Facebook Twitter

№ბს-202(კ-24) 25 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ქ-ი-კ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი დამოუკიდებელი კომისია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, აქტის გამოცემის დავალება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის დადგენა, კომპენსაციის მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 27 აპრილს ნ. ქ-ი-კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების: ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალიტეტის მერის დ. ჩ-ის და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური საქმისწარმოების განმახორციელებელი დამოუკიდებელი კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით 2014 წლის 15 იანვრიდან მუშაობა დაიწყო ქალაქ ტყიბულის ტერიტორიულ ორგანოში ...ად. 2014 წლის 11 აგვისტოდან იგი დაინიშნა ტყიბულის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ...ს თანამდებობაზე. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 28 ივნისის ბრძანებით მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობას ეწოდა პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ..., გათავისუფლებამდე კი მოსარჩელე იკავებდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ს თანამდებობას. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 21/04/2022წ. წერილობითი კორესპოდენციით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჯარო მოხელედ 7-წლიანი მუშაობის პერიოდში მოსარჩელის მიმართ დისციპლინური წარმოება არ დაწყებულა და არც შესაბამისი ღონისძიება ყოფილა გამოყენებული. ნ. ქ-ი-კ-ეის, როგორც საჯარო მოხელის შეფასებები იყო საუკეთესო, რაც ასახულია კიდეც შეფასების ოქმებში. მოსარჩელე მუშაობდა სამ სხვადასხვა მერთან, რომელთაც მის მიერ შესრულებული სამუშაოს მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ. არც ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს წარუდგენიათ განცხადება/საჩივარი მოსარჩელის წინააღმდეგ. 2019 წლის 25 ივლისს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც განიხილებოდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის 2019 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, საკრებულოს წევრმა ი. ნ-ემ ისაუბრა “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდისა” და მერიის ერთობლივი, ერთ-ერთი წარმატებული პროექტის - ,,შინმოვლის სერვისის’’ დადებით გავლენაზე. სხდომაზე აღინიშნა რომ ამ პროექტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და პოზიტიური შეფასებებიც მიიღო. მუნიციპალიტეტის მერმა თ. ჩ-ემ ასევე დადებითად შეაფასა „შინმოვლის სერვისი“. 2020 წლის 28 ივლისს ნ. ქ-ი-კ-ემ საკრებულოს გააცნო ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ 2020 წლის პირველ ნახევარში (6 თვე) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა სამსახურის უფროსს და მის კოლექტივს დაუღალავი მუშაობისა და ერთგულებისთვის. 2020 წლის 25 დეკემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - ნ. კ-ემ და მუნიციპალიტეტის მერმა თ. ჩ-ემ განსაკუთრებით აღნიშნეს სოციალური სამსახურის თავდაუზოგავი მუშაობა, ეპიდემიური მდგომარეობის მიუხედავად. ზემოაღნიშნულმა პირებმა საკრებულოს და დამსწრე საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადეს სამსახურის ხელმძღვანელს ნ. ქ-ი-კ-ეს და მთელ კოლექტივს, ასევე ერთხმად მიიღეს 2020 წლის სოციალური პროგრამების შესრულების განკარგულება. 2021 წლის 23 ივლისს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნ. კ-ემ მოსარჩელეს მადლობა გადაუხადა პანდემიის დროს, 2021 წლის პირველ ნახევარში (6 თვე) გაწეული მუშაობისა და სხვადასხვა აქტივობების შესრულებისათვის. 2016-2018 წლებში ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, people in need-თან წარმატებული თანამშრომლობისა და სოციალური სერვისის განხორციელებისთვის, ტყიბულის მუნციპალიტეტის სოციალურმა სამსახურმა, მოსარჩელის ხელმძღვანელობის პერიოდში მიიღო მადლობის სიგელი. 2017 წლის აგვისტოს თვეში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და ჩეხური არასამთავრობო ორგნიზაცია "...“-ს ძალისხმევით, ტყიბულში გაიხსნა ახალი სერვისი, სოციალური სამრეცხაო, რომლითაც უფასო სასადილოს ბენეფიციარები სარგებლობენ. სოციალური სამრეცხაო, "...“-ს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაკეთდა, სადაც მოსარჩელის პროექტმა გაიმარჯვა, 9 750 ლარის ღირებულების პროექტი გამგეობის მხოლოდ 30%-იანი თანადაფინანსებით განხორციელდა. პანდემიის დროს მოსარჩელეს ცოტა ხნითაც კი არ მიუტოვებია თავისი სამსახური, მაშინ როცა სხვა სამსახურები დისტანციურ მუშაობაზე იყვნენ გადასულნი და სამუშაო შემსუბუქებული ჰქონდათ. პარალელურად, მერიისა და „...ს“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მარკეტებში განთავსდა კალათები, ამ აქციის ფარგლებში აქტიური მონაწილეობისათვის, როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური კუთხით. 2021 წლის მარტში საქართველოს „...ს“ საზოგადოების პრეზიდენტისგან მოსარჩელემ მიიღო მადლობის სიგელი „covid-19-ის" გავრცელების რისკის შემცირებაში შეტანილი წვლილისთვის, ერთგულებისთვის, დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის“, შემდეგი მომართვით: ,,შენ ჩვენი გმირი ხარ’’. 2021 წლის 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გ. გ-ამ თანამდებობა დატოვა, შემდგომ კი ახალი პარტია დაარსა. სახელისუფლებო პარტიამ მასზე დაქვემდებარებულ უწყებებში მალევე დაიწყო ოპოზიციურად განწყობილი თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით. საქართველოს სახალხო დამცველი ნ. ლ-ა 2021 წლის სექტემბერში აკეთებდა განცხადებებს ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული პირების პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტების შესახებ. „სამართლიანი არჩევნებისა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში მოხსენიებულია მოსარჩელის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების მცდელობის ფაქტი. მოსარჩელეს გ. გ-ასადმი განსაკუთრებული პატივისცემა გააჩნდა, როგორც მისი პრემიერ-მინისტრობის, ასევე შემდეგ პერიოდშიც, რადგან მან დიდი წვლილი შეიტანა ტყიბულის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 2021 წლის 18 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოხატა სინანული პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ნ. ქ-ი-კ-ემ ამავე დღეს დაწერა პოსტი, რომელშიც გამოთქვა იმედი, რომ მის მიმართ არ დაიწყებოდა მიზანმიმართული შეტევა. აგვისტოს თვეში მოსარჩელემ გადაწყვიტა გ. გ-ას მხარდაჭერა და ამ უკანასკნელის მიერ დაარსებულ პარტიაში გაერთიანება. 2021 წლის 4 აგვისტოს მოსარჩელემ დაურეკა გ. გ-ას თბილისის და ქუთაისის შტაბებს თანამშრომლობისთვის, მეორე დღეს კი, მოსარჩელე მერმა თ. ჩ-ემ თავის კაბინეტში დაიბარა და ჰკითხა: ,,გ-ასთან გადახვედი?’’ მოსარჩელემ არ უარყო სატელეფონო საუბარი შტაბთან, რაზეც მერმა აცნობა, რომ პარტია ,,ქ...’’ ითხოვდა მის სამსახურიდან გათავისუფლებას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელემ უარი განაცხადა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერაზე.

2021 წლის 6 აგვისტოს მერის Nბ74.74212183 ბრძანებით დამტკიცდა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის შიდა აუდიტორიული შემოწმების 2021 წლის გეგმა. 2021 წლის 9 სეტემბერს ტყიბულის მუნიციპალტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარაჭერის სამსახურში შევიდა შიდა აუდიტი და დაიწყო 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის შესწავლა. შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევები და გაიცა რეკომენდაციები, რაზედაც მოსარჩელის სამსახურმა წარადგინა ახსნა-განმარტებები დარღვევების გამოსწორების, დარღვევის აღიარების, ზოგიერთი მათგანის გაბათილების და აღმოფხვრის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 2019-2021 წლები იყო პანდემიის პერიოდი, რა დროსაც ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმების შემთხვევაში შესაძლოა აღმოჩენილიყო გარკვეული ხარვეზები. მოსარჩელე ყველაზე მეტად განიცდიდა ამ შეცდომებს, უთითებდა ნორმალური მუშაობის დამაბრკოლებელ გარმოებებზე, როგორც მერთან მიწერილ განცხადებებში, ასევე კომისიასთანაც, თუმცა აღნიშნული არ გაითვალისწინეს და მის მიმართ გამოიყენეს პასუხისმგებლობის უკიდურესი/უმკაცრესი ზომა - გათავისუფლება. მოსარჩელემ 2014 წელს ჩაიბარა გაუმართავი, არაორგანიზებული, მოუწესრიგებელი „სამსახური“ და აიღო პასუხისმგებლობა მის გამართულ ფუნქციონირებაზე. 2014 წლის პროგრამის შესწავლით დგინდება, თუ რას ახორციელებდა სამსახური მოსარჩელის დანიშვნამდე და როგორი მრავალმხრივი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სამსახურია ამჟამად. მოსარჩელის განმარტებით, მის დანიშვნამდე თანამშრომელთა შორის ფუნქციები გადანაწილებული არ იყო, არ არსებობდა მოწყვლადი კატეგორიების არავითარი სტატისტიკა და არც დაკმაყოფილებულ პირთა რეესტრი. სამსახურს არ გააჩნდა შესაბამისი სამუშაო ინვენტარი, კერძოდ, 2018 წლის 23 მაისის, 28 ივნისის, 2019 წლის 4 მარტის მოხსენებითი ბარათებით მოსარჩელე ითხოვდა თანამშრომლებისთვის კომპიუტერების შეძენას, ვინაიდან მათ რიგრიგობით უწევდათ მუშაობა, რაც, რა თქმა უნდა, აფერხებდა მუშაობის პროცესს. ასევე, მოხსენებითი ბარათებით მოსარჩელე ითხოვდა სამუშაო მაგიდებისა და იზოლირებული შეხვედრების ოთახის გამოყოფას. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მის საქმიანობაზე კონტროლის გაწევა ევალებოდათ მერს და მის მოადგილეებს, რომელთა მხრიდან მის მიმართ შენიშვნის გაცემის ფაქტი არ ფიქსირდება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მის მიმართ მოქმედებდა დისკრიმინაციულად, რაც დასტურდება სახელმწიფო აუდიტის 2018 წლის 28 დეკემბრის "ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის" ანგარიშით. ხსენებულ აქტში ასახულია დიდი ოდენობით ბიუჯეტისთვის მატერიალური ზიანის მიყენების დადასტურებული ფაქტები, რომელთან მიმართებითაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობას რეაგირება არ ჰქონია, მათ შორის არც პასუხისმგებელი პირების მიმართ დაწყებულა დისციპლინური წარმოება, თუმცა 2022 წელს, როდესაც ხელმძღვანელობის დაინტერესება გაჩნდა, მოსარჩელის წინააღმდეგ გამოიყენეს შიდა აუდიტის დასკვნა და იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან. 2018 წლის 28 დეკემბრის დასკვნაში ასახულია შემდეგი მძიმე დარღვევები: 1. სატენდერო კომისიის არაეფექტური და ხარვეზიანი მუშაობის გამო, ბიუჯეტმა გასწია არაეკონომიური ხარჯი 54.6 ათასი ლარის ოდენობით; 2. მუნიციპალიტეტმა სინამდვილეში დახარჯა 90 000 ლარზე მეტი, ისე რომ არ მიუღია კონკრეტული შედეგი, რადგან მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში წყალი ისევ ჩასდის. ზემოაღნიშნული თანხა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვად, რაზეც პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია; 3. მოსახლეობამ დადგენილ დროში ვერ მიიღო დაგეგმილი ეკონომიკური სიკეთე (შპს „რ...“-თან მდინარე ტყიბულას საყრდენი კედლების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები), ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის მიმართული 120 000 ლარზე მეტი; 4. ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის ერთ-ერთ ძირითადი გადამხდელია შპს „ს...“ (ჯ...), რომელსაც 2016 წელს მიღებული ჰქონდა 980.0 ათასი ტონის, ხოლო 2017 წელს 1.12 მლნ ტონის სასარგებლო წიაღისეულის ათვისების ლიცენზია. ხოლო ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით გადახდილი აქვს 1.36 მლნ ლარი, ნაცვლად 2.1 მლნ ლარისა, რითაც ზარალი მიადგა ადგილობრივ ბიუჯეტს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები არ არის გატარებული. დასახელებულ ფაქტებზე რაიმე მოკვლევა, დისციპლინური წარმოება ან გამოძიება არ დაწყებულა. ამდენად, დარღვევებს რეაგირება არ მოჰყოლია. მოსარჩელის ოპოზიციური პარტიის მიმართ პოლიტიკური არჩევანის გამოკვეთამდე, მისი სამსახურის მუშაობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის იყო მისაღები და დაფასებული. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2019 წელს სასადილოში არ არსებობდა ბენეფიციარების აღრიცხვის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, ვერ დგინდება ამ პერიოდამდე რამდენ ბენეფიციარს ემსახურებოდა უფასო სასადილო, ასევე 2020 წელსაც აღრიცხვის ჟურნალი ნაწარმოებია 24 თებერვლიდან, აღრიცხვის ჟურნალის ფურცლების დამთავრების გამო სარეგისტრაციო ჟურნალში აღრიცხვა შეწყვეტილია 2020 წლის 14 ნოემბერს. მოსარჩელის განმარტებით, ყოველწლიურად მერია ტენდერს აცხადებდა დაგვიანებით, დეკემბრის მიწურულს, რის გამოც ყოველთვის გვიანდებოდა მომსახურების მოწოდებაც და აღრიცხვაც.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N75 დადგენილებით დამტკიცებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის მე-8 მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ ბენეფიციარი თვის განმავლობაში ათი დღე არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით. დარღვევად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ 2019 წლის 9 სექტემბრიდან თ.კ და ლ.გ ყოველდღიურად არ ფიქსირდებოდნენ ჟურნალში, ხოლო ნ. ქ-ი-კ-ემ მათი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ტყიბულის მერს მხოლოდ 2019 წლის 29 ოქტომბერს მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე უთითებს, რომ თ.კ და ლ.გ იყვნენ დედა-შვილი, თ.კ. იყო ფეხმძიმედ, უჭირდა სიარული და ითხოვა სიიდან არ ამოეღოთ. აუდიტმა დარღვევად მიიჩნია ის გარემოება, რომ სამსახურმა ვერ წარადგინა წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა შინმოვლის სერვისში ბენეფიციარებზე საკვები პროდუქტების გადაცემა, ასევე ვერ იქნა წარდგენილი 2021 წლის საწვავის ხარჯვის დამადასტურებელი აქტები. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წელს, მთელი წლის განმავლობაში დადიოდნენ „შინმოვლის“ სერვისზე, არსებული პრობლემების შესახებ მოსარჩელე წერდა მოხსენებით ბარათებს, მას ყოველდღიურად უზავნიდნენ ფოტომასალას, ყოველთვიური პროდუქტები გადაეცემოდა „შინმოვლის“ ბენეფიციარებს (უფასო სასადილოს მოსარგებლეების გარდა), რის შესახებაც იგი თვეების მიხედვით ინფორმაციას ასახავდა სამსახურის ფეისბუქგვერდზე. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 31 მარტის და 1 აპრილის ბრძანებებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი - ნ. ქ-ი-კ-ე 2022 წლის 31 მარტიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა. ზემოაღნიშნული ბრძანებები არ მოიცავს შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას.

ამდენად, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ნ. ქ-ი-კ-ეის გათავისუფლების თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური საქმისწარმოების განმახორციელებელი დამოუკიდებელი კომისიის დასკვნის (რეგისტრაციის N12/742208455-74), ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 31 მარტის Nბ74.7422090001 და 2022 წლის 1 აპრილის Nბ74.74220912 ბრძანებების ბათილად ცნობა; ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერისთვის ნ. ქ-ი-კ-ეის ჯანმრთელობის და სოციალური მომსახურების სამსახურის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; ნ. ქ-ი-კ-ეის სასარგებლოდ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის იძულებითი განაცდურის ყოველთვიურად 1870 ლარის ოდნობით, 2022 წლის 1 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანაზღაურების დაკისრება; ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნ. ქ-ი-კ-ეის მიმართ პოლიტიკური ნიშნით (ოპოზიციური პარტიის „გ...სათვის" მხარდაჭერის გამო), დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა; ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ნ. ქ-ი-კ-ეის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის - 5000 ლარის დაკისრება.

ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განჩინებით ნ. ქ-ი-კ-ეის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას (მერს) აეკრძალა ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების სამსახურის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ...ის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ი-კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური საქმისწარმოების განმახორციელებელი დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა (რეგისტრაციის N12/742208455-74), ნ. ქ-ი-კ-ეის გათავისუფლების თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 31 მარტის Nბ74.7422090001 და 2022 წლის 1 აპრილის Nბ74.74220912 ბრძანებები; ტყიბულის მუნციპალიტეტის მერს დაევალა ნ. ქ-ი-კ-ეის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ნ. ქ-ი-კ-ეის სასარგებლოდ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 1870 ლარის ოდენობით, 2022 წლის 1 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში ნ. ქ-ი-კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2022 წლის 6 მაისის განჩინება, რომლითაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას (მერს) აეკრძალა ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ...ის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

სასამართლომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე, 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ნ. ქ-ი-კ-ეის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა, სამსახურიდან გათავისუფლება, ჩადენილ დარღვევებთან მიმართებით არათანაზომიერი იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის შვიდწლიანი საქმიანობის პერიოდში მის მიმართ არასოდეს არ დაწყებულა დისციპლინური წარმოება და შესაბამისად, არ გამოყენებულა პასუხისმგებლობის რაიმე ზომა; მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული არ იქნა მოსარჩელის მიერ მითითებული ის მიზეზები, რაც მისი განმარტებით ხელს უშლიდა საქმიანობაში. კერძოდ, სამსახურში დასაქმებული შტატების ნაკლებობა, ასევე არ იქნა გათვალისწინებული, რომ საქმიანობის პერიოდი, რომელიც შეისწავლა აუდიტორულმა სამსახურმა ძირითადად დაემთხვა „კორონავირუსის“ პანდემიას, მიუხედავად ამისა, სამსახურს ერთი დღითაც არ შეუწყვეტია მუშაობა და ახორციელებდა შემდეგ პროგრამებს: სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარება; კომუნალური გადასახადები; ომის მონაწილე ვეტერანთა და მათი ოჯახების დახმარება; ოჯახებისა და ბავშვების დახმარება; უფასო სასადილო; სოციალური სამრეცხაო; შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა ფულადი დახმარება და სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება; ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსება; სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა; ასი და მეტი წლის ხანდაზმულ პირთა დახმარება და შინმოვლა გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის და ომის ვეტერანის სარიტუალო მომსახურება; ონკო და ლეიკემიით დაავადებული მოქალაქეების დახმარება; სოციალური (ფულადი) დახმარება. ასევე არ ყოფილა გათვალისწინებული სამსახურის მუშაობისათვის საჭირო ინვენტარის არქონა, ნ. ქ-ი-კ-ე 2018, 2019 და 2021 წლებში მოხსენებითი ბარათებით არაერთგზის ითხოვდა თანამშრომლებისათვის კომპიუტერების შეძენას, ვინაიდან მათ რიგრიგობით უწევდათ მუშაობა, ითხოვდა სამუშაო მაგიდებისა და შეხვედრების იზოლირებული ოთახის გამოყოფას. არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ სამი თანამშრომლის შემადგენლობით მოსარჩელის სამსახურმა შესამოწმებელ პერიოდში განიხილა 3500-ზე მეტი განცხადება-წერილი და განკარგა მილიონ ლარზე მეტი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. ქ-ი-კ-ეის დისკრიმინაციის ფაქტის (პოლიტიკური შეხედულებების გამო) დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ იყო წარმოდგენილი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახეზე არ არიან პირები (პირთა ჯგუფები), რომლებიც შეიძლება ჩაითვალონ არსებითად თანასწორად ნ. ქ-ი-კ-ესთან მიმართებით. მოსარჩელე წარმოადგენდა სამსახურის უფროსს, რომლის სამსახურეობრივი პოზიცია მკვეთრად განსხვავდებოდა მასზე დაქვემდებარებული პირების მიერ შესასრულებებლი სამსახურეობრივი მოვალეობებისაგან, განსხვავებული იყო მათი პასუხისმგებლობის ხარისხიც, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს თითოეული მათგანის გადაცდომა შეეძლო განსხვავებულად შეეფასებინა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას დაშვებული იყო გადაცდომები, როგორც სამსახურის საქმიანობის ადმინისტრირების, ისე ფინანსური კუთხით. რაც შეეხება, დისციპლინური გადაცდომის და გამოყენებული პასუხისგებლობის ზომის შეფასებას, მიუხედავად სიმკაცრისა, აღნიშნული არ უნდა ჩათვლილიყო პირის მიმართ განსხვავებულ მოპყრობად, რადგან შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაა, ამასთან, არ არსებობდა განსახილველ შემთხვევაში არსებითად თანასწორი პირი, რომლის მიმართაც განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო დამსაქმებელმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.

ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით ნ. ქ-ი-კ-ეის შუამდგომლობა ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ტყიბულის მუნციპალიტეტის მერს დაევალა ნ. ქ-ი-კ-ეის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების,ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ დაუყოვნებლივ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ი-კ-ეის სასარგებლოდ 3 თვის სახელფასო განაცდურის დაუყონებლივ ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა დამოუკიდებელმა კომისიამ, რომლებმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

შეგებებული სააპელაციო საჩივრით ნ. ქ-ი-კ-ემ მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივი დაკმაყოფილების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2023 წლის 15 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი დამოუკიდებელი კომისიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, ნ. ქ-ი-კ-ეის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ქ-ი-კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2023 წლის 15 ივნისის განჩინება; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინება, რომლითაც კერძო საჩივრის განხილვამდე შეჩერდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს, როგორც მუნიციპალიტეტის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც კოორდინაციასა და კონტროლს უწევს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში შემავალი სხვადასხვა სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, უფლება ჰქონდა მიეღო იმ სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, რომლის საქმიანობის პერიოდში გამოვლინდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. სასამართლოს განმარტებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გათვალისწინებით 6932 ლარი სწორედ მნიშვნელოვან ზიანად უნდა შეფასდეს. საჯარო დაწესებულებისთვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიყენება წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. პალატის მითითებით, გამოვლენილი დარღვევები იყო არაერთჯერადი ხასიათის, არამედ განმეორებადი წლების მანძილზე, დარღვევების გამოსწორებას ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და ნ. ქ-ი-კ-ეის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახური საქმიანობას აგრძელებდა იმავე ხარვეზებით, რაზეც სამსახურს სხვადასხვა რეკომენდაციით მიეთითა. ყოველივე აღნიშნულს კი, შესაძლოა შეექმნა დასაბუთებული ეჭვი, რომ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სათანადოდ ვერ ართმევდა თავს საკუთარ უფლება-მოვალეობებს.

პალატის შეფასებით, ვინაიდან ნ. ქ-ი-კ-ეის ქმედებებში მძიმე დისციპლინური გადაცდომის ნიშნები დადასტურდა, აღნიშნული მის მიმართ შეფარდებული უკიდურესი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე, 98-ე მუხლების დანაწესებისა და ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე, პალატამ განმარტა, რომ მოხელის მიერ საკუთარი ვალდებულებების დარღვევისას ხელმძღვანელმა პირმა უნდა გამოიყენოს ისეთი ზომები, რომელიც გამოასწორებს და გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას. დარღვევის გამოვლენის დროს გამოყენებული უნდა იქნეს პროპორციული რეაგირების მექანიზმი. იმისთვის, რათა სამსახურიდან გათავისუფლება გადაცდომაზე ადეკვატურ, საჭირო, გადაუდებელ და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია არსებობდეს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. განსახილველ შემთხვევაში, პალატის შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანო ნ. ქ-ი-კ-ეის ქმედებებში მძიმე დისციპლინური გადაცდომის ნიშნებს შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით ადასტურებს. ამასთან, მოსარჩელე არ უარყოფს, რომ ამგვარ ქმედებებს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიეცა გამოსწორების შესაძლებლობა, ჰქონდა განმეორებითი ხასიათი, რაც არათუ არ გამორიცხავს დასაქმებულის მიმართ პასუხისმგებლობის უკიდურესი ღონისძიების - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენების შესაძლებლობას, არამედ ქმნის გონივრულ საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პასუხისმგებლობის ნაკლებად მძიმე ზომის გამოყენება იქნებოდა არაეფექტური და საჯარო დაწესებულების გრძელვადიან მიზნებთან შეუსაბამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-ი-კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მოთხოვნები, რამეთუ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ნორმალური ფუნქციონირების შემაფერხებელი გარემოებები. კასატორს პირადი სარგებლის მიღების მიზნით ბიუჯეტის თანხები არ განუკარგავს, მეტიც იგი აღიარებს საკუთარ გადაცდომებს. კასატორი მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცული მტკიცებულებით დასტურდება სხვა სამსახურის თანამშრომლების მიერ უფრო დიდი ოდენობით თანხების არაეფექტური ხარჯვა, რასაც მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ მოჰყოლია. ზემოაღნიშნული შემთხვევაც ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სხვადასხვა პირების მიმართ არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები მიიღო. კასატორის მითითებით, სასამართლომ ცალმხრივად შეაფასა საქმის მტკიცებულები და არ იმსჯელა რამდენად პროპორციული იყო მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა. კასატორი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ დარღვევად მიჩნეულ იქნა, რომ აღრიცხვა დოკუმენტურად ვერ დასტურდებოდა. კასატორი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.07.2018წ. N63 დადგენილების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების პირობების დაცვაზე პასუხისმგებელია შესყიდვების განყოფილება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული განყოფილების უფროსს უნდა დაკისრებოდა დისციპლინური სახდელი. ამასთან, 2019-2021 წლები იყო პანდემია, რომელ პერიოდშიც, ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმების შემთხვევაში შესაძლოა აღმოჩნდეს გარკვეული ხარვეზები. კასატორს პირადი სარგებლის მიღების მიზნით გადაცდომა არ ჩაუდენია, ქმედებები იყო არაგანზრახი ხასიათის, რაც თავის მხრივ გამოიწვია მის მიერ კანონმდებლობის არასწორმა აღქმამ.

2024 წლის 18 ივნისს ნ. ქ-ი-კ-ეის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 6.05.2022წ. განჩინებით, ნ. ქ-ი-კ-ეის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; ტყიბულის მერიას (მერს) აეკრძალა ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების რანგის ...ის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. კასატორისთვის 12.06.2024წ. ცნობილი გახდა, რომ "ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა რანგირება, თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N15 დადგენილებაში შევიდა ცვლილება. დადგენილების "ა" პუნქტის მე-4 ნაწილით გაუქმდა ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახური, ხოლო ამავე პუნქტის მე-5 ნაწილის მიხედვით შეიქმნა ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური. შესაბამისად, 2024 წლის 6 ივნისს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნ. ქ-ი-კ-ეის სადაო პოზიციაზე კვლავ გამოცხადდა კონკურსი. ამდენად, კასატორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლზე მითითებით მოითხოვა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ...ის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნის აკრძალვა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ქ-ი-კ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ი-კ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს: 1. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და მათ საფუძვლად არსებული დისციპლინური საქმისწარმოების დამოუკიდებლად განმახორციელებელი კომისიის დასკვნის კანონიერება; 2. მოსარჩელის ჯანმრთელობის და სოციალური მომსახურების სამსახურის ის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 3. მოსარჩელის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და აღნიშნული საფუძვლით მორალური ზიანის მოპასუხისთვის (ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის) ანაზღაურების დაკისრება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 15 იანვრის №15 ბრძანებით ნ. ქ-ი-კ-ე დაინიშნა ქ. ტყიბულის ტერიტორიული ორგანოს ...ად. 2014 წლის 11 აგვისტოს №810 ბრძანებით, იგი დაინიშნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ...ს თანამდებობაზე. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 28 ივნისის №47856 ბრძანებით მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობას ეწოდა პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის - .... ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 1 სექტემბრის №471335 ბრძანებით, ნ. ქ-ი-კ-ეის მიერ დაკავებულ პოზიციას ეწოდა ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ...ის თანამდებობა.

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების და რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის №12 დადგენილებით, ნ. ქ-ი-კ-ეის მიერ დაკავებულ თანამდებობას ეწოდა ჯანმრთელობის და სოციალური მომსახურების სამსახურის ...ი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 6 აგვისტოს №ბ74.74212183 ბრძანებით ცვლილება შევიდა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის შიდა აუდიტორიული შემოწმების 2021 წლის წლიური გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 11 დეკემბრის №471885 ბრძანებაში. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2021 წლის 9 სექტემბერს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა დაიწყო ტყიბულის მუნიციპალტეტის მერიის „ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის“, 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საქმიანობის შესწავლა. შემოწმების შედეგად მომზადდა აუდიტორული ანგარიში, რომელთან დაკავშირებითაც შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს მოსარჩელემ წარუდგინა შენიშვნები.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 31 მარტის №ბ.74.7422090001 ბრძანებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს ნ. ქ-ი-კ-ეს ჩადენილი მძიმე დისციპლინური გადაცდომისათვის, რამაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა, შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება. ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი დამოუკიდებელი კომისიის 2022 წლის 25 მარტის დასკვნა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი დამოუკიდებელი კომისიის 2022 წლის 25 მარტის დასკვნის თანახმად, ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში ცალკეულ შემთხვევებში არ ხდებოდა დოკუმენტების სრუყოფილად შედგენა/შენახვა, სათანადო ყურადღება არ ექცეოდა დოკუმენტების გაფორმების სიზუსტეს და შემდგომ მათ კონტროლს; სამსახურის მიერ შემუშავებული ადგილობრივი ბიუჯეტის სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების ქვეპროგრამის (კოდი 06 02 01) მე-3 პუნქტით ირღვეოდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი. კერძოდ, ადგილობრივ ჰოსპიტალს ჰქონდა უპირატესობა სხვა სამკურნალო დაწესებულებებთან შედარებით, 0-5 წლამდე ბავშვებსა და ასაკის პენსიონერებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების კუთხით, ეზღუდებოდათ უფლება ემკურნალათ მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში. მუნიციპალური სოციალური პროგრამების წესის თანახმად, საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებების არამართებულად აღქმის შედეგად წლების მანძილზე ზარალდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტი; განსაკუთრებით აღსანიშნავია სამედიცინო დახმარების პროგრამის განხორციელებისას ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი. ზარალის დათვლისას კომისიამ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციისა და შესწავლილი საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე გაითვალისწინა აუდიტორული ანგარიშის მომზადების შემდეგ წარდგენილი დოკუმენტაციაც, რის შედეგად სამედიცინო დახმარების პროგრამის განხორციელებისას მიყენებული ზარალი შემცირდა და შეადგინა - 6932 ლარი.

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

დისკრიმინაციას კრძალავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაც, რომლის მე-14 მუხლის მიხედვით, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება განაპირობებული იყო დისკრიმინაციული ნიშნით - განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმის გამო, რადგან სხვა წინაპირობა მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტისათვის ამ განცხადებების გაკეთებამდე არ არსებობდა. მით უფრო, იგი სარგებლობდა ხელმძღვანელობის პატივისცემითა და მოწონებით. ამასთან, მოსარჩელის შეფასებით, პოლიტიკური შეხედულებების გამო დისკრიმანაციულ მოპყრობას ადასტურებს ისიც, რომ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ასახულ ფინანსურ დარღვევებს, რაც მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას და შემდგომ სამსახურიდან გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, არცერთ სხვა ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი პირის მიმართ არათუ სამსახურიდან გათავისუფლება, არამედ დისციპლინური წარმოების დაწყებაც კი არ მოჰყოლია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის №85/36 ანგარიშით სხვა პირების მიმართ გამოვლენილი იქნა გაცილებით მძიმე დარღვევები.

დისკრიმინაციასთან მიმართებით მტკიცების ტვირთის განაწილების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლი, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის განმარტებები არ არის გამყარებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს შექმნიდა. ნ. ქ-ი-კ-ეის შემთხვევაში პირთა წრე, ვისთან შედარებითაც მოხდა განსხვავებული მოპყრობა, რომელიმე იმ ნიშნის გამო, რაც ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად დისკრიმინაციად მიიჩნევა, სახეზე არაა. განსხვავებული მოპყრობის დასადასტურებლად იმ პირებზე მითითება კი, რომლებიც ანალოგიური ან უფრო მძიმე დარღვევების გამო, არ დაექვემდებარნენ შესაბამის პასუხისმგებლობის ზომებს, დისკრიმინაციული მოპყრობის დამადასტურებელად ვერ მიიჩნევა. ამდენად, არ არსებობს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და აღნიშნული საფუძვლით მოპასუხისათვის ნ. ქ-ი-კ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილია მოხელის დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალი, კერძოდ, ესენია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.

ზემოაღნიშნული კანონის 93-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ. ხსენებული 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაა სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე კანონის 97-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე. ამავე კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, დისციპლინური გადაცდომისათვის, საჯარო მოხელესთან მიმართებაში შესაბამისი ზემოქმედების ზომის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით და წესით. ამასთანავე, დისციპლინური გადაცდომის გამოვლენასთან დაკავშირებული პროცედურის სრულყოფილად ჩატარების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო წესრიგის, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირის უფლების დაცვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარეობს ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. სავარაუდო გადაცდომა, თავისი შინაარსით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნებს. საჯარო მოხელისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადასტურდეს შესაბამისი დარღვევის შემცველი ფაქტების არსებობა. ამასთანავე, „..სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას..“ (სუს 2020 წლის 28 მაისის №ბს-623(კ-19) განჩინება).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნ. ქ-ი-კ-ეის მიერ ჩადენილ ქმედებათა შინაარსზე. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა დამოუკიდებელმა კომისიამ მოკვლეული მასალების საფუძველზე ტყიბულის მუნიციპალტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის საქმიანობის შესწავლისას დაადგინა: 1. სამსახურს აუდიტის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა შემუშავებული მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესი, რომელშიც სრულყოფილად და დეტალურად იქნებოდა აღწერილი ყველა განსახორციელებელი პროგრამა, განსაზღვრული იქნებოდა ამ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები და ის დოკუმენტები, რომელიც უნდა წარმოადგინოს დახმარების მაძიებელმა; 2. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის არასრულყოფილების შემთხვევაში, როდესაც წარმოდგენილი კალკულაციით ვერ დგინდებოდა შესრულებული სამუშაოს სრული ღირებულება, იყო შემთხვევები, როცა სამსახური არ აზუსტებინებდა სამედიცინო დაწესებულებას მის მიერ ჩატარებული სამუშაოების მოცულობასა და ღირებულებას. შესრულებული სამუშაოს დაზუსტებული ღირებულებიდან არ ახდენდა თანადაფინანსების განხორციელებას, რითაც ზარალდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტი; 3. უფასო სასადილოს ბენეფიციართა აღრიცხვა არ ხდებოდა, რაც ცალკეულ შემთხვევებში იწვევდა ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვას. სააღრიცხვო ჟურნალის წარმოება არ იწყებოდა წლის დასაწყისიდან და კვებითი მომსახურების დაწყებასთან ერთად. ასევე, სამსახურში გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ უფასო სასადილოს ბენეფიციარების აღრიცხვისა და გამოცხადების თაობაზე მონიტორინგი დოკუმენტურად ვერ დასტურდება; 4. სამსახურის მიერ ,,შინმოვლის სერვისში“ ჩართულ პირთა მონიტორინგის შედეგები დოკუმენტურად არ დასტურდებოდა, მაგალითად, ბენეფიციარებზე საკვები პროდუქტების გადაცემის დროს არ დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტები; 5. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით“ გაწეული დახმარებისას სამსახურის მიერ სრულყოფილად არ იყო ბენეფიციარის დოკუმენტები შესწავლილი, კერძოდ ქვეპროგრამის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენდა, რომ ორივე მშობელი და შვილები რეგისტრირებული უნდა იყვნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ასევე დაემატა მოთხოვნა, რომ სავალდებულოა დახმარების მიმღები მრავალშვილიანი ოჯახის ორივე მშობელი რეგისტრირებული და მცხოვრები იყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში. წლის განმავლობაში ისე იყო გაცემული დახმარებები, რომ ტყიბულში ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ რაიმე დამადასტურებელი ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. სამსახურის წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე ხდებოდა ზემოაღნიშნული ფაქტის დადასტურება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბაზიდან წარმოდგენილ ცნობაში არ არის დაფიქსირებული ერთ-ერთი მშობლის მონაცემები; 6. 2020 და 2021 წლებში გარდაცვლილი დევნილის და ომის ვეტერანის სარიტუალო მომსახურების პროგრამით ერთჯერადი ფინანსური დახმარება ისე გაიცემოდა, რომ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსაზღვრული არ იყო დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი; სამსახურის მიერ არასრულყოფილად იყო შედგენილი ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესი; 7. ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში ცალკეულ შემთხვევებში არ ხდებოდა დოკუმენტების სრულყოფილად შედგენა/შენახვა, სათანადო ყურადღება არ ექცეოდა დოკუმენტების გაფორმების სიზუსტეს და შემდგომ მათ კონტროლს; 8. სამსახურის მიერ შემუშავებული ადგილობრივი ბიუჯეტის სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების ქვეპროგრამის (კოდი 06 02 01) მე-3 პუნქტით ირღვეოდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი. ადგილობრივ ჰოსპიტალს ჰქონდა უპირატესობა სხვა სამკურნალო დაწესებულებებთან შედარებით, 0-5 წლამდე ბავშვებსა და ასაკით პენსიონერებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების კუთხით, ეზღუდებოდათ უფლება ემკურნალათ მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში. 9. ონკოლოგიურ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ გამოკვლევები, სამსახური დახმარებაზე უარს ეუბნებოდა იმ მოტივით, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამის და სოციალური დახმარების გაცემის წესი არ ითვალისწინებდა გამოკვლევების დაფინანსებას, გარდა კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბიოფსიისა. ზემოთმითითებული წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილია ის სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც არ ფინანსდება სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამით, ამ ჩამონათვალში გამოკვლევები არ შედიოდა. შესაბამისად, დახმარებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა და სამსახურს ონკოლოგიური პაციენტებისთვის ისევე უნდა გაეწია დახმარება კვლევებზე (კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბიოფსიის ჩათვლით), როგორც აფინანსებდა გამოკვლევებს სხვა დაავადების მქონე ბენეფიციარების შემთხვევებში. 10. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №75 დადგენილებით დამტკიცებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად - „სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ“. საკრებულოს მიერ დადგენილი ამ ნორმის მიუხედავად იყო შემთხვევები, როცა ბენეფიციარს წელიწადში რამდენჯერმე ჰქონდა დახმარება გაწეული. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით სამსახურის მიერ ჯამში გაცემულია 4900 ლარის ადმინისტრაციული დაპირება. ამ დაპირებების შედეგად ადგილობრივი ბიუჯეტი დაზარალდა 4350 ლარით. ძირითადად, სამედიცინო დაწესებულების მიერ, პაციენტისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების საორიენტაციო ღირებულების საფუძველზე ხდება ადმინისტრაციული დაპირების გაცემა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს კალკულაციის შედეგად წარმოდგენილი სამედიცინო მომსახურებების ღირებულება არ ემთხვეოდა წინასწარ, ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების საორიენტაციო ღირებულებას. ასეთ შემთხვევებში სამსახური ხშირად სამედიცინო დაწესებულებას უნაზღაურებდა მომსახურების ღირებულებას ფაქტობრივად გაწეული სამუშაოების მიხედვით და არა ადმინისტრაციული დაპირების მიხედვით, თუმცა იყო შემთხვევები, როცა სამსახური ანალოგიური მიდგომით არ ხელმძღვანელობდა. ზემოაღწერილ შემთხვევებში ზარალდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტი. ამ ტიპის უყურადღებობით 2019 წელში ადგილობრივი ბიუჯეტი დაზარალდა 868,23 ლარით; 11. 2021 წელში იყო შემთხვევები, როცა სამსახურს უნდა ესარგებლა 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტის სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების ქვეპროგრამის (კოდი 06 02 01) პირველი პუნქტით, უნდა მოეთხოვა განმცხადებლისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი და მათ შესაბამისად მოეხდინა ადმინისტრაციული დაპირების გაცემა. ფაქტობრივად სამსახურმა ისარგებლა სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების ქვეპროგრამის (კოდი 06 02 01) მე-2 პუნქტით და ადმინისტრაციული დაპირება გასცა მთლიან მკურნალობაზე პაციენტის გადასახდელი თანხის 50%-ის ოდენობით, რითაც დაზარალდა ადგილობრივი ბიუჯეტი სამედიცინო დახმარების პროგრამის განხორციელებისას მიყენებული ზარალი განისაზღვრა 6932 ლარით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 11 აგვისტოს №13 დადგენილებით დამტკიცებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების“ მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობებია: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი, დამატებითი და პროფესიული განვითარებისთვის შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; თ) შეიმუშავებს და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტებს; ი) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე; კ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; ლ) ასრულებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტებით ან დავალებით მინიჭებულ კონკრეტულ უფლებამოსილებებს; მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკასაციო სასამართლო ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად განმარტავს, რომ ნ. ქ-ი-კ-ეეს, როგორც სამსახურის ხელმძღვანელს გააჩნდა ფართო სპექტრის უფლებამოსილებები, მას გააჩნდა ვალდებულება მასზე დაქვემდებარებული სამსახურის საქმიანობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესების განუხრელი დაცვით ეწარმოებინა. "საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, მოხელის თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითოეულ კარიერულ საფეხურს და ნაწილდება იერარქიულ რანგებში. იერარქიულ რანგებში მოხელეთა თანამდებობები ნაწილდება თითოეული თანამდებობის ფუნქციების შესაბამისი შემდეგი ფაქტორების მიხედვით: ა) პასუხისმგებლობა; ბ) მოვალეობათა შესრულების სირთულე; გ) კომპეტენციები; დ) აუცილებელი კვალიფიკაცია; ე) სამუშაო გამოცდილება. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს მოხელეთა თანამდებობების დასახელებებს, იერარქიულ რანგებში განაწილების უნიფიცირებულ წესს და შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიულ ჩამონათვალს. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ...ის პოზიცია წარმოადგენს პირველ რანგს ანუ მაღალ მმართველობით დონეს, მაღალი მმართველობითი დონე, სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია თავის თავში გულისხმობს სწორედ სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სფეროს ზედამხედველობას და კოორდინაციაზე პასუხისმგებლობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ქ-ი-კ-ემ ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომები, რითაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე, ზიანი მიადგა საჯარო ინტერესს, საჯარო დაწესებულების რეპუტაციას, იმდენად რამდენადაც, დასკვნაში დარღვევათა ჩამონათვალი არის საკმაოდ ვრცელი და კასატორის კეთილსინდისიერი მუშაობის შემთხვევაში ეს დარღვევები მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რამაც გამორიცხა ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების შესაძლებლობის განხილვა, მით უფრო, რომ მოსარჩელეს მაღალი რანგის თანამდებობიდან გამომდინარე, მოეთხოვებოდა დაეცვა საჯარო მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი.

სადისციპლინო კომისიამ დაადგინა არაერთი დარღვევა, რომლებიდანაც იკვეთება ნ. ქ-ი-კ-ეის არასათანადო დამოკიდებულება დაკავებული თანამდებობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, მისი ზერელე დამოკიდებულება საქმისადმი, რამაც ასევე რეპუტაციული ზიანი მიაყენა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორი აღიარებს მისი საქმიანობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტს. შესაბამისად, სახეზეა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 85-ე მუხლის პირველი პუნქტის როგორც „ა“ ასევე „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა და ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება. კასატორი აცხადებს, რომ ქმედებების გაუფრთხილებლობითი ხასიათისა და კანონის არასწორი აღქმის გამო მის მიმართ მკაცრი პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება გამოირიცხება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3.2 მუხლის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველი. ნ. ქ-ი-კ-ეის მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი რეგულაციების დარღვევით სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებამ გამოიწვია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური ზარალი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად კასატორის მიერ ჩადენილი ქმედებები მისი ხასიათიდან გამომდინარე, მძიმე დისციპლინურ გადაცდომად უნდა იქნეს მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება გადაცდომაზე ადეკვატურ, საჭირო, გადაუდებელ და პროპორციულ ღონისძიებად მიჩნევისათვის, აუცილებელია არსებობდეს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაშია მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან. საქმეზე არ დასტურდება ნ. ქ-ი-კ-ეის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შეუსაბამობა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების სიმძიმესთან. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონით დადგენილ ფარგლებში და გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევის პროპორციული ღონისძიება. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პასუხისმგებლობის ნაკლებად მძიმე ზომის გამოყენება საჯარო დაწესებულების გრძელვადიან მიზნებთან შეუსაბამო და არაეფექტური იქნებოდა. ამდენად, ნ. ქ-ი-კ-ეს პასუხისმგებლობის ზომის სახით მართებულად განესაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლება, რის გამოც არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები მისი თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ 18.06.2024წ. წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში არარელევანტურია კასატორის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების საკითხის განხილვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ქ-ი-კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა