Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-195(კ-22) 3 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მესამე პირი - შპს ,,მ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 19 დეკემბერს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 15 ნოემბრის N5783 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც აღსრულების ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსს დაევალა NA12045143 და NA12045144 სააღსრულებო საქმეებზე აღსრულების შეწყვეტა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 20 მარტს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დაზღვევისა და საპენსიო სქემების ზედამხედველობის განმახორციელებელ უწყებად განისაზღვრა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ამ საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 3 ოქტომბრის N01/25-ო ბრძანების საფუძველზე, შპს დაზღვევის კომპანია ,,მო...ს“ მიმართ გამოცხადებული გაკოტრების საქმის წარმოების პროცესი დასრულდა და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 თებერვლის N12 ბრძანების მე-171 მუხლის პირველი პუნქტით დადგინდა, რომ ისეთი აქტივი, რომელიც გაკოტრება/ლიკვიდაციის საქმის წარმოების დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე იყო მზღვეველის აქტივი, ავტომატურად ჩაითვლება გაკოტრებული/ლიკვიდირებული სადაზღვევო კომპანიის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას იძენს სამსახური გაკოტრების მმართველის/ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის კრედიტორებზე გადანაწილების მიზნით. ამასთან, ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 335 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს, რომელიც მფლობელობაში იღებს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შემდეგ მზღვეველის მოუკითხავ რესურსად დაკვალიფიცირებულ ქონებას, შემდგომში მესაკუთრეების გამოვლენის, შესაბამისი რიგის კრედიტორებს შორის პროპორციულად გადანაწილების მიზნით. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულს დღემდე ახორციელებდა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სხვადასხვა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, სამსახურის სპეციალურ ანგარიშზე აღმასრულებლის მიერ სხვადასხვა დროს გადმორიცხულ თანხებთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 18 სექტემბრის N A12045144-012/001 წერილით სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განესაზღვრა ერთთვიანი ვადა სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ განჩინების ბიუროში წარსადგენად, აღნიშნული განჩინების წარუდგენლობის შემთხვევაში კი ეცნობა, რომ აღმასრულებელი NA12045143 და NA12045144 სააღსრულებო საქმეებზე დაასრულებდა სააღსრულებო წარმოებას და საქმეებს გადასცემდა ბიუროს არქივს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აღმასრულებლის ზემოაღნიშნული ქმედება სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გასაჩივრდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 15 ნოემბრის N5783 ბრძანებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 18 სექტემბრის მოქმედება (N A12045144-012/001 წერილი) და თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსს დაევალა 2018 წლის 18 სექტემბრის N A12045144-012/001 წერილში მითითებულ NA12045143 და NA12045144 სააღსრულებო საქმეებზე აღსრულების შეწყვეტა. მოსარჩელის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 15 ნოემბრის N5783 ბრძანება აღსრულების შეწყვეტის ნაწილში ეწინააღმდეგება კანონს და დაუსაბუთებელია, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ,,მ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-151 მუხლებზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავო ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა აღსრულების შეწყვეტის წინაპირობები, ვინაიდან უფლებამონაცვლე ნათელია და სახეზეა კანონისმიერი უფლებამონაცვლეობა. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონი მზღვეველის გაკოტრებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ადგენს მზღვეველის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესს (21-ე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი). ამასთან, გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების შემდეგ მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრები და ქონება მოუკითხავ რესურსად ითვლება და გადადის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით (335 მუხლის მე-3 პუნქტი). მოსარჩელის განმარტებით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული იქნა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანება „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, რომლის მე-171 მუხლის პირველი პუნქტით დადგინდა, რომ ისეთი აქტივი, რომელიც გაკოტრება/ლიკვიდაციის საქმის წარმოების დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე იყო მზღვეველის აქტივი, ავტომატურად ჩაითვლება გაკოტრებული/ლიკვიდირებული სადაზღვევო კომპანიის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას იძენს სამსახური გაკოტრების მმართველის/ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების - დაზუსტებული რიგითობის კრედიტორებზე გადანაწილების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს, რომელიც მფლობელობაში იღებს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შემდეგ მზღვეველის მოუკითხავ რესურსად დაკვალიფიცირებულ ქონებას, შემდგომში მესაკუთრეების გამოვლენის და შესაბამისი რიგის კრედიტორებს შორის პროპორციულად გადანაწილების მიზნით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სასამართლოსათვის დამატებით მიმართვა უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით საჭირო არ იყო, ვინაიდან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, კანონის საფუძველზე წარმოადგენს ლიკვიდირებული შპს სადაზღვევო კომპანია „მო...ს“ უფლებამონაცვლეს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, 34-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და 92-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 3 ოქტომბრის №01/25-ო ბრძანებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 7 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ რეგისტრაცია. ამდენად, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლოს მიერ ვერ იქნა გაზიარებული მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს, რომელიც მფლობელობაში იღებს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შემდეგ მზღვეველის მოუკითხავ რესურსად დაკვალიფიცირებულ ქონებას, შემდგომში მესაკუთრეების გამოვლენის და შესაბამისი რიგის კრედიტორებს შორის პროპორციულად გადანაწილების მიზნით, რაც განაპირობებს იმას, რომ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური არის შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ კანონით განსაზღვრული უფლებამონაცვლე და აღნიშნული დამატებით აღარ წარმოშობს სასამართლოსათვის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით მიმართვის საფუძველს. მითითებული გარემოებების შეფასება კი, სასამართლოს მოსაზრებით, იძლეოდა დასკვნის შესაძლებლობას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 15 ნოემბრის №5783 ბრძანების მიღებისას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა არ დარღვეულა, ვინაიდან არსებობდა კანონით გათვალისწინებული აღსრულების შეწყვეტის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნ. ც-ის მოქმედებების გაუქმების და მისთვის დავალების მიცემის თაობაზე“ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 15 ნოემბრის №5783 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსს გ. დ-ეს დაევალა №A12045143 და №A12045144 სააღსრულებო საქმეებზე აღსრულების შეწყვეტა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სუბიექტის ლიკვიდაციის სპეციფიკური სახე, რაც გამომდინარეობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ გაკოტრებულად გამოცხადებული საწარმო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ იძენს ე.წ. დროებით უფლებაუნარიანობას იმ შემთხვევაში, თუკი მის სახელზე აღმოჩნდება ისეთი ქონება, რაც კრედიტორთა შორის განაწილებული არ ყოფილა და ასეთი ქონების უფლებამოსილი პირის განკარგვის შემთხვევაში, გაკოტრებული საწარმო საბოლოოდ ასრულებს არსებობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამ რეგულაციის ანალოგიურ დანაწესს ადგენს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 335 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ მზღვეველის აქტივების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დადგენილი წესით განაწილების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრები და ქონება მოუკითხავ რესურსად ითვლება და გადადის სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით. „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანების მე-171 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ისეთი აქტივი, რომელიც გაკოტრება/ლიკვიდაციის საქმის წარმოების დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე იყო მზღვეველის აქტივი, ავტომატურად ჩაითვლება გაკოტრებული/ლიკვიდირებული სადაზღვევო კომპანიის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას იძენს სამსახური გაკოტრების მმართველის/ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების - დაზუსტებული რიგითობის კრედიტორებზე გადანაწილების მიზნით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას, გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე. კანონმდებლის მიერ პროცესის ნებისმიერ ეტაპზე უფლებამონაცვლეობის დაშვება გულისხმობს უფლებამონაცვლის განსაზღვრის შესაძლებლობას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართაც კი, თუმცა მხოლოდ ამავე გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღსრულებული გადაწყვეტილების მიმართ უფლებამონაცვლეობის დადგენა არ ხდება, რამეთუ უფლებამონაცვლე ვერ მოითხოვს უკვე აღსრულებული გადაწყვეტილების ხელმეორედ აღსრულებას, ან მას ვერ დაეკისრება უკვე აღსრულებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულების ხელმეორედ შესრულება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად სააღსრულებო სისტემის არსებობის მიზანი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული, აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების სისრულეში მოყვანაა. სააღსრულებო სამართლის უმთავრეს პრინციპს კი სწრაფი, ეფექტიანი და რაც უმთავრესია, კანონშესაბამისი აღსრულების განხორციელება წარმოადგენს. სააღსრულებო სისტემას წაეყენება ეფექტიანი აღსრულების მოთხოვნა იმდენად, რამდენადაც კრედიტორმა ისედაც დიდი დრო დაკარგა უფლების აღსადგენად და მოთხოვნის აღსასრულებლად... აღსრულების პროცესი მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს და უსაფუძვლო დაბრკოლებებს არ უნდა ქმნიდეს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში.

ამდენად, მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა კანონისმიერი უფლებამონაცვლეობა, რომლის მიხედვით გაკოტრებულად გამოცხადებული შპს დაზღვევის კომპანია „მო...“ მისი აქტივების შემდგომი განკარგვის (მესაკუთრეებზე გადაცემის) მიზნით ჩაანაცვლა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა. შესაბამისად, უსაფუძვლოა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამ გარემოების უარყოფა და აღსრულების ტერიტორიული ორგანოსათვის სააღსრულებო საქმეებზე აღსრულების შეწყვეტის დავალება. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით აღდგება ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც სადავო აქტის გამოცემამდე არსებობდა, ხოლო ის საკითხი, თუ რა წესით უნდა დადგინდეს შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს” უფლებამონაცვლეობა, წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების პროცესის შემადგენელ ნაწილს, რაც გადაწყვეტილი უნდა იქნას სააღსრულებო წარმოების ფარგლებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 335 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლეობა გულისხმობს უფლების ან მოვალეობის ერთი პირიდან მეორეზე გადასვლას, კერძოდ, მოცემულობას, როდესაც მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთი მხარე. ეს არის სამართალურთიერთობის მონაწილე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლება-მოვალეობები გადავიდა. შესაბამისად, მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვები უნდა იყოს სამართლებრივ ურთიერთობაში უფლება-მოვალეობების სუბიექტის შეცვლა და ამასთან, უნდა არსებობდეს უფლებამონაცვლეობის საფუძველი. კასატორის განმარტებით, კანონმდებელმა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრებისა და ქონების (მოუკითხავი რესურსების) ნაწილში მიიჩნია ამ აქტივის დროებით მფლობელად, რომლის ერთადერთ ფუნქციად მითითებული აქტივების მესაკუთრის გამოვლენა განსაზღვრა. ამდენად, მხოლოდ ეს გარემოებაც კი ქმნის საკმარის სამართლებრივ საფუძველს დასკვნისათვის, რომ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ შპს დაზღვევის კომპანია ,,მო...ს“ უფლებაზე სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სასარგებლოდ კანონისმიერი უფლებამონაცვლეობა სახეზე არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული ბრძანებით დადგინდა, რომ მოსარჩელე ვერ იქნებოდა მოაზრებული კრედიტორის სავარაუდო უფლებამონაცვლედაც კი, რის გამოც გაუქმდა აღმასრულებლის ქმედება. ამასთან, ვინაიდან სახეზე იყო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობები, ბიუროს დაევალა მიმდინარე სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით, დადგინდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მხარეთა დასწრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ზეპირ მოსმენაზე მოისმინა მხარეთა პოზიციები სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საკითხის განხილვის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მისი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2012 წლის 25 ივლისს შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ წარმომადგენელმა განცხადებებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 11 ივნისს გაცემული №2/15133-11 და №2/11165-11 სააღსრულებო ფურცლები და მოითხოვა მოთხოვნების იძულებით აღსრულება, მოვალე - შპს ,,მ...ს“ მიმართ. 2012 წლის 11 ივნისის №2/15133-11 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, შპს ,,მ...“ აღიარებს დავალიანებას შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ მიმართ 2 700 ლარის ოდენობით, 2012 წლის 11 ივნისის №2/11165-11 სააღსრულებო ფურცლის თანახმად კი, შპს ,,მ...ს“ შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის 119 000 ლარის გადახდა.

დადგენილია, რომ შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ წარმომადგენლის 2012 წლის 25 ივლისის განცხადებების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო №A12045143 და №A12045144 სააღსრულებო საქმეების წარმოება, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა შპს დაზღვევის კომპანია „მო...“, ხოლო მოვალეს - შპს „მ...“.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 3 ოქტომბრის №01/25-ო ბრძანებით, დასრულებულად გამოცხადდა შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ გაკოტრების საქმის წარმოება. ამავე ბრძანების თანახმად, შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება ჩაითვალა მოუკითხავ რესურსად და გადავიდა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მფლობელობაში მესაკუთრის გამოვლენის მიზნით. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 3 ოქტომბრის №01/25-ო ბრძანებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 7 ოქტომბერს მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ რეგისტრაცია.

2018 წლის 18 სექტემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა №A12045144-012/001 წერილით მიმართა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს და აცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმეები №A12045143 და №A12045144, სადაც კრედიტორია შპს დაზღვევის კომპანია „მო...“, ხოლო მოვალე - შპს „მ...“. აღნიშნულ საქმეებზე ცნობილი გახდა, რომ სსიპ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2014 წლის 3 ოქტომბრის №01/25-ო ბრძანებით შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ გაუუქმდა რეგისტრაცია, მისი მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება ჩაითვალა მოუკითხავ რესურსად და გადავიდა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მფლობელობაში მესაკუთრის გამოვლენის მიზნით. შესაბამისად, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ეთხოვა, რომ ერთი თვის ვადაში თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარედგინა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება, უფლებამონაცვლის დადგენასთან დაკავშირებით განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე და გაფრთხილებულ იქნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, 1 თვის ვადის გასვლის შემდეგ, ზემოაღნიშნულ საქმეებზე დასრულდებოდა წარმოება და საქმეები გადაეცემოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივს.

დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 18 სექტემბრის №A12045144-012/001 წერილი გასაჩივრდა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 15 ნოემბრის №5783 ბრძანების თანახმად, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 18 სექტემბრის მოქმედება (№A12045144-012/001 წერილი) და აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსს დაევალა №A12045143 და №A12045144 სააღსრულებო საქმეებზე აღსრულების შეწყვეტა. ბრძანებაში მითითებულია, რომ შპს დაზღვევის კომპანია „მო...“ არის ლიკვიდირებული და ამოშლილი სამეწარმეო რეესტრიდან, მარეგისტრირებელი ორგანოს მონაცემების მიხედვით კი, სამართალმემკვიდრის არსებობა არ დგინდება. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ განხორციელდეს სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტა. ამასთან, ამავე ბრძანებაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 335 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-171 მუხლის მიხედვით, სსიპ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია მფლობელობაში მიიღოს გაკოტრებული/ლიკვიდირებული მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრები და ქონება, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ დასახელებული სამსახური წარმოადგენს კრედიტორის უფლებამონაცვლეს, რომელიც სააღსრულებო წარმოების პროცესში ჩაანაცვლებს კრედიტორს, რომლის სასარგებლოდაც უნდა განხორციელდეს შემდგომი სააღსრულებო მოქმედებები.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 15 ნოემბრის №5783 ბრძანების (აღსრულების შეწყვეტის დავალების ნაწილში) კანონიერებას. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითია იმის დადგენა, არსებობდა თუ არა სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღსრულების შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე. ამასთან, მითითებული კანონის 24-ე მუხლი ადგენს, რომ სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა გულისხმობს მხარეებისა და მესამე პირების შეცვლას იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს ქმნის უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს წინამორბედის უფლებებს და მოვალეობებს. მატერიალური სამართალი ითვალისწინებს ორი სახის უფლებამონაცვლეობას: უნივერსალურს (ზოგად) უფლებამონაცვლეობას, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა და სინგულარულ (კერძო) უფლებამონაცვლეობას, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება-მოვალეობანი. უნივერსალური უფლებამონაცვლეობა უფლება-მოვალეობათა მთელი წრის გადაცემას მოიაზრებს მაშინ, როდესაც სინგულარული უფლებამონაცვლეობა უფლება-მოვალეობათა მხოლოდ ნაწილის, რამდენიმე ან თუნდაც ერთი უფლება-მოვალეობების პირისათვის გადაცემას გულისხმობს. ამასთანავე, სინგულარული უფლებამონაცვლეობა, უნივერსალურისგან განსხვავებით, არა მხოლოდ არ გამორიცხავს, არამედ უმეტესად გულისხმობს კიდეც უფლების თავდაპირველი და შემდგომი მფლობელის პარალელურ არსებობას, ერთ-ერთი უფლების სხვა პირისათვის გადაცემა იმთავითვე არ მოიაზრებს უფლების თავდაპირველი მფლობელის, როგორც სამართალსუბიექტის გაქრობას. (სუსგ. Nბს-843(2კს-20), 22.06.2023 წელი).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი. სადავოს არ წარმოადგენს, რომ შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ იურიდიულ პირად რეგისტრაცია გაუქმებულია და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის (იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან) გათვალისწინებით, მისი უფლებაუნარიანობა შეწყვეტილია. ამდენად, იმისათვის, რომ შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ უფლებები და მოვალეობები განახორციელოს სხვა პირმა, დგება მისი უფლებამონაცვლით ჩანაცვლების საჭიროება. ამასთან, ვინაიდან შპს დაზღვევის კომპანია „მო...“, როგორც სამართალსუბიექტი აღარ არსებობს, სახეზეა უნივერსალური (ზოგადი) უფლებამონაცვლეობის განსაზღვრის საკითხი. მოსარჩელის პოზიციით, ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 335 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-171 მუხლის გათვალისწინებით, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ კანონისმიერ უფლებამონაცვლეს და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დამატებით უფლებამონაცვლეობის დადგენის საჭიროება არ არსებობდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 335 მუხლზე, რომელიც ეხება მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ მზღვეველის აქტივების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დადგენილი წესით განაწილების შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ გაკოტრების მმართველი ვალდებულია მზღვეველის ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის განაწილების თაობაზე შეადგინოს და სამსახურს წარუდგინოს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის დასრულების შესახებ საბოლოო ანგარიში, რომლის საფუძველზედაც სამსახური გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრები და ქონება მოუკითხავ რესურსად ითვლება და გადადის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-17 მუხლზე, რომელიც ანალოგიურად ეხება მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ მზღვეველის აქტივების რეალიზაციის და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დადგენილი წესით სრულად განაწილების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, მზღვეველის მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის სამსახურის მფლობელობაში მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებით დამტკიცებულ ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესს“ 2017 წლის 13 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებით დაემატა მე-171 მუხლი, რომელიც კონკრეტულად ეხება გაკოტრება/ლიკვიდაციის საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ახლად აღმოჩენილი/ამოღებული აქტივის რეალიზაციის წესს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ისეთი აქტივი, რომელიც გაკოტრება/ლიკვიდაციის საქმის წარმოების დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე იყო მზღვეველის აქტივი, ავტომატურად ჩაითვლება გაკოტრებული/ლიკვიდირებული სადაზღვევო კომპანიის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას იძენს სამსახური გაკოტრების მმართველის/ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის კრედიტორებზე გადანაწილების მიზნით. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ გაკოტრებული/ლიკვიდირებული მზღვეველის აქტივი არის ფულადი სახსრები, ის გადადის სამსახურის მფლობელობაში ამ მიზნებისთვის არსებულ გაკოტრებული/ლიკვიდირებული მზღვეველის მოუკითხავი თანხების სპეციალურ ანგარიშზე და განაწილდება გაკოტრების მმართველის/ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, თუ გაკოტრებული/ლიკვიდირებული მზღვეველის აქტივი არის არაფულადი სახის მატერიალური აქტივი, სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილი/ამოღებული აქტივის მზღვეველის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად განკარგვის წესს.

მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესაძლებლობას ადგენს მხოლოდ გაკოტრების მმართველის მიერ მზღვეველის აქტივების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დადგენილი წესით განაწილების შემდეგ. ამასთან, კანონმდებელმა გაითვალისწინა ისეთი შემთხვევა, როდესაც არსებობს მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრები და ქონება, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში ვერ მოხდა მისი განკარგვა, რეალიზაცია და მიღებული თანხების კრედიტორებზე რიგითობის წესით გადანაწილება. სწორედ ამიტომ, კანონმდებელმა გაითვალისწინა ამგვარი შემთხვევის არსებობა და მოაწესრიგა იგი როგორც საკანონმდებლო, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ფარგლებში, ასეთი ფულადი სახსრები და ქონება მიიჩნია მოუკითხავ რესურსად და განსაზღვრა, რომ იგი გადადის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით. ამდენად, ცალსახაა, რომ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რათა დაცული იყოს კრედიტორთა ინტერესები და გამოვლინდეს ქონების მესაკუთრე. შესაბამისად, თავად სამსახური ამგვარი ქონების მესაკუთრეს არ წარმოადგენს.

ამასთან, გაკოტრება/ლიკვიდაციის საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ახლად აღმოჩენილი/ამოღებული აქტივის რეალიზაციის წესიდან გამომდინარე, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ამგვარი აქტივის განკარგვის უფლებას იძენს მხოლოდ გაკოტრების მმართველის/ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის კრედიტორებზე გადანაწილების მიზნით. შესაბამისად, თავად სამსახური არც ამ რეგულაციის გათვალისწინებით წარმოადგენს ასეთი ქონების მესაკუთრეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, მართალია სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრებისა და ქონების ფლობასა და გაკოტრება/ლიკვიდაციის საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ახლად აღმოჩენილი/ამოღებული აქტივის განკარგვაზე უფლებამოსილ პირს, თუმცა ცხადია იმისათვის, რომ სამსახურმა განახორციელოს აღნიშნული უფლებამოსილება, ბუნებრივია შესაძლებელი უნდა იყოს მითითებული რესურსების ფლობა ან განკარგვა, ანუ ასეთი რესურსი უნდა იყოს სახეზე. ამდენად, აღნიშნულ პროცესში სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება განახორციელოს მითითებული აქტივების/რესურსების ფლობა და განკარგვა სწორედ ამ ეტაპიდან იწყება. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობდა სააღსრულებო საქმეები №A12045143 და №A12045144, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა შპს დაზღვევის კომპანია „მო...“, მოვალეს - შპს „მ...“, ხოლო აღსრულების საგანს წარმოადგენდა სასამართლოს გადაწყვეტილებები მოვალისთვის ფულადი თანხების დაკისრების თაობაზე. ვინაიდან, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მინიჭებული აქვს მოუკითხავი ფულადი სახსრების მხოლოდ მფლობელობაში გადასვლის უფლებამოსილება, მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცესში ვერ იქნება მიჩნეული კრედიტორის, გაკოტრებული სადაზღვევო კომპანიის უფლებამონაცვლედ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ამასთან, ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ: ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას; ბ) მორიგდნენ; გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე; დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები; ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში; ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში, შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ რეგისტრაციის გაუქმებამ გამოიწვია ის სამართლებრივი შედეგი, რომ აღარ არსებობს კრედიტორი, აღარ არსებობს სააღსრულებო წარმოების სუბიექტი. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური კი, რომელსაც მხოლოდ მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრების და ქონების ფლობისა და ასევე გაკოტრება /ლიკვიდაციის საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ახლად აღმოჩენილი /ამოღებული აქტივის განკარგვის უფლებამოსილება გააჩნია და არ წარმოადგენს მითითებული აქტივების მესაკუთრეს, სააღსრულებო წარმოების

პროცესში ვერ შეცვლის კრედიტორს ანუ პირს, რომლის სასარგებლოდაც, რომლის ინტერესებიდან გამომდინარეც მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება და ვერ განახორციელებს მის უფლებებსა და მოვალეობებს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები კანონმდებელმა კრედიტორს მიანიჭა სააღსრულებო წარმოების პროცესში საკუთარი ინტერესების დაცვისა და ამ ინტერესების ფარგლებში შესაბამისი მოქმედებ(ებ)ის განხორციელების მიზნით. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური კი მისთვის ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესით“ მინიჭებულ უფლებამოსილებას მზღვეველის ზემოაღნიშნული აქტივების/რესურსების ფლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით ახორციელებს მხოლოდ დროებით და ამავდროულად არა საკუთარი, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ, კონკრეტული მიზნით, სხვა პირთა, მზღვეველის კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ანუ მათი ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული კი გამორიცხავს, სააღსრულებო წარმოების პროცესში მისი, როგორც კრედიტორის მონაწილეობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ კანონისმიერ უფლებამონაცვლეს და შესაბამისად, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არსებობდა შპს დაზღვევის კომპანია „მო...ს“ მონაწილეობით მიმდინარე სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 15 ნოემბრის №5783 ბრძანება (გასაჩივრებულ ნაწილში) გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

5. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე