საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1118(2კ-22) 3 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
კასატორი (მესამე პირი ასკ 16.2) - თ. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც. თ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 20 ივნისს ც. თ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 6 მარტის №389 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილების (თბილისში, ...ის ტერიტორიაზე, ...ის ...აში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე) და საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა თ. ჩ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 6 მარტის №389 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება თ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების მოწმობა და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევისა და სათანადო შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 6 მარტის №389 გადაწყვეტილება თბილისში, ...ი 2-ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე (პუნქტი 4.6). სასამართლოს მსჯელობით, მითითებული გადაწყვეტილების საფუძვლად წარმოებული ადმინისტრაციული საქმის მასალებით არ ირკვევა, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას რამდენად ჰქონდა სათანადო საფუძველი, დაედგინა, რომ მიწის ნაკვეთზე თ. ჩ-ის უფლების აღიარება არ ეწინააღმდეგებოდა ამ ნაკვეთზე სხვა პირის უფლებას. მიუთითა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად ვერ იქნება მიჩნეული კერძო პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტები), მართლზომიერი მფლობელობისა და მისგან გამომდინარე უფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და მესამე პირის - თ. ჩ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ დოკუმენტებზე, რომლის თანახმად, სადავო გადაწყვეტილების საფუძველზე თ. ჩ-ის საკუთრებად დარეგისტრირებული N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე N... საკადასტრო კოდის 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ბ. ნ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია ამხანაგობა თბილისის ...ის კოლექტიური მებაღეობის გამგეობის 1990 წლის 27 სექტემბრის N21 მებაღის წიგნაკის საფუძველზე (მებაღის წიგნაკი №21 - ტომი II. ს.ფ. 289-293, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №... წერილი - ტომი I. ს.ფ. 239- 240, საკადასტრო რუკა - ტომი II. ს.ფ. 207). აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, სადავო მიწის ნაკვეთი ხომ არ იყო უკვე გამოყოფილი სხვა პირის (პირების) მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ არ იყო გამოკვლეული და დადგენილი სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული მიტოვებული საცხოვრებელი სახლის ნანგრევები როდის შეიძლება ყოფილიყო აშენებული და ვის მიერ. სასამართლოს მსჯელობით, აღნიშნული მოკვლევა ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას დაედგინა ვინ ახორციელებდა მფლობელობას სადავო მიწის ნაკვეთზე და რა სტატუსით.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული პირების განმარტებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისში, ...ი 2-ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის თ. ჩ-ის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტის და მისგან გამომდინარე უფლების დადგენამდე უნდა იქნეს გამოკვლეული აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ც. თ-ის უფლების არსებობის ფაქტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მხოლოდ ამ გამოკვლევის შედეგებიდან გამომდინარე შემდგომ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება თ. ჩ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და თ. ჩ-ის მიერ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ც. თ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და არსებითად სადავო გარემოებად მიიჩნევს, წარმოადგენდა თუ არა თ. ჩ-ის მიერ კანონის დანაწესის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტები თვითკმარ საფუძველს, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თ. ჩ-ის მხრიდან სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, ზემოხსენებული ნორმების დანაწესის შესაბამისად მითითებული დოკუმენტები, თ. ჩ-ის მიერ სათანადო წესით იქნა წარდგენილი კომისიაზე. მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ, კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, თ. ჩ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, 2005 წლის ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღება) დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისი, ...ი 2-ის ტერიტორია) შემოღობილია და მასზე განთავსებულია შენობა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
კასატორის მსჯელობით, ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, სადავო გადაწყვეტილების საფუძველზე თ. ჩ-ის საკუთრებად დარეგისტრირებული N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე N... საკადასტრო კოდის 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ბ. ნ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია ამხანაგობა თბილისის ...ის კოლექტიური მებაღეობის გამგეობის 1990 წლის 27 სექტემბრის N21 მებაღეობის წიგნაკის საფუძველზე, ცალსახად ვერ ადასტურებს ც. თ-ის მოსაზრება მასზე, რომ სადავო გადაწყვეტილებით თ. ჩ-ისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საბაღე მიწის ნაკვეთს, რომელიც შესაბამის მებაღეობის წევრზე განაწილდა. წარმომადგენელი არ იზიარებს სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ თ. ჩ-ის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტისა და მისგან გამომდინარე უფლების დადგენამდე გამოკვლეულ უნდა იქნეს სადავო მიწის ნაკვეთზე ც. თ-ის (როგორც მებაღის წიგნაკის მფლობელის) უფლების არსებობის ფაქტი. ასევე არ იზიარებს იმ მსჯელობას, რომ საკითხის გადაწყვეტაზე კომპეტენტური საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, დაინტერესებული პირის განცხადების განხილვის გზით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება კომისიის მიერ. მითითებული მსჯელობის საპირწონედ, კასატორი საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ც. თ-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, ხოლო ც. თ-ის მიერ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება მიჩნეული იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებულ აღიარების წესზე და სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მებაღის წიგნაკი წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ - ერთ დოკუმენტს. აპელირებს საქმეში წარმოდგენილ 1980 წელს გაცემულ N22 მებაღის წიგნაკზე, რომლითაც დადგენილად მიიჩნევს, რომ ც. თ-ე მიღებულია ამხანაგობის წევრად 1987 წლის 15 თებერვალს (ოქმი N3), რომელსაც გადაეცა ბაღის ნაკვეთი, ფართით 600 კვ.მ. საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მებაღის წიგნაკში შეტანილია არასრულყოფილი მონაცემები, კერძოდ, არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომლის მიხედვითაც დადასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, (მდებარე - ქ. თბილისი, ... ...ის ტერიტორია, ...ის ...ა 2), წარმოადგენს ზემოაღნიშნული მებაღის წიგნაკში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა ც. თ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაუფლების, მფლობელობისა და მფლობელობის უწყვეტად გაგრძელების ფაქტი. მითითება მხოლოდ მასზე, რომ თ. ჩ-ის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირებულია ბ. ნ-ის საკუთრების უფლება მებაღის წიგნაკის საფუძველზე და აღნიშნულის საფუძვლით, სადავო მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია იკვეთებოდეს ც. თ-ის უფლების არსებობის ფაქტი, კასატორს დაუსაბუთებლად და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიაჩნია.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით (მუხლი 19) დაცულ საკუთრების უფლებაზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული - კომისიის 2014 წლის 6 მარტის N389 საოქმო გადაწყვეტილება თავისი არსით წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. წარმომადგენლის მსჯელობით, ვინაიდან, თ. ჩ-მა უშუალოდ გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელა სხვადასხვა სახის იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა ემსჯელა სადავო საკითხზე კანონიერი ნდობის გათვალისწინებით. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი - თ. ჩ-ი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-5 მუხლებზე, სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებულ საკუთრების უფლების აღიარების წესზე და განმარტავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტები და მასზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა მიღებული გადაწყვეტილება რომლითაც საკუთრებაში გადაეცა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი მისამართზე: ...ი 20-ს ...ა, საკადასტრო კოდით N....(06.03.2014წ. ოქმი N389 და 10.07.2014 წლის N406 ოქმი). კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა წარდგენილ მტკიცებულებებს, იმ პირობებში როდესაც კანონიერი ნდობა ჰქონდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიმართ, რომელიც წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯელობის გარეშე დატოვა თ. ჩ-ის მხრიდან კანონიერი ნდობის საკითხი და არასწორი შეფასება მისცა წარდგენილ მტკიცებულებებს. ამდენად, საჩივრის ავტორი ითხოვს ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის და 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და თ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და თ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები. ამავე განჩინებით დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ - სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2013 წლის 28 ნოემბერს თ. ჩ-მა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქალაქ თბილისში, ...ი 2-ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განცხადებაში მიეთითა, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 2005 წლიდან დაიკავა თვითნებურად, შემოღობა და ამავე წელს ააშენა სახლი. განცხადებასთან ერთად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარედგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ფოტომასალა და მოწმეების - გ. ფ-ის, ო. შ-ისა და პ. წ-ის, როგორც თ. ჩ-ის მეზობლების მიერ სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერებით დადასტურებული განცხადება, რომლის მიხედვით, თ. ჩ-ი 2005 წლიდან სარგებლობდა ქალაქ თბილისში, ...ი 2-ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის №385 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის 2013 წლის 28 ნოემბრის განცხადების განხილვა გადაიდო იმ საფუძვლით, რომ წარსადგენი იყო მეზობლის ო. შ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, ამასთან, არსებობდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების საჭიროება.
დადგენილია, რომ თ. ჩ-მა 2014 წლის 25 თებერვალს კომისიას წარუდგინა ო. შ-ის განცხადება, რომლითაც ო. შ-ი ადასტურებდა, რომ თ. ჩ-ი 2005 წლიდან სარგებლობდა ქალაქ თბილისში, ...ი 2-ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთით. აღნიშნულ განცხადებაზე განმცხადებლის ხელმოწერის სინამდვილე დადასტურებულია სანოტარო წესით.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის 2014 წლის 4 მარტს წარდგენილი მოხსენებითი ბარათის თანახმად, განხორციელდა ქალაქ თბილისში, ...ი 2-ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება, რომლითაც დადგინდა, რომ მიწა იყო შემოღობილი მავთულბადით, მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა თ. ჩ-ი, უძრავ ნივთში შეყვანილი იყო ელექტრო ენერგია და წყალი და ოჯახი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 6 მარტის №389 საოქმო გადაწყვეტილებით, თ. ჩ-ის მიერ აღიარებამოთხოვნილ ქალაქ თბილისში, ...ი 2-ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და მასზე საკუთრების უფლება უღიარდა თ. ჩ-ს.
დადგენილია, რომ 2014 წლის 23 მაისს გაიცა საკუთრების N9575 მოწმობა. კომისიის 2014 წლი 10 ივლისის №406 საოქმო გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის 2014 წლის 30 ივნისის N14/8193 განცხადების საფუძველზე, დაკორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით შეიცვალა კომისიის 2014 წლის 6 მარტის №389 საოქმო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 13 იანვრის №420 საოქმო გადაწყვეტილებით, თ. ჩ-ის №14/459 განცხადების საფუძველზე დაკორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეიცვალა კიდევ ერთხელ ახალი დაკორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით. კომისიის 2014 წლის 23 მაისის N9575 საკუთრების მოწმობის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე თ. ჩ-ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 თებერვლის N... გადაწყვეტილებით.
განსახილველ საქმეში სადავო საკითხს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 6 მარტის №389 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერება წარმოადგენს. შესაბამისად, შეფასების საგანს წარმოადგენს მესამე პირის (16.2) სტატუსით მყოფი თ. ჩ-ის (კასატორი) მიერ, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში. მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს აღნიშნულ კანონში გამოყენებულ ტერმინებზე, კერძოდ, მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწად მიიჩნევა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობანაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა - ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა - ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწისა.
რაც შეეხება დაინტერესებული პირის განსაზღვრებას, კანონის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტით კანონმდებელმა განმარტა, რომ დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
განსახილველი დავისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლზე, რომლის პირველ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. მუხლის მეორე პუნქტით და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით" დადგენილი იქნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, რომლის განსაზღვრის შემთხვევაში აღიარების კომისია კოლეგიური უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში, საკითხზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო პალატა დეტალურად მიუთითებს შემხებლობაში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ მესამე პირის (16.2) თ. ჩ-ის მიერ, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ მტკიცებულებებზე და კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შეაფასებს აღნიშნული მტკიცებულებები რამდენად წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ც. თ-ის მიერ ყურადღებაგამახვილებულ მტკიცებულებაზე - N22 მებაღის წიგნაკზე რომელიც, მისივე განმარტებით, შესაძლებელია მიჩნეული იქნეს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი. მითითებული დოკუმენტების შეფასებით დადგინდება სადავო პერიოდში მოქმედი სამართლებრივი რეჟიმის პირობებში, რამდენად ლეგიტიმური იყო ც. თ-ის მოთხოვნა თ. ჩ-ი საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე.
საქმის მასალებით საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 28 ნოემბერს თ. ჩ-მა განცხადებით მიმართა აღიარების კომისიას თბილისში, ...ი 2-ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განცხადებაში მიეთითა, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა 2005 წლიდან, შემოღობა და ამავე წელს ააშენა სახლი. განცხადებასთან ერთად კომისიას წარედგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ფოტომასალა და მოწმეების - გ. ფ-ის, ო. შ-ისა და პ. წ-ის, როგორც თ. ჩ-ის მეზობლების მიერ სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერებით დადასტურებული განცხადება, რომლის თანახმად, თ. ჩ-ი 2005 წლიდან სარგებლობდა ქალაქ თბილისში, ...ი 2-ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთით. დადგენილია, რომ აღნიშნული განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის №385 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თ. ჩ-ის 2013 წლის 28 ნოემბრის განცხადების განხილვა გადაიდო იმ საფუძვლით, რომ წარსადგენი იყო მეზობლის ო. შ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, ამასთან მიეთითა, რომ არსებობდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების საჭიროება. დადგენილია, რომ 2014 წლის 25 თებერვალს თ. ჩ-ის მიერ კომისიას წარედგინა ო. შ-ის განცხადება, რომლითაც დაადასტურა ქალაქ თბილისში, ...ი 2-ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის თ. ჩ-ის მიერ 2005 წლიდან სარგებლობის ფაქტი, ხოლო განცხადებაზე განმცხადებლის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებული იქნა მოთხოვნისამებრ სანოტარო წესით. რაც შეეხება კომისიისთვის 2014 წლის 4 მარტს წარდგენილ მოხსენებით ბარათს აღნიშნულით განხორციელდა ქალაქ თბილისში, ...ი 2-ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და დადგინდა, რომ მიწა იყო შემოღობილი მავთულბადით, მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა თ. ჩ-ი, უძრავ ნივთში შეყვანილი იყო ელექტრო ენერგია და წყალი და ოჯახი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას.
საკასაციო საჩივრის ავტორთა მსჯელობის გაზიარებით, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. იმ პირობებში, როდესაც თ. ჩ-ის მიერ, აღიარების კომისიაში განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა სადავო პერიოდში მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა მტკიცებულება, კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ფოტომასალა, მოწმეების მიერ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, კანონი მიზნებიდან გამომდინარე ცალსახად მართებულია ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 6 მარტის №389 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება თ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და კომისიის 2014 წლის 23 მაისის N9575 საკუთრების მოწმობა.
რაც შეეხება ც. თ-ის მიერ საქმეში წარმოდგენილ N22 მებაღის წიგნაკს, მხარე მიუთითებს, რომ სადავო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თბილისში, ...ი 2-ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი მას გადაეცა, როგორც ...ის კოლექტივის მიერ შექმნილი მებაღეობის წევრს. მისივე მითითებით, 1987 წელს მიწის ნაკვეთზე უკვე აშენებული იყო კაპიტალური ნაგებობა მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ, რაც უკანონოდ მიითვისა თ. ჩ-მა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მთავარ არგუმენტად მიუთითეს ის გარემოება, რომ სადავო გადაწყვეტილების საფუძველზე, თ. ჩ-ის საკუთრებად დარეგისტრირებული N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, N... საკადასტრო კოდის 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ბ. ნ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია სწორედ ამხანაგობა თბილისის ...ის კოლექტიური მებაღეობის გამგეობის 1990 წლის 27 სექტემბრის N21 მებაღის წიგნაკის საფუძველზე (მებაღის წიგნაკი №21 - ტომი II. ს.ფ. 289-293, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №... წერილი - ტომი I. ს.ფ. 239- 240, საკადასტრო რუკა - ტომი II. ს.ფ. 207). აღნიშნულის გათვალისწინებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, სადავო მიწის ნაკვეთი ხომ არ იყო უკვე გამოყოფილი სხვა პირის (პირების) მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი 1980 წელს გაცემულ N22 მებაღის წიგნაკით ც. თ-ე მიღებულია ამხანაგობის წევრად 1987 წლის 15 თებერვალს (ოქმი N3), რომელსაც გადაეცა ბაღის ნაკვეთი, ფართით - 600 კვ.მ. მებაღის წიგნაკში არ არის მითითებული მონაცემები, კერძოდ, არ არის ასახული მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომლის მიხედვითაც დადასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (მდებარე - ქ. თბილისი, ... ...ის ტერიტორია, ...ის ...ა 2) წარმოადგენს ზემოაღნიშნული მებაღის წიგნაკში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურს. შესაბამისად, საკუთრების უფლების გაუქება, იმ დოკუმენტზე მითითებით, რომელიც ვერ ადასტურებს ც. თ-ის უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე, დაუსაბუთებლად არღვევს თ. ჩ-ის საკუთრების უფლების არსს.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულ იქნა კანონის სრული დაცვით და ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება აქტების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
რაც შეეხება კასატორის (მესამე პირი ასკ 16.2) თ. ჩ-ის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საკითხს სადავო აქტის აღმჭურველი ხასიათის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავოდ გამხდარი აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, რომლის მიმართ მხარეს გააჩნია კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობა კი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. იგი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომის და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2).
განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებია საქმეში არსებული დოკუმენტაცია ერთობლიობაში წარმოადგენდა თუ არა ც. თ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 6 მარტის №389 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილების (თბილისში, ...ის ტერიტორიაზე, ...ის ...აში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე) ბათილად ცნობის საკმარის მტკიცებულებებს. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევა, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობისა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მოპასუხისათვის ხელახალი განხილვის დავალების დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საქმის მასალების, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის, კასატორთა მოსაზრებების ურთიერთშეჯერებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ც. თ-ის უფლების დარღვევას ადგილი არ აქვს, რამეთუ ვერ ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთზე - ქალაქ თბილისში, ...ი 2-ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების უკეთეს უფლებას. შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა მიუთითებს 2022 წლის 22 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ თ. ჩ-ის განცხადებაზე და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 17 ნოემბრის SS 4 22 00548811 ცნობაზე, სადაც მითითებულია, რომ 2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით თ. ჩ-ი რეგისტრირებულია სახელმწიფო გასაცემლის მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში როგორც სოციალური პაკეტის მიმღები, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით. ცნობის თანახმად, სახელმწიფო გასაცემლის ოდენობა შეადგენს თვეში 140 (ას ორმოც) ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი ითხოვს 2022 წლის 3 ნოემბრის საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 02 ნოემბერს გადახდილი (გადამხდელი ა. პ-ი) სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის უკან დაბრუნებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე კოდექსის 37-ე მუხლიდან გამომდინარე კი, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სახელმწიფო ბაჟი კი მიეკუთვნება სასამართლო ხარჯებს.
საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების და შესაბამისად ც. თ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ც. თ-ის სარჩელზე ი. ქ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად; ც. თ-ეს (პ/ნ ...) თ. ჩ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარზე (გადამხდელი მ. ც-ი პ/ნ ...) 12.03.2021 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება; თ. ჩ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს 02.11.2022 წელს N14980085627 საგადახდო დავალებით ა. პ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და თ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ც. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ც. თ-ის სარჩელზე ი. ქ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. ც. თ-ეს (პ/ნ ...) თ. ჩ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისროს თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარზე (გადამხდელი მ. ც-ი პ/ნ ...) 12.03.2021 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
6. თ. ჩ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 02.11.2022 წელს N14980085627 საგადახდო დავალებით ა. პ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე