტს დასაქმებულთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, იმდენად, რამდენადაც, განსხვავებით ზეპირი გასაუბრების შედეგად მიღებული შეფასებებისაგან, ის შეფასებები, რომლებიც თანაბარ პირობებში ჩატარებული და შინაარსობრივად ადეკვატური ტესტირების შედეგად განისაზღვრება, უფრო მეტად არის დაცული შეფასების სუბიექტური ელემენტებით განპირობებულობისაგან. ამდენად, ტესტირების კომპონენტის ჩართვა შეფასების პროცესში და ზემოთ დასახელებული პირობების დაცვით ჩატარებული ტესტირების შედეგების საერთო შედეგებში გათვალისწინება მიჩნეულ უნდა იქნეს ობიექტურობის შედარებით მაღალი ხარისხის მქონე კრიტერიუმის გამოყენებად, რაც ქმნის დასაქმებულთა უფლებების უფრო მაღალი სტანდარტით დაცვის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი მობილობას დაქვემდებარებულ პირად კვალიფიცირება განაპირობა არა ტესტირების კომპონენტში მიღებულმა შედეგებმა, არამედ - ზეპირი გასაუბრების კომპონენტში მიღებული შეფასების სიმცირემ, კერძოდ, აპელანტის განმარტებით, ზეპირ კომპონენტში მიღებული შეფასება იმდენად დაბალი აღმოჩნდა, რომ ტესტირებაში დაფიქსირებული მაღალი ქულების მიუხედავად, საერთო შედეგების მიხედვით მოსარჩელემ გაცილებით ნაკლები ქულების მიღება შეძლო, ვიდრე სხვა კანდიდატებმა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზოგადად, მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემის პირობებში, რასაკვირველია, შესაძლებელია დადგეს მსგავსი შედეგი, თუმცა, განსახილველ საქმეში აღნიშნული გარემოება განსაკუთრებული ყურადღების ღირსია იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები არ შეიცავს მონაცემებს მოსარჩელესა და მის კომპარატორ პირებთან ჩატარებული ზეპირი გასაუბრებების შესახებ, კერძოდ, საქმეს არ ახლავს გასაუბრებების შინაარსის ამსახველი აუდიო ან/და წერილობითი ოქმი, წარმოდგენილი არ არის, კონკრეტულად რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასდა მოსარჩელე მითითებული ქულით და რას ექცეოდა ყურადღება ზეპირი გასაუბრების მაღალი ან დაბალი ქულით შეფასების განსასაზღვრად. შესაბამისი ინფორმაცია ასახული არ არის არც გასაჩივრებული აქტის დასაბუთებაში. იმდენად, რამდენადაც ზეპირ კომპონენტში მოსარჩელის მიერ მიღებულმა შეფასებამ ტესტირების შეფასების საპირისპირო შედეგი განაპირობა, აღნიშნული ინფორმაციისა და სათანადო დასაბუთების არარსებობას აქვს აქტის კანონიერების განმსაზღვრელი მნიშვნელობა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ ვინაიდან საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანოსა და საჯარო მოსამსახურის სამართლებრივი ურთიერთობა ვერტიკალური ხასიათისაა და ხშირ შემთხვევაში ძალიან მტკივნეულია რეორგანიზაციის შედეგად პირის გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მყარ არგუმენტებს და რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე მოხელეს, სულ მცირე, უნდა უტოვებდეს იმის განცდას, რომ უფლებამოსილმა პირმა მასთან მიმართებაში გაითვალისწინა და შეაფასა მისი, როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული უნარ-ჩვევები. არგუმენტაციისა და დასაბუთების ხარისხი განსაკუთრებით არსებითია იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება მის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილისა და 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს წერილობით დასაბუთებაში მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, აქტის დასაბუთებისას მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულების არსებობა განპირობებულია იმ მიზნით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შეიბოჭოს სამართლით და მოექცეს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე. სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოკლებულია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა სადავო აქტის გამოცემისას კანონმდებლობით გათვალისწინებული დასაბუთების ვალდებულების დარღვევა. მოსარჩელე სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლდა, რაც იწვევს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის პირველი ივლისის №00012133 ბრძანების - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის თანამდებობიდან ე. კ-ის გათავისუფლების შესახებ გამოცემული გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 28 აპრილის და 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანებები, რომლითაც ცვლილებები შევიდა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №1416 ბრძანებაში და რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის თანამდებობა (იგივე სახელწოდებითა და ფუნქციური დატვირთვით), რომელ თანამდებობაზე აღდგენასაც ითხოვს ე. კ-ი, აღარ არსებობს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ცხადყოფს, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე დამსაქმებელთან არ არსებობს მოსარჩელის თავდაპირველი პოზიციის იდენტური ვაკანტური თანამდებობა. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე, მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა აღდგეს არა პირდაპირ იმავე თანამდებობაზე, არამედ უნდა დაინიშნოს ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ხოლო თუ მისი სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იქნება იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მობილობის პროცედურა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. შესაბამისად, კონკრეტულ თანამდებობაზე პირდაპირ აღდგენის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უნდა დაევალოს ე. კ-ის ამავე სამსახურის - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აპელანტის მითითებაზე, რომ ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ვაკანტური ტოლფასი თანამდებობა, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში შესაძლოა არსებული რეალობა შეიცვალოს, თუმცა თუ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში არ იქნება ტოლფასი თანამდებობა ვაკანტური, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურები /ღონისძიებები.

ვინაიდან ე. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ იქნა მიჩნეული და მოპასუხეს მისი სამსახურში აღდგენა დაევალა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ მართებულად დააკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მოსარჩელეს არ მოუთხოვია ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ამასთან, სამინისტროში არ არსებობს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლი მიუთითებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც იწვევს მოსარჩელის უფლებების დაცვას და რეალურ აღდგენას, ეს არის, საჯარო დაწესებულების სისტემაში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნებიც შესაბამისად უნდა ჩამოაყალიბოს, თუმცა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მას შეუძლია მოითხოვოს ან იმავე კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენა, ან იმავე თანამდებობის ტოლფას კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენა, ან ზოგადად მიუთითოს იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ამასთან, ისევ დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, კონკრეტულად რომელი თანამდებობა მიაჩნია იმავე თანამდებობად ან ტოლფას თანამდებობად, ხოლო მათი შესაბამისობის შეფასება გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობასთან არის სასამართლოს უფლებამოსილება. სასარჩელო განცხადების მიხედვით, მოსარჩელე ითხოვდა სამინისტროს ...ის თანამდებობაზე აღდგენას, რაც არის იგივე თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს ეკავა გათავისუფლებამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამინისტროს დაევალა გამოსცეს აქტი ე. კ-ის სამინისტროს ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. სააპელაციო პალატამ შეაფასა ზემოთ აღნიშნული გარემოებები სწორად, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იმავე თანამდებობაზე აღდგენის შესახებ იყო დაუსაბუთებელი, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული არ უნდა ყოფილიყო და გააუქმა კიდეც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში. ამასთან, მან დისპოზიციურობის პრინციპის დარღვევით გამოიტანა გადაწყვეტილება მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, რადგან ასეთ თანამდებობაზე აღდგენის სასარჩელო მოთხოვნა არ ყოფილა აღძრული. იმდენად, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აფასებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც დაეთანხმა გადაწყვეტილებას, არ იყო უფლებამოსილი დააყენებინა ახალი მოთხოვნა დაწესებულების სისტემაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ამასთან, მოსარჩელის გათავისუფლება კანონიერია და აღდგენის წინაპირობები არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ სადავო აქტის გამოცემის წინაპირობების გამოკვლევისას არ შეაფასა აპელანტის მიერ წარდგენილი რეალური არგუმენტები რეორგანიზაციის პროცესში საშტატო ნუსხის შემცირების თაობაზე, კერძოდ, 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა 136 ერთეულით, მაშინ, როდესაც საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სამინისტროების გაყოფის შედეგად უკონკურსოდ გადავიდა 147 თანამშრომელი (ანუ რეორგანიზაციამდე არსებული 147 თანამშრომელი შემცირდა 136-მდე). გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის შედეგად, რეალური სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, შეიცვალა დეპარტამენტების ფუნქციური დანიშნულება, გაუქმდა დეპარტამენტები და მათ ნაცვლად შეიქმნა ახალი დეპარტამენტები, მათ შორის, გაუქმდა იურიდიული დეპარტამენტი და მისი ფუნქციები გადავიდა ადმინისტრაციაში. შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში მოხდა არა მხოლოდ სახელწოდებების ცვლილება, არამედ მათი ფუნქციური დატვირთვის მნიშვნელოვნად შეცვლა, რის გამოც გარდაუვალი იყო თანამშრომელთა შემცირება. უდავოა, რომ რეორგანიზაცია შეეხო ადმინისტრაციის დეპარტამენტს, რომელშიც რეორგანიზაციამდე 4 სამმართველო შედიოდა, მათ შორის, ერთ-ერთი იყო ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო და მასში დასაქმებული იყო 5 თანამშრომელი. მათგან: ერთი - სამმართველოს უფროსი, ორი - პირველი რანგის უფროსი სპეციალისტი, ერთი - მეორე რანგის უფროსი სპეციალისტი (მოსარჩელე) და ერთი - მესამე რანგის უფროსი სპეციალისტი. სამმართველოების გაუქმების შემდეგ ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი), რომელშიც გაერთიანდა საქმის წარმოება, კანცელარია, ადამიანური რესურსები, იურიდიული, პროტოკოლი, განისაზღვრა 13 საშტატო ერთეული (მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის ბრძანება) და ისინი განაწილდა შემდეგნაირად: 2 საშტატო ერთეული - ხელმძღვანელი თანამდებობა, 1.1.- თანამდებობრივი რანგი, 2 საშტატო ერთეული - 3.1. თანამდებობრივი რანგი, 2 საშტატო ერთეული - 3.2 თანამდებობრივი რანგი, 4 საშტატო ერთეული - 3.3 თანამდებობრივი რანგი, 3 საშტატო ერთეული - 4.1 თანამდებობრივი რანგი, ხოლო თანამდებობრივი რანგები განაწილდა შემდეგნაირად: 3.1. და 3.2. თანამდებობრივ რანგებზე განისაზღვრნენ იურიდიული საქმიანობის მიმართულებით თანამშრომლები, 3.3. თანამდებობრივ რანგებზე - ორი საქმის წარმოების, ერთი იურიდიულის, ერთი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, ხოლო 4.1 თანამდებობრივ რანგებზე - ერთი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და 2 საქმის წარმოების კუთხით. ამდენად, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ადმინისტრაციაში თუ რეორგანიზაციამდე იყო 5 საშტატო ერთეული, რეორგანიზაციის შემდეგ ის განისაზღვრა 2 საშტატო ერთეულით თანამდებობრივი რანგებით: 3.3 და 4.1, რომელზეც დაინიშნნენ ის თანამშრომლები, რომელთაც კომისიის მიერ მინიჭებული ჰქონდათ უფრო მაღალი შეფასება/ქულები (3.2 და 3 ქულა), ვიდრე მოსარჩელეს. ქულების მინიჭება მოხდა როგორც ტესტირების შედეგების, ასევე გასაუბრებისას გამოვლენილი უნარ-ჩვევებისა და პიროვნული მახასიათებლების და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით. ამასთან, ადმინისტრაციაში ის ვაკანტური პოზიციები, რომლის შეთავაზებაც შეიძლებოდა მოსარჩელისთვის მისი რანგის გათვალისწინებით (3.2) ან უფრო დაბალი რანგი - 3.3, 4.1, 4.2, 4.3, რეორგანიზაციის დროს არ არსებობდა, ამიტომ მოსარჩელეს შეთავაზება ვერ გაუკეთდა. უდავოა, რომ კომისიამ ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციური დატვირთვის არსებულ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე შეთავაზება გაუკეთა იმ ორ თანამშრომელს, რომლებიც იმავე ფუნქციური დატვირთვით იყვნენ დასაქმებულები რეორგანიზაციამდე და ამასთან მოსარჩელესთან შედარებით გააჩნდათ უკეთესი მახასიათებლები, კომისიის მიერ მინიჭებული ჰქონდათ უფრო მაღალი ქულები, ხოლო ვინაიდან იმავე, ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციური დატვირთვით დეპარტამენტში ვაკანსია აღარ არსებობდა, მოსარჩელეს ვერ შესთავაზეს იგივე ფუნქციური დატვირთვის თანამდებობა, იმდენად, რამდენადაც, მოსარჩელის საკვალიფიკაციო მახასიათებლები და გამოცდილება არ იყო შესაბამისი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში არსებულ სხვა ვაკანტურ თანამდებობებთან, ასევე ეს თანამდებობები იყო უფრო მაღალი - 1.1 ან 2.1 რანგების. შესაბამისად, მოსარჩელე დაექვემდებარა გარე მობილობას.

კასატორის განმარტებით, სამინისტროს მხრიდან რეორგანიზაციის მთლიანი პროცესი დაიგეგმა და ყველა ეტაპი განხორციელდა გამჭვირვალედ. რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილ კომისიას ტესტირების დანიშვნით შეეზღუდა დისკრეციული უფლებამოსილების არეალი, ამასთან, ტესტირების დანიშვნით თანამშრომელთა შეფასების კუთხით სამინისტრომ დააწესა მაღალი სტანდარტი. მინისტრის 2021 წლის 25 მაისის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა მობილობას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირება კომპეტენციისა და უნარების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული წერითი ტესტირების შედეგების და ასევე, ზეპირი გასაუბრების საფუძველზე. მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რეორგანიზაციის ეტაპების გათვალისწინებით, სამინისტროს თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში, შემდგომ კი, გასაუბრება. მოსარჩელემ ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში გაიარა ტესტირება 2021 წლის 30 ივნისს და ზოგად უნარებში მისი შედეგი იყო 66/80, ხოლო ქართულ ენაში - 55/80. გასაუბრებაზე კი ის 2.3 ქულით შეფასდა.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივი წინაპირობები, მიიჩნია რა, რომ მობილობას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირებისას, კომისიის მიერ მოსარჩელის (ასევე სხვა პირების) კომპეტენციის და უნარების შეფასებისას გათვალისწინებული არ ყოფილა ტესტირების შედეგები. სააპელაციო სასამართლოს ამგვარი დასაბუთება სრულიად უსაფუძვლოა, რადგან როგორც შესაგებელი, ასევე სააპელაციო საჩივარი და ადმინისტრაციული წარმოების მასალები ადასტურებს, რომ კომისიას დაევალა მობილობას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირება მოეხდინა მათი კომპეტენციისა და უნარების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული წერითი ტესტირების შედეგების და ასევე, ზეპირი გასაუბრების საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული კომისიის მიერ თანამშრომლები შეფასდნენ ორივე კომპონენტის (ტესტირება და გასაუბრება) შედეგების გათვალისწინებით და კომისიის მიერ მათთვის მინიჭებული ქულა, რაც გახდა მობილობას დასაქვემდებარებელ პირთა იდენტიფიცირების საფუძველი, მოიცავს როგორც ტესტირების შედეგების, ისე გასაუბრების შედეგების შეფასებას. აპელანტის იმ განმარტების შესახებ, რომ კომისიის მიერ საბოლოო ქულები განისაზღვრა შეფასების ორივე კომპონენტის ერთობლიობით, მითითებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიამ ქულების მინიჭებისას გაითვალისწინა მხოლოდ გასაუბრების შედეგები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ კომისიის მიერ გასაუბრების შედეგების შეფასება მიიჩნია დაუსაბუთებლად, რადგან არ არსებობდა გასაუბრების ოქმი/აუდიო/ვიდეოჩანაწერი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებელია, რადგან არც ერთი მოქმედი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტი, რომელიც აწესრიგებს საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის დროს თანამშრომელთა შერჩევის პროცესს, არ აწესებს გასაუბრების აუდიო/ვიდეოჩანაწერის აუცილებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სადავო აქტის კანონიერება, კერძოდ, მისი გამოცემის მართლზომიერი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობა, უნდა შეეფასებინა ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალის, მხარეთა პოზიციებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების საფუძველზე და მხოლოდ იმის გამო, რომ არ არსებობდა გასაუბრების ჩანაწერი, სადავო აქტი არ უნდა მიეჩნია დაუსაბუთებლად.

კასატორი აღნიშნავს, რომ ტესტირებაში გათვალისწინებული მასალა ყველა პირისთვის იდენტური იყო, ასევე გასაუბრების დროს თანამშრომლებისთვის დასმული იყო ერთგვაროვანი კითხვები. შესაბამისად, რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების დამადასტურებელ რაიმე არგუმენტს მოსარჩელე ვერ მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ კომისია გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობას ქართული ენისა და ზოგადი უნარების თუ გასაუბრების შედეგების რომელიმე კომპონენტს არ ანიჭებდა, ის გადაწყვეტილებას ყველა კომპონენტის ურთიერთშეჯერების საფუძველზე იღებდა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ იგივე ან ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა სამინისტროს იმავე სტრუქტურაში არ არსებობს დღესაც. კერძოდ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა 2022 წლის 31 მარტს გამოსცა №00010881 ბრძანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის, შიდა აუდიტის, მასობრივი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, მაღალი მიღწევების სპორტის, ეკონომიკური დეპარტამენტების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლის მიზნით რეორგანიზაციის გამოცხადებისა და საჯარო მოხელეთა შესაძლო მობილობისა და შტატების შემცირების შესახებ. 2022 წლის 28 აპრილის №15412 ბრძანებით შევიდა ცვლილება მოქმედ საშტატო ნუსხაში და დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, რომელიც ამოქმედდა 2022 წლის 1 მაისიდან. რეორგანიზაცია განხორციელდა როგორც სტრუქტურული ერთეულების ცვლილებებით, ასევე შტატების შემცირებით, კერძოდ, სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა 136 ერთეულიდან შემცირდა 129 ერთეულამდე, უშუალოდ ადმინისტრაციაში დარჩა 13 საშტატო ერთეული, მაგრამ შეიცვალა მისი სტრუქტურა, კერძოდ, ადმინისტრაციას გამოეყო იურიდიული საქმიანობის მიმართულება და შეიქმნა ცალკე იურიდიული დეპარტამენტი და დაემატა საორგანიზაციო საქმიანობის მიმართულება, კერძოდ, ადმინისტრაციაში განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები და შტატები: დეპარტამენტის უფროსი (ერთი ერთეული); დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ერთი ერთეული); კანცელარია (ხუთი ერთეული); ადამიანური რესურსები (ოთხი ერთეული), პროტოკოლი (ერთი ერთეული), საორგანიზაციო მიმართულება (ერთი ერთეული). ასევე განისაზღვრა თანამდებობრივი რანგები, რომელთა შორის არა თუ ვაკანტური, საერთოდ არ არის მოსარჩელის შესაბამისი თანამდებობრივი რანგი - იმავე ან ტოლფასი თანამდებობრივი რანგი 3.2. სამინისტროში მოქმედებს 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვით ადმინისტრაციაში საშტატო რიცხოვნობა არის უკვე შემცირებული 12 ერთეულამდე, ხოლო თანამდებობრივ რანგებში ისევ არ არის ვაკანტური 3.2 თანამდებობრივი რანგი.

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის მოცემული ის დასაბუთება, რამაც განაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახული სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, არ არის ასახული ის კონკრეტული, ინდივიდუალური ფაქტები და გარემოებები, რომელთა სამართლებრივი კვალიფიკაციით სასამართლო მივიდა სარეზოლუციო ნაწილში ასახულ სამართლებრივ შედეგებამდე. ამის ნაცვლად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შემოიფარგლება მხოლოდ ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და ასევე უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების, ასევე ევროსასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, ისე რომ სასამართლო არ აკეთებს მათ ანალიზსა და ერთგვარ სუბსუმციას მოცემული დავის კონკრეტულ გარემოებებთან. მხოლოდ სამართლებრივი ნორმების თავმოყრა გადაწყვეტილებაში არ განაპირობებს გადაწყვეტილების იურიდიულ დასაბუთებულობას/მართებულობას, აღნიშნული განპირობებულია მხოლოდ კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზითა და კვალიფიკაციით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებაა, რომ სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ხოლო სამინისტრომ კომპეტენტური კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელე არ მიიჩნია ვაკანტურ თანამდებობებთან შესაბამისად და ის გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს („საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 30 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უწყვეტად განაგრძოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ფუნქციის შესრულება და უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უწყვეტად განაგრძოს საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ყველა ფუნქციის შესრულება და უფლებამოსილების განხორციელება, გარდა ახალგაზრდობის მიმართულებისა) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ე. კ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №575 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურების ფონდი (ტ.1, ს.ფ 115-133); საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 22 აპრილის №00003206 ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, 2021 წლის 26 აპრილიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური მოწყობის შეცვლის მიზნით, გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა მოხელეთა მობილობა, შტატებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება (ტ.1, ს.ფ 143-144); საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №811 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურება, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის პირველი ივლისიდან (ტ.1, ს.ფ 158-160); საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულება (ტ.1, ს.ფ 145-157); საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №00006531 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა. ბრძანება ძალაში შევიდა 2021 წლის პირველი ივლისიდან (ტ.1, ს.ფ 60-67); აღნიშნულ ბრძანებაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 7 ივნისის №00008308 ბრძანებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 8 ივნისის №00008559 ბრძანებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 28 ივნისის №000011346 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილებები (ტ.1, ს.ფ 77-85, 86-94, 95-103); საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ 2021 წლის 25 მაისს მიღებულ იქნა №00006722 ბრძანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მობილობას დასაქვემდებარებელ პირთა შესახებ. ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისია; მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით კომისია უზრუნველყოფდა: ა) წერითი დავალების/ტესტირების ჩატარებას ქართულ ენაში, ზოგად უნარებში, ინგლისურ ენასა და ზოგად სამართლებრივ საკითხებში (ტესტირება ინგლისურ ენაში განკუთვნილი იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, თანამდებობრივი პოზიციით კულტურისა და სპორტის სფეროში დეპარტამენტის უფროსებისა და პროტოკოლის სამმართველოს თანამშრომლებისთვის, ხოლო ტესტირება ზოგად სამართლებრივ საკითხებში ეეხებოდა იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებს); ბ) გასაუბრების ჩატარებას (ტ.1, ს.ფ 170-171); ბ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ 2021 წლის 22 ივნისის №3/რ სხდომის ოქმის მიხედვით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, გარე მობილობას დაექვემდებარა 13 საჯარო მოხელე, მათ შორის, ე. კ-ი - ...ი (ტ.1, ს.ფ 172-174); საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ 2021 წლის 1 ივლისის №4/რ სხდომის ოქმის თანახმად, განსახილველი საკითხი იყო სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების გამო გათავისუფლებულ მოხელეთა გარე მობილობის საკითხი. ოქმში აღნიშნულია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიწოდებულ შესაბამისი ვაკანსიების მქონე უწყებებში, დაუყოვნებლივ იქნა გადაგზავნილი გარე მობილობას დაქვემდებარებულ პირთა მონაცემები, თუმცა ყველა უწყებიდან სამინისტრომ მიიღო უარი მათი დასაქმების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული 13 პირი დაექვემდებარა სამსახურიდან გათავისუფლებას და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვას. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეებს მიეცემათ კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით (ტ.1, ს.ფ 175-176); გ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის პროცესში მობილობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 2021 წლის 7 ივნისის №3 სხდომის ოქმის მიხედვით, დღის წესრიგს წარმოადგენდა: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესში მობილობას დასაქვემდებარებელი პირების განსაზღვრა; საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან გასაუბრება. ოქმის მიხედვით, გასაუბრების მსვლელობისას კომისიის წევრების მიერ დასმული იყო ერთგვაროვანი კითხვები. მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, შეფასდა გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი. შეფასება აისახა შესაბამის ფორმაში და ქულები დაჯამდა საშუალო არითმეტიკულით. გასაუბრებაში მონაწილე პირების შეფასების ჯამური ქულები აისახა შეფასების საბოლოო ფორმაში, ე. კ-ი შეფასდა 2,3 ქულით. სხდომის ოქმს ხელს არ აწერს ერთ-ერთი წევრი - ლ. მ-ე. კომისიის გადაწყვეტილებით ე. კ-ი დაექვემდებარა გარე მობილობას (ტ.1, ს.ფ 217-223); დ) ტესტირების შედეგების ამონაწერის მიხედვით, ე. კ-ი ზოგად უნარებში შეფასდა 66 ქულით (მაქსიმალური ქულა 80); ქართული ენაში - 42 ქულით (მაქსიმალური ქულა 60), ასევე ქართულ ენაში - 13 ქულით (მაქსიმალური ქულა 20) (ტ.1, ს.ფ 224-226); ე) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 1 ივლისის №00012133 ბრძანებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ი - ე. კ-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა 2021 წლის 1 ივლისიდან, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით (ტ.1, ს.ფ 14-15); ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 17 დეკემბრის №1704 ბრძანებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ....ს - ე. კ-ის მიენიჭა მოხელის ... კლასი (ტ.1, ს.ფ 16-17).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული დანაწესი განამტკიცებს შრომის თავისუფლებას. შრომის თავისუფლება მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997), ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007), დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის თავისუფლების სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს. საჯარო მოსამსახურე კონკრეტული გადაწყვეტილების, მით უფრო, საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და საჭიროების შემთხვევაში, გათავისუფლების შემდგომი პროცედურების განხორციელებისას შეზღუდულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. ამავე შინაარსის დანაწესი გათვალისწინებულია აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილი კანონიერების პრინციპითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს, ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული (სუსგ 23.04.2019წ. საქმე №ბს-954(2კ-18)). დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყო დაფუძნებული, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები. საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რეორგანიზაციის საფუძვლით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის - ე. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება, მისი თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი (მე-2 მუხლი).

აღნიშნული კანონის 102-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. 103-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

რეორგანიზაციის ცნებას ასევე განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმადაც, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად მიიჩნევა საჯარო დაწესებულების არავაკანტური შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის ფუნქცია, იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეორგანიზაციამ მხოლოდ შტატის შემცირების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პირის სამსახურიდან გათავისუფლება, ამასთან, შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა გათავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე. კ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №00006531 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხა. ბრძანება ძალაში შევიდა 2021 წლის პირველი ივლისიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელის მობილობა ვერ განხორციელდა, რის გამოც ის ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მიეცა შესაბამისი კომპენსაცია. საყურადღებოა, რომ კასატორის განმარტებით, ვაკანტურ თანამდებობზე თანამშრომელთა დანიშვნა მოხდა კომისიის მიერ მინიჭებული შეფასების/ქულების (3.2 და 3 ქულა) გათვალისწინებით და კომისიამ ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციური დატვირთვის არსებულ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე შეთავაზება გაუკეთა იმ ორ თანამშრომელს, რომლებიც იმავე ფუნქციური დატვირთვით იყვნენ დასაქმებულები რეორგანიზაციამდე და ამასთან მოსარჩელესთან შედარებით გააჩნდათ უკეთესი მახასიათებლები, კომისიის მიერ მინიჭებული ჰქონდათ უფრო მაღალი ქულები. თავის მხრივ, ქულების მინიჭება მოხდა როგორც ტესტირების შედეგების, ასევე გასაუბრებისას გამოვლენილი უნარ-ჩვევებისა და პიროვნული მახასიათებლების და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით.

ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რეორგანიზაციის ეტაპების გათვალისწინებით, სამინისტროს თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში, შემდგომ კი, გასაუბრება. მოსარჩელემ ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში გაიარა ტესტირება 2021 წლის 30 ივნისს და ზოგად უნარებში მისი შედეგი იყო 66/80, ხოლო ქართულ ენაში - 55/80. გასაუბრებაზე კი ის 2.3 ქულით შეფასდა. ამასთან, როგორც კასატორის განმარტავს, მართალია, მოსარჩელეს ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში მიღებული ჰქონდა სხვა თანამშრომლებზე მაღალი ქულები, თუმცა, საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია გასაუბრებაზე მიღებულმა დაბალმა ქულამ, ვინაიდან, მობილობას დასაქვემდებარებელ პირთა იდენტიფიცირება მოხდა როგორც ტესტირების შედეგების, ისე გასაუბრების შედეგების შეფასების საფუძველზე.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 25 მაისის №00006722 ბრძანების მე-2 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით კომისია უზრუნველყოფდა: ა) წერითი დავალების/ტესტირების ჩატარებას ქართულ ენაში, ზოგად უნარებში, ინგლისურ ენასა და ზოგად სამართლებრივ საკითხებში; ბ) გასაუბრების ჩატარებას. მითითებული ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია გაითვალისწინოს მობილობას დასაქვემდებარებელ საჯარო მოსამსახურეთა კომპეტენცია, შეფასების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა ობიექტური გარემოებები და დასაბუთებული მონაცემები ასახოს გასაუბრების სხდომის ოქმში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წერითი დავალება/ტესტირება საჯარო მოსამსახურეთა წერითი თუ სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა თუ პროფესიული დონისა და მათი კვალიფიციურობის დადგენას ემსახურება, გასაუბრების ეტაპზე კი კომისიის წევრებს ეძლევათ საშუალება, დაადგინონ მოხელის ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელთა გამოვლენა წერითი დავალების შესრულების პროცესში შეუძლებელია. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც გასაუბრების ოქმი არაინფორმაციული ხასიათისაა და არ იძლევა გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია თავად შეაფასოს კონკრეტული საჯარო მოსამსახურის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან, ვინაიდან აღნიშნული საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, (1) თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; (2) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუშაკის სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება (სუსგ 23.07.2020წ. №ბს-1037(კ-18)). რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დასაქმების საკითხი ასევე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს მიკუთვნება, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ მიზანშეწონილობის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაუბრების გზის საჯარო მოსამსახურეთა კომპეტენციის/უნარების შეფასებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ფართო არეალი აქვს, რაც ზრდის არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს. პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება. მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა ემყარებოდეს ობიექტურ, ცხად და გამჭვირვალე პროცესსა და კრიტერიუმებს, რაც გათავისუფლებულ პირს შესაძლებლობას მისცემს, ობიექტურად და სრულად აღიქვას მისი გათავისუფლებისა და სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტესტირების შედეგების მიხედვით, ე. კ-ი ზოგად უნარებში შეფასდა 66 ქულით (მაქსიმალური ქულა 80), ქართულ ენაში - 42 ქულით (მაქსიმალური ქულა 60), ასევე ქართულ ენაში - 13 ქულით (მაქსიმალური ქულა 20). ტესტირებაში მიღებული ე. კ-ის შეფასება უმეტესად სხვა თანამშრომელთა უმრავლესობის შედეგებს აღემატებოდა. რაც შეეხება გასაუბრების კომპონენტს, გასაუბრებაში მონაწილე პირების შეფასების ჯამური ქულები აისახა შეფასების საბოლოო ფორმაში, ე. კ-ი შეფასდა 2,3 ქულით და დაექვემდებარა გარე მობილობას.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა ე. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა, განმარტა, რომ საქმეს არ ახლავს გასაუბრების შინაარსის ამსახველი აუდიო ან/და წერილობითი ოქმი; წარმოდგენილი არ არის, კონკრეტულად რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასდა მოსარჩელე მითითებული ქულით და რას ექცეოდა ყურადღება ზეპირი გასაუბრების მაღალი ან დაბალი ქულით შეფასების განსასაზღვრად. შესაბამისი ინფორმაცია ასახული არ არის არც გასაჩივრებული აქტის დასაბუთებაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმდენად, რამდენადაც ზეპირ კომპონენტში მოსარჩელის მიერ მიღებულმა შეფასებამ ტესტირების შეფასების საპირისპირო შედეგი განაპირობა, აღნიშნული ინფორმაციისა და სათანადო დასაბუთების არარსებობას აქვს აქტის კანონიერების განმსაზღვრელი მნიშვნელობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი. სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა. სასამართლო ამოწმებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაუბრების პროცესის აუდიო ან/და ვიდეოჩაწერა არ განხორციელებულა, ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და გასაუბრების სხდომის ოქმში არ არის ასახული გარემოებები (მათ შორის კითხვა-პასუხი), რომლითაც მოპასუხემ იხელმძღვანელა ე. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს. საგულისხმოა, რომ ნორმატიული აქტით დეტალურად არ არის განსაზღვრული გასაუბრების ეტაპზე მოხელის შეფასების კრიტერიუმები. კასატორი - ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მოხდა შეფასება, დაუდგენელია როგორ განსაზღვრა კომისიამ ე. კ-ის პროფესიული და პიროვნული მახასიათებლები. არ არის მითითებული და დასაბუთებული, თუ რა შინაარსის იყო გასაუბრება, რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭათ გასაუბრების დროს მოსარჩელესთან შედარებით უპირატესობა სხვა კანდიდატებს. საქმეში დაცული გასაუბრების ოქმი მშრალი და არაინფორმაციული ხასიათისაა, რაც არ იძლევა გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გასაჩივრებული აქტის/გასაუბრების ოქმის დაუსაბუთებლობაზე მითითებით, უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას იმ პირობებში, როდესაც სასამართლო შეუძლებლად თვლის გასაუბრების პროცესის მართებულად შეფასების შესაძლებლობას. საზოგადოდ, ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული ქმედების პროცედურულ დარღვევად მიჩნევა ყოველთვის არ განაპირობებს წარდგენილი სარჩელის სრულ საფუძვლიანობას და არ წარმოშობს მისი სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მარტოოდენ სასამართლოს დასკვნა ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზ(ებ)ით ჩატარებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება ე. კ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი და საქმეში დაცული მტკიცებულებები არ ქმნიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე (საქმე №ბს-595-592(კ-17) 28.09.2017წ. განჩინება). „ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება“. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით სწორედ საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დაუდგენლად გამოტანილი აქტია სადავო.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 1 ივლისის №00012133 ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მოპასუხის მიერ დარღვეულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესები და დასაბუთებული აქტის გამოცემის ვალდებულება, რის გამოც სასამართლო მოცემულ ეტაპზე დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას მოკლებულია. მოპასუხემ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა უზრუნველყოს ე. კ-ითან გასაუბრების ჩატარება, კანონით დადგენილი წესით შეფასება (წერითი დავალების/ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების ერთობლიობით) და აღნიშნულის შესაბამისად გამოსცეს აქტი შესაბამისი დასაბუთებით. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნდა დაევალოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ე. კ-ითან დაკავშირებით.

რაც შეეხება ე. კ-ის სასარჩელო მოთხოვნებს თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის თანამდებობიდან ე. კ-ის გათავისუფლების შესახებ, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ 18). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII​3 ​და VII​17 თავებით გათვალისწინებულ საქმეებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე გათავისუფლებულია მოცემულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. შესაბამისად, ე. კ-ის უნდა დაუბრუნდეს ვ. ბ-ის მიერ სარჩელზე 2021 წლის 30 ივლისს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს.

განსახილველ შემთხვევაში ე. კ-ი პირველი ინსტანციის სასამართლოში მოითხოვდა მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრებას. საქმეში წარმოდგენილია გადახდის ქვითარი, რომლის თანახმად, ე. კ-ის მიერ ვ. ბ-ის (იხ. რწმუნებულება ტ.1. ს.ფ. 20-21) ანგარიშზე ჩარიცხულია 2500 ლარი (ტ.1, ს.ფ 19).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი გასამრჯელოს მართებულ, გონივრულ და მიღებული მომსახურების შესატყვის ოდენობას წარმოადგენს 1000 ლარი. ამდენად, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნდა დაეკისროს ე. კ-ის სასარგებლოდ, წარმომადგენლის დახმარებისათვის გადახდილი ხარჯის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 1 ივლისის №00012133 ბრძანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის თანამდებობიდან ე. კ-ის გათავისუფლების შესახებ და დაევალოს მოპასუხე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. ე. კ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

6. ე. კ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ვ. ბ-ის მიერ სარჩელზე 2021 წლის 30 ივლისს №1627630779 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

7. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ე. კ-ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გადახდილი ხარჯის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე